3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში

spot_img

⇑⇓ ნათია ქაროსანიძე

სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

თაობათა შორის განსხვავებული შეხედულებები, მოსაზრებები, მომავლისა თუ აწმყოს ხედვა ყოველთვის იყო და დღესაც რჩება აქტუალურ პრობლემად, რადგან ძველი თაობა ვერ აცნობიერებს, რომ დროთა განმავლობაში სამყაროში მიმდინარე ცვლილებები საზოგადოებაზე პირდაპირ აისახება და საჭიროა ფეხის დროულად აწყობა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი ასახვა.

მოცემულმა საკითხმა დღესდღეობით დიდი პოპულარობა და აქტიურობა ჰპოვა. თაობათა ურთიერთობისა და აღიარების საკითხი არა მარტო დღეს, არამედ ყველა ეპოქისათვის მტკივნეული და ყურადსაღები პრობლემა იყო. იმის გამო, რომ ძველ და ახალ თაობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები, ღირებულებები, ინტერესები და გემოვნება გვაქვს, ჩვენ შორის ჩნდება ბზარი, დაძაბულობა და აღიმართება კედელი, რომელიც ჩვენს სამყაროებს აცალკევებს. ჩვენ მუდამ ვცდილობთ ერთმანეთთან კავშირის დამყარებას, მაგრამ უშედეგოდ. თანასწორობა და მრავალფეროვნება ხელს უწყობს ადამიანთა შორის განსხვავებულობასა და მიმღებლობას. თუმცა, „ძველი“ თაობის ნაწილს ჯერ კიდევ სწამს, რომ გამოცდილება, რომელიც მათ დააგროვეს, ის შეხედულებები, რომლებიც მათ ჩამოუყალიბდათ თავიანთი ცხოვრების მანძილზე, არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც ადამიანმა უნდა იაროს. მინდა გავიხსენო რიჩარდ ბახის ნაწარმოები „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“. თოლია ჯონათანმა, თავისი განსხვავებული შეხედულებებისა და მისწრაფებების გამო, ვერ მოიპოვა თანადგომა როგორც ახლობლებისგან, ისე იმ საზოგადოებისგან, რომელშიც ის ახალ იდეებს ეჭიდებოდა. თანადგომისა და აღიარების ნაცვლად ის გააძევეს, გარიყეს გუნდიდან. მსგავსი სიტუაცია ხშირად ჩვენ გარშემოც ხდება. განსხვავებულ აზრსა და შეხედულებებს არ აღიარებენ და ამის გამო გვიწევს დაპირისპირება ჩვენს უახლოეს ადამიანებთანაც კი, რაც თავის მხრივ უნდობლობის განცდას გვიქმნის.

ჩვენთვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ღირებულება და მზად ვართ, გავუმკლავდეთ ყველა იმ დაბრკოლებას, რომელიც მიზნისკენ მიმავალ გზაზე გვეღობება. ხშირად გამიგონია ასეთი ფრაზები: „რა თაობა მოდის, სულ გაფუჭდნენ“, „პატივს არ სცემენ უფროსებს“, „თავისი არ იციან, სხვისას არ იგონებენ“… ამ სიტყვებს სხვა მხრიდანაც შევხედოთ. რა მოხდება თუ უბრალოდ „ძველი“ თაობა ნდობას გამოუცხადებს ახალგაზრდებს? აჩვენებენ, რომ პატივს სცემენ მათ აზრებს. იმის მაგივრად, რომ გვაიძულონ თავიანთი შეხედულებებით ვიცხოვროთ, უმჯობესია, სცადონ ჩვენთან საუბარი თავიანთ გამოცდილებაზე, შეხედულებაზე, გაგვიზიარონ, რას ფიქრობენ და განიცდიან. ამით ჩვენი თაობა, ახალგაზრდები, ვიგრძნობთ მხარდაჭერას, თანაგრძნობას, ერთმანეთის მიმართ ნდობა და ურთიერთპატივისცემა გაჩნდება. შემდგომ კი ჩვენი შესაძლებლობლები აღიარებული იქნება. საბოლოოდ შევძლებთ დავამყაროთ ჯანსაღი კომუნიკაცია ერთმანეთთან, რაც დაანგრევს უზარმაზარ კედელს თაობათა შორის. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ჩვენ რადიკალურად განსხვავებულ აზრს დავაფიქსირებთ, თუ სიყვარულის ენით ვისაუბრებთ, ერთმანეთს ვენდობით და რწმენა გვექნება, ერთმანეთს უსიტყვოდაც გავაგებინებთ ჩვენს სათქმელს.

მოცემულ საკითხზე მსჯელობისას აუცილებელია გავიხსენოთ „მამათა და შვილთა დაპირისპირება“, რომელიც ნდობისა და კომუნიკაციის პრობლემის ნათელი მაგალითია. გრიგოლ ორბელიანის თაობა არ ენდობა ილია ჭავჭავაძესა და მის თანამოაზრეებს, მათი სწავლების მეთოდს. ეს იყო მათ შორის განხეთქილებისა და დაძაბული სიტყა-პასუხის წარმოქმნის მიზეზი. ილია ჭავჭავაძეს სურდა დაემკვიდრებინა მე-19 საუკუნის ქართულ სივრცეში ინოვაციური აზროვნება და ღირებულებები, რასაც ფეხი ვერ აუწყო „ძველმა თაობამ“, მათ არ აღიარეს „ახალი თაობა“ და მათი მისწრაფებები.

ამდენად, ყველა თანხმდება იმაზე, რომ ახალგაზრდებს ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, შეგვიძლია სხვადასხვა კუთხით მრავალი ინოვაცია დავნერგოთ და ამისათვის გვჭირდება აღიარება და ნდობა საზოგადოებისგან. შეიძლება, არ ვიყოთ იდეალურები, მაგრამ განვითარებას დიდი დრო და ენერგია სჭირდება. დრო მიდის, თაობები და შეხედულებები იცვლება. ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის კი საჭიროა სიახლეების მიღება და მათი აღიარება. ქვეყნის მომავალს ახალგაზრდები ვქმნით, ჩვენ ამისთვის მხოლოდ თქვენი ნდობა გვჭირდება.

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები