თამაზ დავითაძე
სსიპ ქალაქ ბათუმის №16 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
„ბულინგი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდ თანატოლთა შორის არის გავრცელებული და ერთი პიროვნების მიერ მეორის დაჩაგვრასა და დაცინვაში გამოიხატება. შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ, ხშირ შემთხვევაში ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ. ბულინგის შედეგები უშუალოდ შეიძლება დავუკავშიროთ თვითშეფასებას, უფრო მეტად კი დაბალ თვითშეფასებას, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს პიროვნების განვითარებაზე“.
ჩაგვრა შეიძლება იყოს ვერბალური (მაგალითად: დამამცირებელი კომენტარების გაკეთება, ყვირილი, ჭორების გავრცელება), ფიზიკური (მაგალითად: დარტყმა, ნივთების სროლა), ემოციური ძალადობა მიმართულია დამცირებაზე, დამუქრებაზე, გამოძალვაზე. შესაძლოა, ჩაგვრა განხორციელდეს დისტანციური გზითაც: სატელეფონო ზარით, ელექტრონული ფოსტით ან სხვა ელექტრონული საშუალებებით (Cyber Bullying). სამწუხაროდ, ბულინგის მსხვერპლი ყოველთვის არ იწვევს საზოგადოებაში თანაგრძნობას. მოზარდთა გარემოში შეიძლება ჩამოყალიბდეს ნეგატიური დამოკიდებულება სასკოლო ძალადობის მსხვერპლის მიმართ იმ პრინციპით, რომ ყველაფერში თავადაა დამნაშავე, რადგან წინააღმდეგობას ვერავის უწევს. თავად ჩაგრული კი, ამ შემთხვევაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება, რადგან გრძნობს აბსოლუტურ უიმედობას, განიცდის დაუძლეველ შიშს მჩაგვრელისა და იმ ახალი დამცირებების გამო, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელის, იმიტომ რომ ის გრძნობს სირცხვილს საკუთარი უმწეობის გამო. ხშირად მოზარდი/მსხვერპლი ამ მდგომარეობაში საკუთარ თავსაც კი იდანაშაულებს, ფიქრობს, რომ არაფერი შეუძლია, ამიტომ, რაც მოხდა, ამას ნამდვილად იმსახურებს.
ბულინგი არ არის მხოლოდ ინციდენტები და ცალკეული შემთხვევები. ყველაზე დიდი პრობლემა კულტურაა და იმ კონტექსტისგან შედგება, სადაც ის ხდება. ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოზარდი. განსაკუთრებით დაუცველები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისგან როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. რისკჯგუფში ხვდებიან ბავშვები: განსხვავებული ფიზიკური მონაცემების მქონე, თავისებური ხასიათისა და ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ. ბულინგის მოტივაციაც მრავალფეროვანია — შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის თავისებურებები.
სიტყვა „ბულინგის“ ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლებელია, ტერმინი ინგლისური სიტყვიდან „Bull“ მოდიოდეს, რაც ქართულად ხარს ნიშნავს. თუ პარალელს გავავლებთ ბულინგის მსგავსი შინაარსის მქონე ქართულ სიტყვასთან, „ყოჩობასთან“, რომელიც სიტყვა „ყოჩიდან“ მომდინარეობს, რაც ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს, მსგავსებას დავინახავთ. მართლაც, ხშირად, აგრესორი მოზარდი ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. სამწუხაროდ, ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს – ხშირად ეუხეშება მშობლებს, საკუთარ და-ძმას, თანატოლებს.
„აგრესიის გამოვლინება ხშირად თავად ბავშვებზე განხორციელებული აგრესიის შედეგია. ტრამვისგან დაგროვილი აგრესია ბავშვში სადმე განტვირთვას საჭიროებს, შესაბამისად, ის უფრო სუსტს პოულობს და მასზე იყრის ჯავრს. აღზრდის სტილი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს აგრესიის დაგროვებასა და მართვაზე. ბავშვი, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად მშობლებისგან ზეწოლას და დათრგუნვას განიცდის, აღარ ვსაუბრობთ ფიზიკურ დასჯაზე, თავს დაჩაგრულად გრძნობს და თუ პირობები ამის საშუალებას მისცემს, ეცდება ჩაგვრისგან გამოწვეული აგრესია სადღაც გადაიტანოს“.
ფსიქოლოგების განცხადებით, ბულინგის პრობლემის გადაჭრაში უფროსების როლი გადამწყვეტია. არსებობს მეთოდები, რომლებიც, ერთი მხრივ, ბავშვებს ეხმარება იმის გაცნობიერებაში თუ რა არის ბულინგი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას და, მეორე მხრივ, აცნობს იმ წესებს და საზღვრებს, რაც სოციალურად მისაღები ქცევისთვის არის დამახასიათებელი. ასევე, გაცნობიერებასთან ერთად, მათ უნდა შეძლონ პასუხისმგებლობის აღება როგორც მყისიერ, ისე შორეულ შედეგებზე. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები მეტ-ნაკლებად ყველა სკოლაშია. მისი აღმოფხვრის ერთადერთ სწორ გზად მივიჩნევ წინასწარ პროფილაქტიკას.
ბულინგის პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს შემდეგი ძირითადი მიმართულებით:
- ისეთი პირობების შექმნა, სადაც ბულინგი ვერ განხორციელდება;
- ბავშვის დაცვა სტრესისგან.
ბულინგის პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად:
⇒ პრობლემების არსებობის აღიარება – სკოლამ უნდა აღიაროს აღნიშნული მოვლენის არსებობა.
⇒ პრობლემის განსაზღვრა – მისი არსი, სერიოზულობა, სიხშირე, მსხვერპლის, მოძალადის, მოწმის მდგომარეობა.
⇒ სამუშაო გეგმის შემუშავება.
⇒ შემუშავებული გეგმის რეალიზაცია.
⇒ ბავშვებზე დაკვირვება სკოლის დერეფანში, ეზოში, ბუფეტში.
⇒ მუშაობა კლასთან თავისუფალი დისკუსიის რეჟიმში;
⇒ ფსიქოლოგის მუშაობა მოძალადე ბავშვთან და მსხვერპლთან.
⇒ რჩევები პედაგოგებს და მშობლებს.
⇒ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მართეთ სიტუაცია.
⇒ სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის მონათხრობს ბულინგის შესახებ.
⇒ მიიღეთ ზომები, რაც შეიძლება სწრაფად.
⇒ მხარი დაუჭირეთ ძალადობის მსხვერპლს, რათა მან თავი არ იგრძნოს დაუცველად.
⇒ შესთავაზეთ ძალადობის მსხვერპლს კონკრეტული დახმარება.
⇒ მოძალადეს ვაგრძნობინოთ, რომ მისი ქცევა არ მოგვწონს.
⇒ შეეცადეთ დაანახოთ მოძალადეს მსხვერპლის შეხედულება.
⇒ მოძალადის მიმართ გამოვიყენოთ სანქციები, მკაფიოდ და ნათლად ავუხსნათ რისთვის და რატომ ისჯება.
⇒ გავაგებინოთ ბავშვს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოითმენთ მის აგრესიულ ქცევას, მიუხედავად იმისა ვისზეა ის მიმართული.
⇒ ვასწავლოთ ბავშვს პრობლემის არაძალადობრივი გზით გადაჭრის ხერხები.
⇒ ვაჩვენოთ პოზიტიური ქცევის მაგალითები. პოზიტიურ ქცევაზე დაკვირვებით ბავშვი სხვა ადამიანებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, პატივისცემას ისწავლის.
⇒ გააძლიერეთ კონტროლი. იყავით ბავშვთან ახლოს, როცა ის სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს. წაახალისეთ მისი მონაწილეობა სპორტულ შეჯიბრებებში, თვითშემოქმედების წრეებში, კლასგარეშე საქმიანობაში. ამგვარი დატვირთვა ხელს შეუწყობს მისი მოჭარბებული ენერგიის ცივილიზებული გზით დახარჯვას და მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავსვის აგრესიულობას.
⇒ მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს ადეკვატური ღირებულებები. ის, თუ როგორი ატმოსფეროა კლასში, რა პრიორიტეტებია, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბულინგის წარმოქმნის ალბათობას. მაგალითად, არაჯანსაღი გარემოს შემთხვევაში, შესაძლოა, აბუჩად აიგდონ ბავშვები.
მნიშვნელოვანი და აუცილებელია აგრეთვე მშობლის აქტიური ჩართულობა ბავშვის სასკოლო ცხოვრებაში, რაც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვთან ერთად საშინაო დავალების მომზადებით. ეს გულისხმობს მასწავლებლებთან ყოველკვირეულ შეხვედრებს, კლასის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე მისვლას, შვილის თანაკლასელების, მეგობრების გაცნობას. უფრო მეტი კომუნიკაცია მშობლებსა და ბავშვს შორის მნიშვნელოვნად ზრდის იმის ალბათობას, რომ მშობელს არ გამოეპარება შვილზე განხორციელებული ბულინგი სკოლაში.
დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანი მოძალადედ არ იბადება და პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს, სკოლასა და საზოგადოებას. როგორ გარემოშიც იზრდება ბავშვი, ისეთად ყალიბდება. როგორ შეფასებასაც მივცემთ მას, ისეთი თვითშეფასება ჩამოუყალიბდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა მოზარდებისთვის, ყოველთვის წავახალისოთ და განვამტკიცოთ მათი პოზიტიური საქციელი, ვენდოთ მათ, მოვუსმინოთ და გავითვალისწინოთ მათი ინტერესები. ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობებში, ვაგრძნობინოთ, რომ მნიშვნელოვანი პიროვნებები არიან ჩვენთვის.