ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბავშვის რთული ქცევის მართვა ოჯახსა და სკოლაში. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, ყურადღება შემეჩერებინა ამ თემაზე.
ქცევა არის ინდივიდის ნებისმიერი საპასუხო რეაგირება გარე სტიმულებზე. ბავშვს, ჩვენი მაგალითით, უნდა ვასწავლოთ სხვადასხვა სიტუაციაში როგორი რეაგირება ჰქონდეს, როგორ მოიქცეს. განსხვავებული ასაკის ბავშვს შესაბამისი ქცევითი მახასიათებლები აქვს, მაგრამ როცა მოზარდის ქცევა მნიშვნელოვნად არღვევს სოციალურ ნორმებს, ხელს უშლის სხვა ადამიანებს, აზიანებს მათ ან საკუთარ განვითარებას, აქ რთულ ქცევასთან გვაქვს საქმე, ის არ ემორჩილება წესებს. მაგალითად, ტანტრუმი, აგრესიული ქცევა, ხანგრძლივი ჭირვეულობა, სკოლაში წასვლაზე, გაკვეთილის პროცესში წაკითხვაზე ან წერაზე უარის თქმა.
პრობლემურ ქცევას სამი მახასიათებელი აქვს: სიხშირე, ინტენსივობა, ხანგრძლივობა. სპეციალისტები მიზეზებს სამ კატეგორიად ყოფენ: შინაგანი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო.
მშობელი/მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს რთული ქცევის მიზეზებზე. ამ დროს, აუცილებელია ბავშვის ემოციების გაზიარება, მისი მოსმენა და არა მხოლოდ ქცევაზე რეაგირება.
რას აკეთებს მშობელი ტანტრუმის (ისტერიკის გამოხატვა ფეხების ბაკუნით, ყვირილით და ა.შ.) დროს?
- დაიცავით ბავშვის და გარშემომყოფების უსაფრთხოება;
- აგრძნობინეთ ემოციური მხარდაჭერა. დაელოდეთ დამშვიდებას, შეაქეთ დამშვიდებისთვის;
- ბავშვმა აღნიშნული ქცევით არ უნდა მიიღოს სასურველი;
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე;
- იმუშავეთ ქცევის მიზეზის აღმოფხვრაზე.
ფსიქოლოგები რთული ქცევის სამართავად გვთავაზობენ განსხვავებულ სტრატეგიებს:
- გრძნობების აღიარება;
- ყურადღების გადატანა;
- ჩანაცვლება სხვა საინტერესო აქტივობის შეთავაზებით;
- არ მისცეთ უფლება, უარყოფითმა ქცევამ (ყვირილმა, ტირილმა) მიაღებინოს სასურველი საგანი ან ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს განამტკიცებს მის ქცევას;
- გახსოვდეთ აკრძალვის სტრატეგია არაა ერთადერთი. გამოიყენეთ დაჯილდოება, წახალისება;
- მიეცით არჩევნის უფლება, მაგალითად – დახატავ თუ ითამაშებ?
დაბოლოს, როცა ქცევის მიზანი ყურადღების მიქცევაა, დააიგნორეთ არასასურველი ქცევა. ამ სტრატეგიამ შეიძლება გააღიზიანოს მოზარდი. არ დანებდეთ, როცა იცით რომ მას არ სწყურია, არ შია, არ სტკივა. თუ ქცევა დესტრუქციულია, იგნორირება არ გამოიყენება. ოჯახის ყველა წევრს ერთნაირი სტრატეგია უნდა ჰქონდეს, იყვნენ თანმიმდევრულები, რათა ბავშვი არ დაიბნეს. გამოხატეთ ნდობა, შეაფასეთ ქცევა და არა ბავშვის პიროვნება.
გახსოვდეთ, თითოეული ბავშვი, თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია. ხშირად, საჭიროა ინდივიდუალური ცვლილებების შეტანა ინტერვენციების დროს.
შორენა ჯიშკარიანი
სსიპ თბილისის №143 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
ქცევის მართვა. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის. თბილისი, 2017.