21 ივლისი, კვირა, 2024

ახალგაზრდების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე  

spot_img

5-13 მარტს ტალინმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა პნევმატური იარაღებიდან (10 მ) სროლაში, სადაც უჩვეულო წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი ახალგაზრდები. განსაკუთრებით – გოგონათა ნაკრები, თუმცა შერეულ წყვილებში მათ ბიჭებმაც ღირსეული კომპანიონობა გაუწიეს. ჩვენების მონაგარი 4 ბრინჯაოა, რაც უპრეცედენტოა ქართული ტყვიის სროლისთვის, არა მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ… გოგონათა ნაკრები მესამეზე გავიდა გუნდურ ტურნირში; პირად პირველობაში ასევე მესამე იყო თელაველი სალომე ფროდიაშვილი, ხოლო შერეულ წყვილებში ორივე ბრინჯაო ჩვენებმა მოიპოვეს: მარიამ ფროდიაშვილი (თელავი),  იოანე ხვარეშია (ქუთაისი), მარიამ აბრამიშვილი (თბილისი), გიორგი მუმლაძე (ქუთაისი).

გოგონათა ნაკრებმა სამივე დისციპლინაში მედალი მოიპოვა, სადაც კი იასპარეზა, ამ ნაკრების 3 წევრიდან ორმა – მარიამ ფროდიაშვილმა და მარიამ აბრამიშვილმა 2-2 მედალი მოიპოვეს; ახალგაზრდული ნაკრების 6 წევრიდან (3 გოგონა და ამდენივე – ვაჟი) უმედლოდ მხოლოდ ერთი დარჩა… ბუნებრივია, არის სინანული, რომ უფრო მაღალი სინჯის მედალი არაა, თუმცა იმ ფონზე, როცა სულ რაღაც 4-5 წლის წინ ისიც გვიხაროდა, მსროლელები (უფროსების ჩათვლით) უცხოურ ტურნირებზე სრულად დაკომპლექტებული, ანუ 3-კაციანი გუნდით რომ მიდიოდნენ, დღეს ერთბაშად ამდენი ბრინჯაო და ყველა დისციპლინაში კვარცხლბეკზე ასვლა ნამდვილად წარმატებაა. ეს უცილობელი გარანტიაა, რომ სამომავლოდ ამ ასაკშიც გვექნება უფრო მაღალი ხარისხის მედლები და ეროვნულ ნაკრებშიც, რომელსაც მართლაც ღირსეული ცვლა ეზრდება. ამ ახალგაზრდებს ჯერ გამოცდილება აკლიათ, რასაც დრო აუცილებლად მოიტანს. თან, მაგალითად, გოგონებიდან ფროდიაშვილები,  დაახლოებით, 3-4 წელიწადია, რაც ვარჯიშობენ, აბრამიშვილმა კი ტირში, დაახლოებით, 2 წლის წინ შეაბიჯა სავარჯიშოდ… დასანანია, რომ მის ამ წარმატებას ვერ მოესწრო პირადი მწვრთნელი ოთარ კობერიძე – ის შარშან იანვარში მოულოდნელად გარდაიცვალა. აბრამიშვილმა, პრაქტიკულად, რამდენიმე საათში, ფროდიაშვილებთან ერთად მიუნხენის ტრადიციულ საერთაშორისო და ფრიად პრესტიჟულ ტურნირში, გუნდურში თავისი პირველი მედალი – ბრინჯაო მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ფროდიაშვილები ტყუპები არიან. მათ ვარჯიში თელავში დაიწყეს, სადაც IV საჯარო სკოლაში სწავლობდნენ, შარშან, სკოლის დამთავრების შემდეგ,  თბილისში გადმოვიდნენ სწავლის გასაგრძელებლად და ვარჯიშიც აქ განაგრძეს.

ტალინში პირველი მედლები შერეულ წყვილებში გათამაშდა. ტურნირში 30 გუნდი ჩაება (ქვეყანას 2 გუნდის გაყვანა შეუძლია). საამაყოა ისიც, რომ პლეი ოფის საგზური ჩვენმა ორივე წყვილმა მოიპოვა, და ისიც, რომ პლეი ოფის 8 საუკეთესოს შორის მხოლოდ ჩვენ გვყავდა 2 მონაწილე. საკვალიფიკაციოში გამოსვლა მათ III-IV ადგილზე ანუ ერთმანეთის მეზობლად დაასრულეს, რითაც ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ერთმანეთში ბრძოლა თავიდან აიცილეს, თორემ ერთ მედალს დავკარგავდით…

გოგონათა პირადი პირველობის პლეი ოფშიც მხოლოდ საქართველოს ჰყავდა 2 მონაწილე – საკვალიფიკაციო ეტაპიდან დები გავიდნენ, მარიამი შესარჩევის 54 მონაწილეს შორის სულაც II ადგილზე დამკვიდრდა, სალომემ კი ბოლო, მერვე ადგილით შეაღწია პლეი ოფში, თუმცა იქ მშვენივრად ისროლა და, სარეიტინგო სროლების შემდეგ, ბრინჯაოს მედალი გაინაღდა, მარიამი კი VII ადგილზე დარჩა.

გუნდურში ჩვენმა ტრიომ საკვალიფიკაციოში გამოსვლა V ადგილზე დაასრულა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, იქ კი საკმაოდ ადვილად, 17:9 დაამარცხა უკრაინა.

ბიჭებმა მხოლოდ შერეულ წყვილებში მოიპოვეს მედლები, სხვა დისციპლინებში კი ვერ შეძლეს მედალოსნებში მოხვედრა. არადა, პირად პირველობაში ხვარეშიას ერთადერთი ქულა დააკლდა პლეი ოფამდე. შეგახსენებთ, რომ ის შარშან,  ევროპირველობაზე, IV ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატი სალიცენზიო ტურნირი იყო, ოღონდ – უფროსებში: ოლიმპიურ დისციპლინებში 2-2 საგზური გაიცემოდა. სამწუხაროდ, იქ ჩვენებმა ვერ შეძლეს პლეი ოფში გასვლაც კი. ახალგაზრდები უკვე ჩაებნენ სალიცენზიო შეჯიბრებებში – თებერვალში, უფროსთა შორის, წარმატებით იასპარეზეს სლოვენიისა და ხორვატიის „დიდ პრიზებზე“, რომლებიც სალიცენზიო ქულებს იძლეოდა. ისინი მომავალშიც გამოვლენ ანალოგიურ შეჯიბრებებში და ვინძლო, რომელიმემ ლიცენზიაც მოიპოვოს.

საბედნიეროდ, ბოლო წლებში, ახალგაზრდებში მედლები აღარ გვიკვირს: ნინო ხუციბერიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია და მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია, ლიზი კილაძე – ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის მესამე პრიზიორი, თუმცა ასეთი მასშტაბური წარმატება, როცა ყველა დისციპლინაში მედალი მოვიპოვეთ (თუნდაც მხოლოდ ერთ გუნდში და არა – ორივეში) აქამდე არ გვქონია. ეს კიდევ ერთი ნიშანი, რომ ჩვენი ტყვიის სროლა ახალ სიმაღლეზე გადავიდა და წინ ახალი მიღწევებია. ნინო სალუქვაძის სამშობლოში სხვანაირად არც შეიძლება!

ევროპის ჩემპიონატზე მწვრთნელის რანგში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს და-ძმამ – ლევან და მეგი ქადაგიძეებმა. ორივე მოქმედი სპორტსმენია, ლევანი ვაჟთა ეროვნული ნაკრების წევრიცაა და ბოლო შეჯიბრებებში ლიდერადაც მოგვევლინა. ამ ჩემპიონატზეც საკმაოდ კარგად ისროლა და პირადში, 6 სერიიდან 3-ში კარგად გამოვიდა: 98 და 99-99 ქულა დააგროვა და რომ არა ჩაგდებული 1 სერია, ვინძლო, პლეი ოფშიც გასულიყო. ის მწვრთნელის ფუნქციებში აქამდეც ეხმარებოდა ნინო სალუქვაძეს, ამჯერად, ავადმყოფობის გამო ვერ გაჰყვა გუნდს და სამწვრთნელო ტვირთი მთლიანად მასზე გადმოვიდა. ამავე მიზეზით მწვრთნელად მოგვევლინა მეგი ქადაგიძეც – და-ძმამ ამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა. ეს ყველა სტარტზე კარგად გამოჩნდა, განსაკუთრებით კი – შერეულ წყვილებში. იქ ისინი თითო გუნდს ხელმძღვანელობდნენ და მათ მიერ აღებული წუთშესვენების შემდეგ მსროლელებმა გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს მეტოქეებზე.

ირაკლი თავაძე

არდადეგები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები