30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ბედი კაცისა!

spot_img

ირაკლი თავაძე

3 იანვარს, შორეულ ავსტრალიაში, ქართული სპორტის ერთი უმნიშვნელოვანესი ეპოქა დასრულდა – სიდნეიში 76 წლისა გარდაიცვალა ლეგენდარული ვიქტორ სანეევი

შარშან, წლის დასაწყისში, ზედიზედ დაგვტოვა ხელოვნებისა თუ სხვა სფეროს რამდენიმე კორიფემ, წლეულს კი, ეტყობა, სპორტის ჯერია: ახალი წელიწადი ორი თვის დამდგარიც არაა და უკვე გარდაიცვალნენ: ლეგენდარული ვიქტორ სანეევი, ქალთა მშვილდოსნობაში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე, სპორტსმენობისას სახელოვანი ხელბურთელი, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, ქართული სპორტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ჯანო ბაგრატიონი, რაგბის ლეგენდარული კომენტატორი ზაალ გიგინეიშვილი, უბადლო ფოტოხელოვანი ბადრი კეთილაძე, ეს ავბედითი სია კი სანეევმა გახსნა…

ის იმ კატეგორიას ეკუთვნის, ვისზეც დაუსრულებლადაც შეიძლება, ისაუბრო, მაგრამ ასევე შეიძლება, მხოლოდ მისი გვარ-სახელითაც კი ყველაფერი თქვა. ამიტომ მის შესახებ მხოლოდ ორ მიღწევას აღვნიშნავთ: ის იყო უტიტულოვანესი ქართველი სპორტსმენი – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის მედალოსანი სრულიად სამართლიანად დაასახელეს მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად. და მაინც, მას სრულიად მიესადაგება ნათქვამი – ტრაგიკულია ბედი კაცისაო. ასეთი დამსახურებების მიუხედავად (არადა, ჩვენ მხოლოდ ორი ყველაზე გამორჩეული მიღწევა დავასახელეთ, თორემ მისი წარმატებების ჩამოთვლას ძალიან დიდხანს მოვუნდებით), სიცოცხლის ბოლო 3 ათეული წელიწადი სანუკვარი საქართველოდან ძალიან შორს – ავსტრალიაში გაატარა; საქართველოს საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს იქაც თავიდან იმდენად უჭირდა, რამდენიმე საქმიანობას მოჰკიდა ხელი, საბოლოოდ კი პიცას დამტარებელ კურიერად მუშაობდა იმის მიუხედავად, რომ სპორტში მიღებული უმძიმესი ტრავმებისა და არაადამიანური ფიზიკური დატვირთვების გამო ფეხზე დგომა, სიარული უჭირდა; საფიცარი ქართული მიწის ნაცვლადაც, გულზე ავსტრალიისა დაეყარა – ქართული სპორტის ლეგენდა, 13 იანვარს, სიდნეიში დაკრძალეს, გამოსვენების ცერემონიალი კი ქალაქის გარეუბან საზერლენდის ოლსენის სამლოცველოში გაიმართა, საიდანაც „ცისფერი ტრიოს“ „ზამთარია“ და „საქართველოო ლამაზოს“ ჰანგებით გააცილეს უკანასკნელ გზაზე… დასანანია, რომ ამ უკანასკნელ გზას საქართველოდან ჩასული არც ერთი სტუმარი არ დასწრებია – სანაცვლოდ რამდენიმე გვირგვინი გაიგზავნა, ცერემონიალს კი მხოლოდ ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდა… არადა, ნამდვილად მეგონა, საქართველოდან დელეგაცია თუ არა, ვინმე მაინც წავიდოდა და ქვეყნის სამძიმარს გაიყოლებდა – ალბათ, ყველა თავმოყვარე სახელმწიფო ასე მოიქცეოდა თავისი დამსახურებული შვილის წინაშე, მისი სამოღვაწეო სფეროს მიუხედავად… ჩვენს ქვეყანას გმირების აღზრდა ნამდვილად შეუძლია, მაგრამ კარგი იქნება, მათ დაფასებასაც თუ ვისწავლით… სანეევს არც სპორტიდან გაცილება მოვუწყვეთ; მერე ვერც ერთი რიგითი სამუშაო ვერ ვუშოვეთ, რომ ემიგრაციაში არ წასულიყო ან უკვე წასული უკან დაბრუნებულიყო; მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების ცერემონიალზე ვერ მოახერხა ჩამოსვლა უსახსრობისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო… ერთი ის კი შევძელით, სეოკ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით, რომ 60 წლის იუბილე გრანდიოზულად გადავუხადეთ და თან სიდნეიდანაც ჩამოვიყვანეთ, რამაც პატარა ბავშვივით გაახარა. მთელი 20 წლით გავახალგაზრდავდიო, უთქვამს მაშინ ლეგენდას.

ყველაფრის მიუხედავად, ბუნებით თავმდაბალ და საოცრად კეთილშობილ ადამიანს არასოდეს საყვედური არ დასცდენია საქართველოს მისამართით: „ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ უყურადღებოდ დამტოვეს. როცა დიდი სპორტიდან მიდიხარ, ბუნებრივია, ძველებურად აღარ იქნები პირველ როლში. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი და ვიღებდი იმას, რასაც ვიმსახურებდი. პატივისცემას ყოველთვის ვგრძნობდი ჩემი ხალხისგან და ესაა მთავარი. მძლეოსნობა, კერძოდ – სამხტომი, სიამოვნებას მანიჭებდა და ამისთვის არავის არაფერს ვთხოვდი. 4 ოლიმპიადაზე გამოსვლაც ამიტომ შევძელი. გასახსენებელიც უამრავი მაქვს * ოთხივე ოლიმპიადა სხვადასხვაგვარი იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასპარეზობა მიხაროდა“ – თავის დროზე ასე უპასუხა სანეევმა ჩემს კოლეგა ზვიად შათირიშვილს კითხვაზე, მიიჩნევდა თუ არა, რომ საქართველომ ყურადღება დააკლო და შეიძლებოდა, მას ნაკლები პრობლემებით ეცხოვრა. ეს ინტერვიუ კი შესულია პაატა ნაცვლიშვილის წიგნში „ერთი ჩემპიონის ისტორია“, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაკვეთით გამოიცა.

პრობლემები კი მართლაც ბევრი ჰქონდა – ამ პრობლემებს ვერც შორეულ ავსტრალიაში გაექცა. 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის დღეებში, სეოკ-ის გენერალურ მდივანთან, ემზარ ზენაიშვილთან ინტერვიუში ამბობდა:

„დიდხანს უმუშევარი ვიყავი. თავი მოსაკლავად მქონდა. იქამდეც კი მივედი, გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე, მე – ესა და ეს პიროვნება, ჩემს ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ვერცხლის მედალს ვყიდი-მეთქი. გამომეხმაურნენ, მაგრამ მუქთად უნდოდათ – ყველაზე მაღალი ფასი, რასაც მთავაზობდნენ, 5000 დოლარი იყო, ეს კი აქ 1-2 თვე გეყოფა. ოჯახის წევრებმაც და აქაურმა ნაცნობებმაც გაყიდვა გადამაფიქრებინეს. ახლა კი მანქანით სახლებში პიცას ვარიგებ. დიახ, პიცას ვარიგებ. წარმომიდგენია, ამას საქართველოში რომ წაიკითხავენ, რას არ გაიფიქრებენ და იტყვიან, რა გაუჭირდა ასეთი, აქ ჩამოვიდესო. ვისთან ჩავიდე, რა ვაკეთო?“

ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია „საფიცარი საქართველო“ – თავისი ზეობის ჟამს მას მართლაც რომ „კალთებს ახევდნენ“ და „ოქროს კოშკებს“ ჰპირდებოდნენ, მოსკოვში გადასვლისა და რუსეთის სახელით გამოსვლის სანაცვლოდ, მაგრამ სოხუმში დაბადებულ-გაზრდილ ამ კაზაკური სისხლის კაცს წამითაც არ უფიქრია საქართველოს მიტოვება (მისი მშობლები, გასული საუკუნის 20-იან წლებში, სტავროპოლიდან სოხუმში ჩასული კაზაკები იყვნენ), სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე თავის ერთადერთ სამშობლოდ საქართველოს მიიჩნევდა, არც კი განუხილავს ეს წინადადება – მაშინდელ საბჭოთა ნაკრებში ის ყოველთვის საქართველოს წარმომადგენელი იყო… „მალე აირია ცხოვრება, დაინგრა საბჭოთა კავშირი და მე რუსეთში ხომ არ დავრჩებოდი . თავის დროზე კალთებს მახევდნენ და საქართველო არ დავტოვე“ * გაიხსენა ერთხელ ინტერვიუში სანეევმა. იმ ქვეყანამ და მაშინდელმა სისტემამ სწორედ ეს არ აპატია – დიდწილად, ამის გამოძახილია მსაჯთა უსამართლობა მოსკოვის ოლიმპიადაზე, რის გამოც მან მეოთხე თამაშებში გამარჯვება ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. სისტემა მას მანამდეც დიდი სიამოვნებით დაუდებდა ამგვარ კვანტს, მაგრამ უაღრესად შრომისმოყვარე და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი სანეევი იმდენად ძლიერი იყო, მანამდე ამის გაკეთება ვერ შეძლეს, მაგრამ როგორც კი მცირე შანსი მიეცათ, მაშინვე გამოიყენეს. არადა, მართლაც რომ გადასულიყო მოსკოვში, „ოქროს კოშკებსაც“ ნამდვილად აუგებდნენ, მერე კი არც საზღვარგარეთ მოუწევდა გადახვეწა თავის სარჩენად და არც საკუთარ ქვეყანაში დაკრძალვა გაუხდებოდა სანატრელი…

ზემოთ ასევე ვთქვი, რომ ქვეყანამ, გმირების გაზრდასთან ერთად, მათი დაფასებაც უნდა ისწავლოს. აქ შემოგთავაზებთ ერთ ისტორიას, რომელსაც თავად სანეევი იხსენებს, ზენაიშვილთან ზემოხსენებულ ინტერვიუში. ესაა იმხანად მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ პრიმო ნებიოლოსთან საუბარი: „რამდენიმე წერილი პირადად მივწერე ხუან ანტონიო სამარანჩს (რედ: იმხანად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი). ათენში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, პირადად ვესაუბრე პრიმო ნებიოლოს. რომ მომისმინა, იცით, რა მითხრა? სიტყვა-სიტყვით გადმოგცემთ: ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ხომ არის სპორტის სამინისტრო, ხომ არის ოლიმპიური კომიტეტი? ისინი ვალდებულნი არიან, შენ და შენნაირ სპორტსმენებს მიხედონ, ბევრი ჰყავთ შენნაირი სპორტსმენი? თუ არ უნდათ ან არ შეუძლიათ, იკისრონ ამგვარი მისია, მიმართე თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს – ის მაინც მოეკიდება გაგებით შენს მდგომარეობას. ჩემი მოვალეობა ის კი არაა, ვეტერანებს მივხედო * ამაზე თქვენმა ქვეყანამ უნდა იზრუნოს. მე ვალდებული ვარ, მათ მიმართ გამოვიჩინო მაქსიმალური ყურადღება, ვინც დღესაა სპორტში“.

სამწუხაროდ და საუბედუროდ, ქვეყანამ, სახელმწიფომ არ მიხედა და ისიც სხვათა მიწაზე აღესრულა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, მას ღიად არასოდეს დასცდენია საყვედური საქართველოზე. და მაინც – შეუძლებელია, გულის სიღრმეში გულისტკივილი არ ჰქონოდა, რომ ასე გავიმეტეთ მარტოობის, გაჭირვების, სიდუხჭირის, უყურადღებობის, გულგრილობის და ბოლოს ემიგრანტობის, ცხრა მთას, ცხრა ზღვასა და ოკეანეს იქით დასამარხად. ეს ფარული გულისტკივილი კარგად გამოსჭვივის ზემოხსენებულ წიგნში შესული მისი სიტყვებიდანაც:

„რა მნიშვნელბა აქვს, სად მოვკვდები? დღეს საქართველოში – გინდ თბილისში, გინდ სოხუმში ვის ვჭირდები? გარდა ამისა, მე დიდხანს სიცოცხლე არ დამრჩენია – რადენიმე წელიც და წავიღებ წერილს. რეალისტები უნდა ვიყოთ – ჩემი ჯანმრთელობით, ფაქტობრივად, ნახევარი კაციც აღარა ვარ. ვისაც 30-35 წლამდე ჩემსავით თავი გადადებული აქვს, დიდხანს ვერ ცოცხლობს. გმირებიც კვდებიან, ეს ასეა, ეს ამერიკის აღმოჩენა არაა. ისე, დასაფლავება ჩემს მშობლიურ მიწაზე მირჩევნია, რა თქმა უნდა.“

დასანანია, რომ მას ეს სურვილიც არ აუსრულდა… თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ საქართველომ სანეევის ოჯახს მისი საქართველოშო გადმოსვენება შესთავაზა, თუმცა ეს თავად ოჯახმა იუარა იმ მოტივით, რომ ისინი ავსტრალიაში ცხოვრობენ და მისი საფლავის ხშირად მონახულებას ვერ მოახერხებდნენ. თბილისის მერიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას სანეევის სახელი ეწოდოს.

გულისტკივილი გამოსჭვივის სანეევის კიდევ ერთ ფრაზაში: „გაცილებაში ბედი ნამდვილად არ მაქვს: დიდი სპორტიდან არც საქართველოში გავუცილებივარ, არც მოსკოვში, აქ, ავსტრალიაში კი მწვრთნელობიდანაც არ გამაცილეს“.

სპორტსმენობისას მას „სოხუმელი კენგურუ“ შეარქვეს. არ ვიცი, პირველად ვინ უწოდა ეს სახელი, თუმცა წინასწარმეტყველური კი გამოდგა – წლების შემდეგ მან მართლაც ყველაზე დიდი, კენგურუს ნახტომი გააკეთა და მშობლიური სოხუმიდან კენგურუს სამშობლოში გადახტა. იქ კი შემთხვევით აღმოჩნდა: მაშინდელმა „სოვინტერსპორტმა“ ბავშვთა მწვრთნელობა შესთავაზა ახალ ზელანდიაში, თითქოს ყველაფერი მზად იყო იქ წასასვლელად, მაგრამ ბოლო წამს შეთანხმება ჩაიშალა, სანეევი კი უმუშევარი დარჩა, ვეტერანი სპორტსმენის პენსიის ამარა, რადგან იქ წასასვლელად ძველი სამსახური დატოვა. თუმცა, ამ გარიგების შესახებ ავსტრალიელებმაც იცოდნენ და 1991 წელს ლექციების ჩასატარებლად რამდენიმე კვირით მიიწვიეს. ბუნებრივია, მასპინძლები კმაყოფილები დარჩნენ მისი ლექციებით, თუმცა ვერ გაეგოთ, რატომ ეკითხებოდა ყველას სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მწვრთნელის სამუშაო ხომ არ მოგეპოვებათ ჩემთვისო. „ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჩემნაირი ადამიანები ყოველმხრივ უზრუნველყოფილნი უნდა ყოფილიყვნენ და ამიტომ ვერ გაეგოთ, რატომ ვეკითხებოდი, თქვენთან სამუშაოს შოვნა თუ შეიძლება-მეთქი“ – იხსენებდა მოგვიანებით სანეევი.

ისე კი მართლაც რა არის კაცის ცხოვრება… აბა, რას წარმოიდგენდა ის რიგითი – ბრალიანი თუ უბრალო ავსტრალიელი, რომ სახლში პიცა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიუტანა… ასევე ვერ წარმოიდგინა 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთმა რიგითმა მოხელემ, მის წინ მართლა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თუ იდგა და როცა მის CV-ს დახედა, ირონიულად უთხრა, ცოტა დაუკელი მონაცემებს, სამგზის ჩემპიონობა ბევრიაო. მერე, როცა სიმართლე გაირკვა, უკვე მთელმა ავსტრალიამ გაიგო, მათთან ასეთი ტიტულების მქონე ადამიანი რომ ცხვორობდა და პიცას დაატარებდა. სწორედ ამის შემდეგ დატრიალდნენ იქაურები, რესტორნიდან გამოიყვანეს და სამსახური უშოვეს სენტ ჯოზეფის პრესტიჟულ კოლეჯში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროფესორად. თუმცა სამშობლოში დაუფასებელი დიდად იქაც არ დააფასეს – როცა კონტრაქტი დაუმთავრდა, აღარ გაუგრძელეს და ისევ უმუშევარი დარჩა, ისევ ჩაება არსებობისთვის ულმობელ ბრძოლაში.

ვიქტორ სანეევი დღემდე რჩებოდა მძლეოსნობაში ერთადერთ სამხტომელად, ვინც მიჯრით მოიგო ზედიზედ სამი ოლიმპიადა – 1968, 1972 და 1976 წლებში. ის 1982 წელსაც, თავის მეოთხე ოლიმპიადაზეც, ახლოს იყო მეოთხე ოქროსთან, თუმცა მაშინდელმა სისტემამ ყველაფერი გააკეთა, რომ მის ნაცვლად სისტემის რჩეულს გაემარჯვა.

სოხუმში დაბადებულმა მომავალმა „კენგურუმ“ ძნელი და მძიმე გზა გაიარა მძლეოსნობის მწვერვალებამდე, ამ გზაზე კი, მშობლიური სანაპიროს ფერადი კენჭებივით, ლამაზ მოგონებებად აგროვა წარმატებები და მსოფლიოს მძლეოსნობის ისტორიაში გამორჩეულ ათლეტად შევიდა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ის რვაჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ზაფხულისა თუ ზამთრის ჩემპიონატებში, 6-ჯერ მოიგო ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველობა, გაიმარჯვა ხალხთა სპარტაკიადაზე, არის მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი და ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი, სამჯერ კი ქართველმა ჟურნალისტებმა ქვეყნის წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

მისმა ვარსკვლავმა, პირველად, 1968 წელს, აცტეკთა მიწაზე – მექსიკაში, მეხიკოს ოლიმპიადაზე გაიბრწყინა, რომელიც გამორჩეული თამაშები გამოდგა – ერთ დღეს, მხოლოდ საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე, სამჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი! პირველად ეს იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ გააკეთა – 17.22-ზე გადახტა, როგორც მოგვიანებით სანეევი იგონებდა, მისთვის ეს ერთგვარი დოპინგი აღმოჩნდა და 17.23-ზე გადახტა. თუმცა ამას განსაკუთრებული სიხარული არ გამოუწვევია, რადგან მალევე, რამდენიმე წამში, ბრაზილიელი ნელსონი კიდევ უფრო შორს „გაფრინდა“ – 17.27!

იმდღევანდელ სპორტულ ბატალიებს სანეევი ასე იხსენებდა:

„მართლაც, სასწაულია, ერთ დღეს ერთბაშად სამი მსოფლიოს რეკორდი დამყარდა, თუმცა, შეჯიბრების ბოლომდე კიდევ რამდენიმე ცდა იყო დარჩენილი. არ მიყურებია, როგორ ასრულებდნენ ბოლო ნახტომს ფინალის მონაწილენი. ყველაფერს გამოვეთიშე, ძალებს ვიკრებდი, რადგან ამ ბოლო შანსზე იყო დამოკიდებული უმაღლეს მწვერვალზე ასვლა.

ძნელი ცდა გამოდგა. ვიგრძენი, რომ არეკნის ზოლამდე ერთი ნაბიჯი დამაკლდა და ნახტომში ყოველი აკვრისას „ვინაზღაურებდი“ დაკარგულ სანტიმეტრებს. სილაში ჩავეშვი თუ არა, მაშინვე მოვიხედე. მექსიკელმა მსაჯმა ისე შემომხედა, მივხვდი, რომ გავიმარჯვე.

უნებურად მაღლა ავხტი და ტაშიც შემოვკარი. ტაბლოზე ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდების აღმნიშვნელი ციფრები აენთო – 17,39!“

აი, რას წერდა ამ დრამატული შეჯიბრების შესახებ მაშინდელი გაზეთი „სოვეტსკი სპორტი“: „აჰა, 17 ოქტომბრის საღამოც მოვიდა. მეხიკოს ოლიმპიურ სტადიონზე ტევა არ იყო. აი, მაღალი ათლეტი ადგილიდან მოწყდა და ჭრელი ტრიბუნების ფონზე წითელი ისარივით ჩაიქროლა. როგორც რეზინის ბურთი, მიწიდან სამჯერ ახტა და ქვიშაზე დაეშვა. მაყურებელი წამით გაირინდა… მაგრამ ერთ-ერთმა სინგაპურელმა ჟურნალისტმა, საკმაოდ ასაკოვანმა, თავი ვერ შეიკავა და სკამიდან ყვირილით წამოხტა: „ფანტასტიკ!“

მან მომდევნო ორ ოლიმპიადაზეც ასე ბურთივით იხტუნავა და კიდევ ორჯერ გახდა ჩემპიონი, თუმცა იქ ასეთი კონკურენცია აღარ შეხვედრია, მაგრამ, ცხადია, არც ერთი ის გამარჯვება არ ყოფილა იოლი. მისთვის ყველაზე მტკივნეული კი მოსკოვის ოლიმპიადა გამოდგა, სადაც 35 წლისამ და ტრავმებით გატანჯულმა იასპარეზა. იქ მისი შედეგი 17.24 იყო, თუმცა მსაჯებმა ესტონელ იააკ უუდმიაეს მთელი 10 სანტიმეტრი წაუმატეს და სანეევი მხოლოდ ვერცხლს დააჯერეს. უსამართლობა იმდენად დიდი იყო, რომ ეს გადაწყვეტილება კარგა ხანს განიხილებოდა. დაჯილოებისას მესამე კვარცხლბეკზე მდგომმა ბრაზილიელმა, ჟოაო კარლოს დე ოლივეირამ ჟესტებით ანიშნა უუდმიაეს, მანდ შენ კი არა, სანეევი უნდა იდგესო.

პაატა ნაცვლიშვილი ერთგან 1996 წელს გამართულ საუბარს იხსენებს სომეხ კოლექციონერ იური კუპალიანთან, რომელიც მოსკოვის თამაშებზე მძლეოსნობის მსაჯი ყოფილა. მან თურმე კერძო საუბარში აღიარა, რომ მიიღეს ბრძანება, უუდმიაესთვის შედეგების წამატების შესახებ. მისი თქმით, მან არ იცოდა, კონკრეტულად ვისგან მოდიოდა ეს ბრძანება (თუმცა ძნელი მისახვედრი არაა), მათთვის კი შეჯიბრების მთავარ მსაჯს უთქვამს, რატომ მაინცდამაინც უუდმიაე და არა – სანეევი? ამაზე კუპალიანს უთქვამს, სანეევი ყველაზე ბოლოს ხტებოდა და ამის გაკეთება მაშინ გაცილებით ძნელი იქნებოდაო.

ამის მიუხედავად, სანეევს არასოდეს უთქვამს, რომ დაჩაგრეს და ესტონელს დაუმსახურებლად მისცეს ჩემპიონობა, არასოდეს დასცდენია საყვედური უუდმიაეზე… თავის მხრივ, ესტონელიც საკადრის პატივს მიაგებდა ლეგენდარულ სპორტსმენს: „რაც სანეევმა გააკეთა, ამას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაიმეორებს“ – თქვა ერთხელ მან.

თუმცა კიდევ არაუშავს, სანეევი მხოლოდ სპორტიდან რომ წასულიყო გულნატკენი და არა – ცხოვრებიდანაც… საჩოთიროა, რომ ქართული სპორტის ასეთი ბრწყინვალე ისტორია, საქართველოს ნაცვლად, შორეულ სიდნეიში დამთავრდა, ქართული სპორტის ლეგენდა, საქართველოსთვის თავგადადებული კაცი კი, ქართული მიწის ნაცვლად, ავსტრალიაში დაიკრძალა.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები