„ბარათები მშობლებს“ – ახალი სასწავლო წლიდან სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა აქტიურდება

10945

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ახალი ინიციატივა გაჟღერდა.

„ახალი სკოლის მოდელის“, იმავე ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტის მიხედვით, I-IX კლასების მოსწავლეთა მშობლები (ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლები) ყველა საგნის მიხედვით მიიღებენ, სასწავლო წლის დასაწყისში, ე.წ. კომპლექსური დავალების ბარათებს. ეს ბარათები მატერიალური ან ციფრული სახით გამზადდება (სასკოლო თემის გადაწყვეტილებით). კონკრეტულად ეს კლასები იმიტომაა შერჩეული, რომ ამ დროისათვის ეროვნული სასწავლო გეგმა დამუშავებულია მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საფეხურებისათვის.

ამ ბარათებით მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს) ექნებათ ინფორმაცია, თუ რომელ კომპლექსურ დავალებებს განახორციელებენ მოსწავლეები 2021-2022 სასწავლო წელში. ბარათები, მარტივი ორგანაიზერის ფორმატით, უკვე მზადდება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი ექსპერტების მიერ, სკოლის საგნობრივ კათედრებთან შეთანხმებით, კონკრეტული სკოლის კურიკულუმის (სასწავლო გეგმის) მიხედვით და სექტემბერამდე მიეწოდებათ სკოლებს.

კომპლექსური დავალება, როგორც საშუალოვადიანი სასწავლო მიზანი და შემოქმედებით-შემეცნებითი პროდუქტი, ფაქტობრივად, განსაზღვრავს სასწავლო პროცესის დინამიკურობას და ეყრდნობა საკითხთა ტიპოლოგიას საგნების მიხედვით, ამასთანავე – ემსახურება გრძელვადიანი მიზნების (ცნებების) მიღწევას.

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც  პროცედურულ ცოდნაზეა ორიენტირებული, ორგანულ კავშირშია დეკლარატიულ (ფაქტობრივ) და პირობისეულ ცოდნასთან.

ზემოთ აღნიშნული ბარათებით მშობლებს ნათელი წარმოდგენა შეექმნებათ კომპლექსური დავალებების პირობების შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბებული იქნება მაქსიმალურად მოკლედ და გასაგებად ისე, რომ მკაფიოდ იყოს ხაზგასმული:

  1. რა პროდუქტს შექმნის მოსწავლე;
  2. რა ცოდნას შეიძენს  მოსწავლე;
  3. რა განზოგადებამდე მივა მოსწავლე.

ფაქტია, რომ მშობელი (ან მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი) სასკოლო თემის მეტად აქტიური წევრი ხდება. მას უკვე სექტემბერშივე ეცოდინება, თუ რის სწავლებას აპირებს სკოლა. ერთგვარად ეს პროცესი მშობლის პედაგოგიზაციის ხარისხსაც გაზრდის.

წარმოგიდგენთ ქართული ენისა და ლიტერატურის ბარათის ერთ ვარიანტს, რომელიც მომზადებულია ქართული ენისა და ლიტერატურის საბაზო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებისთვის:

საგანი  – ქართული ენა და ლიტერატურა
საკითხი – რეცენზიის მომზადება ვაჟა-ფშაველას ლექსის „კაი ყმა“ მიხედვით (პროდუქტის სახე, რომელიც მზადდება კონკრეტულ საკითხზე დაყრდნობით)

 

სამიზნე ცნება/ცნებები (გრძელვადიანი სასწავლო მიზნები) და ქვეცნებები (კონტექსტუალიზებული საკითხების განზოგადება):

  1. ჟანრი  –  რეცენზია;
  2. კომპოზოცია/შინაარსობრივი მხარე  – თემა, იდეა;
  3. სტრატეგიები  – წერის სტრატეგიები;
  4. ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები – ფუნქციური სტილი.
დავალების პირობა:

დაწერეთ ვაჟა-ფშაველას ,,კაი ყმის“ რეცენზია,  კრიტიკულად განიხილეთ, შეაფასეთ  სარეცენზიო ლექსის ძირითადი საკითხები. წერისას დაიცავით ენობრივი ნორმები და პუნქტუაცია.

ნაშრომში:

√ მკაფიოდ წარმოაჩინეთ რეცენზიის ჟანრობრივი  მახასიათებლების ცოდნა;

გამოიყენეთ ფუნქციური და  ოფიციალურ-საქმიანი/სამეცნიერო სტილი; 

წარმოაჩინეთ თემის აქტუალობა;

  წარმოადგინეთ ავტორის პოზიციის განზოგადებული არგუმენტირებული შეფასება, თუ რით არის სარეცენზიო ტექსტი გამორჩეული და მნიშვნელოვანი;

მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი, როგორც რეცენზენტის, პოზიცია  ლექსის თემისა და იდეის მიმართ. 

რესურსები:

ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელო, IX კლასი.

 

 

ამ ტიპის ბარათებს, ახალი სასწავლო წლის დასაწყისამდე, საქართველოს 600 სკოლა (სკოლები, რომლებიც ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“)  მიიღებს და აამოქმედებს, თუმცა მათი გამოყენების შესაძლებლობა ექნება ყველა სკოლას/მასწავლებელს, რომლებიც ინტერესს გამოხატავენ, დანერგონ კონსტრუქტივიზმსა და ე.წ. ცნებათა პედაგოგიკაზე დაფუძნებული სასწავლო პროცესი.

როლანდ ხოჯანაშვილი

ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით

 

დატოვეთ კომენტარი