24 ნოემბერი, კვირა, 2024

ბინდი ყველა ფერში

spot_img

პატარა ქოხში ვზივარ, ტყეში, საოცრად მყუდრო გარემოში, სადაც ჩიტები და მდინარეები აფარებენ ხოლმე ხშირად თავს, სიმშვიდე რომ მოიპოვონ და მხოლოდ საკუთარი ჟღერადობით დატკბნენ. ეს ხის სახლი, რომელიც თითქოს მიუწვდომელ წერტილად მოჩანს, წლებია, ადამიანის საოცარი სულიერი ბუნებით იმოსება, მას უსმენს, თითქოს იზიარებს მდელოების, ჩიტების ჭიკჭიკისა და მდინარის ჩუხჩუხისკენ მიმავალ ფიქრებს, მოგონებებსა და განცდებს.

მე ამ ადგილის გარემოცვაში გავიზარდე და დავბერდი. აქაურობისაკენ მოგვიწევდა მე და ჩემს მეუღლეს გული მაშინ, როდესაც, რეალობისგან გადაღლილებს, რაღაც სხვა გვჭირდებოდა, სხვანაირი მშვიდი ხმაური, რომელიც ასე ძალიან სწვდებოდა ჩვენს გონებას. ახლა მარტო მე მიწევს ჩემი ცრემლებისა თუ ღრიალის ბუნებაზე გაზიარება, რომელიც ამ სიმწარეს თავისივე საამური ხმით ფარავს.

ჩემი მეუღლე აქაურობას ისე უხდებოდა, როგორც ნაირფერი ყვავილი მწვანე მდელოებს, როგორც ტყის სურნელი – გაზაფხულს, სიცოცხლეს აზრსა და ხიბლს რომ სძენს. ახლა მარტო მე დავდივარ ამ ზღაპარში, სულ სხვანაირი თვალებით, გზააბნეული, ეული შემოდგომის ფოთოლივით და აღარც კი ვიცი, რას ვეძებ აქ. იქნებ, როგორ ბრაზობს ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემზე, ამ ბუნებასა და მის საოცრებებზე, რომლებსაც არც კი რცხვენიათ და კვლავ სიმწვანით იმოსებიან, ისევ ხმაურობენ საუცხოო ხმებით. ალბათ ჩემზეც ნაწყენია, მე ხომ მის გარეშეც ვცხოვრობ, ვსუნთქავ და ასაკისგან ვთეთრდები კიდეც.

ზოგჯერ როგორ მეზიზღება ჩემი თავი, რომელიც ბედავს და გაუფერადებელ სამყაროში ცხოვრებას ეგუება…

მარიამ გოგობერიშვილი

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები