25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

ახალი ტიპის მასწავლებლები, რომლებიც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში ერ­თ­ზე მე­ტი საგ­ნის სწავ­ლე­ბას შეძლებენ – „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ მსმენელთა პირველი ნაკდის მომზადებას ასრულებს

spot_img

მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი სკო­ლა“ ამოქ­მე­დე­ბა და­ა­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც სისტემისთვის „ახა­ლი ტი­პის მას­წავ­ლე­ბ­ლის“ მომზადების მისიას შეასრულებდა. ამ წამოწყების მთავარი მიზანი ისეთი კადრების მომზადებაა, რომლებიც მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ან სკო­ლებ­ში ერ­თ­ზე მე­ტი საგ­ნის სწავ­ლე­ბას შეძლებენ. სკოლამ მიღება შემოდგომაზე გამოაცხადა და ბევრი მსმენელიც გამოუჩნდა. როგორ წარიმართა პირველი ნაკადის მომზადება და რა ეტაპზეა პროგრამის მიმდინარეობა, ამის შესახებ გვესაუბრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგების პროგრამის და მასწავლებლის ეროვნული სკოლის ხელმძღვანელი ნინო გორდეზიანი:

√ ქალბატონო ნინო, ვინ განისაზღვრა პროგრამის სამიზნედ და ვინ მოიაზრება ახალი ტიპის მასწავლებელში?

მასწავლებლის ეროვნული სკოლის მიზანია სკოლებში როგორც ახალი, ასევე უკვე არსებული კადრების მომზადება-გადამზადება, მოსწავლეთათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. ისეთი ახალი ტიპის მასწავლებლის მომზადება, რომელიც სკოლაში რამდენიმე საგნის სწავლებას შეძლებს. ჩვენი სამიზნე იყო მცირეკონტიგენტიანი სკოლები როგორც ბარში, ისე მაღალმთიან რეგიონებში. პროგრამის ძირითადი ამოცანაა, სპეციალურად შექმნილი სასწავლო კურსების ფარგლებში, ახალი ტიპის კვალიფიციური კადრების მიზანმიმართული განვითარება/მომზადება საგნობრივი კომპეტენციის განვითარებისათვის.

პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ მასწავლებლობის მსურველი ახალი კადრები და სკოლაში არსებული ის მასწავლებლები, ვისაც ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები თუ სკოლის დირექტორები მოიაზრებენ, რომ აქვთ უნარი, პოტენციალი და შესაძლებლობა, თავიანთ სკოლაში ასწავლონ არა მარტო ერთი საგანი, არამედ მომიჯნავე დისციპლინებიც.

√ პროცედურულად როგორ გაიწერა ეს ყველაფერი?

tpdc.ge-ზე შეიქმნა რეგისტრაციის სრულიად ახალი ფორმა და კურსის გავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლის საშუალება მიეცათ. რეგისტრაციის ფორმა ძალიან მარტივი იყო, ძირითადად, მხოლოდ შემდგომი ლოჯისტიკური სამუშაოებისთვის საჭირო ინფორმაციას მოითხოვდა – სად სურდათ კურსის გავლა და დასაქმება. აპლიკანტს, კურსის გავლის ხელმისაწვდომობის მიზნით, უნდა მოენიშნა კურსის გავლის სასურველი ადგილი და, შემდგომში, დასაქმებისთვის სასურველი რეგიონები.

√ დარეგისტრირებისთვის აუცილებელი იყო მასწავლებლის კვალიფიკაცია?

არა, რეგისტრაციის უფლება ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს, რომელსაც ჰქონდა, მინიმუმ, ბაკალავრის განათლება. რეგისტრირებულთა შორის, როდესაც ბაზები გავაანალიზეთ, იყვნენ სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებიც, ასევე საინჟინრო სფეროში დასაქმებულებიც ან ისეთები, ვისაც საუნივერსიტეტო განათლება ჰქონდათ მიღებული ინჟინერიაში, ტექნოლოგიების მიმართულებით ან სხვ. მათ გაუჩნდათ სურვილი, გახდნენ მასწავლებლები.

რეგისტრაცია, დაახლოებით, 4603-მა ადამიანმა გაიარა. შემდგომ დავამუშავეთ აპლიკანტთა მონაცემები და შერჩეული კანდიდატები გასაუბრებაზე დავიბარეთ. გასაუბრებები ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით ჩავატარეთ, შეიქმნა კომისიები, მუშაობის პროცესში სამინისტროც ძალიან აქტიურად ჩაერთო. ამ კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სამინისტროს წარმომადგენელი, ასევე, ჩვენი ცენტრის წარმომადგენელი. რეგიონულ დონეზე სულ 27 კომისია მუშაობდა. გასაუბრების ეტაპი აპლიკანტთა გარკვეულმა რაოდენობმ გადალახა, შემდგომ ისინი ტესტირებაზე დავიბარეთ, ასეთი სულ 1500 აპლიკანტი იყო.

მოქმედი მასწავლებლები თვითონ რესურსცენტრებმა წარადგინეს. გარდა ამისა, მსურველებს შორის ისეთი კადრებიც იყვნენ, ვისაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვთ, გამოცდა – ჩაბარებული და 40-დან ზევით ზღვარი – გადალახული. ისინი, ბუნებრივია, არც გასაუბრებაზე და არც ტესტირებაზე არ მოგვიწვევია, რადგან ავტომატურად ჩაირიცხნენ პროგრამაში.

როგორც გითხარით, გასაუბრება 1500-მა აპლიკანტმა გადალახა, შემდგომი ტესტირება წარმატებით გაიარა 1056-მა აპლიკანტმა. მათგან, ახლად შემოსული სულ 1058 ადამიანია, ვისაც არანაირი კავშირი არ ჰქონია სკოლასთან; საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული, ანუ 40%-დან და ზევით ზღვარგადალახული იყო 163 პირი. რესურსცენტრებიდან გამოწვეული ბაზების საფუძველზე, 536 მოქმედი მასწავლებელი შეირჩა.   საბოლოო ჯამში, ეს ყველა მონაცემი რომ შევკრიბოთ, ეროვნულ სკოლაში 1758 მსმენელი ჩაირიცხა.

√ როგორ გადანაწილდნენ სკოლის მსმენელები საგნობრივი მიმართულებების, კურსების მიხედვით?

კურსები, საგნობრივი მიმართლებით, კომპლექსურია, შესაბამისად, ამის მიხედვით გადანაწილდნენ. მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკა-ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსში 331 მსმენელია ჩართული; ბიოლოგია-ქიმია – 174 მსმენელი; ისტორია-გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება – 356 მსმენელი; განათლების დაწყებითი საფეხურის კურსი, რომელიც მოიცავს ქართულს, მათემატიკას და ბუნებისმეტყველებას, 456 მსმენელით დაკომპლექტდა; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და მუსიკის სასწავლო კურსზე 129 მსმენელია, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის – 67, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის – 245 მსმენელი.

სასწავლო კურსებზე საათობრივი განაწილებაც სხვადასხვაგვარია – ყველაზე დიდი დრო – 100 საკონტაქტო საათი ფიზიკა-მათემატიკასა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს დაეთმო, 90 საკონტაქტო საათი – ბიოლოგია-ქიმიას, 90 საკონტაქტო საათია განათლების დაწყებითი საფეხურისთვის, ისტორია გეოგრაფია-სამოქალაქო განათლება – 75, ფიზიკური აღზრდა და სპორტი – 30, ქართული ენისა და ლიტერატურის კურსი 45 საკონტაქტო საათისგან შედგება.

როგორც გითხარით, მასწავლებლის ეროვნული სკოლა არის როგორც სკოლაში დასაქმებული მასწავლებლებისთვის, ასევე გარე პირებისთვის, რომლებიც შეიძლება სხვა სფეროში მუშაობდნენ. ამიტომ, სასწავლო კურსებზე მეცადინეობა კვირის ბოლო დღეებში – პარასკევი, შაბათი და კვირა – დაიგეგმა. კურსები, ძირითადად, სკოლების ბაზებზე, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, მიმდინარეობს და კვირაში ტარდება არანაკლებ 10 საათისა და არაუმეტეს 20 საკონტაქტო საათისა, ჯგუფში მსმენელთა რაოდენობა განაწილებულია 10-დან 25-მდე.

სასწავლო კურსს უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის თანამშრომლები – საგნობრივი კონსულტანტები, ექსპერტკონსულტანტები, ტრენერკონსულტანტები და ტრენერები. საგნობრივი კურსის დასრულების შემდეგ, არის პოსტტესტი (პრეტესტი უკვე დაწერილი აქვთ), ამით უნდა ვნახოთ შედეგები, დინამიკაში, რა გაიარა მსმენელმა და დავინახოთ, როგორ კორელაციაშია საწყისი ცოდნა და ცოდნა კურსის დასრულების შემდეგ. სასწავლო კურსები თითქმის დასრულდა, სულ რამდენიმე მოდული დარჩა, რომელიც ამ შაბათ-კვირას დასრულდება, ამიტომ, უკვე დავიწყეთ სკოლაში პედაგოგიური პრაქტიკის კომპონენტის განხორციელება.

√ რას მოიცავს პრაქტიკის კომპონენტი?

პრაქტიკის კომპონენტი მოიცავს პრაქტიკას ადგილობრივი მასწავლებლის მეთვალყურეობით, ანუ ეროვნული სკოლის მსმენელის დასწრებას საგაკვეთილო პროცესზე. ამ კომპონენტში, პრაქტიკანტები გაეცნობიან სასკოლო საზოგადოებას, სკოლის სტრუქტურასა და ორგანიზაციულ კულტურას, ასევე, სკოლის შინაგანაწესსა და სხვა დოკუმენტაციას, შეისწავლიან სასკოლო ატმოსფეროს და პრაქტიკის ხელმძღვანელი მასწავლებლის, მინიმუმ, სამ გაკვეთილს დაესწრებიან, თითოეულ საგანში. ბოლო ეტაპი იქნება შეფასება. საერთოდ, პრაქტიკანტის დატვირთვა სკოლაში შეადგენს, კვირაში, 10 საკონტაქტო საათს. პრაქტიკის დასასრულს, პრაქტიკანტი მოამზადებს რეფლექსიას სკოლაში პირველი გამოცდილების შესახებ, რომელსაც შემდგომ პრაქტიკის ხელმძღავნელთან ერთად განიხილავს და მისგან განმავითარებელ რეკომენდაციებს მიიღებს.

თითოეულ პრაქტიკანტს მივაწოდეთ ინსტრუქცია, როგორ განახორციელოს რეფლექსია, რა გააკეთოს სკოლაში, გზამკვლევი-გაიდლაინი აქვს პრაქტიკის ყველა ხელმძღვანელს და თითოეულ პრაქტიკანტს. პრაქტიკანტს მიცემული აქვს ინსტრუქტაჟი როგორ მოიქცეს, ვის დაუკავშირდეს, რომელ სკოლაში მიბრძანდეს და ა.შ. ასევე პრაქტიკანტისთვის ჩვენ მოვამზადეთ ინსტრუქცია, ძალიან მოკლე მონახაზი, როგორ შეიძლება რეფლექსიის დაწერა სკოლაში პირველი გამოცდილების შესახებ – რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მაგალითად, როგორ დაახასიათებს სასკოლო საზოგადოებას, რა პროფესიული ურთიერთობა აქვთ მასწავლებლებს ერთმანეთთან, დირექციასთან, რა განაპირობებს სკოლის წარმატებას, ან პირიქით, რას გააუმჯობესებდა ამ მიმართულებით. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა სკოლაში იმყოფება, იმ სკოლის საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია კარგად გაერკვეს, როგორია სკოლის სტრუქტურა, რა არის ორგანიზაციული კულტურა, სკოლის შინაგანაწესი, რა გააკეთა პრაქტიკის მიმდინარეობისას, რა დაინახა – როგორ მიდის სასწავლო პროცესი, რამდენად დაეხმარება მას ის თეორიული ცოდნა, რომელიც სასწავლო კურსების საშუალებით მიიღო და როგორ განახორციელებს ამ ყველაფერს სასწავლო პროცესში.   მან უნდა დაგვანახოს, რამდენად შეუწყობს ხელს გავლილი პრაქტიკა მის განვითარებას სასწავლო პროცესში. ასევე, შეუძლია დასვას კითხვები რა დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, პასუხებს კი პრაქტიკის ხელმძღვანელისგან მიიღებს და ა.შ.

პრაქტიკანტის ხელმძღვანელისთვისაც ცალკე გვაქვს გაწერილი ინსტრუქცია – რა უნდა გააკეთოს და როგორ შეაფასოს პრაქტიკანტის მიერ მომზადებული რეფლექსია.

√ რა ბედი ეწევათ შემდეგ ამ ადამიანებს, როგორ დასაქმდებიან სკოლებში?

მას შემდეგ, რაც სკოლები გამოაცხადებენ ვაკანტურ ადგილებს (რომლებიც, სავარაუდოდ, პრაქტიკოსი მასწავლებლების ჯილდოს მიღების მეორე ეტაპზე გაჩნდება), ეროვნული სკოლის კურსდამთავრებულებს უკვე კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნებათ. აქ ხაზგასმით მინდა განვმარტო, რომ ეს ადამიანები, სხვა აპლიკანტებთან ერთად, გადიან კონკურსზე და, სკოლის დირექციისა და საკონკურსო კომისიის შეთანხმების შედეგად (თუ გადაწყვეტენ მათ აყვანას), სამიზნე სკოლებში დასაქმდებიან. თუმცა, როგორც გითხარით, აუცილებელი პირობაა ღია კონკურსის გავლა.

√ ახალი კადრები, ან როგორც მათ უწოდებთ, გარე კადრები, რა სტატუსით შევლენ სკოლებში და როგორ მოხდება მათი საფეხურებრივი წინსვლა?

ეს მასწავლებლები სკოლაში აუცილებლად მაძიებლის სტატუსით შედიან და ავტომატურად ერთვებიან მაძიებლის პროგრამაში. 2020 წლიდან, სამიზნე სკოლებში დასაქმებული ასეთი კადრები მასწავლებლის მომზადების დისტანციურ კურსს გაივლიან, ანუ პედაგოგიკის კურსს, კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, მათ მოუწევთ საგნობრივი კომპეტენციის დადასტურება, რის შემდეგაც მიიღებენ უფროსი მასწავლებლის სტატუსს. თუმცა, მათთვის, ასევე, დაგეგმილია ტრენინგები საგნის მეთოდიკაში, საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია დამატებითი ტრენინგებიც ჩაუტარდეთ, მაგალითად, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მიმართულებით. ამას პროცესი და თითოეული კურსდამთავრებულის საჭიროება დაგვანახებს.

√ როგორ მოხდება მსმენელის შეფასება და ვის გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული სკოლის სერტიფიკატი?

როგორც გითხარით, კურსი შეიცავს ერთ, ორ ან სამ საგანს. ზოგიერთმა აპლიკანტმა პოსტტესტი ვერ გადალახა, თუმცა, ჩვენ მივეცით საშუალება, რომ კურსი მაინც გაეგრძელებინათ. აქედან გამომდინარე, სერტიფიკატი იმ მსმენელს მიეცემა, რომელმაც სრული კურსი გაიარა. არიან მსმენელები, რომლებმაც კურსში შემავალი მხოლოდ ერთი ან ორი საგანი გაიარეს. მათ, რა თქმა უნდა, შრომას არ დავუკარგავთ და ისინიც მიიღებენ სერტიფიკატ-ცნობას, რომ, მაგალითად, ფიზიკა-მათემატიკის და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კურსში წარმატებით გაიარეს ერთ- ერთი საგანი – მათემატიკა ან ფიზიკა… შესაბამისად, კურსდამთავრებულს სწორედ ამ საგანში დასაქმების პერსპექტივა ექნება. მაგალითად, თუ სკოლა გამოაცხადებს გეოგრაფიის მასწავლებლის ვაკანსიას, მსმენელს, რომელსაც ბოლომდე აქვს გავლილი ამ საგანში კურსი (მაგრამ ვერ გაიარა კურსის სხვა საგანი) და ჩვენ მიერ გაცემულია ამის დამადასტურებელი ცნობა, სრული უფლება ექნება გამოცხადებული ვაკანსიის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის.

რაც შეეხება შეფასებას მოდულებში, აუცილებელ პირობად (80%) განსაზღვრულია დასწრება/ჩართულობის კომპონენტი, ასევე, დიდი ყურადღება ექცევა პოსტესტს, რომელსაც ყველა კურსის მონაწილე წერს.

√ დაბოლოს, კიდევ გამოაცხადებს თუ არა ეროვნული სკოლა მიღებას?

თებერვლისთვის დაგეგმილი გვაქვს ეროვნულ სკოლაში მსმენელთა მეორე ნაკადის მიღება, თუმცა, ეს მოხდება იმ საჭიროების გათვალისწინებით, რაც იანვრიდან გვექნება სისტემაში. ამის გარდა, პროგრამის ფარგლებში, დავიწყებთ ტრენინგებს სკოლაში არსებული კადრებისთვის, იმ მოქმედი მასწავლებლებისთვის, რომლებიც მომიჯნავე საგნებში (რომელშიც არ აქვთ კომპეტენცია), სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე, ატარებენ გაკვეთილებს. ამ სასწავლო კურსების საშუალებით, ჩვენ სწორედ მათ გადავამზადებთ. პირველ ეტაპზე კი, როგორც გითხარით, 1758 მსმენელის მომზადება შევძელით და ისინი კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს ან ცნობას მიიღებენ. აქედან გამომდინარე, იანვრისთვის ეს კადრები მზად იქნებიან სისტემაში მაძიებლის სტატუსით შესასვლელად.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები