9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

ბევრი მეუბნება, წამოდი სოფლიდან, შეეშვიო…. რომ წამოვიდე, პრობლემა გაქრება თუ გამძაფრდება?

spot_img
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობამ ბევრი პრობლემა შექმნა, მათ შორის, პრობლემა შეექმნათ მასწავლებლებს, რომლებიც სკოლამდე მისასვლელ გაუკვალავ გზაზე სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მასწავლებელი – გელა ლიპარტელიანი სტიქიას ორი დღის წინ შეეწირა. ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზუბის, ჩქუმის და ისუნდრის საჯარო სკოლების ინგლისური ენის პედაგოგი სწორედ სკოლაში მიდიოდა, როცა დიდთოვლობით ჩამოწოლილ მეწყერს ემსხვერპლა. ამ ამბის გავრცელების შემდეგ, მეორე დღეს, სოციალურ ქსელში შველას ითხოვდა კიდევ ერთი მასწავლებელი, ლაურა გოტიაშვილი (მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულთა კლუბის“ წევრი), რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძმუისის საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.

22 თებერვალი, ლაურა გოტიაშვილი

დიდთოვლობაა სოფელში. არ არსებობს არც გზა, არც შუქი, არც წყალი. აფთიაქი და მაღაზია რომ არ გვაქვს, აშკარაა ალბათ. სამი დღის სამყოფი საჭმელი თბილისიდან დამაქვს.

მთელი ზამთარია სახლიდან სკოლამდე, და პირიქით, 2-3 კილომეტრს გავდივარ ფეხით მგლის ნაკვალევზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად რომ ბავშვებს ვასწავლო. როცა სოფელში მოვდივართ მანქანით, გზა ისეთი სახიფათოა, როდის რომელ კლდიდან გადავვარდებით, არ ვიცით.

დღეს ისეთი ამბავია,

ახლა ვცდილობ უახლოეს ქალაქში ჩასვლას და ჩავრჩით თოვლში, ვერც წინ მივდივართ, ვერც უკან.

ვურეკავთ გამგებელს და ვთხოვთ, გზის გაწმენდას.

და გამგებელი გვპასუხობს:

დღეს თოვს, ხვალ გადაიღებს და მაშინ გავწმინდავთო. ორმაგი ხარჯიაო.

P.S. როცა ამ გზაში ჩავკვდები, არც გმირის ძახილი მიშველის, არც იმის, რომ საქვეყნო საქმეს ვაკეთებ და არც ზამთარში ჰოლადიიდან ჩამოტანილი სამგლოვიარო ყვავილები. ყინვისგან ვკვდები აქ, მე შტერს მგონია, რომ სახელმწიფოს უკეთეს მომავალზე ვზრუნავ და თურმე თქვენ ხარჯის გაწევა არ გინდათ. სირცხვილია, ხალხო...

სირცხვილია!!!!!

გნიშნავთ იმიტომ, რომ გაიგოთ რა გაუსაძლისი გახდა უკვე ამ სოფელში მუშაობა, არსებობა და ყველაფერი. არავინ თქვას, რომ ვინმესთვის პრიორიტეტია სოფლის გადარჩენა დაცარიელებისგან.  

ამ სტატუსის გამოქვეყნების შემდეგ ლაურა მასწავლებელს მთელი დღის განმავლობაში გულშემატკივრობდა ხალხი სოციალური ქსელის მეშვეობით. მოგვიანებით კი მან ისევ  შეგვატყობინა გულშემატკივრებს, რომ უვნებელია. ისევ სოფელში ვარ, ოღონდ სახლამდე გავედი ფეხით, მოსწავლემ გამიკვალა ცხენით. ტრაქტორმა ახლა გაწმინდა გზა. შუქიც გააკეთეს. მართალია ჩემს სახლში, სადაც ვრჩები, შიდა დაზიანებაა და არ არის შუქი, მაგრამ მეზობლებს აქვთ და იქ ვარ. მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და ყველა იმ დახმარებისთვის რაც გამიწიეთ გაზიარებით, მუნიციპალიტეტში დარეკვით და .. მადლობა.

ლაურა გოტიაშვილი ძმუისის საჯარო სკოლაში „ასწავლე საქართველოსთვის პროგრამით“  წავიდა ქალაქიდან, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ინგლისური ესწავლებინა იქაური ბავშვებისთვის, რომლებსაც ორი წელი არ ჰყავდათ მასწავლებელი და თან, სკოლას დახურვაც ემუქრებოდა. ადგა და წავიდა რწმენით, რომ „უკეთესით შეცვლაში“ მიიღებდა მონაწილეობას. ცხადია, ეს მისია მასწავლებელმა შეასრულა და ახლაც ასრულებს, იმ პირობებშიც კი, როცა სიცოცხლის საფრხთის წინაშე დგას. პრობლემები კი, რომელიც სოფელს ჰქონდა, ისევ უცვლელია.

23 თებერვალი, ლაურა გოტიაშვილი

„ძმუისში ცხოვრობს დეიდა და 2019 წელს მითხრა, რომ სოფელში სკოლას 2 წელი არ ჰყავდა ინგლისურის მასწავლებელი და სკოლის დახურვას აპირებდნენ. გზის არარსებობის და მკაცრი ზამთრის გამო ყველა უარს ამბობდა. ეგრევე დავტოვე თბილისი და წამოვედი.

როგორც კი პანდემია დაიწყო, გზებიც ჩაიკეტა და სოფლის დიდთოვლობაც დაემატა. არაადგილობრივი მასწავლებლები ვეღარ ავედით სოფელში და რესურსცენტრს ვთხოვეთ ან გზების გაწმენდა, ან სწავლების ჰიბრიდული რეჟიმის შემუშავება. უარი მითხრეს და სამსახურიდან გათავისუფლებითაც დამემუქრნენ, როგორც ჩანს, შენ მუშაობა არ გინდაო.

მუქარა რომ არაფერს ნიშნავდა და გამეცინა, ალბათ, თქვენც ხვდებით. მუშაობაც რომ არ მეზარება, ესეც აშკარაა. შემდეგ თავი იმართლეს, სოფელს არ აქვს არც ინტერნეტი, არც შუქი და ამიტომ ჰიბრიდული რეჟიმი ვერ იმუშავებსო.

ეს მიზეზი მივიღეთ, რის ვაი-ვაგლახით ავედით სკოლაში და იმ დღიდან ყველა გადაწყვეტილების მიმღებს ვთხოვდით, სოფლის გამართულ ელექტრომომარაგებას, გზის დაგებას, ხის დამპალი ხიდების შეკეთებას, ინტერნეტს, სკოლის მუშა ტექნოლოგიებით აღჭურვას (დღეს რა კომპიუტერიც გვაქვს, დილით რომ დავაჭერთ ჩართვის ღილაკს, სკოლის დამთავრებისას უნათდება ეკრანი და პროექტორი მარტო მარჯვენა გვერდს აშუქებს). ვითხოვდით დაუღალავად, პროექტიც დავწერეთ, თხოვნა-მუდარაც ვცადეთ, მაგრამ ყველა მხრიდან უარი მივიღეთ: სკოლა მცირეკონტინგენტიანიაო.

მეორე წლის ზამთარშიც იგივე პრობლემა გაჩნდა, ისევ უარი გვითხრეს გზის დაგებაზეც, გაწმენდაზეც და ჰიბრიდულ მოდელზეც. ქუთაისელ მათემატიკის მასწავლებელს დაეწყო ჯანმრთელობის პრობლემები და წავიდა. ადენომა მქონდა, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე სადღა წავიდოდი. სკოლას ვერ ვუღალატებდი ასეთ დროს… ამიტომ დავრჩი. ისევ დავიწყეთ ხვეწნა-მუდარა: გზა გაგვიკეთეთ, შუქი გაგვიკეთეთ, ხის დამპალი ხიდები გაგვიკეთეთ…. მაგრამ არაფერი.

პარალელურად, განათლების სამინისტრო მთხოვს მოსწავლეებისთვის XXI საუკუნის კომპეტენციების განვითარებას და მრავალფეროვან კომპლექსურ დავალებებს, მაშინ როცა მე, 15 სექტემბრიდან 15 ივნისამდე, მაქვს მხოლოდ ცარცი და დაფა, ყოველ 7 წუთში ღუმელს ვუნთებ და მეტწილად შუქიც არ გვაქვს.

ამ დროს ხალხი მარსზე სასეირნოდ დაფრინავს და ჩემი მოსწავლეების ტოლი გოგო-ბიჭები აღმოჩენებს აკეთებენ მეცნიერებებში. მე და ჩემი ბავშვები კი ვსხედვართ და დღის შუქზე ვასრულებთ დავალებებს. თუ შუქი გვაქვს, ბავშვები თავის დანაზოგით მორიგეობით ავსებენ ინტერნეტის ანგარიშს, უზიარებენ ერთმანეთს და ცდილობენ, ამ გზით დაუკავშირდნენ გარესამყაროს.

თუ სოფელი პრიორიტეტია, მაშინ სოფლის ბავშვებს ნუ გვიჩაგრავთ. სულ მცირეკონტინგენტიანი ვიქნებით თუ არ დაგვეხმარებით. ყველა ბავშვს აქვს ხარისხიან განათლებაზე წვდომის უფლება!

ყველა სოფელს სჭირდება გზა, გამართული ენერგოსისტემა, ინტერნეტი, გაზი, წყალი და, ზოგადად საარსებო მინიმუმი.

ბევრი მეუბნება, წამოდი სოფლიდან, შეეშვიო… რომ წამოვიდე, პრობლემა გაქრება თუ გამძაფრდება?

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები რომ გაქვთ, სოფლამდე თუ ვერ მივედით, რად გვინდა?“

♦♦♦

ლაურა მასწავლებლის, გელა მასწავლებლის და ბევრი ახალგაზრდის მსგავსი მცდელობები, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ასწავლონ ბავშვებს, უმნიშვნელოვანესია და, თავისთავად, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაც. ამიტომ, მათი ხელშეწყობა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, მათი ღვაწლის დაფასებასაც მაშინ აქვს ფასი, ვიდრე ურემი გადაბრუნდება…

 

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები