1 ივლისი, პარასკევი, 2022

გადაწყვეტილებები ბევრად სამართლიანი, ეფექტიანი და გონივრულია, როცა სკოლის მართვა დემოკრატიულია  – სამეურვეო საბჭოს არჩევნები

spot_img

20 ივნისს, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს რიგით მეექვსე არჩევნები ჩატარდა (პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს გაიმართა). კანდიდატებს რეგისტრაციის საშუალება 8 ივნისიდან 14 ივნისის ჩათვლით ჰქონდათ.

სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით – არანაკლებ, 3-3 და არაუმეტეს, 6-6 – მშობელსა და პედაგოგს ირჩევენ. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს, სამეურვეო საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

სკოლის სამეურვეო საბჭოს, როგორც სკოლის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის, ფუნქციები განსაზღვრულია შემდეგნაირად: საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს; სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს და ბიუჯეტს; ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს; ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არჩევნების პროცესზე დაკვირვება ყველა რეგიონში განახორციელა. ამის გარდა, არჩევნებზე, დამკვირვებლის სტატუსით, დასწრების შესაძლებლობა ჰქონდათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც. დამკვირვებლებმა რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში გაიარეს.

რეალურად ასრულებს თუ არა სკოლებში სამეურვეო საბჭო დაკისრებულ ფუნქციებს და როგორ წარიმართა წლევანდელი არჩევნები, ვიდრე ამ საკითხებზე სკოლის დირექტორებისა და მშობლების მოსაზრებებს გაგაცნობდეთ, გვინდა შემოგთავაზოთ განათლების მკვლევრის, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ დამფუძნებლის, გიორგი გახელაძის მოსაზრება/განმარტებარას მოიცავს სკოლის დემოკრატიული მართვა და რა შესაძლებლობები აქვთ ამ პროცესში მშობლებს, რაზეც მან კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით მომზადებულ ვიდეობლოგების სერიის ფარგლებში ისაუბრა. განათლების მკვლევარი გვიხსნის, რომ „საუკეთესო გადაწყვეტილებები, თუ რა ისწავლონ, როგორ ისწავლონ და რისთვის ისწავლონ ბავშვებმა სკოლაში, მიიღება მშობლების, მასწავლებლებისა და თავად ბავშვების მონაწილეობით… გადაწყვეტილებები ბევრად სამართლიანი, ეფექტიანი და გონივრულია, როცა სკოლის მართვა დემოკრატიულია.“

გიორგი გახელაძე: „ჩვენ, მშობლები და მასწავლებლები, ვართ ის ზრდასრული ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ჩვენს სკოლაში ჩვენმა შვილებმა რა ისწავლონ, როგორ ისწავლონ, რისთვის ისწავლონ. ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღება ჩვენი, მასწავლებლებისა და თავად ბავშვების მონაწილეობით იმიტომ, რომ სწავლა-განათლება, პირველ რიგში, მათ უნდა გამოადგეთ. ამ გადაწყვეტილებების მიღებას მოჰყვება მოქმედებები. ეს არის მართვა და სხვა არაფერი. სკოლის მართვაც ამისგან შედგება და სხვა არაფრისგან. თუკი ამ მართვაში ყველანი ვმონაწილეობთ, ამას ჰქვია დემოკრატია.

რისთვის არის ეს კარგი? ჯერ ერთი, ასეთი გადაწყვეტილებები უფრო სამართლიანია და გონივრული, ეს გამოსცადა ისტორიამ, როდესაც კაცობრიობამ მოიფიქრა ხალხის მიერ რაიმეს მართვა, რაც მათ ცხოვრებას ეხება. სწავლა-განათლება ჩვენს შვილებს, ჩვენს ცხოვრებას ეხება. ამდენად, სასკოლო დემოკრატია ნიშნავს სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის პროპორციულ, თანაზომად მონაწილეობას სკოლის მართვაში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა დემოკრატიის, ანუ ჩვენი მმართველობის განხორციელება საჯარო სკოლებში. საჯარო სკოლაც ამიტომ ჰქვია, რომ ის საზოგადოა, ყველასთვისაა, ვინც თემშია. შესაბამისად, თუ ასეთი ადამიანებისთვის არის, თითოეულ ჩვენგანს უნდა შეეძლოს მართვაში მონაწილეობა. დღეს, საქართველოს საჯარო სკოლებში, სასკოლო დემოკრატიის არცთუ ბევრი, მაგრამ გამოუყენებელი შესაძლებლობები გვაქვს. ჩვენ, მშობლებს, შეგვიძლია მონაწილეობა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მუშაობაში, უფრო გონივრულად, უფრო მონდომებულად, უფრო სამართლიანად და უფრო ყოჩაღად, ჩვენი შვილების საკეთილდღოდ ისევე, როგორც შეგვიძლია მონაწილეობა დისციპლინური კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს როგორც მოსწავლეებთან, ისე თანამშრომლებთან და მშობლებთან მიმართებაში. ეს უკავშირდება სასკოლო საზოგადოების შინაგანაწესის დაცვას ან მისგან გადახრას. დისციპლინური კომიტეტი, დაახლოებით, წააგავს სასკოლო სასამართლოს, სასკოლო წესრიგში მართლმსაჯულების ორგანოს, სამეურვეო საბჭო წააგავს პარლამენტს და ჩვენ გამოუყენებელი გვაქვს ეს შესაძლებლობა. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას უნდა ექვემდებარებოდეს დირექტორის არჩევა და მისი ქცევა, სამეურვეო საბჭო ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს; ახდენს იმ რესურსების მოზიდვას, განკარგვას, განაწილებას, რაც საჯარო სკოლას გააჩნია.

სამეურვეო საბჭოს აქვს უფლება და ეს გამოყენებული უფლებაა, აკონტროლოს მასწავლებლების ხელშეკრულებები. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მშობლისთვის (ძალიან ხშირად გაიგონებთ მშობლისგან ამა თუ იმ მასწავლებლით აღტაცებას ან წყრომას) და ამის ბერკეტი არსებობს, სამართლებრივი ბერკეტი, სამეურვეო საბჭოსა და დირექციას შორის ურთიერთობის მეშვეობით. ამავე სამეურვეო საბჭოს მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ყოველწლიური სასკოლო სასწავლო გეგმა – მომავალ სასწავლო წელს რა, როგორ, რამდენად და რამდენ ხანს უნდა ისწავლონ ჩვენმა შვილებმა. თუ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ შესაძლებლობას, მაშინ, რა თქმა უნდა, სრულად არა, მაგრამ საკმაოდ მძლავრად შეიძლება ავამოქმედოთ ცხოვრებაში სკოლის მართვის ეს ყველაზე სამართლიანი და გონივრული მოდელი.“

რატომ ვერ აამუშავეს სკოლებმა მთელი დატვირთვით სამეურვეო საბჭოები და რა ხელის შემშლელ მიზეზებს ასახელებენ დირექტორები? რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ სამეურვეო საბჭოში შემავალი წევრების დოკუმენტად გაწერილი ვალდებულებები და ფუნქციები რეალიზდეს? ისმის თუ არა მშობლის ხმა? უნდა ველოდოთ თუ არა ახლად არჩეული საბჭოებისგან სკოლის მოდელის მართვის გაუმჯობესებას სამეურვეო საბჭოს ხელშეწყობით? – ამ კითხვების ადრესატები არჩევნების დასრულების შემდეგ ჩავწერეთ.

თბილისის №21 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ამზაშვილი ამბობს, რომ სამეურვეო საბჭო სკოლის ავტონომიურობის, მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ბერკეტია, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამ შესაძლებლობას მხოლოდ ნაწილობრივ თუ ვიყენებთ. „ამის მაგალითად წინასაარჩევნო პერიოდიც გამოდგება. ჩვენ საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია გავავრცელეთ მშობელთა ჯგუფებში სამეურვეო საბჭოს მნიშვნელობისა და უფლებამოსილების შესახებ, ვთხოვდით მათ, მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და საკუთარი კანდიდატურა დაესახელებინათ. მხოლოდ არაერთგზის შეხსენებისა და თხოვნის შემდეგ, 12 მშობელი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთი მამაა, რაც სასიხარულოა.

რაც შეეხება პედაგოგებს, აქ რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. მაქვს ფუფუნება, მყავდეს ძალიან ძლიერი და მოაზროვნე კოლეგები, ამიტომ, ვინც არ უნდა აირჩიონ სამეურვეო საბჭოში, დარწმუნებული ვარ, ყველასთან გამოგვივა თანამშრომლობა. მთავარია, მშობლის როლის გააქტიურება მოვახერხოთ, მივაღწიოთ იმას, რომ სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში არჩეული მშობელი სასკოლო ცხოვრების ყველა მიმართულების აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირი იყოს, ვინც მუდმივად მიადევნებს თვალს სკოლის ბიუჯეტის დაგეგმვასა და შესრულებას, ჩაერთვება რესურსების მოზიდვასა და განკარგვაში, სასწავლო გეგმის შესრულებაში და ა.შ. ჩვენ მათ ამ საკითხებში პირველივე სხდომაზე დეტალურად გავარკვევთ.

გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების მხრივ, სკოლაში კარგი გამოცდილება უკვე გვაქვს, სხვადასხვა დონეზე, ამასვე მივაღწევთ სამეურვეო საბჭოშიც. პრაქტიკა „როგორც თქვენ ჩათვლით საჭიროდ“ სასკოლო დემოკრატიის განვითარებისთვის ყველაზე დამაბრკოლებელი მიდგომაა. ვნახოთ, როგორ სამეურვეო საბჭოს ავირჩევთ. ჩემი სურვილია, იმდენად აქტიური და სკოლის ცხოვრებით დაინტერესებული გუნდი შეიკრიბოს, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით გაწერილი საკითხებით კი არ შემოიფარგლოს, არამედ თავად იყვნენ სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისა თუ სამოქმედო გეგმის შუალედური მონიტორინგის ინიციატორები. ეს არ უნდა იყოს ორგანო, რომელიც მხოლოდ კანონმდებლობით არსებობს.“

როგორც მარნეულის №2 საჯარო სკოლის დირექტორმა, შორენა ხუხუამ, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნა, სკოლაში აქტივობა ძალიან მაღალი იყო, ხმებიც კი გაიყო, მშობლებშიც და მასწავლებლებშიც, რის გამო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა ხუთშაბათს, 10 საათზე. რაც შეეხება, ზოგადად, სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას, ამბობს, რომ მცდელობის მიუხედავად, სამეურვეო საბჭო ძალიან აქტიური მაინც არ არის. „როცა მათ ანგარიშებს ვაცნობ, ძალიან აქტიურები არ არიან, მოდიან, ისმენენ, მაგრამ როცა  ბიუჯეტის განხილვა გვაქვს, ამას თავისებური ცოდნაც სჭირდება. შენ კი უყვები, მაგრამ მნიშვნელოვანია როგორ იგებს ამას. თავისთავად, ბიუჯეტის საკითხებში გარკვევას გარკვეული ცოდნა სჭირდება. როგორც იცით, სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მომზადებული სამეურვეო საბჭო კი, ალბათ,  კიდევ სხვა რამეა. კანდიდატი რაღაც კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მინიმუმ, ესმოდეს ის, რაზეც ესაუბრები. მიუხედავდა ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ მართლა ძალიან ყოჩაღი მშობლები მყავს.“

სამეურვეო საბჭოს კანდიდატი, გორის ვაჟა-ფშაველას სახელობის №9 საჯარო სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობელი ქეთევან ტატიშვილი მშობლების ინფორმირების სიმცირეზე საუბრობს და ამბობს, რომ: „სამწუხაროდ, მშობლების მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ სამეურვეო საბჭოს სკოლისა და მათი შვილების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დატვირთვა და როლი აქვს. აუცილებელია და მნიშვნელოვანი, მშობელს სკოლის სამეურვეო საბჭოს როლი კარგად ჰქონდეს გააზრებული.  მშობელი, რომელსაც სკოლაში მოჰყავს შვილი, ინფორმირებული უნდა იყოს, რომ აქ თვითმმართველობის უმაღლესი ორგანო სამეურვეო საბჭოა. როგორც ქვეყნისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარლამენტის არსებობა, ასევეა სკოლის სამეურვეო საბჭოც სკოლისთვის. ამდენად, მშობელს უნდა აინტერესებდეს სამეურვეო საბჭო. თუმცა, ნაკლები ინფორმირებულების გამო, ხდება ისე, რომ არ იციან საბჭოს უფლემამოვალეობები.

რაც შეეხება სამეურვეო საბჭოს, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ თავის მოვალობას ნაკლებად ასრულებს. ჩემი აზრით, ბავშვის სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან აუცილებელია მშობლებისთვის სამეურვეო საბჭოს უფლებამოვალეობების გაცნობა. ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართული სკოლის ცხოვრებაში, დაეხმარონ სკოლას ნებისმიერი კუთხით, სადაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ისევ ჩვენი შვილების ნორმალური ცხოვრებისა და მომავლისთვის. სამეურვეო საბჭო ის სამართლებრივი ბერკეტია, რომელიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ნაწილობრივ მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, თავად გადავწყვიტოთ, როგორი სკოლა გვქონდეს.

მინდა, აქტიურად ვიყო ჩართული სკოლის ცხოვრებაში და მინდა, სამეურვეო საბჭოს დახმარებით, ბევრი კარგი საქმის კეთება სკოლისთვის და განსაკუთრებით მშბლებისთვის, ანუ მე ვიქნები მშობლების ხმა სამეურვეო საბჭოში.

რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, სამწუხაროდ, ამ დროს სკოლაში არ ვიმყოფებოდი, მხოლოდ ხმის მისაცემად მივედი, ამიტომ სრული პასუხისმგებლობით მისი ობიექტურობის ხარისხს ვერ შევაფასებ. თუმცა, მე ვენდობი ჩემი შვილების სკოლას. როგორც არჩევნების კომისიის თავმჯდომარისგანაც ვიცი, მაღალი აქტივობა იყო, არჩევნებმა მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა. პირადად მე, ძალიან ბევრი მშობელი ჩავაყენე საქმის კურსში და მაქსიმალურად ვეცადე, ყველა ინფორმირებული ყოფილიყო სამეურვეო საბჭოს არჩევნების შესახებ.“

მაკა საკანდელიძე, მშობელი, თბილისის №63 და №199 საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოს კანდიდატი:„არჩევნებში მონაწილეობის მიზეზი ის იყო, რომ ონლაინ სწავლების პერიოდში სკოლა განსაკუთრებით დახურული სივრცე გახდა მშობლებისთვის. ზოგადად, ძალიან ძნელია მშობელმა თავისი ხმა მიაწვდინოს თუნდაც  მასწავლებელს, დირექციას, თითქოს ციხე-სიმაგრესავით იქცა სკოლა. მინდა, რომ ჩვენი შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, სკოლაში იყოს ადამიანი, ვინც ყველა მშობელს მოუსმენს, ყველას აზრს გაითვალისწინებს და ამ ყველაფერს დირექციამდე და მასწავლებლებამდე ძალიან ოპერატიულად მიიტანს.  დღეს სკოლაში ასეთი მშობელი მე არ მინახავს, ვინც დაუკავშირდება სხვა მშობელს და ეტყვის: გამარჯობა, მე ვარ სამეურვეო საბჭოს წევრი, აქ იმისთვის ვარ, რომ თქვენ მოგისმინოთ. თქვენი და თქვენი შვილების ინტერესები დავიცვა, მივიტანო გადაწყვეტილების მიმღებ  პირებამდე.

თუ მე ვიქნები ასეთი ადამიანი, ანუ თუ მოვხვდები სამეურვეო საბჭოში, პირველი, რასაც გავაკეთებ, ყველა მშობელს დავუკავშირდები, გავაცნობ ჩემს თავს და მათ აზრებს, სურვილებს მოვისმენ, გავითვალსწინებ და შევეცდები, რომ სკოლის მართვაში, ირიბად, მათაც მივაღებინო მონაწილეობა,  მათი აზრები გავახმოვანო. პირველ რიგში, დავიცვა ბავშვების ინტერესები იმიტომ, რომ, სიმართლე გითხრათ, დღესდღეობით, სკოლა არ არის ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული. ხშირად მიფიქრია ამაზე (რა თქმა უნდა, ყველა სკოლას არ ეხება), რომ დღეს სკოლები გვაქვს იმისთვის, რომ მასწავლებლები გვყავდეს დასაქმებულები, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე კი, ნაკლებად მოქმედებენ.

ადრე, როდესაც უთქვამთ, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნები მოდის, მეც დამზარებია წასვლა, რადგან ვფიქრობდი, რა აზრი აქვს, მაინც არავინ არაფერს შეგეკითხება, არავინ გეკონტაქტება, საერთოდ, რა საჭირო იყო ეს წევრი, ეგეც არ ვიცოდი. ახლა მეტი ინფორმაცია მივიღე ამ ყველაფერზე და გამიჩნდა სურვილი, მეც მოვსინჯო, იქნებ მე მაინც შევიტანო რაღაც წვლილი, იქნებ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს, გავზარდო მშობლების ჩართულობა, რომ მშობლისა და ბავშვის ინეტერესები მეტად იყოს გათვალისწინებული  და სკოლა – ბავშვზე ორიენტირებული. პირველ რიგში, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სკოლა არის ბავშვებისთვის.“

რადიკალურად განსხვავებულ აზრს აფიქსირებს ერთ-ერთი მშობელი,, ამბობს, რომ მისი აზრით, სამეურვეო საბჭო სკოლებში სრულიად უფუნქციოა: „ჩემს ირგვლივ არც ერთმა მშობელმა არ იცოდა ვის ირჩევდა და საერთოდ, რა ფუნქცია აკისრია ამ საბჭოს. მასწავლებლებმაც ასე გვიპასუხეს, რა მნიშვნელობა აქვს ვის შემოხაზავთო. მე ჩემი მოსახელე შემოვხაზე, მშობლების უმეტესობამაც ჩემსავით, „სულ ერთიას“ პრინციპით, შემოხაზა კანდიდატები.“ ეს კომენტარი კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ მშობელთა ინფორმირება ამ მიმართულებით აუცილებელია, თუნდაც ახლა, წლების შემდეგ, როცა სამეურვეო საბჭო არც ახალია და არც რაიმე შეცვლილა სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს ფუნქციონირებისა და არჩევნების თვალსაზრისით. სასკოლო ცხოვრებაში და მის მართვაში მშობლების ჩართულობა, მათ მიერ გამოკვეთილი საჭიროებები თუ ინიცირებული აქტივობები საგრძნობლად შეცვლის და გააჯანსაღებს სკოლის მართვის ხარისხს, რადგან მშობლის თვალით დანახული პრობლემები და მათი მოგვარების გზები პირდაპირ კავშირშია შვილების კეთილდღეობასთან. ალბათ,  ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა მშობელს შვილისთვის საუკეთესო უნდა. იქ, სადაც მძლავრად ისმის მშობლის ხმა, რეაგირებაც უფრო ქმედითია, „გადაწყვეტილებებიც ბევრად სამართლიანი, ეფექტიანი და გონივრულია, როცა სკოლის მართვა დემოკრატიულია.“

ლალი ჯელაძე 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები