3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში

spot_img

⇑⇓ მარიამ შარმაზანაშვილი

სსიპ თბილისის გოგიტა კიკნაძის სახელობის №182 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში, დაბადებიდან გარდაცვალებამდე, უამრავ გამოწვევას ეჭიდება, ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულ გამოცდილებას იძენს, ეცვლება მისწრაფებები, ღირებულებები, ოცნებები. თუმცა ყველაზე მრავლისმომცველი, განსაკუთრებული და ვნებათაღელვებით აღსავსე ახალგაზრდობის პერიოდია, როდესაც მხურვალე გულში ცეცხლი გიზგიზებს, მზად ხარ გაუმკლავდე ნებისმიერ სირთულეს, გჯერა, რომ მთელი სამყარო შენ გეკუთვნის, მთებს გადადგამ და მწვერვალებს დაიპყრობ. ქვეყნის მომავალი შენზეა დამოკიდებული, ამას იაზრებ და სიამაყე, შიში, პასუხისმგებლობა ერთად გეუფლება. ცდილობ, დაამტკიცო შენი მნიშვნელობა და შექმნა რაიმე ღირებული, მაგრამ ცხოვრების ეს ეტაპი სულაც არ მოიაზრებს მხოლოდ სილაღესა და აღმაფრენას.

ხშირად ახალგაზრდას ტურისტს ადარებენ, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა ღირსშესანიშნავ ადგილებში მანამ, სანამ რაიმე განსაკუთრებულს არ აღმოაჩენს და იქ არ შეჩერდება, რაც არც ისე მარტივია. ზოგჯერ ეს „მოგზაურობა“ არავის ესმის, განსაკუთრებით კი ამ ყოველივეს აღქმა და მიღება უჭირს წინა, ე.წ. „მამათა თაობას“. წინა თაობას თითქოს შიში ეუფლება და ყოველთვის უკმაყოფილოა ახალგაზრდებით, ვერ ხედავს მათში მყარ საყრდენსა და ქვეყნის იმედს. ეს კიდევ უფრო დამაბნეველია ახალი თაობისთვის და, საბოლოოდ, ამ ყველაფერს მწვავე დაპირსპირებამდე მივყავართ, რომელიც ანადგურებს, ასუსტებს როგორც წინა, ასევე ახალ თაობას, ქვეყანას და მთლიანად სამყაროს.

ყველაფერი ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან იწყება. ბერძნული ღვთაება კრონოსი შიშობდა, რომ ძალაუფლებას მისივე შვილები წაართმევდნენ, ამიტომაც ახალშობილებს დაბადებისთანავე შთანთქავდა. თუმცა შვილი ყოველთვის ამარცხებს მამას, მომავალი სძლევს წარსულს. მისი მეექვსე ვაჟი – ზევსი, რომელიც გადაურჩა სიკვდილს, გაიზარდა და შებრძოლების ძალა მიეცა, კრონოსს გამოეცხადა, მისი ძალაუფლება დაამხო და ოლიმპოს მთაზე დამსახურებული ადგილი დაიკავა. მარადიულია დაპირისპირება სიახლის მოშიშ კონსერვატორებსა (მამათა თაობა) და პიროვნებაზე, კანონზე, თავისუფლებაზე კონცენტრირებულ ლიბერალებს (ახალგაზრდები) შორის. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეგვიძლია პარალელი ჩვენი ქვეყნის ისტორიიდანაც მოვიშველიოთ. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, რუსეთის მიერ ანექსირებული ქვეყანა ბედს შეგუებოდა და განაგრძობდა არსებობას რუსეთის იმპერიის ქვეშ, როგორც გუბერნია. მამათა თაობას სიჩუმე აერჩია და მთავარ მიზნად არა სამშობლოს მიწა-წყლის დამპყრობლისგან დაცვა, არამედ იმპერიის მტრებთან ბრძოლა მიეჩნია. თუმცა 60-იან წლებში გამოჩდა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, ისინი დაუპირისპირდნენ მამათა თაობის ამ შემგუებლურ პოზიციას და გაჩაღდა ლიტერატურულ-იდეური ბრძოლა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ამ დაპირისპირების მხარეების პოზიციებს კარგად გამოხატავს ლექსები „პასუხი შვილთა“ და „პასუხის პასუხი“, გრიგოლ ორბელიანი და ილია ჭავჭავაძე ლექსებში მკაფიოდ გამოხატავენ თავიანთ შეხედულებას, შეიძლება ითქვას, რომ მწვავე კრიტიკასაც კი არ ერიდებიან.

ცხოვრება ბობოქარი მდინარესავით მიედინება და დროის შესაბამისად არსებული პრობლემების ირგვლივ ახალგაზრდები ყოველთვის დგანან გამოწვევების წინაშე, მამათა და შვილთა თაობა მუდამ უპირისპირდება ერთამანეთს. ეს პრობლემა, დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ოცდაათ წელზე მეტი გავიდა საბჭოთა კავშირის დაშლიდან, თუმცა, წინა თაობაში დღემდე შემორჩენილია ძველი, „საბჭოთა შეხედულებები“, რასაც ახალგაზრდობა ვერასოდეს გაიზიარებს, რადგან ეს თაობა განსხვავებულია, მას შეუძლია მიიღოს განათლება საზღვარგარეთ, გამოვიდეს საკუთარი ნაჭუჭიდან, მათი ხედვა ჰორიზონტს სცდება, ახალი სივრცეების ათვისებას ცდილობენ, სიახლეების დამკვიდრება სურთ, ამიტომაც „შვილთა“ და „მამათა“ თაობის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. მამათა თაობა უწუნებს ახალგაზრდებს თავისუფლების არასწორ აღქმასა და წინა თაობისადმი უპატივცემლობას. მეც ახალგარზდა ვარ და ზუსტად ვიცი, რას ნიშნავს როდესაც იზრდები, ვითარდები, გგონია, რომ სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა შეგიძლია, თუმცა გესმის შეძახილი: „ახალი თაობა არაფრის მაქნისია, რა ეშველება ჩვენს ქვეყანას მათ ხელში“. ამ დროს ის რწმენა, რომელიც გიბიძგებდა წასულიყავი წინ და მთების გადადგმას გპირდებოდა, სუსტდება, ქრება და გარდაიქმნება საზოგადოებისადმი პროტესტად. თითქოს აგრძელებ ცხოვრებას, ცდილობ, არ დაემორჩილო სირთულეებს, არ დანებდე წინააღმდეგობებს, მაგრამ გოდერძი ჩოხელისა არ იყოს, „ხალხშიც მარტო გრძნობ თავს“, რადგან ვერ პოულობ ადგილს, არ იცი ვინ ხარ და რა გსურს. ამ ყოველივეს გამო ახალგაზრდებს საკუთარი თავის დამკვიდრება პროფესიული კუთხითაც უჭირთ, მათ არ იღებენ სასურველ სამუშაო ადგილას მხოლოდ იმიტომ, რომ არ ენდობიან, ჰგონიათ, გამოუცდელობის გამო, ახალ სიტყვა ვერ იტყვიან. თუმცა ამ ყველაფერმა ნიჰილიზმამდე არ უნდა მიგვიყვანოს, იყო ახალგაზრდა ნიშნავს: იბრძოდე, აპროტესტებდე, გადატრიალებებს აწყობდე, იბრძოდე უკეთესი მომავლის შესაქმნელად.

მაშასადამე, ხშირ შემთხვევაში, „მამათა თაობას“ არ ესმის საკუთარი „შვილების“, ისინი მათ არ აღიარებენ, არ აღიქვამენ პიროვნებებად, რომელთაც რაიმე განსაკურებულისა და ღირებულის შექმნა შეუძლიათ. ასე მგონია, სინამდვილეში, ახალგაზრდების აღიარების პრობლემის მიზეზი წინა თაობის შიშია. დიახ, სწორედ, რომ შიში. შიში იმისა, რომ ჩრდილში დარჩებიან, ალღოს ვერ აუღებენ სიახლეებს. მათ ხშირად ავიწყდებათ, რომ ოდესღაც თვითონაც იყვნენ ახალგაზრდები, მათთვისაც პირველ ადგილას იდგა თავისუფლებისკენ სწრაფვა, თავის დამკვიდრების სურვილი, არც მათი ესმოდათ. ვფიქრობ, ქვეყნის აღორძინების, განვითარების საწინდარი, პირველ რიგში, „მამებსა“ და „შვილებს“ შორის ჰარმონიული ურთიერთობები, ურთიერთგაგება, ერთმანეთის რწმენა და მხარდაჭერაა. საჭიროა, მუდამ გვახსოვდეს, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი სჯობდეს მამასა“. არავინაა ამქვეყნად სრულყოფილი, ახალგაზრდები, რა თქმა უნდა, ვუშვებთ შეცდომებს, თუმცა ჩვენ გვჭირდებიან მასწავლებლები და არა კრიტიკოსები, რომლებიც მიმართულებას მოგვცემენ, რომლის ნაკვალევსაც გავყვებით და ეს ეკლიანი, სირთულეებით აღსავსე წუთისოფლის სავალი გზა შეგვიმსუბუქდება. „მამებისა“ და „შვილების“ გაერთიანება კი გაარღვევს ამ ჩაკეტილ წრეს და შექმნის უსასრულობას, უსასრულობას – სიკეთის, ურთიერთგაგებისა და სიყვარულისა!

 

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები