27 ივლისი, შაბათი, 2024

ბავშვები იმ მანქანის მგზავრები არიან, რომელსაც ჩვენ ვმართავთ

spot_img

6 რჩევა მშობლებს პანდემიის დროს ბავშვების მხარდასაჭერად

კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ სიტუაციას თან ახლავს შფოთვა, სტრესი და გაურკვევლობა. ამას ყველაზე ძლიერად ბავშვები განიცდიან. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიხურა სკოლები, გაუქმდა სხვადასხვა აქტივობები, თქვენს შვილს მეგობრებთან განშორება მოუწია, ამიტომ ახლა მას თქვენი მხარდაჭერა და სიყვარული იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე ოდესმე. ამისთვის ფსიქოლოგები რამდენიმე რჩევას გვიზიარებენ: 

1. იყავით მშვიდი და აქტიური

მშობლები მშვიდად და ხშირად უნდა ესაუბრონ შვილებს კორონავირუსის შესახებ და მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. უთხარით ბავშვებს, რომ შესაძლებელია, მათ ან თქვენ, დაგეწყოთ სიმპტომები, გრიპის ან სხვა ვირუსების სიმპტომების მსგავსი. სთხოვეთ ბავშვს, ამ შემთხვევაში, მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ გაცნობოთ და არ შეშინდეს, რადგან ეს შესაძლოა უბრალო გაციება იყოს.

მოზრდილები თანაგრძნობით უნდა შეხვდნენ იმას, რასაც ბავშვები განიცდიან კორონავირუსთან დაკავშირებით – ნერვიულობენ, შეშფოთებულები არიან. უნდა დაარწმუნოთ თქვენი შვილები, რომ ვირუსი ნაკლებად საშიშია ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ კორონავირუსის მრავალი შემთხვევა განკურნებადია. ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ, რომ არის მრავალი ეფექტური საშუალება, რითიც შეგვიძლია დავიცვათ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ სხვებიც. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ავუხსნათ შვილებს, რატომ უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენა: დავიბანოთ ხელები, არ შევეხოთ ჩვენს სახეს და დავიცვათ სოციალური დისტანცია, დავრჩეთ სახლში. ეს იმის მაჩვენებელია, თუ როგორ ვზრუნავთ საზოგადოების წევრებზე, ვფიქრობთ გარშემომყოფებზე.

2. ჩამოაყალიბეთ რუტინა

ბავშვებს სჭირდებათ რუტინა, ამიტომ, რაც ყველაზე სწრაფად უნდა გააკეთონ მშობლებმა, ეს არის სტრუქტურის ჩამოყალიბება. მკაცრად რეკომენდებულია დღის წესრიგის შედგენა, რომელიც მოიცავს თამაშის დროს, ასევე, დროს მეგობრებთან კომუნიკაციისთვის და ტექნოლოგიებისგან თავისუფალ დროს. ბავშვებისთვის ძალიან კარგი იქნება, განსაზღვროთ როდის იმუშაონ და როდის ითამაშონ.

თუ ბავშვი 10-11 წლისაა ან მეტის, მიეცით მას მიმართულება, რომ თავად შეადგინოს თავისი დღის წესრიგი, მიუთითეთ, რომელ აუცილებელ კომპონენტებს უნდა მოიცავდეს რუტინა და შემდეგ მიეცით თავისუფლება, თავად ჩამოაყალიბოს.

ასევე, დაანახეთ, რომ იზიარებთ მათ ემოციურ მდგომარეობას, განცდებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

3. ნება მიეცით შვილებს, გამოხატონ ემოციები

კორონავირუსის გავრცელების გამო დაიხურა სკოლები, გაუქმდა არაერთი ღონისძიება და ამის გამო ბავშვები საკმაოდ იმედგაცრუებულები არიან. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მათთვის ბევრად უფრო ემოციური მომენტია, ვიდრე ჩვენთვის, რადგან ჩვენ ამ სიტუაციას ჩვენი განვლილი ცხოვრებისა და გამოცდილების მიხედვით ვაფასებთ. ამიტომ ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა.

4. შეამოწმეთ რა ინფორმაციას იღებს თქვენი შვილი

დღეს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები არაერთ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ კორონავირუსის შესახებ. ამ ყველაფერს, შესაძლოა, თქვენი შვილიც უსმენს. საკმარისი არ არის, რომ მხოლოდ თქვენ მიაწოდოთ ბავშვს სწორი ინფორმაცია, რადგან მან, შესაძლოა, სხვა საიფორმაციო საშუალებებიდან მოისმინოს „ფეიკ ნიუსები“, ამიტომ ყოველთვის გადაამოწმეთ საიდან იღებს ინფორმაციას თქვენი შვილი, რათა მან სწორად აღიქვას ფაქტები.გაარკვიეთ, რა იცის თქვენმა შვილმა ეპიდემიის შესახებ და მიაწოდეთ მას სწორი ინფორმაცია. თუ აქვთ კითხვები, რომლებსაც თქვენ ვერ პასუხობთ, ვარაუდის გამოთქმის ნაცვლად, სჯობს მასთან ერთად გამოარკვიოთ სიმართლე. გამოიყენეთ ისეთი სანდო საინფორმაციო ვებგვერდები, როგორიც არის UNICEF-ის ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდები.

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, ბევრი ბავშვი აწყდება, სკოლაში თუ ონლაინ სივრცეში, ბულინგს ან ძალადობას.

ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენმა შვილმა იცოდეს, რომ თქვენ ყოველთვის მის გვერდით ხართ, როცა ის ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი ხდება.

ჩვენ უნდა გავამხნევოთ ისინი, რადგან ამ დროს განსაკუთრებით სჭირდებათ მათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა.

5. ეცადეთ ბავშვს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინოთ

როდესაც საქმე რთული ემოციების გამკლავებას ეხება, ნამდვილად ბევრი უნდა იფიქროთ თქვენი გრძონების შესახებ საუბრის დაბალანსებაზე. თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ ოჯახური თამაშები საღამოობით ან ერთად მოამზადოთ რაიმე კერძი სამზარეულოში. ზოგიერთი ადამიანი სადილის დროს საკუთარ ოჯახთან კომუნიკაციისთვის იყენებს.

მიეცით თქვენს შვილებს მიმართულება, დროის სოციალურ მედიაში და ტელეფონთან გატარების ნაცვლად, ეს დრო სასარგებლოდ გამოიყენოს. ჰკითხეთ, როგორ უფრო ნაყოფიერი იქნება ამ დროის გამოყენება და მათთან ერთად მოიფიქრეთ, როგორ დაგეგმოთ ეს ყველაფერი.

6. აკონტროლეთ თქვენი ქცევა

მშობლებიც, რა თქმა უნდა, განერვიულებულები არიან , თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შვილები თქვენგან იღებენ მაგალითს. ფსიქოლოგები ურჩევენ მშობლებს, პირველ რიგში, საკუთარი ემოციები აკონტროლონ და არ გაუზიარონ თავიანთი შიშები ბავშვებს, რადგან ისინი ამ ყოველივეს უფრო მძაფრად განიცდიან.

ბავშვები მშობლების უსაფრთხოების და დაცულობის გრძნობას ეყრდნობიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვები იმ მანქანის მგზავრები არიან, რომელსაც ჩვენ ვმართავთ. და თუ ჩვენ ვერ ვმართავთ საკუთარ ემოციებს, ვერც  მათი უსაფრთხოების შენარჩუნებას შევძლებთ.

მოამზადა მარიამ მხეიძემ

https://www.unicef.org/coronavirus/6-ways-parents-can-support-their-kids-through-coronavirus-covid-19?fbclid=IwAR0RGFZTQ8QTHkIP4RuK52D6C42nY1ZPIE5PAeruUOXy2Dp8vJnXtFOeqYg

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები