22 თებერვალი, ხუთშაბათი, 2024

ბავშვთა და  ეროვნულ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში

spot_img

„ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ასახულ საკვანძო მიმართულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას და ეროვნულ უმცირესობათა მდგომარეობას საქართველოში. 

🔃 ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა

ორგანიზაციის მერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის უზრუნველყოფილი და გარანტირებული იყოს უსაფრთხო გარემო. ანგარიშში მოყვანილია 2022 წლის 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედია, რომლის დროსაც ახლად შეკეთებულ შადრევანში, დენის დარტყმის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ხოლო ორი ბავშვი დაშავდა. „მიმდინარეობს გამოძიება. ტრაგედიას გამოეხმაურა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი, რომელმაც მოუწოდა როგორც ეროვნულ, ისე ქალაქის ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად ისევ რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი. წინა წლებთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში არასრულწლოვნების რიცხვმა 235 – 252-ს მიაღწია. „ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერას და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“. სახალხო დამცველის ანგარიშში, ასევე, მითითებულია, რომ საქართველოში გართულდა ბავშვთა მდგომარეობის შეფასებაც. ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა დროულად ვერ ხდება. ამას ემატება უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების პრობლემა, რაც ასევე მიუთითებს ბავშვთა დაცვის შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტიანობაზე..

🔃 ეროვნული უმცირესობები

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს უკავშირდება. „გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა, რომ ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა მუდმივად გრძელდება.

კომიტეტმა რამდენიმე პრობლემა გამოყო, მათ შორის: პოლიტიკურ დაწესებულებებში ეთნიკური უმცირესობების ნაკლებობა; ენის ბარიერიდან გამომდინარე ინტეგრაციის პრობლემა; ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში სკოლების არასაკმარისი რესურსები.“

2022 წლის 28 მარტს, სოციალურ ქსელებში ორი ჰეშთეგი გავრცელდა – #ქართული2250ლარად #მასწავლექართულიუფასოდ. ჰეშთეგით მოქალაქეები აპროტესტებდნენ ფაქტს, რომ პროგრამა 1+4-ზე სწავლისას სახელმწიფო ენის ერთწლიანი კურსის გასავლელად მათ 2250 ლარის გადახდა უწევთ. პლატფორმა „სალამის“ დამფუძნებლის, ქამრან მამადლის თქმით, არასწორი დამოკიდებულებაა სახელმწიფოსგან, როცა მის მოქალაქეებს სახელმწიფო ენის სწავლაში ფულის გადახდა უწევთ. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ განათლების სექტორის მიმოხილვის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების გამოწვევების იდენტიფიცირებისას გამოვლინდა, რომ 2018-2022 წლებში 309 მასწავლებლის ვაკანსია დარჩა შეუვსებელი.

თუმცა, მეორე მხრივ, გაიზარდა ეთნიკური უმცირესობებისთვის პროფესიულ განათლებაზე წვდომა, ვკითხულოთ ანგარიშში, რასაც ხელი შეუწყო გადაწყვეტილებამ, რომ მსურველებს შეუძლიათ, პროფესიულ სასწავლებელში მოსახვედრად პროფესიული ტესტირება ჩააბარონ სომხურ, რუსულ ან აზერბაიჯანულ ენებზე.

ამის გარდა, 2022 წლის 25 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში მომუშავე შვიდმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ინიციატივით მიმართა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიზარდოს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ზოგადად, ხელი შეეწყოს ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს. ინიციატივა მოიაზრებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში უმცირესობის ენაზე თარგმნის რესურსებისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ინტერეთნიკური საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები