მაკა ყიფიანი
საქართველოში, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები მკვიდრობენ და მშვიდობიანად ახერხებენ თანაცხოვრებას. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ერთ-ერთი უძველესი ისტორიისა და წეს-ჩვეულებების მქონე არიან ბოშები.
ისტორიულად, ინდოეთიდან მომდინარე ბოშების ეთნიკური ჯგუფი, დღეს ევროპის, აზიის, ამერიკის, აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ასევე ავსტრალიაშიც გვხვდება. ევროპაში, დაახლოებით, მე-14 საუკუნეში ჩამოვიდნენ. თავდაპირველი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება მათ მიმართ, მალე დევნით შეიცვალა — კანონგარეშე პირებად აცხადებდნენ და ქვეყნიდან ასახლებდნენ. დაახლოებით, 500 000 ბოშა მოკლეს ჰოლოკოსტის დროს… დღეს, ევროპაში, 10-დან 12 მილიონამდე ბოშა ცხოვრობს.
1971 წელს, ლონდონში, ბოშათა პირველ საერთაშორისო მსოფლიო კონგრესზე, მიიღეს ბოშების დროშა და ჰიმნი — „ჯელემ-ჯელემ“. 8 აპრილს ბოშების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ისინი, მთელ მსოფლიოში, დღემდე იბრძვიან თავიანთი სოციალური და კულტურული უფლებების დასაცავად, სურთ გულგრილად განწყობილ მსოფლიო საზოგადოებას საკუთარი დისკრიმინაციული და გაუსაძლისი მდგომარეობა დაანახვონ.
ბოშების საქართველოში ჩამოსახლების ზუსტი ისტორიული თარიღი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ბოშათა მომთაბარე ჯგუფები, პირველად, XIX საუკუნის დამდეგს გამოჩნდნენ. მათი დიდი ნაკადი 1930-იან წლებში, ძირითადად, უკრაინიდან და მოლდოვადან შემოვიდა. უმთავრესად, შავი ზღვის სანაპიროზე და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსდნენ.
ამჟამად ბოშათა უმრავლესობა დასახლებულია თბილისში. ცხოვრობენ აგრეთვე იმერეთში, აჭარაში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, როგორც პატარა სოფლებში, ასევე სხვა ტიპის დასახლებულ პუნქტებსა თუ ქალაქებში.
საქართველოში მცხოვრებ ბოშათა ნაწილი თავს მუსლიმად ან მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, არიან სხვა რელიგიური იდენტობის ჯგუფებიც, მათ შორის, ევანგელისტური აღმსარებლობის ქრისტიანები. საქართველოში მცხოვრები ბოშები საუბრობენ აწინკნური (ბოშური) ენის (ინდო-ევროპული ენების ოჯახს მიეკუთვნება) დიალექტზე — კრიმი და ვლახი. ისინი, უმთავრესად, წვრილმანი ვაჭრობითა და მკითხაობით ირჩენენ თავს, უდიდესი ნაწილი უმუშევარია.
სახელმწიფო ენის არასაკმარისი ცოდნა, ზოგადად, ხელს უშლის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამცირებს ეკონომიკური და პროფესიული წარმატების მიღწევის შანსებს. ბოშათა დიდმა უმრავლესობამ არ იცის სახელმწიფო ენა — ქართული და ძალიან ცოტამ იცის რუსული წერა-კითხვა. სახელმწიფო ენის არცოდნის გამო გართულებულია მათი ურთიერთობა სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ბოშები ცნობილი არიან, როგორც კარგი მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები. საქართველოში ბოშათა ფოლკლორული ანსამბლები საკმაოდ წახალისებული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა, ამჟამად, ისინი აღარ მოქმედებენ. ბოშათა ოჯახები ცდილობენ, საკუთარი ეროვნული ტრადიციები თაობიდან თაობას გადასცენ და ამ გზით შეინარჩუნონ საკუთარი ეთნო-კულტურული იდენტობა.
საქართველოში ბოშათა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლება ქობულეთშია. ქალაქის ცენტრთან ახლოს, სარკინიგზო ხაზის აღმოსავლეთით, გელაურის უბანში სახლობენ. თუ როგორია მათი ყოველდღიურობა, რამდენად ახერხებენ სრულფასოვანი განათლების მიღებას, არსებობს თუ არა სახელმწიფო პოლიტიკა ბოშათა უფლებების, სიცოცხლის, ჯანმრთელობის დასაცავად — ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე.
∴ ∴ ∴
⇔ რა დროიდან ცხოვრობენ ბოშები ქობულეთის მუნიციპალიტეტში? გვიამბეთ გელაურის უბნის ბოშათა თემის ისტორია.
⇔ ისტორიული წყაროები, ქობულეთში ბოშათა დასახლების შესახებ, მწირი და განსხვავებულია. ამ თემის უხუცესების ინფორმაციით, ისინი ქობულეთში გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ცხოვრობენ, საკუთარ თავს ყირიმელ (კრიმები) ბოშებს უწოდებენ. იმ დროის ხელისუფლების ხელშეწყობით, ნაწილმა მიიღო საცხოვრებელი ფართი და მუდმივ მაცხოვრებლად დამკვიდრდა.
ამ თემის შესახებ სტატისტიკაც არაზუსტია. ჩვენი ინფორმაციით, ქობულეთში, 30-მდე ოჯახში, 300-ზე მეტი ბოშა ცხოვრობს.
⇔ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ბოშათა თემი თქვენს მუნიციპალიტეტში?
⇔ მძიმე და გაუსაძლისია მათი ცხოვრების პირობები, ხშირად, ერთ პატარა სახლში, 3-4 მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობს. უმრავლესობა ნაქირავებ ან შეჭრილ ფართშია. თითქმის ყველა ოჯახი იღებს სოციალურ შემწეობას, მაგრამ უმუშევარ, პროფესიის არმქონე ბოშებს მხოლოდ საკვების შესაძენად ჰყოფნით ეს თანხა. შვილებისთვის განათლების მიღების ხელშესაწყობად არც მატერიალური შესაძლებლობა აქვთ და არც მორალური პასუხისმგებლობა.
⇔ დღეის მონაცემებით, რამდენი ბოშა მოსწავლე სწავლობს ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში?
⇔ განათლების მიღებისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულება ამ თემის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ასევე გამოწვევაა – უმუშევრობა, პროფესიის არქონა, სახელმწიფო ენის არცოდნა, საკუთარი ტრადიციების მორჩილება, მოტივაციის დაბალი დონე საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების დახმარებით, იცვლება და უმჯობესდება მათი შეხედულებები განათლების მიღების აუცილებლობის შესახებ, მაღლდება თემის წევრთა ცნობიერება, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სასკოლო ასაკის ბავშვები აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამჟამად, ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლაში 75-ზე მეტი ბოშა სწავლობს.
შედარებით უკეთესია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების ჩართულობა სასწავლო პროცესში. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებში სკოლის მიტოვების ფაქტები უფრო მეტია. მიზეზი სხვადასხვაა: სასწავლო ნივთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის უქონლობა. მშობლები უტოვებენ მცირეწლოვან და-ძმებს, მიჰყავთ სავაჭროდ და რაც ყველაზე შემაშფოთებელია – მოწყალების სათხოვნელად.
გოგონებს უფრო უწევთ სწავლის შეწყვეტა, იმავე მიზეზით – და-ძმის მოვლა, დედის დახმარება. არასრულწლოვანთა გათხოვების შემთხვევებმა იკლო, მაგრამ მაინც გვხვდება.
⇔ სკოლის დამთავრების შემდეგ რა არის მათი არჩევანი, სად და რა მიმართულებით აგრძელებენ სწავლას?
⇔ სრული საშუალო განათლების ატესტატი მხოლოდ 10-მდე ბოშას ექნება. გვაქვს მხოლოდ სახელობო განათლების მიღების შემთხვევები, ბოშა ახალგაზრდები უფრო ხშირად ირჩევენ სტილისტის, ბარმენის პროფესიებს. დასაქმების შემთხვევებიც გვაქვს – ქობულეთის ერთ-ერთ სალონში პირველი ბოშა გოგონა მუშაობს სტილისტად, ერთი ბიჭი სეზონურად საქმდება ბარმენად. ზრდასრულ ბოშათა ნაწილი დასაქმებულია დასუფთავების სამსახურში.
⇔ რა აქტივობები ხორციელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბოშათა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით?
⇔ ამ ეთნიკური უმცირესობის სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება.
სამართლებრივ სივრცეში ბოშები ბოლო ათი წლის წინ გამოჩნდნენ, მიიღეს პირადობის, დაბადების და ქორწინების მოწმობები. სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სერვისებით: სოციალური დახმარება, საყოველთაო ჯანდაცვა.
წლების განმავლობაში, მათი ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მუშაობდა წრეები: სახელმწიფო ენის, მათემატიკის საფუძვლების, მართვის უფლების, ჭრა-კერვის შესასწავლად.
თვითმყოფადი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ბოშური კულტურის გადარჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით, ბოშური ბენდი შეიქმნა.
მათი სოციალიზაციისთვის ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლა ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამაში – „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“ და ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რაც ხელს უწყობს როგორც ჩვენი სკოლის ბოშა მოსწავლეების, ისე ადგილობრივ თემში მცხოვრები სასკოლო და სკოლამდელი ასაკის ბოშა ბავშვების თანატოლებთან სოციალიზაციას, სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და სასწავლო პროცესში სრულფასოვან ჩართულობას.
№5 საჯარო სკოლაში, ბოშა მოზარდებისთვის და მათი ქართველი თანატოლებისათვის, ფუნქციონირებს კითხვის, თეატრისა და ცეკვის კლუბები. რეგულარულმა შეხვედრებმა და არაფორმალურ გარემოში დაგეგმილმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოზარდების გაერთიანებას საერთო ინტერესის გარშემო, დაეხმარა ბოშა ბავშვებს სახელმწიფო ენის შესწავლაში, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობაში…