27 ივლისი, შაბათი, 2024

გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, მეცნიერებაში განხორციელდა და, ინტერნაციონალიზაციის კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოს სამეცნიერო სივრცე, წელს პირველად, შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანი“. აღნიშნულ ღონისძიებაში ევროპის 30 ქვეყნის ასამდე ქალაქი მონაწილეობდა. ძირითადი ღონისძიებები საქართველოს 6 საუნივერსიტეტო ქალაქში, ონლაინ ფორმატში, გაიმართა. ქვეყნის 8 უნივერსიტეტში კეთილმოეწყო ევროპული სივრცეები, რომლებმაც 2021 წლიდან  Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების მისია უნდა შეასრულონ.

მინისტრობის კანდიდატმა გამოყო ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ,,Horizon-2020“-ის ფარგლებში შემუშავებული, 1.5 მლნ ევროს ბიუჯეტის მქონე, პროექტი „მკვლევართა მობილობის პროგრამა“, რომელიც  60 ქართველი მკვლევრის მობილობის დაფინანსებას ითვალისწინებს.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს მზადება ევროკავშირის ახალი პროგრამისთვის “Horizon Europe”, რაც საქართველოს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ გაუხსნის გზას, მათ შორის, ევროპული ასოციაციის „COST”-ის სრული წევრობისკენ. გარდა ამისა, ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ გაფართოვდება თანამშრომლობა CERN-თან ნაწილაკების ფიზიკის საერთაშორისო საინფორმაციო ჯგუფთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

მიხეილ ჩხენკელმა მეცნიერების შემდგომ განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიზრდება საგრანტო კონკურსების დაფინანსება როგორც საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური, ასევე ჰუმანიტარული და ქართველოლოგიური მიმართულებით ფუნდამენტური კვლევებისთვის და, 2021 წელს, საგრანტო კონკურსი განახლებული კონცეფციითა და მასშტაბით გამოცხადდება. სამინისტრო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამასთან, გაძლიერდება გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის კომპონენტი.

დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებისა და მეცნიერების დაკავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

მიხეილ ჩხენკელი: „ნიჭიერი ბავშვების თემა პრიორიტეტული საკითხია ჩემთვის. პირადი გამოცდილებიდან მინდა გითხრათ, რომ ქვეყნის განვითარების მიმართულებით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნიჭიერი ბავშვების ხელშეწყობას, რადგან ჩვენი ქვეყნის მთავარი საგანძური სწორედ ის სწავლას მოწყურებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც ახალი ცოდნის მიღებით არიან დაინტერესებული. შესაბამისად, ჩვენ მოვახდენთ ქვეყნის სახელოვანი, ცნობილი მეცნიერების დაკავშირებას ამ ბავშვებთან, რომ სწორედ მათი მზრუნველობის ქვეშ დავაკვალიანოთ ეს ნიჭიერი ახალგაზრდები. ეს მხოლოდ ერთი მიმართულებაა, ზოგადად, მე უფრო ვრცლად ვისაუბრებ ამ საკითზე, როდესაც მომეცემა საშუალება. უფრო ზუსტად, უნივერსიტეტისა და სკოლის დაკავშირებაზე, რომ ჩვენი სახელოვანი პროფესორები უფრო აქტიურად ჩავრთოთ სწავლა-სწავლების პროცესში.“

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პროექტები, რომლებსაც სამინისტრო რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დახმარებით ახორციელებს, კერძოდ, სასკოლო აკადემიური ოლიმპიადები, აუცილებლად გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ნიჭიერი ბავშვების განვითარებას. სამინისტროს ინიციატივით, უნივერსიტეტი სკოლაში კიდევ უფრო ნათლად იქნება წარმოჩენილი და ჩვენი სახელოვანი მეცნიერები ჩაატარებენ საინტერესო გაკვეთილებს. პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ონლაინ ფორმატი, ასევე სკოლებში გაიმართება მეცნიერების ვიზიტები მაშინ, როდესაც ბავშვები ჩვეულ საგანმანათლებლო გარემოში დაბრუნდებიან. მიხეილ ჩხენკელის თქმით, ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ საქართველოს ნიჭიერი ახალგაზრდები ინტელექტუალური შრომით კიდევ უფრო დაინტერესდნენ.

 

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები