27 ივლისი, შაბათი, 2024

ბულგარეთში უნგრეთმა დაგვაბრკოლა – 16-წლამდელ კალათბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იასპარეზა

spot_img

საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იასპარეზა ევროჩელენჯში და ტურნირის მოგებამდე მხოლოდ ერთი მეოთხედი დააკლდა.
კოვიდ პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი სრულფასოვნად კვლავაც არ ტარდება – არ იმართება A და B დივიზიონები, მათ ნაცვლად კი, მცირეგუნდიანი ჩელენჯერები ტარდება. სწორედ ასეთ ტურნირში იასპარეზა ჩვენმა ნაკრებმა, რომელშიც შარშანდელი შედეგებით შედგენილი რეიტინგის 19-25-ე ადგილზე მყოფი გუნდები გამოდიოდნენ, სულ 7 ნაკრები, ორ ჯგუფში გადაანაწილეს.

ირაკლი ტომარაძისა და ნიკოლოზ ცინცაძის შეგირდები 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთთან, კვიპროსსა და სლოვაკეთთან ერთად. ჩვენებმა პირველი თამაში სლოვაკეთთან გამართეს და ძალიან დასანანი მარცხი იწვნიეს. წაგება ყოველთვის საწყენია, თუმცა ამჯერად – ორმაგად, ვინაიდან ბოლო წამებზე წავაგეთ – 76:77. არადა, ერთ ეპიზოდში 14 ქულითაც ვიგებდით, მაგრამ დასრულებამდე 7 წამით ადრე ლიუბომირ ურბანისგან 3-ქულიანი მივიღეთ და წავაგეთ. ამას წინ უსწრებდა ეპიზოდი, როცა შეტევაში, მეტოქის ფარქვეშ, ბურთი დავკარგეთ, საპასუხო შეტევაში კი სლოვაკთა აცილებული ბურთი პირის ხაზს გარეთ გაგვექცა.

მომდევნო შეხვედრაში ჩვენებმა კვიპროსი დაამარცხეს სოლიდური ანგარიშით – 86:76. ჯგუფში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პლეი ოფში გასასვლელად, ბოლო ტურში, უნგრეთთან გამარჯვება გვჭირდებოდა, თუმცა ეს ამოცანა ჩვენს სასარგებლოდ წარმატებით გადაიჭრა და თანაც – ჯერ კიდევ უნგრელებთან თამაშის დაწყებამდე. ყველასთვის მოულოდნელად, კვიპროსმა სლოვაკეთს მოუგო და კარი გაიჯახუნა, ჩვენ კი, მინიმუმ, მეორე ადგილი გავინაღდეთ, რადგან პირადი შეხვედრა მოვუგეთ კუნძულელებს, პლეი ოფში კი ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადიოდა. თუმცა, ჩვენები ამას არ დასჯერდნენ და უნგრელებთან შეხვედრაც აღმავლობით ჩაატარეს – 61:51 სძლიეს და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალიც დიდი აღმავლობით ჩაატარა და უკრაინას დამაჯერებლად, 20-ქულიანი უპირატესობით, მოუგო – 82:62. ჩვენები პირველივე წუთიდან გაექცნენ მეტოქეს და თამაშის ბოლომდე ახლოსაც არ გაიკარეს. ამ შეხვედრაში ლუკა ალავიძის კარგი თამაშიცაა გამოსარჩევი – ჩვენი გუნდის ლიდერი ოთხმაგ დუბლს მიუახლოვდა: 21 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი, 7 ჩაჭრა.

ფინალში მეტოქე ისევ უნგრეთი აღმოჩნდა, რომელმაც ნახევარფინალი პორტუგალიას მოუგო. სამწუხაროდ, ჩვენებმა მადიართა მეორედ დამარცხება ვეღარ შეძლეს, გადამწყვეტი შეხვედრა 72:75 დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. არადა, ბოლო წამზე ცაიტნოტში მყოფ გიორგი ბერუაშვილს მოუხერხებელი პოზიციიდან ნასროლი სამქულიანი აუცდა, თორემ, მინიმუმ, ოვერტაიმს მაინც გამოვრჩებოდით, იქ კი რა მოხდებოდა, წინასწარ არავინ იცის. თუმცა, ჩვენებს აქამდეც არ უნდა მიეყვანათ საქმე, რადგან ბოლო პერიოდის წინ 7 ქულით იგებდნენ.
ვერ გეტყვით, რამდენად სრულფასოვანი ნუგეშია, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დაასახელეს.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები