განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“, განათლების სისტემაში არსებულ ბევრ გამოწვევაზე იასაუბრა, ასევე, როგორ აპირებს განათლების სამინისტრო ამ გამოწვევებთან გამკლავებას და რას გეგმავს სამომავლოდ.
მინისტრის მოადგილემ თავიდანვე ხაზი გაუსვა იმას, რომ „მთავარი სამიზნე, ვისთვისაც ჩვენ ყველა, საბოლოო ჯამში, ერთად ვშრომობთ, არის მოსწავლე, მაგრამ მთავარი, ვისაც შესაბამისი განათლება მიაქვს მოსწავლემდე, მასწავლებელია. ამიტომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მასწავლებლის პროფესია იყოს აღიარებული და დაფასებული, მასწავლებელმა თავი იგრძნოს კომფორტულად და აკეთოს მთავარი. რა არის მთავარი? ჩვენთვის მთავარია, მასწავლებელს, პირველ რიგში, ეცალოს მოსწავლისთვის, საკლასო ოთახში დაიხარჯოს ბოლომდე, ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი და მას სისტემამ არ შეუქმნას არანაირი ბიუროკრატია, რომ ამ მთავარ მიზანს როგორმე მოაცილოს“.
როგორც თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, მათი თვითმიზანი არ არის, აუცილებლად რაღაცის შეცვლა, მიზანია ისეთი პროფესიული განვითარების სისტემა, სადაც მასწავლებელს მოსწავლისთვის ექნება დრო და ამ დროს სრულად დახარჯავს საკლასო ოთახში.
„ის, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ძალიან ღირსეული ანაზღაურება, რომ მასწავლებელს უნდა ეცალოს მოსწავლისთვის და მასწავლებლის მთავარი საფიქრალი უნდა იყოს ის, რომ საკლასო ოთახში ჩაატაროს ხარისხიანი გაკვეთილი – ეს არის ის ძირითადი მესიჯები, რომელიც მე შემიძლია ეხლა, ამ კონკრეტულ ეტაპზე, გავაჟღერო. ყველა დამეთანხმებით — ყველაზე სწორია, რომ მასწავლებელს მოსწავლისთვის ეცალოს, იმიტომ არის მასწავლებელი, რომ მოსწავლისთვის მოიცალოს და დაიხარჯოს ბოლომდე,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და პედაგოგებს მიმართა, რომ საინტერესო იქნება მათი აზრი, მათი გამოცდილება – რა უშლით ამაში ხელს, რა რეგულაციები, რა მექანიზმები.
აღნიშნა ისიც, რომ სრული დატვირთვის მქონე მასწავლებლებს სახელფასო ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარის ფარგლებში გაეზრდებათ, მაგრამ, მთავარია, სამართლიანობის პრინციპები იყოს დაცული და მასწავლებლებს არ ჰქონდეთ უსამართლობის განცდა. 2011-დან 2023 წლამდე სქემის, დაახლოებით, 9 ვერსია იყო, როგორ შეეძლო პედაგოგს თითოეული სტატუსის მიღება. ამ ვერსიებთან დაკავშირებით მასწავლებლებს დღემდე ბევრი შეკითხვა რჩებათ, პირველ რიგში, იყვნენ თუ არა ყველანი თანაბარ პირობებში ან უფროსის, წამყვანის თუ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები რეალურად ატარებდნენ თუ არა უკეთეს გაკვეთილებს. „ის, რომ თქვენ წამყვანი ბრძანდებით, მენტორი ან უფროსი, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ჩემზე უკეთეს გაკვეთილს ატარებთ საკლასო ოთახში? ჩვენ, აი, ამ კითხვებიდან გამოვალთ და მივიღებთ იმ პასუხებს, რომლებიც მასწავლებლებთან ერთად გადაგვაწყვეტინებს, არის თუ არა რამე შესაცვლელი. იქნებ არაფერი არ არის შესაცვლელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი თვითმიზანი არ არის, აუცილებლად რაღაც შევცვალოთ, მაგრამ დაგროვილმა ინფორმაციამ, გამოცდილებამ და ანალიტიკამ გვიჩვენა, რომ საქმე მაინცდამაინც კარგად არ გვაქვს. არის თუ არა კვლევა ჩატარებული უფროსის, წამყვანის ან მენტორის შედეგების ნაწილში, რა თქმა უნდა, ასეთი შეფასებები ჩვენ არ გვაქვს“. მინისტრის მოადგილემ ისიც აღნიშნა, რომ ჩამონათვალს თუ გადავხედავთ, რაში ეძლევათ დანამატი წამყვანს, უფროსს ან მენტორს, ვნახავთ, რომ ეს არის მასწავლებლის ფუნქციები, რომელსაც ის, სტატუსის მიუხედავად, უნდა ასრულებდეს და დაამატა, რომ მთავარია მოსწავლის აკადემიური მოსწრება, ამ შეფასებებით იზომება თუ როგორ გაისარჯა მასწავლებელი საკლასო ოთახში, რა მისცა მოსწავლეებს და რა შედეგი დადგა.
აღინიშნა, რომ კარიერული წინსვლა, პროფესიული განვითარება ყოველდღიური ამბავი უნდა იყოს მასწავლებლისთვის – საკუთარ თავზე, საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა, როგორ იყოს უფრო უკეთესი საკლასო ოთახში, რა რესურსები მოიძიოს მოსწავლეებთან სამუშაოდ… „ამას სტატუსები და ჩინ-მედლები რად უნდა, მასწავლებელი თუ არის, ეს ისედაც უნდა აკეთოს“.
„გამოწვევა გვაქვს ზოგადად შეფასებების სეგმენტში. თქვენ იცით, რომ ადრე კატი იყო და ისიც აღარ გვაქვს და მთლიანად სკოლაზეა დამოკიდებული. ცენტრალიზებულად მისახედია შეფასების სისტემა, ასაწყობიც და დასალაგებელი. აუცილებლად უნდა ამოქმედდეს და აქაც პედაგოგების უკუკავშირი დაგვჭირდება, რა ფორმით, როგორ, განმავითარებელი თუ სხვა, რა არის გამოწვევები…“ – თქვა თამარ მახარაშვილმა.
რაც შეეხება მასწავლებლის პროფესიის გაახალგაზრდავებას, მეტი ახალგაზრდის შესვლას პროფესიაში, გადასახედია მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზები: „გავამარტივოთ კი არა, მეტი მომხიბვლელობა მივცეთ, მეტი შესაძლებლობები. თქვენ იცით, რომ სტუდენტს, რომელიც ქიმიაზე სწავლობს, ფიზიკაზე, ბიოლოგიაზე, ნებისმიერ უნივერსიტეტში, პარალელურად, შეუძლია აირჩიოს 60-კრედიტიანი პროგრამა და ეს ძალიან კარგია. ჩვენ ვმუშაობთ ამ გზებზე, რა არის დასახვეწი. იქ ბევრი კითხვის ნიშანია, მაგალითად, მე თუ ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული, საგნის კომპეტენცია დავადასტურე, უმაღლესის დიპლომი მაქვს, კიდევ რატომ მაბარებინებ ამ გამოცდას? არის მეორე მოსაზრებაც, ამ შემთხვევაში, როდის აქვს დამთავრებული, ამას მივაქციოთ თუ არა ყურადღება“. ქალბატონმა თამარმა ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის საჭიროებაზე, რომ მუშაობა აქედანაა დასაწყები, როგორ შემატონ მომხიბვლელობა, რომ ახალგაზრდები მოიზიდონ და მისცენ შესაძლებლობა, შევიდნენ საგანმანათლებლო სივრცეში, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვნად, არა ხარისხის დათმობის ხარჯზე.
ისიც აღნიშნა, რომ ახალგაზრდები ჩივიან, მართალია კონკურსები ცხადდება, მიდიან გასაუბრებაზე, მაგრამ ხშირად უარს ეუბნებიან, არ იყვანენ, არადა თითქოს ისეთი პოლიტიკაა, რომ ახალგაზრდებო, მოდით, ღიაა კარი. „შევქმენით კომისია და ძალიან დიდ რესურსს ვხარჯავთ. ჩართული არიან პროფკავშირი, მასწავლებლის სახლი, რესურსცენტრის წარმომადგენლები, ექსპერტები, რომ სკოლაში როცა კონკურსი ცხადდება, იყოს გამჭვირვალე მექანიზმი. ახლა დისტანციურად არიან ჩართული, ზოგი ადგილზეა, მთავარია, რომ სკოლა მარტო არ რჩება გადაწყვეტილების მიმღებად და ყველა მაქსიმალურადაა ჩართული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გზა გავუხსნათ ახალგაზრდებს და მასწავლებლის პროფესია მათთვის მომხიბვლელი გახდეს“.
ამისათვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება მათი ანაზღაურება და დაფასება – დაზღვევის საკითხი, როგორ იქნება მოგვარებული ჯანდაცვის სფერო, ის სოციალური გარემო, სივრცე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ასევე, რამდენად მოუწევთ დამატებითი შრომა კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად და ა.შ.
თამარ მახარაშვილმა თქვა, რომ დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ მასწავლებელს, უნდა ჰქონდეს კარიერული წინსვლის შესაძლებლობა და რომ, პირველ რიგში, საჭიროა კვალიფიციური მასწავლებელი, რომელსაც სცალია მოსწავლისთვის საკლასო ოთახში. სწორედ ამ მასწავლებლის წახალისებას გეგმავს განათლების სამინისტრო. ისიც აღნიშნა, რომ გადასახედია წამყვანის, უფროსის თუ მენტორი მასწავლებლის დამატებითი სამუშაო, აქტივობების ჩამონათვალი. რაც მთავარია, „მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს ღირსეული, რომ მას მოსწავლისთვის ეცალოს. თქვენ ჩემზე კარგად იცით რა არის მასწავლებლის სამუშაო, ეს ხომ არ არის მხოლოდ საკლასო ოთახში სამუშაო, თქვენ ხომ დრო გჭირდებათ იმისათვის, რომ საკლასო ოთახის გარეთ გააგრძელოთ მთელი რიგი აქტივობები, არა პირისპირ სამუშაო, და ამისთვის უნდა გქონდეთ დრო, შესაბამისი ანაზღაურება, რომ არ მოგიწიოთ სხვადასხვა გზების ძიება. ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლები, ორ-სამ სკოლაში, მხოლოდ ანაზღაურების გამო კი არ დადიან, დეფიციტების გამოც. დეფიციტები ცალკე სამსჯელო თემაა, ამ ყველაფერზე, კონცეპტუალურად, ერთიანობაში მუშაობს რეფორმის ჯგუფი. მათ შორის, მაღალმთიან სკოლებში როდესაც არის საათების დაბალი რაოდენობა, იქ როგორ იქნება… დაწყებით საფეხურზე კლას-კომპლექტები… ასევე, იცით, რომ არის შემთხვევები, როცა კომპეტენცია დადასტურებულია ერთ საგანში და მასწავლებელი ითავსებს საგნობრივ ჯგუფს… ასეთ დროს რა მიდგომა იქნება, ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ იმიტომ, რომ ყველა გადაწყვეტილება ხარისხის დათმობით არ გამოვა, ხარისხი არის მთავარი საპირწონე. პირველი, რასაც ამბობს მინისტრი და ყოველთვის ხაზს უსვამს, რა გადაწყვეტილებაც უნდა მივიღოთ, ხარისხს ვერ დავთმობთ, ეს არის მთავარი“.
ითქვა ისიც, რომ სკოლას მეტი როლი უნდა ჰქონდეს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაში, ისე უნდა გაძლიერდეს, რომ შეძლოს მასწავლებლის საჭიროების იდენტიფიცირება და საკუთარი კადრის გაძლიერებაზე ზრუნვა.
„ბიუროკრატიის ადგილი აქ არ არის, ამიტომ თავისუფლების ხარისხი, ავტონომიურობის ხარისხი ყველა შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ სკოლიდან უნდა წამოვიდეს მათი საჭიროება როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების, ასევე სხვა მიმართულებით. რასაც თქვენ ვერ გააკეთებთ, სკოლა ვერ მოერევა, ჩვენ, სისტემა, მარტო არ დაგტოვებთ. თუნდაც ავტორიზაციამ გვითხრა ეს, რომ მარტო არ გტოვებო, პრობლემები რომ ამოვალაგე, გინაწილებ ეხლა სკოლის განვითარებაში ვინ როგორ შეეხიდოსო. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ამაშიც დაგჭირდებათ დახმარება, სისტემა მზად არის, დაგეხმაროთ, მაგრამ რასაც თქვენ თვითონ გაუძღვებით, რა თქმა უნდა, აქ ავტონომიურობა გექნებათ. საერთო ჯამში, ერთი რამ მინდა ვთქვა, არ მოგვასვენოთ, ჩვენც მზად ვართ, გეთანამშრომლოთ მაქსიმალურად, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა, – დღეს თუ შეგვიძლია გითხრათ, რომ დიდი ავტონომია გეძლევათ, ეს იმის გამოძახილია, რომ, წლების განმავლობაში, იმუშავა ცალკე აქტივობებმა, ცალკე მასწავლებლის სახლმა, ნებისმიერმა რამემ, რასაც აკეთებდა სისტემა, იმ შედეგამდე მიგვიყვანა, რომ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ ავტონომიაზე. ესეც ხომ განვლილი გზის შედეგია, უცებ ხომ არ ჩნდება“.
როგორც ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, უდიდესია სასკოლო საზოგადოების როლი და ჩართულობა, რასაც სასკოლო კულტურის ჩამოყალიბება ჰქვია. სკოლაში ცალკე მოთამაშეები კი არ უნდა იყვნენ, არამედ ერთიანი სასკოლო საზოგადოება. იქვე დასძინა, რომ „ეს კულტურა ყველას ერთად გვაქვს ჩამოსაყალიბებელი და გრძელი გზაა გასავლელი, მაგრამ მთავარია ნდობა, მთავარია ერთმანეთს თვალებში ჩავხედოთ გულწრფელად, ვენდოთ ერთმანეთს. ჩვენ სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ვქმნით ჩვენს განათლების სისტემას და ერთად უნდა ვიზრუნოთ მის ხარისხზე“.