სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნას, ბევრ მომხრესთან ერთად, ბევრი მოწინააღმდეგეც გაუჩნდა. საშუალო საფეხურის დასრულებას გამოცდა აღარ შეაფასებს, მოსწავლეთა შემფასებლები ახლა საგნის მასწავლებლები დარჩნენ. როგორ შეაფასებს სისტემა მათ, შეფასების რა მექანიზმები დაიცავს ობიექტურობას? საზოგადოების ნაწილს ამ კითხვაზე პასუხი აინტერესებს. სამინისტროს მხრიდან, პარალელურად, გაჩნდა ახალი ინიციატივები, რომლის მიხედვითაც დაწყებითი და საბაზო საფეხურის შეფასება მომავალში ისევ გამოცდას დაეკისრება. თუმცა, კონკრეტულად როგორი იქნება შეფასების ახალი სისტემა, ამაზე პასუხები ჯერჯერობით არ აქვთ.
რა შედეგს ელიან განათლების სფეროს წარმომადგენლები გამოსაშვები გამოცდების გაუქმებით და მუშაობს თუ არა სკოლებში არსებული შეფასების სისტემა ეფექტურად — ამ თემებზე საუბრობს გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების პროგრამის ხელმძღვანელი მაკო ყუფარაძე:
— რა არის გამოცდის მთავარი მიზანი?
— ნებისმიერი შეფასების, მათ შორის გამოცდის, მთავარი მიზანია, სისტემამ — სკოლამ და მასწავლებელმა — შეძლოს მოსწავლეს დაეხმაროს მისთვის პრობლემური საკითხების განსაზღვრაში და იმ საჭიროებების დადგენაში, რაც სწავლის პროცესში წარმოიშობა. შემდეგ კი, უნდა მისცეს საშუალება როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეს, ამ საჭიროებების დაძლევაზე იმუშაონ. რეალურად სასკოლო დონის შეფასების (გამოცდის) მიზანი ეს არის.
თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევებში ასახულ მოსწავლეთა სასწავლო შედეგებს, ცალსახად დავინახავთ, რომ საქართველოს მოსწავლეები სისტემას კარგ შედეგებზე ვერ გაჰყავს, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ არსებული შეფასების სისტემა მთავარ მიზანს ეფექტურად ვერ აღწევს.
თავისთავად, განათლების სისტემა მუდმივგანვითარებადი სფერო გახლავთ, ამიტომ განვითარებულ განათლების სისტემებში ნებისმიერი კარგი ინიციატივა, მათ შორის, ეროვნული სტანდარტები და შეფასების სისტემა (გამოცდები) გადაისინჯება ხოლმე სამ ან ხუთ წელიწადში ერთხელ. ამით ის რეფორმატორული ინიციატივები ფასდება, რაც მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომპონენტში ვლინდება ხოლმე. ვფიქრობ, გამოცდების სისტემის ცვლილებებს აუცილებლად საფუძვლად უნდა დაედოს, ზოგადად, სასკოლო და საკლასო შეფასების სისტემის გაუმჯობესება. თვითონ მასწავლებლებმა, საზოგადოებამ, სკოლამ, თემმა უნდა გაითავისონ შეფასების სისტემას დიდი მნიშვნელობა და ისიც, რომ გამოცდის მიზანი მხოლოდ ქულის დაწერა არ არის, უფრო მოსწავლის დახმარებაა, რომ უკეთ ისწავლოს. მაგალითად, წლების წინ, იყო ასეთი პოზიტიური ტენდენცია, როცა ნიშნების დაწერა მასწავლებლის მოსწავლესთან მუშაობის უფრო აღწერილობითი სახის შეფასებამ ჩაანაცვლა. თავისთავად, სისტემის მესვეურები — სკოლები და მასწავლებლები — ამბობდნენ, რომ ეს ნაკლებად ეფექტური იყო იმიტომ, რომ მასწავლებლებს იმ ინსტრუმენტების გამოყენების კარგი ცოდნა არ გააჩნიათ — როგორ მოახდინონ მოწავლეთა მაღალეფექტური შეფასება. პრაქტიკულად, ეს ხელს უშლის მთავარი თვითმიზნის მიღწევას — მოსწავლემ უკეთ ისწავლოს.
ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ, სკოლამ, პირველ რიგში, მასწავლებელმა გაითავისოს შეფასების უმნიშვნელოვანესი როლი სწავლების პროცესში. და, რაც მთავარია, მასწავლებელი, პირველ რიგში, უნდა ფლობდეს უნარებს, როგორ შექმნას და გამოიყენოს შეფასების ინსტრუმენტები — სემესტრულად, ყოველდღიურად, თუნდაც, სკოლის დამთავრებისას.
— თქვენი აზრით, რას მოიტანს ან რაზე მიანიშნებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნა?
— ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ გამოცდების გაუქმებას აუცილებლად მოჰყვება შეფასების ეფექტური სისტემისა და მეთოდების შემუშავება. ისევ გავიმეორებ, ეს სისტემური ხარვეზია, მასწავლებლის კომპეტენციისა და ცოდნის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ამიტომ, არსებული შეფასების მოდელი უნდა ჩანაცვლდეს მოსწავლის შეფასების სხვა, უფრო ეფექტური, შეფასების სისტემით.
— ამ მოცემულობით გამოდის, რომ შეფასების გარეშე რჩება არა მხოლოდ საშუალო, არამედ სხვა საფეხურებიც.
— ვერ გეტყვით, რომ შეფასების გარეშეა დარჩენილი, რადგან გამოცდის გარდა, შეფასების სხვა სისტემებიც არსებობს, მაგრამ როგორც გითხარით, არაეფექტური, რადგან შეფასების მთავარი მიზანი ნიშნის დაწერაა, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. პირველ რიგში, შეფასება მოსწავლის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს — შეფასებით მას უნდა დავეხმაროთ, რომ გააუმჯობესოს შედეგები. მთელი აქცენტის ნიშნის დაწერაზე გადატანამ ძალიან ნეგატიური პრაქტიკის დანერგვას შეუწყო ხელი, მათ შორის, რეპეტიტორობას. როცა ვამბობთ, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას შეფასების ეფექტური სისტემა, აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია სკოლისთვის, თუნდაც, აღნიშნულ ნეგატიურ ფენომენს. ამიტომ სკოლა ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ თავისთავად გაქრეს რეპეტიტორობა. რეალურად, დღეს, ხშირ შემთხვევაში, რეპეტიტორობა ერთადერთი დახმარებაა მოსწავლისთვის, რომ შედეგზე გავიდეს. არადა, ეს ფუნქცია მთლიანად სკოლაზეა დაკისრებული. სკოლამ უნდა განსაზღვროს და მასწავლებლებს მისცეს ძალიან კარგი ცოდნა ამ მიმართულებით. რეალურად, ეს იქნება სკოლის ფუნქციის მაღალ დონეზე შესრულება და დიდი რეფორმის და ცვლილებების დასაწყისიც. პრაქტიკულად, მხოლოდ მაშინ გავალთ მოსწავლის შეფასების მოქნილ და წარმატებულ მოდელზე, როცა ყველა მასწავლებელი გაიაზრებს შეფასების ინსტრუმენტის მნიშვნელობას და დაეუფლება მისი გამოყენების უნარ-ჩვევებს. მხოლოდ ეს გახდის ეფექტურს მოსწავლესთან მუშაობის პროცესს — აამაღლებს მოტივაციას და გააჩენს სწორ დამოკიდებულებას სწავლისადმი. ასეთ სისტემაში მოსწავლეც კმაყოფილი იქნება მიღებული შედეგებით და მასწავლებელიც.
ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი ცვლილებების განხორციელებისას. თუმცა, რასაკვირველია, მხოლოდ გამოცდის მოხსნით არ უნდა შემოიფარგლოს დაწყებული რეფორმა და სისტემამ უნდა შეიმუშაოს სკოლის დამასრულებელი შეფასების (გამოცდის ჩათვლით) ერთიანი სისტემა, რომელიც არა მხოლოდ ცალკეულ საგნებზე იქნება ორიენტირებული, არამედ კომპლექსურად შეაფასებს მოსწავლის ცოდნასაც და უნარებსაც. რეალურად ეს დაეხმარება, ერთი მხრივ, მოსწავლეს და, მეორე მხრივ, სისტემას, განსაზღვრონ ის კომპეტენციები და ძლიერი მხარეები, რაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად და სწავლის გასაგრძელებლად სჭირდება კონკრეტულ მოსწავლეს.
ესაუბრა ლალი ჯელაძე