25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სა(დ)ზღვარი

spot_img

ასე ჰქვია ორი ხელოვანი მეგობრის ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას ნამუშევრების – გამოფენას, რომელიც ქარვასლას საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

<br></br>

დამთვალიერებელი ორი სრულიად განსხვავებული ხელწერის მქონე ავტორის ფერწერულ, გრაფიკულ და სკულპტურულ ნამუშევრებს იხილავს, რომლებიც გამოირჩევა მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობითა და თვითმყოფადი ხელწერით. განსხვავებული ხედვისა და ტექნიკის ნამუშევრებს საერთო კონცეფციალური იდეა აერთიანებს. ავტორთა სურვილია, დამთვალიერებელმა თავად დაინახოს განსხვავება და საერთო, რაც ორი თანამედროვე ხელოვანის შემოქმედებას აკავშირებს.

მკვეთრად განსხვავებული სტილისტური კონცეფციით ახალგაზრდა ავტორები – ბესო და ალეკო იმ ნიჭიერ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც თანამედროვე ხელოვნებაში ახალ გზებს ეძებენ, დამკვიდრებული ნორმებითა და ტრადიციების გაგრძელებით არ კმაყოფილდებიან, სრულიად განსხვავებულ მიმართულებას აყალიბებენ და ხელოვნება მათთვის სასურველ დონეზე აჰყავთ. მათი ნამუშევრები გვარწმუნებს იმაში, რომ ხელოვანის განვითარების გზა აღსავსეა ძიებითა და აღმოჩენებით.

„ხელოვნებას არ გააჩნია დრო, საზღვრები, ენა, ეროვნება, სქესი და მხოლოდ ემოციის ჯაჭვით გადაეცემა მეორეს… თანამედროვე ხელოვნების მოქნილობის წყალობით, ხელოვნებასა და ადამიანების ყოველდღიურობას შორის საზღვრები თითქმის წაიშალა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც თანამედროვე ხელოვნებამ გააკეთა, სწორედ ამ საზღვრების წაშლაა. გამოფენის სახელწოდებიდან გამომდინარე, აქცენტი იყო საზღვარზე ორ ხელოვან ადამიანს შორის. სად გადის ზღვარი, ან არსებობს კი ეს ზღვარი?“ – სვამს კითხვას მხატვარი ალეკო ესვანჯია და პაუხის ძიებას დამთვალიერებელს ანდობს.

„გამოფენის კონცეფციას წარმოადგენს დაკვირვება, სად გადის ზღვარი ყოველდღიურ ცხოვრებასა და შემოქმედებას შორის. ხელოვანი მუდმივად მოძრაობს „ხელოვნების სიგიჟის“ ზღვარზე, კვეთს მას თუ ჩვეულებრივ, როგორც ადამიანების უმეტესობა, გარკვეული ინერციით მიჰყვება გზას. ამ პროექტზე მუშაობისას, ჩვენს მიზანს წარმოადგენდა, უფრო გარკვევით დაგვენახა ის საზღვრები, გადაკვეთის   წერტილები და განსხვავებები, რაც აერთიანებდა ჩვენს, როგორც ორი ხელოვანის და მეგობრის შემოქმედებას. – გვითხრა ბესო კობახიძემ

ბესო კობახიძისა და ალეკო ესვანჯიას პირველი ერთობლივი გამოფენა თბილისის ისტორიის მუზეუმში 5 აპრილს გაიხსნა და 21 აპრილამდე გასტანს.

მაკა ყიფიანი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები