„ახალი სკოლის მოდელი“ ის პროექტია, რომელმაც საქართველოს მასწავლებელთა ნაწილი აღაშფოთა. აღშფოთების მიზეზი რამდენიმეა, უმთავრესი კი მაინც არასწორი ან ხარვეზიანი კომუნიკაციაა სკოლებთან. „ახალმა განათლებამ“ შეკრიბა ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვები, რომელსაც პასუხს სცემს ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით როლანდ ხოჯანაშვილი.
„ახალი სკოლის მოდელი“ – ზუსტი განმარტება ამ სახელწოდების
✔️ „ახალი სკოლის მოდელიდან“ ყველაზე დამაბნეველი პირველი სიტყვა აღმოჩნდა. „ახალი“ არ გულისხმობს ჯერ არ ნახულს, ჯერ არ გაგონილს, ჯერ არ გამოყენებულს. ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტი. სახელის დარქმევა, მოგეხსენებათ, იოლი არაა. რადგან სახელწოდება ოდნავ რომანტიზებულია, ამან არ უნდა გამოიწვიოს უკმაყოფილება. კონსტრუქტივიზმის პრინციპებით სწავლება, კურიკულუმის შექმნა და მსოფლიო პედაგოგიკის საუკეთესო პრაქტიკის თავმოყრა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის მართლა ახალია. ზოგადად, „ნდომა სიახლის“ ჯერ კიდევ რუსთველმა ახსენა „ვეფხისტყაოსანში“. აუცილებლობაა, შევთავაზოთ მოსწავლეებს სიახლეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სკოლა დარჩება რუტინულ დაწესებულებად.
რა არის კომპლექსური დავალება?
✔️კომპლექსური დავალება არის შემეცნებითი და შემოქმედებითი პროდუქტი. როცა მასწავლებელი მოსწავლეს ამ პროდუქტის შექმნას სთავაზობს, ბავშვისთვის ის არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომელშიც ოსტატურადაა ჩაშენებული შემეცნებითი მხარე. ყველა შემოქმედებითი პროდუქტი ვერ ჩაითვლება კომპლექსურ დავალებად. მისთვის აუცილებელი ნიშანია შემეცნებითობა. საკითხს თუ კომპლექსურად არ ეხება დავალება, გრძელვადიანი მიზნ(ებ)ის მიღწევა გართულდება.
კომპლექსური დავალებების რაოდენობაც აშფოთებს მასწავლებლებს
✔️კომპლექსური დავალებების რაოდენობაზე მეც მსმენია მასწავლებლების პრეტენზია. მასწავლებელი ასეთი ტიპის დავალებებს სტიქიურად არ სთავაზობს მოსწავლეებს. საფეხურის განმავლობაში მისაღწევი შედეგებისათვის, შესაძლოა, რამდენიმე ათეული დავალება იყოს შესაქმნელი, მაგრამ არა ყოველდღიურად. ვიდრე მოსწავლეები დავალების შექმნას დაიწყებენ, გვაქვს დავალების შექმნამდე განსახორციელებელი აქტივობები, ნაბიჯები, ეტაპები. როცა კლასს მივიყვანთ იმ კონდიციამდე, რომ მზაობა გამოჩნდება პროდუქტის შესაქმნელად, ამის მერე შეგვაქვს დავალების პირობა კლასში.
დავალებებს აძლევენ ყველა საგნის მასწავლებლები…
✔️დიახ, ყველა მასწავლებელი აძლევს დავალებას მოსწავლეს. გვახსოვს ალბათ ის დრო, როცა ყოველდღე გვქონდა ქართულში, მათემატიკასა და სხვა საგნებშიც დავალებები. ახლა დავალებათა მიცემის ინტენსივობა იკლებს, მაგრამ იმატებს დავალების მოცულობა, შრომატევადობა და ეფექტიანობა.
მასწავლებლები ფიქრობენ, რომ დრო არ ეყოფათ გასასიტყვებლად…
✔️ არის დავალებათა რიგი, როცა გასიტყვება-პრეზენტაცია ბევრ დროს წაიღებს, მაგრამ ეს დახარჯული დრო ეფექტიანი უნდა იყოს. სჯობს, ნელ-ნელა, სტრატეგიულად მივიდეთ საფეხურის ბოლოს შედეგებამდე, ვიდრე ვიჩქაროთ და ბოლოს ხელთ არაფერი დაგვრჩეს. ზოგჯერ, როცა გვინდა, რომ ეფექტურად დავხარჯოთ დრო, გაიზარდოს თანამშრომლობითი სწავლა, შესაძლოა, ინდივიდუალური დავალებების შეჯერება ვთხოვოთ მოსწავლეებს და ამით საპრეზენტაციო დროის ეკონომიას მივიღებთ, ასევე — ურთიერთსწავლება გააუმჯობესებს საკომუნიკაციო და კოგნიტურ უნარებს, რადგან მოსწავლეები ოპერირებენ ერთმანეთისთვის გასაგები „ენით“ და ეფექტიც მეტი აქვს. პროექტული სწავლების სიკეთეებსა და საფრთხეებზე ყველამ ვიცით, ამიტომ საჭიროა მეტი სიფრთხილე, რომ უკუშედეგი არ დაგვიდგეს. ზოგადად, როცა კლასი მრავალრიცხოვანია, სოციალური უნარების განსავითარებლად საუცხოო ნიადაგი გვაქვს. ამან არ უნდა შეგვაშინოს, პირიქით, ბევრი ბავშვის „გათანამშრომლება“ და მიზნებისკენ სვლა უფრო საინტერესო და ეფექტიანი ხდება.
ამბობენ, რომ გახშირდა პლაგიატი…
✔️ დიახ, ზოგჯერ მოსწავლეების განვითარების უახლოესი ზონა გვავიწყდება და „მძიმედ ასაწევ“ ტვირთად ექცევათ ბავშვებს დავალება. თუ მოსწავლეს პლაგიატი მოაქვს, ჩავთვალოთ, რომ ეს არის დემოტივირებისა და რთული დავალების მიცემის შედეგი. კომპლექსური დავალების შექმნის ყველა წინაპირობა უნდა შევქმნათ ჯერ, მერე კი ისე უნდა ჩამოყალიბდეს მისი პირობა, რომ ბავშვს მოუნდეს მისი შესრულება და არ ჩართოს მთელი საახლობლო მის შესრულებაში.
საიდან უნდა დავასკვნათ, რომ მოსწავლე კომპლექსური დავალების შესაქმნელად მზადაა?
✔️ როცა დავალების პირობას ვქმნით, დავფიქრდეთ და „შევაბრუნოთ“ ცოტა ხნით ამპლუა. დავალების პირობა წავიკითხოთ მოსწავლის პოზიციით და თუ გერთულათ, ან მიზანი ვერ დაინახეთ ნათლად, ან სხვა ნაკლი დაეტყო, პირობა უნდა შეიცვალოს!
განმავითარებელი კომენტარის სირთულე…
✔️განმავითარებელი კომენტარი მართლა რთულია, მაგრამ საოცრად ეფექტიანი. 21-ე საუკუნის მოსწავლეს ვერ მოხიბლავ „სმაილებით“, ნიშნებით. მოსწავლეებს ესაჭიროებათ მხარდაჭერა და აღიარება. ამას მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით შევძლებთ. სასწავლო პროცესი მის გარეშე წარმოუდგენელია. გამიგია, რომ მასწავლებლები შფოთავენ იმაზე, რომ ამდენ კომენტარს ვერ დაწერენ. ინტენსივობა კომენტარების წერისა მინიმალურ ოდენობამდე მოხდება, მაგრამ ჩვენ უარს ვერ ვიტყვით მიმდინარე განმავითარებელ შეფასებაზე, რომელიც უმეტესად სიტყვიერი უკუკავშირით უნდა გამოვხატოთ.
ყველაზე მარტივი ფორმულა, რომლითაც განმავითარებელ შეფასებას მიაწვდით მოსწავლეს
✔️ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი: დავალების წარდგენის დროს მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მასწავლებელი აქტიური მსმენელია, გამოხატავს ემოციებსა და ჟესტებს პოზიტიურად, სხეულის ენით მიანიშნებს დეტალებზე, დროდადრო სიტყვიერ კომენტარს აწვდის. როცა მოსწავლე დაასრულებს პრეზენტაციას, ვეუბნები, რა იყო დავალებაში კარგი, რა არის გამოსასწორებელი და რით. გამოსასწორებლის მისამართით გაწეული რეკომენდაცია უნდა იყოს თანამშრომლობითი და ასერტული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ ცუდ შედეგს. განმავითარებელი კომენტარის ფუნქციაა შეცდომის სტატუსის ხავერდოვნად შეცვლა.
ეს ხავერდოვნება როგორ უნდა მოხერხდეს?
✔️ დავიწყოთ იმით, რომ მოსწავლესთან უნდა გავაფორმოთ დაუწერელი კონტრაქტი, ასეთი შინაარსით: პრობლემის აღმოსაფხვრელად მიგულე შენ გვერდით, დაგეხმარები, ყველაფერს მოვაგვარებთ ერთად, შენი წარმატება ჩემი წარმატებაა და ამიტომ ვიქნები შენი მხარდამჭერი. არასდროს ვუთხრათ მოსწავლეს ის, რისი მოსმენაც ჩვენი მისამართით იქნება დამთრგუნველი. ესაა უკვე კლასში ჰარმონიისა და ბედნიერების საფუძველი. ჰუმანისტური პედაგოგიკა უპირატესად არ თვლის ნიშნებს, გამოცდებს. ჰუმანისტები ამბობენ, რომ მოსწავლეს უნდა აბედნიერებდეს სასწავლო პროცესი.
სასწავლო პროცესი ბევრ მასწავლებელს „მატრიცების“ გარეშეც მიჰყავდა საინტერესოდ
✔️ დიახ, ეს ასეა. მატრიცები, უბრალოდ, მასწავლებელს არ აკარგვინებს გრძელვადიან მიზნებს, გამოკვეთს დეკლარატიულ, პროცედურულ და პირობისეულ ცოდნას, არ მიჯნავს მათ, ახამებს ერთმანეთთან და ქმნის ბედნიერ სასწავლო პრაქტიკას. სტიქიურად ან კიდევ სახელმძღვანელოს გვერდების თანმიმდევრობის მიხედვით სწავლებას თავი უნდა დავანებოთ. ავიღოთ ყველა ეფექტიანი რესურსი, სტრატეგია, მეთოდი მიზნის მისაღწევად. მასწავლებელს სულ შეუძლია საინტერესო პროცესის გამართვა კლასში, მაგრამ ეს პროცესი იქნება თუ არა შედეგიანი, ესაა გადამწყვეტი. ბავშვებს უყვართ ინტერვიუს ჩაწერა, მაგრამ ამ ტიპის დავალებას ასჯერ ვერ მივცემთ ან თუნდაც მონაცემების შეგროვებას, მაინცდამაინც საკუთარი სახლიდან, ესეც რუტინამდე მიგვაყვანინებს ბავშვებს.
მოკლევადიან მიზნებზე უარი უნდა ვთქვათ?
✔️ არავითარ შემთხვევაში. კონსტრუქტივიზმი გვეუბნება, რომ ან წინარე ცოდნაზე უნდა დავაშენოთ ახალი, ან მოსწავლის გამოცდილებაზე. თუ გამოცდილებას დავეყრდნობით, მაშინ დავალების მიცემა უფრო სწრაფად ხერხდება. წინარე ცოდნის გააქტიურება, ეტაპობრივად ელემენტების დამატება-შესწავლა აუცილებლად უნდა განვიხილოთ მოკლევადიან მიზნებად, რომლებსაც საშუალოვადიანში (ანუ კომპლექსურ დავალებაში) გამოვიყენებთ და საბოლოოდ, კომპლექსური დავალება მიგვაცილებს გრძელვადიან მიზნამდე, ანუ ცნებამდე.
ვინ დაიცავს „ახალი სკოლის მოდელს“ 2024 წლის მერე, როცა სკოლებში აღარ მოხდება ექსპერტების მიერ მხარდაჭერა?
✔️ გადაჭრით ვამბობ, რომ მოსწავლეები დაიცავენ მას. როცა მოსწავლე კონსტრუქტივიზმის ცენტრალური ფიგურაა, ამ ფიგურანტობას ის იოლად არ დათმობს.
და მაინც, რატომ ამდენი ნეგატივი „ახალი სკოლის მოდელის“ მისამართით?
✔️ არ დაგვავიწყდეს, რამდენჯერ დავიწყეთ და არ დავასრულეთ რეფორმირება. დავიწყებდით და მივატოვებდით. ეს უკვე სკეპტიციზმის დვრიტაა. აქვთ საფუძველი მასწავლებლებს და არიან სკეპტიკურები. ცოტაოდენი „დამსახურება“ ამ ნეგატივში არის აშკარა ტენდენციურობით თუ სუბიექტურობით გამოხატული, სოციალურ სივრცეში დაწერილი, უსაფუძვლო კრიტიკაც. ეს მოგვარდება. მთავარია, ბავშვები არიან კლასში ბედნიერები.
სად სჯობს მოსწავლისთვის დავალების შექმნა?
✔️ დავალება შეიძლება შესრულდეს სკოლაში, სახლში ან ორივეგან. ჩვენ არ ვაკონტროლებთ, სად იქმნება ღირებული პროდუქტი. მნიშვნელოვანია საკუთრივ დავალების საგანმანათლებლო ღირებულება და არა მისი შექმნის ადგილი.
დოკუმენტურად ან ფაქტობრივად, შეგიძლიათ გაამყაროთ „ახალი სკოლის მოდელის“ ეფექტიანობა?
✔️ ჩემთვის ყველაზე კარგი დოკუმენტი არის ბედნიერი ბავშვის ემოცია. განათლებაში შედეგები მოკლე დროში ვერ დაიდება. თავს ნუ მოვიტყუებთ. ბედნიერი ბავშვი სწავლობს უკეთ და უკეთესი მოქალაქეც ხდება. გაღიმებული და წარმატებული ბავშვების სახეები ასეულობით მინახავს ამ პროექტის ფარგლებში და ესაა ჩემთვის წარმატების დეკლარირება.
ასმ-ს არ აქვს ხარვეზები?
✔️ უხარვეზო და უნაკლო არაფერია. გვაქვს რიგი პრობლემებისა, რომელსაც ექსპერტი და მასწავლებელი ერთად წყვეტს. კოლეგიალობასა და კვალიფიციურობას ვერც ერთი წინაღობა ვერ შეაფერხებს. ხარვეზებზე კოლეგები ხშირად ვსაუბრობთ და ვცდილობთ მის აღმოფხვრას უმტკივნეულო გზების მოძებნით.
ამბობდით, რომ საქართველოს ნებისმიერ სკოლაში შეხვალთ და უცნობ მოსწავლეებთან ჩაატარებთ ეფექტიან გაკვეთილს…
✔️ დიახ, მე შევდივარ სკოლებში მხარდაჭერის მიზნით და არა საყელყელაოდ. ექსპერტობა არ ნიშნავს მხოლოდ რჩევების სიტყვიერად მიცემას. პრაქტიკით კარგად ჩანს ეფექტიანობა. ბევრ სკოლაში მივსულვარ და მითქვამს ადმინისტრაციისათვის, მასწავლებლისა და მოსწავლეებისთვის, ნება დამრთონ, რომ გაკვეთილი ჩავატარო. ჩამიტარებია გაკვეთილები და გამომყოლია ბავშვების კეთილგანწყობა კლასიდან. ახლაც ვაცხადებ, ნებისმიერ სკოლაში მივალ და თეატრალიზების, რეჟისურისა და თვალში ნაცრის შეყრის გარეშე, კარგ მაგალითს ვაჩვენებ კოლეგებს. ამით თავს არ ვიწონებ. ჩემთვის საამაყო ისაა, რომ ჩემი მსმენელები ასე მუშაობენ და შედეგებიც აქვთ. ხელშეკრულების მიხედვით, მასწავლებელს ვუჭერ მხარს. ამ მხარდაჭერას, როგორი ფორმითაც უნდათ პედაგოგებს, მიიღებენ ჩემგან, ჩემი კოლეგებისგან.
ასმ არ შეჩერდება?
✔️ სკოლას უნდა ჰქონდეს სასკოლო სასწავლო გეგმა. ასმ შეჩერდება 2024 წელს იმ თვალსაზრისით, რომ ექსპერტები აქტიურ მხარდაჭერას შევწყვეტთ, თორემ სკოლები კონსტრუქტივიზმსა და კურიკულუმზე უარს არ იტყვიან. აქვე დავამატებ: არასდროს შევწყვეტ კოლეგების მხარდაჭერას, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, მათთან ერთად, გავიზიარებ ყველა სირთულესა და წარმატებას. ეს ჩემი საყვარელი საქმეა და ტელეფონით, სოციალური სივრცით თუ კონტაქტური შეხვედრებით მას მუდამ მოვემსახურები. აქვე დავძენ, ამ პროექტს არ ვუყურებ, როგორც ჩემს სახელფასო უზრუნველყოფას. მიყვარს სკოლა, სასწავლო პროცესი, ბავშვების თვალებში ანთებული მზე!