1 მარტი, პარასკევი, 2024

გაიცანით  „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები

spot_img
5 სექტემბერს ცნობილი გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2023-ის ფინალისტთა ვინაობა. განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე, რიგით მეშვიდე, კონკურსის გამარჯვებული, ტრადიციულად, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გახდება ცნობილი და კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან, ფულადი პრიზის სახით, 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს. „ახალი განათლება“, ტრადიციულად,  საუკეთესო ხუთეულის ემოციებსა და შთაბეჭდილებებს გაგაცნობთ კონკურსის ფინალისტობის შესახებ, მოლოდინებსა და მათ მთავარ გზავნილებს – რა არის მათთვის უმთავრესი მასწავლებლის პროფესიაში.

 

ინა იმედაშვილი

თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

მართალი გითხრათ, სულ არ მოველოდი ხუთეულში აღმოჩენას, ათეულშიც რომ მოვხვდი, იმხელა პატივი და დაფასება იყო ჩემთვის, რომ სიხარულით დავფრინავდი. ხუთეულის გამოცხადებას მშვიდად ვუყურებდი, ინა იმედაშვილი რომ გამოაცხადეს, ყურებს არ დავუჯერე და რამდენჯერმე გადავახვიე… საოცარი შეგრძნება იყო, დიდი სიხარულის და, ამავე დროს, უზარმაზარი პასუხისმგებლობის – უამრავი მასწავლებელი იმსახურებს ამ ჯილდოს და ამ უამრავიდან შენ რომ გერგება, ეს იმხელა პატივია, თან იმდენ საფიქრალს გიჩენს…. მერე ტირილი დავიწყე, ვქვითინებდი გემრიელად, ამ ხმამ ჩემი პატარა შვილი გააღვიძა და გამოვიდა გაკვირვებული, რა გჭირს დედიკოო… უზარმაზარი ემოციებით სავსე იყო ის დღე, მთელი ღამე ვერ დავიძინე და ახლაც რომ მახსენდება, სულ ჟრუანტელი მივლის. ჩემს ცხოვრებაში პირველად გამიმართლა კონკურსში, არასდროს არაფერი არც მომიგია და არც არსად არ გადავსულავარ – 90-იანების სილამაზის კონკურსებიდან დაწყებული ლიტერატურული კონკურსებით დამთავრებული, ამიტომ, უცხო შეგრძნება მაქვს, არ ვიცი რა ვთქვა, როგორ გადავუხადო ადამიანებს მადლობა. არ მინდა, ვიყო ბანალური, ამავე დროს, ვხვდები რომ სიტყვებიც არ მყოფნის ხოლმე, ისიც არ ვიცი ამ შემთხევაში როგორ გამოვხატო ემოცია – რომ შევიფერო, ამპარტავნობა არ გამომივიდეს, არ შევიფერო და – უმადურობა. შეიძლება ბევრს ვფიქრობ, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, ცხოვრების ამ ეტაპს ისე მილამაზებს, ვერ წარმოიდგენთ…

მგონია, რომ ფინალისტობა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის ჩემს ცხოვრებაში, ასე მგონია, ჩემი ოცნებების ასრულების გზას დავადექი. ბევრი ადამიანი გამიცნობს, მგონია, რომ ნდობა გაუჩნდებათ ჩემ მიმართ, ჰოდა, ალბათ, გავბედავ და ვიფიქრებ „პეპის სახლის“ (განსაკუთრებული ადგილი ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის) და „სესეს წიგნების“ (ილუსტრირებული ფერადი წიგნები ბავშვებს) განხორციელებაზე. აი, ვიზუალური მხარე, ლოგოც კი, ახლა თვალწინ მიტრიალებს… ფინალისტებში მოხვედრამ საკუთარი თავის მიმართაც გამიჩინა რწმენა, დიახ, ინა, შენ ამას შეძლებ, რადგან ამხელა ამბავი გამოიარე და ახლა ხუთეულში ხარ, მაშ, შენ ყველაფერს შეძლებ, რაც მიზნად ბავშვების ბედნიერებას ისახავს.

„მასწავლებლის ჯილდო“ ჩვენს მასწავლებლურ ცხოვრებაში, ჩვენს განათლების სისტემაში ოაზისია, რაღაცნაირად სულის მოსათქმელი კუნძული, მარათონზე, რბოლისგან დაღლილი რომ ჩამოჯდები და შეისვენებ, ის სკამია.

არ გვაქვს მასწავლებლებს დალხენილი ცხოვრება, სტრესი, შფოთვა, ნერვიულობა ჩვენი ყოველდღიურობაა, სულ დაძაბულები ვართ, სულ გვეჩქარება, მოსწრებაზე ვართ. ჰოდა, ამ დროს ასეთი ჯილდო, ასეთი პროექტი, წარმოიდგინეთ რამხელა შვებაა! ჩემთვის ეს ზღაპრულ სამყაროში მოხვედრას ჰგავს, ხან თვალებს მოვისრეს, ნეტავ ხომ არ მესიზმრება? რამხელა პატივია, რამხელა დაფასება, რამხელა ნდობა! უზომოდ მადლიერი ვარ პროექტის ავტორების, ყველა მონაწილის, განსაკუთრებული მასწავლებლებისა და ადამიანების, ამ ქაოსურ, ტკივილიან რეალობაში ასე რომ წაგვახალისეს, გაგვახარეს, ჩემი მოტივაცია ახლა ცას სწვდება.

მასწავლებლებს ვეტყოდი, რომ არ შეშინდნენ! იყვნენ გაბედულები, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, და პატარა ამონარიდს მოვიყვან ერთი ჩემი წერილიდან, ჟურნალ „მასწავლებელში“ რომ გამოქვეყნდა. მგონი მიხვდებით, რატომ გიზიარებთ ამ პაწია ამბავს:

„წლების წინ, მასწავლებლობა ახალი დაწყებული რომ მქონდა, ერთი მოსწავლე მყავდა, მესამე კლასში, გოგო, რომელიც გამუდმებით ხატავდა და ჭრიდა გაკვეთილზე – ქართულზე, მათემატიკაზე, ხატვაზე, ბუნებისმეტყველებაზე. ხატავდა, აფერადებდა, ქაღალდისგან სხვადასხვა ნივთს ამზადებდა, აფორმებდა, აწებებდა. იყო საშინლად არაორგანიზებული, არააკურატული, დაბნეული, უჭირდა ყურადღების მოკრება და კონცენტრაცია, თუმცაღა საოცარი რამეები გამოსდიოდა. ქაღალდისგან ნამდვილ შედევრებს ქმნიდა – ულამაზეს ყვავილებს, ყუთებს, ადამიანებს, ცხოველებს, ხატავდა ისე, რომ გაოცებას ვერ დამალავდით. მისი ნახატები გამოირჩეოდა დეტალებისადმი ყურადღებით, ემოციურობით, ფერებით. ელენეს პერსონაჟებს საკუთარი ცხოვრება ჰქონდათ, სადღაც ჩვენი რეალობის მიღმა, მათემატიკის რვეულის ბოლო გვერდიდან დაწყებულ სიცოცხლეს ქართულის რვეულში აგრძელებდნენ, ჰქონდათ თავგადასავლები, ჰყავდათ მეგობრები, ერქვათ სახელები.

თავიდან შევშფოთდი, რატომღაც ვღელავდი და მიმართული ვიყავი იქითკენ, რომ ყველა ბავშვს ჩემს გაკვეთილზე ჩემთვის გაფაციცებით ესმინა და ბოლომდე ჩართულიყვნენ აქტივობებში.

ვაძლევდი შენიშვნებს, ვუშლიდი ხატვას, ერთხელ სახატავი რვეული, ფურცლები, წებოები და მაკრატელი ავაცალე და ჩემს მაგიდაზე გადმოვაწყვე, რაც გოგონასთვის სტრესული აღმოჩნდა. გამებუტა და ის გაკვეთილი ჩემთან ზურგშექცევით გაატარა.

შემდეგი ნაბიჯი მშობლების ჩართულობა იყო, ვესაუბრე მშობლებს და ვთხოვე, ამ პრობლემის გადაჭრაში დამხმარებოდნენ. მშობლების საუბრის და ჩემი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, რომ გაკვეთილზე ხელოვნებით არ დაკავებულიყო, ელენემ შეწყვიტა ხატვა, თუმცა გახდა სევდიანი, ნერვიული და, მართალი გითხრათ, არც აქტიურობითა და ჩართულობით არ გამორჩეულა. უფრო მეტიც, შევატყვე, რომ სკამს აწვალებდა, ტანსაცმელს ისრესდა და ბოლოს ქაღალდის დაქუცმაცება დაიწყო.

მოკლედ მივხვდი, რომ არ ვიქცეოდი სწორად, რაღაცას ვაშავებდი და შესაძლოა, ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოჩენილიყო როგორც ელენესთვის, ასევე ჩემთვისაც.

იმაზე დავფიქრდი, რომ ხშირად ჩვენს ქმედებას საფუძვლად ჩვენივე შიშები და მოლოდინი უდევს, წარუმატებლობას გავურბივართ და თუ მოსწავლე გაკვეთილზე ბევრად საინტერესო რამითაა დაკავებული, ვიდრე გაკვეთილია, მაშინვე განგაშის სიგნალი გვერთვება, ე.ი. უინტერესო გაკვეთილი გვაქვს, ვერ დავგეგმეთ კარგად, პრობლემა ჩვენშია, არაკომპეტენტურები ვართ, რაღაც შეგვეშალა და ა.შ. ამგვარი ფიქრები კი, გარს ბნელი საბურველივით გვეხვევა, გონებას გვიბინდავს, წარსულში დაშვებული ყველა პროფესიული შეცდომა ზედაპირზე ამოტივტივდება და ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის ჩვენი თავისუფალი ნების შედეგი, არამედ შიშებისგან და ცრუ მოლოდინებისგან ნასაზრდოები გაუბედავი ქმედებებია.

გვეშინია, რომ ვიღაცების თვალში სუსტ მასწავლებლად არ ვიქცეთ;

ავტორიტეტი არ შეგველახოს;

არ გვისაყვედურონ წესების დარღვევის გამო;

თეორიების ჩარჩოებიდან არ ამოვვარდეთ და არ გავირიყოთ;

გვეშინია ქაოსის, ხმაურის, ჩურჩულისაც კი;

გვეშინია, რომ არათანმიმდევრული და უპრინციპო მასწავლებლის იარლიყს მოგვაწებებენ;

ვიღაცამ, სადღაც ჩვენ ზემოთ მდგომმა ან მჯდომმა, ფრიად სერიოზულმა და განათლების თეორიების უბადლო მცოდნემ არ მოგვახალოს: იცით, თქვენ ვერ მართავთ კლასს, ავტორიტეტს კარგავთ, იქნებ მეტი პრინციპულობა გამოგეჩინათ;

ან რომელიღაც მოსწავლის რომელიღაც მშობელმა არ გვისაყვედუროს, რომ მის შვილს წესრიგს ვერ ვაჩვევთ, რომ უფრო მეტი აკადემიურობა გვმართებს;

მასწავლებლის შიშები უსაზღვროა, ხანდახან მგონია, რომ ამხელა პასუხისმგებლობას ვეღარ ვზიდავ და მინდა, ამ პასუხისმგებლობისგან გავთავისუფლდე, სადღაც ჩამოვიფერთხო და ამოვისუნთქო.

ამ შიშებისგან თავის დასაღწევად ბევრი დრო არ დამჭირდა. ერთხელ, როდესაც ელენეს ტანჯვას ვუყურე, როგორ ცდილობდა გაკვეთილზე ჩუმად ეხატა, მივხვდი, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებდი. ნელ-ნელა იმ რაღაცად ვიქცეოდი, რის აჩრდილსაც მთელი ცხოვრება გავურბოდი და რის გამოც გადავწყვიტე მასწავლებელი გამოვსულიყავი. მივხვდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი, მივხვდი, რომ შიშები მართავდა ჩემს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებს.

ამიტომ, მივედი ელენესთან და ყურში ჩავჩურჩულე: რა ლამაზად ხატავდა და რა ნიჭიერი იყო. გოგონას გაუკვირდა, შერცხვა. ვთხოვე, რომ იქნებ იმის ილუსტრაცია დაეხატა, რასაც ახლა ვკითხულობდით. ელენე დამთანხმდა და დიდი სიხარულით შეუდგა მუშაობას. გაკვეთილის ბოლოს კი გასაოცარი ნამუშევარი მაჩვენა, ორიგინალური ხედვითა და ფერებით შესრულებული.

ასეთი დიდი მასწავლებლური ბედნიერება მე არ მახსოვს, როდესაც საკუთარ თავთან და სინდისთან პირნათელი ვიყავი“.

 

მარინე კვარაცხელი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:

რთულია სიტყვებით აღწერო ის ემოცია, რომელიც ჩემი სახელისა და გვარის გამოცხადებისას დამეუფლა. უამრავჯერ გავიმეორე სიტყვა „წარმოუდგენელია“. ბუნებრივია, რომ ეს იყო უზარმაზარი სიხარულის განცდა, მით უფრო იმის ფონზე, რომ ათეულში ყველა საუკეთესო იყო. ძალიან გამიჭირდა ჩემი ხუთეულის შერჩევა. ათეულის წევრობა უკვე ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ფინალისტობა – კიდევ უფრო მეტი ემოცია და ათასგზის მეტი პასუხისმგებლობა. ჩემს სიხარულს ჩემთან ერთად იზიარებდნენ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები, რომლებიც წელს გავაცილე სკოლიდან და უკვე სტუდენტები გახდნენ. სწორედ მათ წარმადგინეს ჯილდოზე. როგორც კი პირდაპირი ჩართვა დაიწყო, კლასის სასაუბროში გავუგზავნე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფეისბუქგვერდის ბმული, რათა ერთად გვედევნებინა თვალ-ყური ჩართვისთვის. ისინი თავიანთ ემოციას გამოხატავდნენ ხმოვანი შეტყობინებებით, ვიდეოებით. ათმაგად ბედნიერი ვარ, რომ ძალიან გავახარე ჩემი მოსწავლეები.

ჩემთვის პასუხისმგებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რომელიც ამ აღიარების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. მე, როგორც „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ხუთეულის წევრს, მომეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტ ადამიანს გავაცნო ჩემი წარმატებული გამოცდილება, ჩემი სკოლა და მოსწავლეები.

ასევე, გავიზიარო წარმატებული მასწავლებლების გამოცდილება, რომელიც ჩემს პრაქტიკას უფრო საინტერესოს, მიმზიდველსა და მრავალფეროვანს გახდის. გარდა ამისა, აქტიურად ჩავერთვები „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ათეულთა კლუბის მიერ ინიცირებულ პროექტებში.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ პრესტიჟული პროფესიული კონკურსია, რომელიც მეშვიდე წელია ტარდება, განათლების კოალიციის ორგანიზებით. მასში მონაწილეობა ნებისმიერი პედაგოგის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. თავიდან არც მიფიქრია კონკურსში მონაწილეობაზე, თუმცა, როცა კრიტერიუმებს გავეცანი და ჩემს საქმიანობას დავაკვირდი, ჩავთვალე, რომ ვიმსახურებდი მონაწილეობას. ამის მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღება ძალიან გამიჭირდა და აპლიკაციის შევსებაზე ფიქრი მხოლოდ მას შემდეგ დავიწყე, რაც ჩემმა მოსწავლეებმა წარმადგინეს კონკურსის ნომინანტად. ძალიან საინტერესო იყო უშუალოდ აპლიკაციაზე მუშაობა – განვლილი პედაგოგიური პრაქტიკის ერთგვარი შეჯამება, რაც მომავალი საქმიანობის დაგეგმვაში დამეხმარება.

პროექტმა ბევრი ღირსეული მასწავლებელი გამოავლინა და გააცნო ფართო საზოგადოებას. ვთვლი, რომ მან მიაღწია თავის უმთავრეს მიზანს – პოპულარიზაცია გაუწია მასწავლებლის პროფესიას, აამაღლა მისი პრესტიჟი. მართლაც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება და შემოდის ამ პროფესიაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკურსის ფარგლებში, დაფასდა ის კოლოსალური შრომა, რომელსაც მასწავლებელი ეწევა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მასწავლებელთა მოტივირებას.

ვაქციოთ სკოლა ისეთ სოციოკულტურულ სივრცედ, სადაც ყველა მოსწავლე თავს ბედნიერად იგრძნობს, სადაც თითოეული შეძლებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას.

 

ქამრან აფანდიევი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:

მეუღლესთან ერთად ფეისბუქის პირდაპირ ეთერს ვუყურებდი, ორივე ძალიან აღელვებული ვიყავით. დიდი პატივი იყო, რომ ჟიურიმ პირველ ხუთეულში ამირჩია. როგორც კი წამყვანმა გამოცხადება დაიწყო და „მარნეულელი ახალგაზრდა…“ ახსენა, ჩვენ უკვე ერთმანეთს ვულოცავდით. მე ძალიან ვამაყობ, რომ მისაბაძი მაგალითი ვარ ასობით ახალგაზრდისთვის.

ვფიქრობ, უფრო საინტერესო პროცესი გველოდება. ძალიან მნიშნელოვანია იმ მასწავლებლების გამოცდილების მოსმენა, ვინც ამ პროექტს უერთდება, ახალი ადამიანების გაცნობა ჩემთვის ძალიან ღირებულია.

მასწავლებელი საზოგადოების ხმაა და თითოეული ჩვენგანი წარმოადგენს რეგიონს. დემოკრატიული საზოგადოების განვითარება განათლების ძლიერ სისტემაზე გადის. ვფიქრობ, ჩემი შესაძლებლობებიც გაიზრდება ამ საზოგადოების ჩამოყალიბებაში და ეს მახარებს.

ხუთეულში ყოფნამ, სიხარულთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობა მომიტანა. ვფიქრობ, დიდი სტიმული ვიყავი ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვისაც მასწავლებლობა სურს. მოგეხსენებათ, პროგრამა 7 წელია გრძელდება და ამ პროგრამაში აზერბაიჯანულენოვანი მასწავლებელი პირველად მონაწილეობს, ამიტომ, ჩვენს რეგიონში ყველა ძალიან ბედნიერია. ვფიქრობ, ხუთეულში ჩემმა ყოფნამ დიდი სარგებელი მოიტანა და გავლენა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე. მოსახლეობამ გააცნობიერა, რომ თითოეული ჩვენგანი, განურჩევლად ეროვნებისა, ამ ქვეყნის ღირებული მოქალაქეა და დაინახეს, რომ თუ ბევრს ვიმუშავებთ, წარმატებას მივაღწევთ.

ჩემი მთავარი გზავნილი ახალგაზრდებისთვის არის, რომ შეიყვარონ თავიანთი პროფესია და ღრმად ისწავლონ. როგორი პროფესიაც არ უნდა გქონდეს, ყოველთვის უნდა განავითარო საკუთარი თავი, მიჰყვე სიახლეებს და იყო ინფორმირებული. როცა ამას აკეთებ, ჯერ შენთვის, შენი ოჯახისთვის, შემდეგ კი, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის სასარგებლო ადამიანი ხდები. ჩვენ, ასევე, უნდა შევიტანოთ წვლილი ჩვენი სამშობლოს, საქართველოს განვითარებაში და მაშინ ჩამოვაყალიბებთ ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას.

 

ნინო ფსუტური

გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი:

ეს იყო ძალიან დიდი სიხარული და საოცარი ემოციები, ჩემგან და იმ ადამიანებისგან წამოსული, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მგულშემატკივრობდნენ… ზარები, ესემეს შეტყობინებები და განცდა იმისა, რამდენ ადამიანს უყვარხარ. იყო მაწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი, ძალიან საამაყოა და მამოტივირებელი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემ გარშემო ძალიან ბევრი კოლეგისთვის. თუმცა, ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, როდესაც ხედავ, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ დიდი სიყვარულით, უკვე მრავალი წელია, დაფასებული და აღიარებულია.

მოლოდინები მართლაც დიდი მაქვს. გულწრფელად ვამბობ, ათეულთა კლუბის წევრობა უკვე დიდი გამარჯვებაა და შესაძლებლობა, განახორციელო ბევრი საინტერესო და სასარგებლო იდეა შენი მოსწავლეებისთვის.

ეს არის კონკურსი, რომელიც გაძლევს შანსს გააცნო შენი გამოცდილება, ასევე, გაეცნო გამორჩეული, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული მასწავლებლების საუკეთესო პრაქტიკას, იპოვო თანამოაზრეები, რომლებთან ერთადაც ბევრ საინტერესო საქმეს გააკეთებ არა მხოლოდ შენი მოსწავლეებისთვის, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემისთვის, არამედ შენი ქვეყნისთვის.

ეს არის ჯილდო და კონკურსი, რომელიც მამოტივირებელი ხდება ახალგაზრდებისთვისაც, მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია აირჩიოს თუ არა მომავალ პროფესიად მასწავლებლობა. ვიცით როგორ ჭირს კადრი, ზოგადად, განათლების სფეროში და განსაკუთრებით – საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ასეთი ტიპის აღიარება და დაფასება სტიმულია ახალგაზრდებისთვის პროფესიაში შემოსასვლელად და ბევრი საინტერესო ინიციატივის განსახორციელებლად.

21-ე საუკუნეში, იმ დროში, როდესაც არსებობს ხელოვნური ინტელექტი და მოსწავლის ნებისმიერ კითხვაზე უკვე მზა პასუხები არსებობს, არ არის მარტივი იყო მასწავლებელი. ეს ერთგვარი გამოწვევაა. ჩვენ, მასწავლებლებმა, უნდა მოვახერხოთ და სკოლა ვაქციოთ ისეთ ადგილად, სადაც მოსწავლეებს მოსვლა გაუხარდებათ, თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობენ თავს, შეიძენენ ბევრ მნიშვნელოვან უნარს, ჩამოუყალიბდებათ სწორი დამოკიდებულებები და იგრძნობენ, რომ პატივს სცემენ და ესმით მათი.

 

ნინო ნიპარიშვილი

კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილის“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი:

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრობა უკვე დიდი გამარჯვებაა. თითოეული მასწავლებელი ღირსეული, განსაკუთრებული და გამორჩეულია. 5 სექტემბერს, როდესაც საათი 17:00-ს უახლოვდებოდა, დიდი ემოციისგან, ერთი კი ვიფიქრე, ვერ შევძლებ ყურებას-თქო, მაგრამ ძალა მოვიკრიბე… და დაიწყო… სასწაული ემოციები მოდიოდა , მოლოდინისაც და, ამავდროულად, შინაგანი მზაობაც, რომ შესაძლოა ხუთეულში არც ვყოფილიყავი. ჩემი გულისცემა, მეგონა, მთელ დედამიწას ესმოდა… და დადგა მეოთხე ფინალისტის დასახელების დრო… არასოდეს დამავიწყდება ის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალბატონი და მისი ხმა, ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადა და ლადო აფხაზავა, რომელმაც იმ წამსვე დამირეკა. არ დავმალავ და ემოციისგან, სიხარულისგან ვიტირე. ეს იყო ბედნიერების ცრემლები… დიდი ხმით ვიმეორებდი, კარგად რომ გამეაზრებინა: ნინო, შენ ხუთეულში ხარ… ნინო, შენ ხუთეულში ხარ … ნინო, შენ საქართველოს მასწავლებლების საუკეთესო ხუთეულში ხარ… ამდენი ბედნიერების ცრემლი, ასეთი დიდი ემოცია, ჩემი შვილების დაბადებისა და პირველად დანახვის შემდეგ, არასოდეს მქონია, არასოდეს! უამრავი მილოცვა მივიღე, უამრავი სიყვარული ჩემი მოსწავლეებისგან, კოლეგებისგან, თანაქალაქელებისგან, უცნობი ადამიანებისგან, რომლებიც იცნობდნენ ჩემს საქმიანობას და მე ამ სიყვარულისთვის, ასეთი დაფასებისთვის უსაზღვროდ მადლიერი ვარ!

ჯერ ისევ ემოციებში ვარ და ეს ემოცია დიდხანს გაგრძელდება, ძალიან დიდხანს. თითოეული ფინალისტი უძლიერესი და ღირსეული კანდიდატია, მათ გვერდით ყოფნა და ხუთეულის წევრობა უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა!

როდესაც ხუთეულის წევრი ხარ და 5 ოქტომბრადე, საბოლოო გამარჯვებამდე, ერთი ნაბიჯი გაშორებს, მოლოდინიც დიდია. არ მავიწყდება, სულ მახსოვს ისიც, რომ ჩემთან ერთად, საუკეთესო მასწავლებლები არიან და თითოეულ ჩვენგანს თანაბარი შანსები აქვს. წარმატებას ვუსურვებ თითოეულს, რადგან ისინი ღირსეული მასწავლებლები და საუკეთესო ადამიანები არიან.

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო განათლების კოალიციას ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, რომელიც მასწავლებლებს გვაძლევს საშუალებას, კარგად გადავაფასოთ ჩვენი საქმიანობა და გვქონდეს მეტი მოტივაცია, მეტი და მეტი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობის საქმეში. მადლობა მინდა ვუთხრა არაჩვეულებრივი და გამორჩეული ჟიურის თითოეულ წევრს! ამ პროექტის ყველა პარტნიორსა და მხარდამჭერს! ესაა სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ზრუნავს ჩვენი, მასწავლებლების დაფასებაზე, პრაქტიკის გაზიარებასა და თავად პროფესიის პოპულარიზაციაზე. ეს პროექტი კიდევ იმიტომ მომწონს, რომ წლების მანძილზე შექმნა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის ერთობა, უძლიერესი, უჭკვიანესი და ცვლილებებზე ორიენტირებული მასწავლებლების დიდი ოჯახი, რაც ძალიან დიდი და საჭირო ძალაა. ამ კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და უდიდესი მოტივაციაა, როგორც მასწავლებელმა, როგორც მოქალაქემ, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნო ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე!

მასწავლებლის პროფესია უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენ, მასწავლებლები, პირდაპირ ვმონაწილეობთ ჩვენი ქვეყნის მომავლის მშენებლობის პროცესში. ჩვენი ქვეყნის მომავალიც, ანუ როგორი იქნება მომავალი თაობა, ჩვენზეა დამოკიდებული. მინდა, თითოეულ მასწავლებელსა და, ასევე, თითოეულ მოქალაქეს ვუსურვო მეტი თავისუფლება, მეტი სასიკეთო ცვლილება როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩვენ გარშემო არსებული რეალობისა. დაბოლოს, ერთ ძალიან მაგარ გოგოს დავესესხები: „ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნსა და ერთ კალამს სამყაროს შეცვლა შეუძლია“!

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები