27 ივლისი, შაბათი, 2024

ბუნების აზროვნებისა და განღმრთობის საკითხი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში

spot_img
თამარ გუმბერიძე
ფილოლოგიის დოქტორი,
სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი

 

 

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამაში არაერთი ტექსტია შეტანილი, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის თემას ეხება. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პროცესი ითვალისწინებს, თემატური საკვანძო შეკითხვებისა და შესაბამისი ლიტერატურული ტექსტების მეშვეობით, ისეთი საკითხების დამუშავებას, როგორიცაა ადამიანი და ბუნება.

თანამედროვე ადამიანი დაშორდა ბუნებას, მის პირველქმნადობას და აღმოჩნდა დილემის წინაშე – ბუნებასთან ურთიერთჰარმონია თუ ურთიერთდაპირისპირება. დაფიქრება გვმართებს იმაზე, რომ ჩვენი პლანეტის ბუნებრივი რესურსები არ არის უსასრულო და ბუნება, როგორც ღვთის მიერ ქმნილი მატერიალური სამყარო, დადებითი და უარყოფითი ერთიანი სუბსტანციაა, კაცობრიობის აკვანია.

რას ვაკეთებ სკოლაში, რომ ბავშვებს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების მიმართ თანაგრძნობა გავუჩინო და მაღალი ღირებულებები ჩამოვუყალიბო?

ვფიქრობ, ლიტერატურას ყველაზე კარგად შეუძლია ნამდვილ ფასეულობებს აზიაროს ადამიანი, აგრძნობინოს სამყაროს უსაზღვროება, მრავალფეროვნება და გაუღვიძოს მისი არსების საუკეთესო საწყისები, ადამიანური ცოდნა კეთილმოქმედებად აქციოს.

ვაჟას მოღვაწეობის დასასრულიდან აგერ უკვე თითქმის საუკუნე გავიდა, თანამედროვეობა უკვე ახალი თვალით უმზერს გარესამყაროს და ეს ახალი ხედვა განპირობებულია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებით. ის, რაც ვაჟას დროს შეიძლება დაუჯერებლად მოჩვენებოდათ იმდროინდელ მოაზროვნეებს და განსაკუთრებით ბუნების მცოდნეთ, დღესდღეობით, უკვე საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა. ვაჟას დროს მგრძნობიარე ბუნების შესახებ საუბარი პანთეიზმად ითვლებოდა, მაშინ როდესაც თანამედროვე ბუნებისმცოდნეები ცდებს ატარებენ ბუნების მგრძნობელობის შესახებ. მ. კვესელავას, თავის „პოეტურ ინტეგრალებში”, მოჰყავს მაგალითი ტიმირიაზევის კათედრაზე ჩატარებული ცდის შესახებ, სადაც დასტურდება, რომ ყვავილებს ერთურთისადმი გარკვეული ნიშნების გადაცემა შეუძლიათ. მას მოჰყავს მაგალითი პროფ. ი. მუნარის სტატიიდან (Литературная газета, 1974, №35), სადაც აღწერილია, რომ „ამერიკელი მეცნიერი ლუთერ ბეკსტერი მუშაობდა კანის გალვანური რეაქციის ელექტრორეგისტრაციის გაუმჯობესებაზე… აქ მას „ცელქმა აზრმა” (Шальная мысль) გაუელვა. ხომ შეიძლება მცენარეებიც ისევე გრძნობდნენ, როგორც ჩვენ? და განიზრახა… მცენარის ემოციური რეაქციის (!) რეგისტრაცია. ამისათვის ფილოდენდრონის ფოთოლთან უცებ გაჰკრა ასანთს ისე, რომ მცენარეს არც შეჰხებია. მრუდი მაშინვე ავარდა ზევით! ამ ფაქტს ბეკსტერი ასე განმარტავს:

– ფილოდენდრონმა იყვირა (!) არა ტკივილისაგან, არამედ შიშის გამო? მაშასადამე, იგი მიხვდა, რომ ეტკინებოდა…

ამას ექსპერიმენტის მთელი სერია მოჰყვა. ცდებს ადასტურებდნენ მოსკოვშიც, ტიმირიაზევის „კალების მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრაზე”. და აი, უკვე არა გოეთეს, ბარათაშვილის, ვაჟას ნაწერებიდან, არამედ ივანოვის წიგნიდან გადმოგცემთ სიტყვასიტყვით: გამორიცხული არ არის, რომ მცენარეებს აქვთ თავიანთი ენაც (განა ამასვე არ წერდნენ გოეთე და ბარათაშვილი თავის დროზე? – მ.კ.), ცხოველების სასიგნალო ენის მსგავსი და ერთ მცენარეს, მაგალითად, შეუძლია აცნობოს მოახლოებული საფრთხის შესახებ მეორეს იმით, რომ თავისებურად იცვლის ელექტროპოტენციას ფოთლებში”. ამგვარმა ცდამაც მართლაც გასაოცარი შედეგები გამოიწვია.

…ცარიელ ოთახში, ერთმანეთის გვერდით, დადგეს ორი ყვავილი. ერთ-ერთი მათგანის ფოთოლზე მიამაგრეს მინიატურული ელექტრორეგისტრატორი. თვითჩამწერი კი სხვა ოთახში დადგეს, სადაც ცდის ჩამტარებლები იმყოფებოდნენ; ოთახს, სადაც ყვავილები იდგა, ორი კარი ჰქონდა: ერთიდან შედიოდნენ და მეორედან გამოდიოდნენ ლაბორატორიის თანამშრომლები. ერთი მათგანი, ცდის ჩამტარებლის მითითებით, მივიდა ყვავილთან, რომელსაც ელექტრორეგისტრატორი არ ჰქონდა მიმაგრებული, მოწყვიტა ის და გავიდა ოთახიდან. ამის შემდეგ ლაბორატორიის თანამშრომლებმა ისევ რამდენჯერმე გაიარეს ის ოთახი, მაგრამ თვითჩამწერის მიერ გავლებულ ზოლში არავითარი გადახრა არ მომხდარა; სამაგიეროდ, როგორც კი ამ ოთახში გამოჩნდა ის, რომელმაც ყვავილი მოწყვიტა, ხაზი ისე ავარდა ზევით, რომ ორი აზრი არ შეიძლებოდა ყოფილიყო – „ყვავილმა იცნო თავისი ძმის მკვლელი” (მ. კვესელავა, „პოეტური ინტეგრალები”, 1975 წ. გვ. 132)

ეს ვრცელი ამონარიდი კვესელავას წიგნიდან თუნდაც იმიტომ მოვიყვანეთ, რომ თანამედროვე ადამიანის ყური და აზროვნებაც შეჩვეული არ არის ამგვარ რეალობას და მეცნიერება კი, დღესდღეობითაც, უამრავ ჩვენთვის მიუწვდომელ საიდუმლოს ეზიარა, ჩვენში კი ეს მცირეოდენ გაოცებას იწვევს, მაგრამ გვაჯერებს, რომ სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა, ჯერ კიდევ მეცნიერული კვლევის მონაცემების გარეშე, გვარწმუნებდნენ, რომ იყო საიდუმლო ენა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროსი („მწამს რომ არს ენა რამ საიდუმლო, უასაკოთაც და უსულთ შორის” – ბარათაშვილი).

„ბუნება მბრძანებელია, იგივ მონაა თავისა”, ამ ფორმულით გამოთქვა ვაჟამ ის დიადი საიდუმლო, რომელიც მან ბუნებაში დაინახა, ორი წინააღმდეგობა, ერთიმეორის უარმყოფი, მოქცეულია ერთ დიდ მთლიანობაში, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ბუნება ყველაფერია და ადამიანი, რომელიც ამ ბუნებას კონფლიქტში ჩაუდგება, უძღებ შვილსა ჰგავს, რომელიც ბოლოს იძულებული იქნება, ისევ მშობლის კალთას დაუბრუნდეს, მით უმეტეს, რომ ბუნება მხურვალე მონაწილეობას იღებს ადამიანის სიცოცხლის ყოველ წვრილმანშიც კი და ვაჟას მთელი პოეზია, თითქოს, ბუნების ანარეკლია, ამ უკანასკნელს ვაჟა-ფშაველა ისე კი არ ხატავს, როგორც საგნებს, არამედ იმ გრძნობებს, რომელსაც ამ ბუნებაში პოულობს და ყოველთვის აკავშირებს თავის განცდებს. „ნისლი ფიქრია მთებისაო”, – ისე შთამაგონებლად იძახის, რომ მართლა გჯერა ამ ნატურის ცხოველმყოფლობა. როგორც ბუნების ნამდვილი გულთამხილავი და მესაიდუმლე, ისე ელაპარაკება მთას, ნიავს, მდინარეს, ხეს, ქვას…

„მთავ, შენ ის ჩემი ნათქვამი

გულ-მკერდზე დაიწეროდიო”,

ან

„მთანი თავ-ჩაჩქნიანები,

ფიქრს მისცემიან მწარესა…”

და ასე ყოველთვის „ოცნება ტანჯულ ქვეყნისა, ქვითინებს მთისა წვერზედა”… „მინდა შავეთში მომღერალს, სტუმრად მწვევიყვნენ მთანია, თან კლდენი შავგვრემანნია, მთების მამშვენნი ძმანია”… „ჩამოიწყვიტეს მთებმა საკინძი, ჩამოიგლიჯეს ჩოხების კალთა“… იქნებ გეგონოთ, რომ ლექსის სამკაულად არის ნახმარი ეს შედარებები? არა” (ვ. კოტეტიშვილი „ქართული ლიტერატურის ისტორია”, 1959წ. გვ.595), წერს ვახტანგ კოტეტიშვილი და ჩვენც გვწამს რომ ვაჟას მინდიასებურად შეუძლია უსმინოს ბუნებას, იგრძნოს მისი გულისთქმა, ჩაწვდეს იმ ამაღლებულსა და დიადს, რაც ბუნების გულისგულში დევს.

მთელი პოემა „ბახტრიონი” ხომ ამაღლებულისა და დიადის მხატვრული გახმოვანებაა, მაგრამ პოემის შესავალში გადმოცემული სურათი ბუნების განღმრთობაცაა და ამაღლებულთან ზიარებაც.

„დღემ დაიხურა პირ-ბადე,

მთებმა დახუჭეს თვალები,

აღარ შფოთობენ, საფლავში

გმირთ ოფლის მღვრელი ძვალები.

ქარი ქვითინებს… ღრუბელთა

ზარი თქვეს შესაზარები

გული ვერ მოუფხანიათ,

ცრემლი სდით ალაზნიანი,

ჩარეცხეს, ჩაალამაზეს

მთების გულმკერდი კლდიანი

გაცოცხლდა ცას ემუქრება

ღრმა ღელი, წყარო ფშიანი”.

ამგვარი სურათების ხილვისას მართლა რა გული გაგიძლებს, რომ ამ მთების გულისძგერა ვერ იგრძნო. ვერ იცნო როგორც მთების, ისე პოეტის სული. სული ასე ამაღლებული და მართლაც განღმრთობილი. თვით „ბახტრიონის” ამავე ნაწილში გვიხატავს პოეტი თავისი სულიერი სიმაღლის მიზეზს თუ საფუძველს. ამ გარემოში აღზრდილი ადამიანი, მართლაც, ვაჟასებრ დიდსულოვანი, გოლიათი და ამალღებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე დიდი აღმატებულობა ვაჟას სულისა ის არის, რომ მშობელ ბუნებას ასე გულწრფელ უხდის მადლობას:

„მოგესალმებით ქედებო,

მომაქვს სალამი გვიანი,

ჩემსამც სამარეს ამკობენ

თქვენი დეკა და ღვიანი!

თქვენთანა გულობს ეგ გული,

შიგ გრძნობა უდუღს ღვთიანი,

თქვენი მიწოვა მეც ძუძუ,

ღალიან-ბარაქიანი,

ნუმც გაჯავრდება პირიმზე,

ნუმც დამწყევლიან იანი

რომ მათი დედის ძუძუთი

ვსუქდები ცოდვილიანი”.

ვაჟას ამ სტრიქონებში მთელი მისი შემოქმედებითი პორტრეტი იხატება. იგრძნობა პოეტის დიდსულოვნებისა და სიდიადის სათავე. მთების გულ-მკერდიდან გადმომჩქეფარე რძის მადლია, ვაჟას ასეთი ბუნების ჩამოყალიბება, მისი პიროვნების ასეთი სრულქმნა.

„ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით, შენი ხელის, ნაყოფს თუ ჭამ ნეტარება შენ და სიკეთე შენ” (ფს. 18. 19. III, I) სახარებისეული შეგონებანი ყოფიერების იმ ზნეობრივ-ეთიკური ნორმების საფუძველს წარმოადგენს, რომლის კლასიკური ნიმუშიც ვაჟას მინდიასეული გოდებაა ადამიანთა მიმართ, რომელთაც დავიწყნიათ ქრისტიანული მორალი და ცოცხალ სამყაროზე ძალადობა ცხოვრების წესად გაუხდიათ, „ან რა პირით ვიცოცხლო, თავს რით ვიმართლებ ღმერთთანა” („გველის მჭამელი”). ისინი არ შეისმენენ ღვთისმიერ გაფრთხილებას: „ნუ დააზიანებ მიწას, ზღვას და ხეს” (გამოც. 14.1).

ბუნებაზე თავისუფალი ზემოქმედება სიყვარულის გარეშე უდიდესი ცოდვაა.

როგორც მოგეხსენებათ, ჰუმანიტარულ დარგებში მასწავლებელს სჭირდება არა სავალდებულო, არამედ რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელო, რომელსაც იგი შეხედულებისამებრ გამოიყენებს. ვფიქრობ, წარმოდგენილი წერილი დაეხმარება მოსწავლეებს გაუჩნდეთ ლტოლვა ჰუმანური, მარადღირებული ფასეულობებისადმი და ორგანულად შეიმეცნონ ვისი გორისანი არიან, საიდან მოდიან, საით უნდა იხედებოდნენ…

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მ. კვესელავა, „პოეტური ინტეგრალები”, 1975წ. გვ.132;
  2. ნაზი ხელაია, თამარ გუმბერიძე, „პოეზია არსებობის მწერვალი”, 2013წ;
  3. ვ. კოტეტიშვილი, „ქართული ლიტერატურის ისტორია”, 1959წ. გვ.595;
  4. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები”, შრომები, ტ.7. თბილისი-თელავი, 26-28 სექტემბერი, 2020წ.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები