3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში

spot_img

⇑⇓ ანი ზაქაშვილი

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. ჯალაურთის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

 

„შენ რა იცი? შენხელა სტაჟი მაქვს!“

„მე რა უნდა მასწავლო, მამაშენის ტოლი ვარ?!“

„გუშინ დაამთავრა სკოლა და ამას ვანდო ერთადერთი სიცოცხლე?!“

ამასა და სხვა მრავალ მსგავს ფრაზას მოვისმენთ ქუჩაში, საავადმყოფოს მიმღებში, სკოლაში, ან ნებისმიერ სხვა დაწესებულებებში ახალგაზრდა მასწავლებლის, ექიმის და თუნდაც ჩვენი, უბრალო სკოლის მოსწავლეების, მიმართ.

„უფროს-უმცროსებად“ დაყოფის ტრადიცია, შესაძლოა, ჩვენს წარსულს მივაწეროთ. საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობის თანასწორობის მხრივ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით მოწინავე პოზიციაზე იყო, თუმცა, კომუნიზმმა, საბჭოთა კავშირის ეპოქამ, არა მხოლოდ ჩვენს სამშობლოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში ახალგაზრდათა ხმა „ჩაახშო“. მოხდა ასაკის სტიგმირება, რამაც გამოიწვია ზერელე დამოკიდებულება ბავშვთა, მოზარდთა უფლებების მიმართ. სწორედ ამ მიზეზით, დღევანდელ ახალგაზრდებს, გვიჭირს უფროსთა საზოგადოებაში თავის წარმოჩენა და დამკვიდრება. ჩვენ არასდროს ვიქნებით საკმარისად განათლებული, საკმარისად ზრდილობიანი ან კონსერვატიული, რომ მოვერგოთ მათ მიერ გაწერილ წესებს. დიდი ზომის ტანსაცმელი, უამრავი მაკიაჟი, გაურკვეველი ფორმისა და ფერის ვარცხნილობა – ეს დღევანდელი თინეიჯერის მოკლე აღწერაა, თუ როგორ აღგვიქვამს მშობელთა წრე. ნათქვამია, „ჯერ თვალი ჭამსო“, თუმცა შეუძლებელია ამ პრინციპით ვინმე განვსაჯოთ. შეუძლებელია ასე მათი პიროვნული ღირებულებების შესახებ ბოლომდე შევიტყოთ. ძველსა და ახალ თაობას შორის ჭიდილი მუდმივია, გამომწვევი მიზეზი კი, უმეტეს შემთხვევაში, იდეოლოგიური უთანხმოებაა. ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია მივიღოთ ქართველ მწერალთა შორის 1860-იანი წლების აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც ისტორიაში „მამათა და შვილთა ბრძოლის“ სახელით შევიდა. „თერგდალეულები“ ცდილობდნენ, აღმოეფხვრათ უუნარო თავად-აზნაურთა არსებობის პრობლემა, მწერლობა და ლიტერატურა უბრალო ხალხთან დაეახლოვებინათ, რასაც ძველი თაობის მოღვაწეები ეჭვის თვალით და უკმაყოფილებით უყურებდნენ. ისინი უარს ამბობდნენ თანამედროვეთა აზრის მიღება-გათვალისწინებასა და გააზრებაზე. პირიქით, ყველანაირად ცდილობდნენ, ახალგაზრდათა გადაბირებას და პროტესტის ნიშნად წერილებს და ლექსებს არ იშურებდნენ, თუმცა „თერგდალეულთა“ შეუპოვრობის წყალობით ვერაფერს გახდნენ. ახალი რეფორმების საშუალებით ილია ჭავჭავაძემ და მისმა მომხრეებმა საქართველო გადაარჩინეს და ჩვენს ქვეყანაში განათლების განსავითარებლად პირველი ნაბიჯები გადადგეს. მიუხედავად უფროსთა წყრომისა, ამ ყველაფერმა საქართველოს მომავალზე უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გავლენა იქონია. სწორედ მათი დამსახურებაა ჩვენი დღევანდელი განვითარება.

თაობათა შორის უთანხმოების მსოფლიო მაგალითია XX ს.-ის 60-70-იანი წლების ჰიპთა მოძრაობის წარმოშობით შექმნილი სიტუაცია. მათ მიმართ უფროსთა პროტესტი ნამდვილად გამართლებული იყო, რადგან მათ ძირითად ნაწილს 16-26 წლის ახლაგაზრდები წარმოადგენდნენ, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს ნარკოტიკისა  და ალკოჰოლური თრობის ქვეშ ატარებდნენ და თავს მათხოვრობით ირჩენდნენ. მიუხედავად მათი ცხოვრების წესისა, ჰიპებმა ხელი შეუწყვეს ისეთი მუსიკალური ჟანრების განვითარებას და გავრცელებას, როგორიცაა როკი, ბლუზი და ინდი. სწორედ მათი წყალობით შეიქმნა პირველი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, წამოიწყეს ნარჩენების გადამუშავება და ორგანული საკვების მიღების კულტურა. ასევე ჰიპები იყვნენ პირველი ვეგეტარიანელები. მათ გარეშე დედამიწა და მასზე მცხოვრები ყველა ორგანიზმი ბევრ სიკეთეს დაკარგავდა. ჩვენი თაობა ძალიან ჰგავს ჰიპთა საზოგადოებას. გვაცვია, ვფიქრობთ და ვმოქმედებთ საკუთარი სურვილით და ინტერესებით. ვცდილობთ დამოუკიდებლად მოვიპოვოთ ცხოვრებისეული გამოცდილება. ჩემი თაობის უმრავლესობისთვის პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატია არაა მნიშვნელოვანი, მინდა ისეთი გარემო შეიქმნას ჩემს სამშობლოში, რომ შევძლო თავისუფლად სწავლა, აზროვნება, საკუთარი აზრისა და ინტერესის გამოხატვის თავისუფლება. „დაუდუღარ ქვევრს სარქველი არ დაეხურებაო“, დაუშვებელია მომავლის ასე შებოჭვა, ჩვენშია ბრძოლის სურვილი, რომელიც უფროსებს ასე აფრთხობს. ცნობილი ფაქტია, რომ მშობლები საკუთარი შვილებით ცდილობენ, აისრულონ თავიანთი სურვილები, მაგრამ როდესაც ბავშვი საკუთარი წესებით ცხოვრებას იწყებს, წინა თაობა პოტენციურ მტრად აღიქვამს მას და ეს ორივე მხარისთვის საზიანოა. თუმცა ესაა ყველა დროის სამწუხარო რეალობა.

როგორ უნდა განვითარდეს ახალგაზრდობა შესაბამისი პირობების გარეშე? ერთადერთი გამართლებული და ორივე მხარისთვის მომგებიანი გზა, უბრალოდ, ნდობაა. არაა მნიშვნელოვანი „რას იტყვის მეზობელი, დეიდა, ბიცოლა“. აუცილებელია, მშობლები შვილებს ბოლომდე ენდობოდნენ, მაქსიმალური თანადგომა და მიმღებლობა გამოიჩინონ მათ მიმართ, რადგან ჩვენ ვართ ხვალინდელი დღე.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები