რუბრიკის სტუმარია ზვიად ნიქაბაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
პროფესიის არჩევანი
დავიბადე 1977 წელს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში, ვსწავლობდი ამავე სოფლის საშუალო სკოლში. 1999 წელს დავამთავრე ქუთაისის იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლაში დავიწყე სამოქალაქო განათლების და ისტორიის მასწავლებლად, ვხელმძღვანელობ ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს „ედელვაისი“.
პირველ რიგში, მადლიერება მინდა გამოვხატო ილემის საჯარო სკოლის დირექტორის, ირინა სხილაძის და ჩემი კოლეგების მიმართ, გვერდში დგომისთვის, თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რამაც დიდი როლი შეასრულა ჩემ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაში.
მასწავლებლობა ჩემთვის საინტერესო და მრავალფეროვანი პროფესიაა, შეიძლება ითქვას, რომ მოწოდებით მასწავლებელი ვარ. არაფერია იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე ისეთ საყვარელ, საინტერესო, სათუთ არსებებთან, პატარა ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც ბავშვები არიან. სწორედ ბავშვების სიყვარულმა და მათზე ზრუნვის სურვილმა გადამაწყვეტინა მასწავლებელობა. პროფესიის არჩევაში დიდი როლი ჩემმა მასწავლებლებმა ითამაშეს, რა თქმა უნდა, მათ შორის იყვნენ კაცი მასწავლებლები. მადლიერი ვარ მათი ჩემდამი გაწეული ამაგის.
წარმატების საწინდარი
თანამედროვე შეხედულებებიდან გამომდინარე, ვცდილობ, მოსწავლეები დავაინტერესო სწავლების სხვა, არაფორმალური მეთოდებით. ჩემი სულიერი ღირებულებების და ფასეულობების მათთვის გაზიარება უდიდესი სიამოვნებაა, ისინი ხომ ჩემგან იღებენ იმ საზრდოს, რაც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. მახარებს, როცა მენდობიან და მისაბაძ პიროვნებად მიმიჩნევენ.
უახლოესმა ტექნოლოგიურმა გამოგონებებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე: კომუნიკაციებზე, თანამშრომლობაზე, სწავლაზე, სწავლებაზე. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს არჩევანი, თავად უნდა ფლობდეს ტექნოლოგიურ სიახლეებს, მუდამ ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე და მოსწავლეებს აძლევდეს მიმართულებას პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის. ამიტომაც ვერთვები ტრენინგებში, ვცდილობ, ყოველდღიურად მივიღო ცოდნა და რაღაც ახალი მივაწოდო მოსწავლეებს. წარმატებული პედაგოგი აუცილებელია იყოს კოლეგიალური და ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. პრობლემების არსებობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, ვეხმარები კოლეგებს, ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, ვეხმარები მოსწავლეებს გამოხატონ საკუთარი ნება, იყვნენ გაბედულები და შეძლონ პოტენციალის გამოვლენა. ვცდილობ, ვიყო ნოვატორი და მუდმივად ვცვალო სტრატეგიები მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე. მიმაჩნია, რომ წარმატებული მასწავლებელი გულღია და ჰუმანურია, ხედავს საკუთარ ღირსებასა და ნაკლოვანებას.
სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა
სამოქალაქო განათლების პედაგოგს მოეთხოვება, ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ გაკვეთილზე მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობაში გამოყენებას. მათ უნდა შეძლონ საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ყოველდღიურობაში უნდა დაამტკიცონ, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და აქტიური მოქალაქეები არიან.
დისციპლინა — სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი
მოსწავლეებთან ურთიერთობისას, რა თქმა უნდა, ვაწყდები პრობლემებს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ბევრი მოსწავლე მშობლების მზრუნველობის გარეშეა დარჩენილი ბებია-ბაბუებთან. სამწუხაროდ, მათ აკლიათ ყველაზე მთავარი — ოჯახური სითბო, მშობლებთან ურთიერთობა, რაც ხშირად ხდება დისციპლინარული გადაცდომის მიზეზი. მათთვის ერთადერთი იმედი სკოლაა, ამიტომაც გვაქვს ასეთი ბავშვების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რომ სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. თითოეული მოსწავლე ინდივიდია და თავისებურ მიდგომას საჭიროებს, ყველას სხვადასხვა უნარი აქვს, სხვადასხვანაირი ნიჭი, ხედვა, განსხვავებული ოჯახური კულტურა, ამიტომ ვცდილობ, პირველ რიგში, მათი ნდობის მოპოვებას, რათა შემდეგ მოტივაციის ამაღლებაში დავეხმარო. დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ განსხვავებული თარგიდან ერთნაირად ღირსეული და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი პიროვნებები ჩამოვაყალიბო. ამიტომ, ვფიქრობ, მხოლოდ პროფესიონალიზმი, საკუთარი საგნის ბრწყინვალედ ცოდნა ამისთვის საკმარისი არ არის.
სიახლეების დანერგვა
სიახლის დანერგვა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიური ჩართვა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. რა თქმა უნდა, იყო სიახლის ინიციატორი საკმაოდ საპასუხისმგებლო, შრომატევადი და რთულად განსახორციელებელია. ეს ყველაფერი მასწავლებლისგან დიდ ენთუზიაზმს, მოთმინებას მოითხოვს, თუმცა, ყოველი სიახლისადმი გაწეული შრომა, შემდგომში აადვილებს სწავლების პროცესს. საკლასო ოთახში დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნიკას, მოსწავლეებს სწავლისადმი განსაკუთრებულ ინტერესს და მოტივაციას აღუძრავს. ამიტომ, სწავლებისას, ყოველთვის ვიყენებ აუდიო და ვიდეომასალას, ვაწყობთ დისკუსიას, როლურ თამაშებს, გაჩერებებს, რაც მრავალფეროვანსა და სახალისოს ხდის საგაკვეთილო პროცესს.
პროექტებით სწავლება
ეს არის მეთოდი, რომელიც უადვილებს პედაგოგს აღზარდოს მოსწავლეებში დემოკრატიული საზოგადოების მოქალაქისთვის საჭირო ღირებულებები და უნარ-ჩვევები — თანამშრომლობა, ემპათია, ზრუნვა, მონაწილეობა, მოხალისეობა და პასუხისმგებლობა. პროექტებით სწავლებამ მოსწავლეებს ის უნარები შესძინა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ნამდვილად გამოადგებათ — კომუნიკაცია და პრეზენტაცია, სამუშაოს ორგანიზება და დროის განაწილება, კვლევა და გამოკითხვის ჩატარება, თვითშეფასება და რეფლექსია, თანამშრომლობა და ჯგუფთან მუშაობა. პროექტების მსვლელობისას, მოსწავლეებმა საკუთარ თავში ისეთი ძლიერი მხარეები აღმოაჩინეს, რომელიც ადრე ვერც კი წარმოედგინათ — ლიდერობა, დაგეგმვის ნიჭი, დახმარების გაწევის შესაძლებლობა და სხვ.
სახელმძღვანელოები
სამოქალაქო განათლების ახალი პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცემული სახელმძღვანელო კარგი რესურსია მასწავლებლისთვის. მასში ძალიან ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციაა, რაც შესაძლებლობას მაძლევს, ხელი შევუწყო მოსწავლეებს ცოდნის ტრანსფერში, ისეთი უნარების გამომუშავებაში, როგორიცაა: პრობლემის იდენტიფიცირება და დამოკიდებულება პრობლემისადმი, თანამშრომლობის უნარი, პარტნიორთა შერჩევის პრინციპები, კონფლიქტების მართვის წესების შემუშავება, საზოგადოებრივი საქმიანობის გააზრება, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელი თანმიმდევრული ქმედებები. მოსწავლეებმა შეძლეს ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ დემოკრატიული პრინციპების სკოლაში, თემში დანერგვა და ამ პრინციპებით მოქმედება. მათ შეუძლიათ რეალურ ცხოვრებაში ადამიანის უფლებების დარღვევის გამოვლენა და ამ უფლებების დაცვა.
მომავლის გეგმები
ჩემი მიზანია, პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა და სკოლაში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლება. ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სამოქალაქო განათლების პროგრამაში „მომავლის თაობა“ და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გამოცხადებულ ტრენინგებსა თუ შეხვედრებში, ასევე, სამოქალაქო განათლების ეროვნულ კონფერენციებში, რაც დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.
თავისუფალ დროს ვეცნობი მეთოდურ სიახლეებს, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის სამოქალაქო განათლების გაკვეთილები მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო გახდეს.
მოამზადა მაკა ყიფიანმა