ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში უცნაური კამპანია გაჩაღდა საბავშვო მწერლების წინააღმდეგ — ვიღაც იღებს კონტექსტიდან ამოგლეჯილ მონაკვეთს საბავშვო ლექსიდან და აქვეყნებს, სხვები იზიარებენ, ავრცელებენ და იწყება განქიქება შეურაცხმყოფელი, უწმაწური სიტყვებით. რაც საგულისხმოა, ყველა ამონარიდი წარმოდგენილია, როგორც სასკოლო სახელმძღვანელოდან ამოკრებილი ნაწყვეტი, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სურათს — აი, რას ასწავლიან ჩვენს შვილებს სკოლაში! გასაოცარია, მაგრამ ნებისმიერი საბავშვო ლექსი, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც სასკოლო საპროგრამო. ამ „ცუდი“ ლექსების საპირწონედ მაშინვე ჩნდება „დედა ენა“ და რიტორიკა — არ გვინდა ეს სახელმძღვანელოები, დავაბრუნოთ „დედა ენა“. სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის სამიზნე მაყვალა მრევლიშვილიც გახდა, მისი ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო ლექსი („ქისა, ქისა, ბარაქისა…“) დაცინვის ობიექტად იქცა. უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა, ასევე, უცხოური პოეზიის ნიმუშებს, რამდენიმე თარგმნილ ლექსს, თანამედროვე ქართველ ავტორებს, მათ შორის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს.
ამ მოვლენას, რომელსაც ინტერნეტბულინგიც კი შეიძლება ვუწოდოთ, გამოეხმაურა პაატა შამუგია წერილით „დავიცვათ პატარების ლექსები დიდებისგან“, მარიამ წიკლაურმა ფეისბუქგვერდზე დაწერა, რომ „ეს ცილისმწამებლური ფეისბუქკამპანია ხშირად სრულიად მართული მოვლენა მგონია კონკრეტული პიროვნებებისგან. თქვენ რა გინდათ, სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორი ქართულ ხალხურ ლექსს ჰგავდეს? იქაც „მზე დედაა ჩემი“ დაგხვდებათ? არც იუმორი აქვს სხვა ხალხს, არც ფანტაზია, მხოლოდ სამშობლოზე უნდა იწერებოდეს ლექსები?“
რამდენად მიზანმიმართულია სოციალურ ქსელში გაჩაღებული კამპანია და თუ ასეა, რა მიზანს ემსახურება, ვის აძლევს ხელს საზოგადოებრივი აზრის ამ მიმართულებით წარმართვა — ამ შეკითხვებით მივმართეთ მწერალს, საბავშვო ავტორს მარიამ წიკლაურს.
— ქალბატონო მარიამ, ფეისბუქზე ერთგვარ ტრადიციად დამკვიდრდა საბავშვო ლექსებიდან ამონარიდების გამოქვეყნება და განქიქება. წერდით, რომ ეს კამპანია მიზანმიმართული გგონიათ. თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება შექმნილი აჟიოტაჟი?
— მადლობელი ვარ, რომ დაინტერესდით და ეხმაურებით ამ არასასიამოვნო სიტუაციას, რომელშიც ბევრი ავტორი აღმოჩნდა სრულიად დაუმსახურებელი აგრესიის სამიზნე. ბოლომდე კიდევ გასარკვევია, რა მიზანს ემსახურება ეს აჟიოტაჟი, თუმცა ბევრ რამეს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. პირველ რიგში ვამბობ, რომ ეს დასაგმობი მოვლენაა, რაც უნდა მართული ან უმართავი იყოს. რადგან ორთავე შემთხვევაში ამ გააზრებულმა თუ გაუაზრებელმა კამპანიამ დიდი აგრესია წარმოშვა სოციალურ ქსელში, ბევრ ღირსეულ ავტორს მიაყენა დაუმსახურებელი შეურაცხყოფა, გამოავლინა ის ნეგატივი, რომლითაც სავსეა, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ყველა ფენა. დაამცირა არა მხოლოდ ავტორები, არამედ ეჭვქვეშ დააყენა ნებისმიერი საბავშვო წიგნის, ნაწარმოების და მთლიანად განათლების სისტემის და სახელმძღვანელოების ავტორიტეტი და ღირსება; გამოავლინა საზოგადოების უცოდინარობა და გაუცხოება საბავშვო დარგის მიმართ, ლიტერატურათმცოდნეების არაპროფესიონალური მიდგომები საბავშვო ლიტერატურის მიმართ და ა.შ. და ა.შ. იქამდეც კი მივედით, რომ ზოგი მწერლების დაჭერასაც კი ითხოვდა ამა თუ იმ ლექსის გამო… გამომჟღავნდა ცინიზმის, დაუნდობლობის, უკულტურობისა და ლამის რეპრესიებისადმი ჩვენი ფარული „სიმპათიებიც“, რომელიც სამწუხაროდ, თურმე, დღემდე ცოცხლობს საზოგადოებაში. თუ ამას ყველაფერს ვიღაც კონკრეტული პიროვნება აგორებს და იცის რა შედეგზეც გავა მისი მოწადინება, ის ჩემ თვალში უზნეო კრიმინალია, თუ ამას აკეთებენ კონკრეტული სახელმძღვანელოს მხარდამჭერები, ესეც გაუმართლებელია, თუ ამას არავინ აკეთებს, უბრალოდ, ერთობიან სრულიად უმიზეზოდ, ესეც უზნეობად მიმაჩნია. ეს ალბათ სოციოლოგიური კვლევის თემაა.
ჩემთვის სრულიად გასაგებია, რომ საზოგადოებას, მით უფრო ჩვენნაირს, რომლის დიდი ნაწილიც შეუმდგარია, დაუსაქმებელია, დაკომპლექსებულია, ამბიციურია და მუდმივად სტრესშია, რა თქმა უნდა, არასდროს დაეზარება არც ქრისტეს ხელახალი ჯვარცმა, არც ილიასთვის შუბლის გახვრეტა, არც არავის დასმენა და დამუნათება, დაცინვა და განადგურება, მაგრამ მაინც გამართლებულად მიმაჩნია ამ საკითხზე ხმამაღალი საუბარი, პროტესტი და დაგმობა. მხოლოდ ცალკეული პიროვნებების არა, დიდი მასშტაბი მიიღო ამ კამპანიამ სალიტერატურო გვერდებზეც. მინდა, რომ ამ საკითხებზე სხვებიც საუბრობდნენ, არა მხოლოდ მხვერპლი „იცავდეს თავს“.
— ერთი ტენდენციაც იკვეთება, ხშირ შემთხვევაში, ეს ამონარიდები საზოგადოებას მიეწოდება, როგორც ნიმუშები სასკოლო სახელმძღვანელოებიდან… ბუნებრივია რეაქციაც — რა ცუდ ლექსებს ასწავლიან პირველკლასელებს! ვის ინტერესშია ეს კამპანია და ხომ არ უმზადებს გზას იმათ, ვინც სკოლებში „დედა ენის“ შეტანის მომხრეა?
— მძიმე ბრალდებაა, თუმცა, გამორიცხული არც ეგაა. სახელმძღვანელოების ბიზნესი, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ერთი მნიშვნელოვანი ბიზნესია წიგნის გამომცემლობებისთვის. და რადგან ბიზნესს თავისი ინტერესები აქვს, მოდი ეს ვკითხოთ მათ, ვისაც ამ სფეროში საქმიანობა უწევს და ჩემზე მეტი კომპეტენცია აქვთ. მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, რომელსაც არაფერი მაკავშირებს ამ ბიზნესთან, გარდა საბავშვო ავტორობისა, რომელიც შეიძლება მოხვდეს თავისი ნაწარმოებებით ამა თუ იმ ახალ სახელმძღვანელოში, ნუ გამომატანინებთ დასკვნებს. ასეთ კითხვებზე უნდა პასუხობდნენ გამომცემლები ან სულაც განათლების სამინისტროს შესაბამის უწყებათა წარმომადგენლები. მხოლოდ ერთს ვიტყვი, როცა სამინისტრომ დაუშვა სახელმძღვანელოების ღიად განხილვის პრეცედენტი, ჯერ მიანიჭა და შემდეგ გაუუქმა გრიფები წიგნებს, შემდგომ უკვე ახალი გრიფირების მტკივნეული პროცესები დაიძრა და საკონკურენციო გარემოც დაიძაბა, მას მერე შემოვიდა მოდაში საბავშვო ავტორებზე თავდასხმები. ფაქტია, სახელმძღვანელო, როგორც ასეთი, უკავშირდება ამ უსიამოვნო აჟიოტაჟს. ის ფოტოები, რომელიც საბავშვო წიგნებიდან ვრცელდებოდა და ამ მასობრივ ისტერიას იწვევდა, სულაც არ ეკუთვნის სახელმძღვანელოებს, მაგრამ მისთვის, ვინც ასეთ ანონიმურ ფოტოებს იღებს და სოციალურ ქსელში ანთავსებს, რა თქმა უნდა ახლობელია ლიტერატურა, წიგნი და იცის , როგორ მიაღწიოს შედეგს. ამას ემატება უკვე მასის მხრიდან ე.წ. „ბულინგი“ ავტორებისა და საჯარო შეურაცხყოფა, რომელიც წესიერ ქვეყანაში კანონით ისჯება.
— ცოტა ხნის წინ, მსგავსი თავდასხმის ობიექტი გახდა ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“. რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, ნუთუ დღევანდელ საზოგადოებას უჭირს ლიტერატურული ნაწარმოების სათანადოდ აღქმა?
— დიახ, აბა სხვა რაა ამის მიზეზი? წლებია ადამიანები გაუუცხოვდნენ საზოგადოდ კულტურას, ლიტერატურას, წიგნს… არის საოცარი დეფიციტი ტელევიზორების ეკრანიდანაც — საუბარი კულტურაზე, ლიტერატურაზე, წიგნზე, პერსონაჟებზე… იცით, მწერლები, საერთოდ იაშვიათად ჩანან ეკრანზე, არსად არ ისმის მათი საუბარი, აზრი… მე არ ვგულისხმობ ტელეფეისებს, რომლებიც მუდმივად ამ საქმეს ემსახურებიან. მე ვამბობ იმ სივრცეს, რომელიც რაღაც ამაღლებულზე, სულიერებაზე, სერიოზულ პრობლემებზე ესაუბრება ხალხს. 30 წელია ისმის მხოლოდ ჩხუბი, კამათი, ლანძღვა, ჭორი, დაძაბულობა… მაშინ ჩანს მწერალიც, მღვდელიც, მეცნიერიც, სპორტსმენიც, თუ რაიმე სენსაციური და ნეგატიური ხდება… ესაა ერთ-ერთი მიზეზიც, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იცის რა ფერის საცვალი აცვია მავან ტელესახეს, მაგრამ არ იცის, რომ მაყვალა მრევლიშვილი, 30 წლის გარდაცვლილი კლასიკოსი, უთანამედროვესი ავტორია თავისი საოცარი შემოქმედებით და არც ის გაეგება, რომ საბავშვო ლიტერატურა არ არსებობს ფანტაზიის, იუმორის, ჯადოქრობის, სიცრუის სიბრძნის გარეშე… არც ის იცის, შატაიძემ რა დაწერა ან მასწავლებელს ან სახელმძღვანელოს შემდგენს რისთვის დასჭირდა ესა თუ ის ნაწარმოები, პასაჟი ან პერსონაჟი. ავადაა სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილი, დასტრესილი, დაბოღმილი და თვითკმაყოფილი, რომ მას და მის უცენზურო აზრს შეუძლია დაკარგული ჭეშმარიტება აპოვნინოს ყველას… პროფესიონალებმაც კი „ისახელეს“ თავი და დაიჯერეს, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილი და პერსონაჟის ნათქვამი ორი წინადადებით, შეიძლება ავტორზე და მის შემოქმედებაზე „მოთქმა-გოდება“… რა გვჭირს, ვერ ვხსნი, მაგრამ ვიცი, რომ კარგი არაფერი გვჭირს. ვაჟა-ფშაველა ოცი წლის მერე რომ გადაასვენეს დიდუბიდან მთაწმინდაზე, მის საფლავზე საბჭოთა ჩინოვნიკები მწერლის ჩამორჩენილი იდეალების შესახებ საუბრობდნენ… ჩვენ რამ უნდა გაგვაკვირვოს, საუკეთესო მწერლები და ხელოვანები, მთელი გვარები, ოჯახები დავხვრიტეთ და გადავტეხეთ ჩვენივე განვითარების ხერხემალი… მაგრამ ნუთუ აღაფერი არ უნდა გავიაზროთ და ისევ ბოროტებამ გვმართოს?
— უცნაურია, რომ ამ კამპანიის მსხვერპლი გახდა მაყვალა მრევლიშვილი, უფრო მეტად კი ის, რომ მის განმქიქებლებს შორის ბევრს, სამწუხაროდ, თანამედროვე პოეტი ჰგონია (მათი სტატუსებიდან გამომდინარე)…
— ეს რომ ერთს ჰგონებოდა ან თუნდაც ათს, სამ-ოთხმილიონიან საქართველოში, იმასაც გავიკვირვებდი, მაგრამ როცა მასზე ასე დამამცირებლად საუბრობდა ასობით და ლამის ათასობით ადამიანი, მათ შორის ისეთებიც, ვინც თვითონ ეპოტინება პოეტის სახელს და პოეზიას, ეს სავალალოა, თავზარდამცემიც კი…
მე და ჩემი კოლეგები, რომლებიც ამდენი წელია ამ დარგში ვშრომობთ, უამრავ ცოცხალ შეხვედრებს ვატარებთ სკოლებში, ბაღებში, გაოგნებულები ვართ, სახელსაც ვერ ვარქმევთ ამას, რაც ხდება. ამდენი განმქიქებლიდან, ერთ ადამიანს არ გასჩენია კითხვა, რა წიგნებიდან არის ესა თუ ის ამონარიდი? წიგნი არავის აინტერესებს, არც მწერლის სიმართლე. მთავარია ჰქონდეთ ფოტო, რომელზეც ანონიმურად, ნაწარმოების სათაურის, ავტორის, მთარგმნელის, გამომცემლობის მითითების გარეშე დაინახავენ რაღაცას, რაც მათ მაღალკეთილშობილებას საკუთარი ბავშვებისათვის საფრთხედ მოეჩვენება. ასე რომ, ზღაპრები ზღაპრულობის და ლექსები პოეტური ფანტაზიების გარეშე უნდა ვწეროთ. მაგალითად ასე „ჯამი ჭურჭელია“, „გოგონა სკოლაში მივიდა“, „ძაღლი ყეფს“. აბა, გაბედეთ და გადაუხვიეთ ამ რუხი, მძიმე და რუტინული რეალობიდან… გაბედეთ და არ დაწეროთ ლექსი ფარ-ხმალზე…
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი