27 ივლისი, შაბათი, 2024

ახალი სახელფასო ფორმულა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

spot_img

ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით, 51 090 მასწავლებლიდან, სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, მათი სტატუსის მიუხედავად, ხელფასი, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაეზრდება.

სახელფასო ზრდა და მასწავლებელთა რაოდენობა, მინისტრის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციით, ასეთია:

☑️ 400 ლარზე მეტით გაეზრდება ხელფასი 8217 მასწავლებელს;

☑️500 ლარზე მეტით – 14053 მასწავლებელს;

☑️600 ლარზე მეტით – 7114 მასწავლებელს;

☑️700 ლარზე მეტით – 4491 მასწავლებელს;

☑️800 ლარზე მეტით – 1648 მასწავლებელს;

☑️900 ლარზე მეტით – 917 მასწავლებელს.

☑️სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება 10%-ით გაიზრდება, ხოლო ტექნიკური პერსონალის – 10-50%-ით, მათი ანაზღაურების მიხედვით.

როგორ მოხდება სტატუსის დანამატებისა და დაანონსებული ხელფასის ზრდის ერთმანეთზე მორგება? ამ შეკითხვაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს, 12 დეკემბერს, ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის პრეზენტაციაზე, ერთწინადადებიანი განმარტება ჰქონდა: არსებული წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ინარჩუნებენ სტატუსს და მიიღებენ ფუნქციის შესაბამის ფიქსირებულ დანამატს, რომელიც არ იქნება მიბმული საათობრივ დატვირთვაზე.

ამ განმარტებით, მაინც ბუნდოვანი რჩება რეალურად როგორ დაითვლება წამყვანი და მენტორი მასწავლებლის ხელფასი – ახალი სახელფასო ფორმულის მიხედვით გაზრდილ საბაზო ხელფასს დაემატება სტატუსის შესაბამისი სრული დანამატი? განმარტებული ფუნქციის შესაბამისი ფიქსირებული დანამატი რამდენია?

აქვე დავაზუსტებთ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც სამინისტრომ მიიღო – ერთმანეთისგან გაიმიჯნოს  სახელფასო პოლიტიკა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. „ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული განვითარება, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ორი პროცესი გავყოთ – ცალკე იყოს სახელფასო პოლიტიკა, რომელიც, სტატუსების მიუხედავად, ყველა პედაგოგს განუსაზღვრავს ღირსეულ ანაზღაურებას, ცალკე, პარალელურ რეჟიმში, ვიზრუნოთ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე. ბუნებრივია, არავითარ გაუქმებაზე არ არის საუბარი, არამედ, საუბარია განვითარებაზე და ჩვენ მზად ვართ, ღია ვართ ყველა დარგობრივ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით პროფკავშირთან დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა ე.წ. სქემის გაუმჯობესებაზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩავრთოთ ფართო სასკოლო საზოგადოება. ეს არის ის მიდგომა, რომელსაც ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნება. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ სქემის განხილვა დავიწყოთ სახელფასო პოლიტიკისგან დამოუკიდებლად,“აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი ამილახვრის განცხადებით, ამის მიზეზად იქცა მასწავლებლებთან შეხვედრების ციკლი და მათი აზრის მოსმენა და, რაც მთავარია, „საგანმანთლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც, მასწავლებლების 65% აღნიშნავს, რომ სქემაში ჩართული არიან მხოლოდ სახელფასო პოლიტიკის გამო.

კვლევის შედეგების გაანალიზებით, მინისტრი აცხადებს, რომ ასწავლებლის სახლი მთლიანად კონცეპტუალურად შეცვლის მიდგომებს და დაიწყება: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შინაარსობრივი გარდაქმნა; მასწავლებლების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი სერვისების შეთავაზება;სქემის განვითარება სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობით; ასევე, ტრენინგ მოდულების რევიზია და სავალდებულობის გარდაქმნა, რაც გულისხმობს იმას, რომ მომავალი წლიდან სრულად გაუქმდება ის სავალდებულო ტრენინგ-მოდულები, რომელიც აქამდე არსებობდა. მინისტრმა იქვე დაამატა, რომ „ხელფასის სამართლიანი მექანიზმის შემუშავების შემდეგ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა უკვე ისეთი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც უზრუნველყოფს მასწავლებლის პროფესიული განვითარებას სკოლის ბაზაზე, კარიერული წინსვლის მექანიზმების დახვეწას და ამ პროცესში სასკოლო საზოგადოების როლის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს ამ საკითხს – მასწავლებლების 70%-ს, რომელიც, ძირითადად, სრულ განაკვეთზეა დასაქმებული ხელფასი, საშუალოდ,  500 ლარით და მეტით გაეზრდება. დანარჩენ 30%-თან, ესეც მინდა ხაზგასმით ვახსენო, ზრდა საათების პროპორციულად განხორციელდება. ანუ, არც ერთ პედაგოგს, არათუ დააკლდება ხელფასი, არამედ ყველასთვის უზრუნველყოფილი იქნება ზრდა იმაზე მეტით, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო 125-ლარიანი დანამატის სახით. აქვე გავუსვამ ხაზს, რომ ახალი პოლიტიკამასწავლებლებს და სპეცმასწავლებლებს შეეხება, რომელთაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი კომპეტენცია.“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები