2013 წელს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოში პროფესიული განათლების რეფორმის გრძელვადიანი (2013-2020) სტრატეგია დამტკიცდა, რომლის უმთავრეს მიზანსაც შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული, კვალიფიციური ადამიანური რესურსის მომზადება წარმოადგენს. ამ პერიოდში, რეფორმის ფარგლებში, მრავალი ძირეული ცვლილება განხორციელდა, პრიორიტეტული გახდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, რამაც პროფესიულ სტუდენტს საშუალება მისცა, აუდიტორიიდან გასულიყო იმიტირებულ თუ რეალურ სამუშაო გარემოში და ამ გზით, თეორიულ ცოდნასთან ერთად, დასაქმებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ცოდნა და უნარები მიეღო. სახელმწიფოს დახმარებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, ტექნიკით და სასწავლო მასალით; პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების, მოდულებისა და პროგრამების შედგენაში ჩაერთო დამსაქმებელი, რაც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს, რომ მან თავად მიიღოს სანდო, პროფესიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი კომპეტენტური კადრი, მეორე მხრივ კი, დასაქმებულმა მიიღოს მდგრადი და ღირსეულად ანაზღაურებადი სამუშაო. ამ და სხვა მრავალმა ცვლილებამ უკვე გამოიღო შედეგი, პროფესიული განათლება ნელა, მაგრამ მაინც ხდება პრესტიჟული.
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შექმნის, განხორციელებისა და მსმენელთათვის გაცემული სერტიფიკატების სახელმწიფოს მიერ აღიარება სწორედ პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში ხორციელდება. დღეს ბაზარზე გარკვეული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების შესაძენად, უამრავი იურიდიული პირი გვთავაზობს სხვადასხვა სახის მოკლევადიან ტრენინგებს. მათგან, ბევრი მართლაც პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, თუმცა სერტიფიკატები, რომლებსაც ისინი გასცემენ, ხშირ შემთხვევაში, არ არის სანდო დამსაქმებლისთვის. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილებით კი, ყველა იურიდიულ პირს, როგორც საგანმანათლებლო, ასევე არასაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცათ პროფესიის სტანდარტის, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის, მოდულის/მოდულების, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ან სხვა საერთაშორისო აქტებით რეგულირებული სფეროების მარეგულირებელ მოთხოვნათა დაცვით, დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის, ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესახებ — საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის საფუძველზე ან სულაც საკუთარი ინტერესებისა და საქმიანობის სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, თავად შეიმუშაონ და წარმოადგინონ პროგრამა, მიიღონ მისი განხორციელების უფლება და გასცენ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი.
უკვე არსებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისგან განსხვავებით, პროფესიული მომზადების პროგრამები მოკლევადიანია და სწრაფად დასაქმების მსურველისთვის საჭირო და აუცილებელ კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული. რაც შეეხება გადამზადების პროგრამებს, ეს იმ კატეგორიის მსურველებზეა გათვლილი, რომლებიც უკვე იყვნენ ან მიმდინარედაც არიან დასაქმებულები, თუმცა კვალიფიკაციის ასამაღლებლად პროფესიაში არსებული სიახლეების გაცნობა და ახალი პრაქტიკული უნარების გამომუშავება ესაჭიროებათ. ვფიქრობთ, ეს პროგრამები საინტერესო იქნება სკოლის მოსწავლეებისთვისაც, რომლებსაც საბაზო საფეხურის დამთავრების შემდეგ შეეძლებათ იყვნენ ცალკეული პროგრამის მსმენელები და, სწავლისგან მოუწყვეტად, დაეუფლონ კონკრეტულ პრაქტიკულ პროფესიას.
პროფესიულ, უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც ავტორიზაციის გზით უკვე მოიპოვეს კონკრეტული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება, ამ პროგრამების ფარგლებში, პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამის განსახორციელებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მხოლოდ დადასტურება სჭირდებათ. იურიდიული პირები კი, რომლებიც მომავალში აპირებენ ბაზარზე შემოსვლას და პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელებას, ვალდებულნი არიან რამდენიმე სტანდარტი დააკმაყოფილონ. პირველ რიგში, მათი პროგრამები უნდა იყოს მოთხოვნადი შრომის ბაზარზე, დაწესებულებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მატერიალური რესურსი და ჰყავდეს კვალიფიციური პრაქტიკოსი პერსონალი, რომელიც რეალურად შეძლებს პროგრამის მიზნების განხორციელებას, შემჭიდროვებულ ვადაში მისცემს მსმენელს საჭირო ცოდნას და დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში. ამ მიზნით განხორციელების მსურველებს მოუწევთ მჭიდროდ ითანამშრომლონ სხვადასხვა საწარმოებთან, დამსაქმებლებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან.
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი მათ სწორედ ამ კრიტერიუმების მიხედვით შეამოწმებს. შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭო, დაწესებულებას ან მისცემს მათი განხორციელების უფლებას სამი წლის ვადით, ან უარს ეტყვის სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, ან მისცემს ხარვეზის გამოსწორების ვადას. განხორციელების უფლების მოპოვების შემდეგ, იურიდიულ პირს უფლება აქვს, მიმართოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 აპრილის №498 ბრძანებით, განისაზღვრა პრიორიტეტები, რომლის ფარგლებში შედგენილი მომზადების/გადამზადების პროგრამა შესაძლოა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ. კერძოდ, ეს პრიორიტეტებია: ა) ხელოვნება; ბ) ბიზნესი და ადმინისტრირება; გ) ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები; დ) ინჟინერია და საინჟინრო საქმე; ე) წარმოება და გადამუშავება; ვ) არქიტექტურა და მშენებლობა; ზ) სოფლის მეურნეობა; თ) მეტყევეობა; ი) მეთევზეობა; კ) ვეტერინარია; ლ) ინტერდისციპლინური; მ) ჯანდაცვა; ნ) პერსონალური მომსახურებები; ო) ტრანსპორტის მომსახურებები.
პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შეუფერხებლად და უხარვეზოდ განხორციელების მიზნით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მჭიდროდ თანამშრომლობს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან. ამჟამად შემუშავებულია და მალე ამოქმედდება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს, ელექტრონულად დარეგისტრირდეს, შეიყვანოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მოითხოვოს პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება.
ამ დროისთვის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, 6 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას 25 პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამაზე დაუდასტურა თანხმობა. დღეის მონაცემებით, 400 ვაკანტურ ადგილზე უკვე დარეგისტრირდა 419 მსურველი და რეგისტრაცია გრძელდება. აღნიშნულთან ერთად, ცენტრში მომართვიანობისა და კონსულტაციების მსურველთა რაოდენობა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს და გვაფიქრებინებს, რომ პროფესიული მომზადება და გადამზადება ღირსეულად დაიმკვიდრებს ადგილს პროფესიული განათლების სისტემაში და დაეხმარება დამსაქმებლებსა და დასაქმების მაძიებლებს ერთმანეთის პოვნაში.