4 თებერვალს, განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, პროფესიული განათლების მიმართულებით გამართულ პრეზენტაციაზე იმ ძირითად სიახლეებზე ისაუბრა, რაც პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას, საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას შეუწყობს ხელს.
პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში:
საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ;
სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ, ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით;
პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას;
ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.
გაუმჯობესდება რეგიონული დაფარვა. ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.
სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს:
არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას;
პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით;
გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას;
პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას;
პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვას.
მიხეილ ბატიაშვილმა ერთ-ერთი მთავარი აქცენტი რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაზე გააკეთა, რაც ახალგაზრდებს ადგილზე განათლების მიღების და რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს.
მინისტრის თქმით, სამინისტროს მიზანია, პროფესიული განათლება ორიენტირებული იყოს რეგიონულ საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე. ამ მიზნით, მუნიციპალიტეტებში უკვე არსებობს 11 ახალი ლოკაცია, რომლის განვითარება 2018 წელს დაიწყო და დღემდე უწყვეტად გრძელდება. სამინისტროს მიერ გაწერილია დეტალური გეგმა, წლების მიხედვით — რა პროექტები განხორციელდება და რა სერვისებს მიიღებენ ახალგაზრდები ამ მიმართულებით.
პროფესიულ პროგრამებზე სასწავლო პროცესში აქტიურად დაინერგება ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. შეიქმნება არაერთი თანამდროვედ აღჭურვილი ექსელენს ცენტრი, სადაც მომავლის პროფესიების დაუფლება იქნება შესაძლებელი. პროფესიულმა სასწავლებლებმა უნდა შეძლონ, რომ ახალგაზრდები XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღონ და კონკურენტუნარიანი გახადონ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.
მინისტრმა კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობაზეც ისაუბრა: „პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია“. მისი თქმით, გრძელდება სამინისტროს თანამშრომლობა კომპანიებთან როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით. სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება მეტ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.
პრეზენტაციაზე ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ახალგაზრდების შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებაზე გაკეთდა, რაც მათი დასაქმების გარანტია. „ჩვენი ყველაზე მთავარი მიზანია, ახალგაზრდას მიეცეს სწრაფი დასაქმების პერსპექტივა. ერთი მხრივ, გვყავს უმაღლესდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებსაც უჭირთ ადგილის მოძებნა, მეორე მხრივ არსებობს შრომის ბაზარი, სადაც ვერ ხდება შესაბამისი კადრების მიწოდება. ამიტომ, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას უნდა ვაჩვენოთ სწორი გზა, რომ საკუთარი თავი დაინახოს შრომის ბაზარზე, რაც ჩვენი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაა.“
მინისტრის თქმით, სწორედ ამიტომ, სამინისტროს ამოცანაა მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ხარისხიანი განათლების შეთავაზება და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
მიხეილ ბატიაშვილმა მოკლევადიან გადამზადების კურსებზეც ისაუბრა, რომლებიც ატესტატის გარეშე დარჩენილ ბავშვებს განათლების მიღებისა და დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. „ჩვენ გვყავს 40 000-მდე ბავშვი, რომლებმაც ვერ ჩააბარეს საატესტატო გამოცდები და მათი უმრავლესობა ჰაერშია დარჩენილი. ჩვენი ამოცანა, მოვალეობა და ვალდებულებაა, მათთან სწორი კომუნიკაციის საფუძველზე, დავაბრუნოთ ისინი განათლებაში. მაქსიმალურად სწრაფად უნდა შევძლოთ ამ ბავშვების გარკვეულ პროფესიაში შეყვანა და მათი შრომით ბაზარზე დაბრუნება. ვგეგმავთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას, რათა დავანახოთ მათ წინაშე არსებული შესაძლებლობები. კონსულტაცია გაეწევა მშობლებსაც და ბავშვებსაც, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“.
მარტიდან ამოქმედდება მოკლევადიანი გადამზადების პროგრამები და ასობით ახალგაზრდას, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სისტემის მიღმა დარჩნენ, მიეცემათ შესაძლებლობა, დარეგისტრირდნენ, გაიარონ მოთხოვნადი პროგრამები და, რაც მთავარია, დასაქმდნენ.