3 დეკემბერი, შაბათი, 2022

ახალგაზრდების აღიარების პრობლემა ჩვენს რეალობაში

spot_img

⇑⇓ ხატია ხოჯანაშვილი

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

ახალგაზრდები წინა თაობის ადამიანებისგან, სამწუხაროდ, ხშირად მოიაზრებიან როგორც კონკურენტები. თაობათა შორის დაპირისპირების ხარისხი კიდევ უფრო მეტად თვალშისაცემია სამსახურებრივ და პროფესიულ დონეზე. რეალობაა, რომ თაობათა თანამშრომლობისა და ხავერდოვანი ცვლის მაგიერ ხელთ გვრჩება არაჯანსაღი კონკურენცია, კონფლიქტები და აგრესიული გარემო. მნიშვნელოვანწილად, ამ ყველაფრის საფუძველი არის ახალგაზრდების სრულიად „დაწუნება“ ან უკეთეს შემთხვევაში – ნაკლებად აღიარება.

წინა თაობის წარმომადგენლები თვლიან, რომ მათი ცხოვრების სტილი თუ ნამოქმედარი უალტერნატივოა და ახალგაზრდებს კი რატომღაც სრულიად საპირისპირო გზა აქვთ არჩეული. უფროსი თაობის ადამიანებს უკვირთ, რატომ იცვამს ისეთ ტანსაცმელს მოზარდი, როგორიც მათ არ გამოუყენებიათ. ახალგაზრდებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანები თუ გადახედავენ თავიანთი ახალგაზრდობის ფოტოებს, შეამჩნევენ, რომ ბევრად უფრო უგემოვნო აქსესუარებით იწონებდნენ თავს. ტლანქი ოქროს ბეჭდები, სერიული წარმოების საყურეები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ვერაფრით ადასტურებს წინა თაობების ესთეტიკური გემოვნების უპირატესობას. უფრო ამაზრზენი ფაქტია, როცა კომუნისტური ეპოქის „მაღალი მორალის“ ადამიანი მალულად, დახლქვეშიდან ყიდულობდა წიგნებს, უცხოურ კოსმეტიკას, სამოსსა და თქვენ წარმოიდგინეთ, საღეჭ რეზინსაც კი და ასეთი მოქალაქეები მენტორული ტონით, დაუზარებლად არიგებენ ჭკუას ახალ თაობას. ზოგჯერ ჭკუის სწავლებითაც არ შემოისაზღვრებიან. მომისმენია, როგორ აკრიტიკებენ ჩემს ტოლ ვაჟებს გრძელი თმის გამო ის მამაკაცები, რომლებიც 40-ოდე წლის წინ შავ-თეთრ ფოტოებში ბაკენბარდებითა და „ავანგარდული“ სტილის გრძელი თმებით თავს იწონებდნენ. როცა მათ დაეკითხები, თუ გრძელი თმა მიუღებელია, რატომ ატარებდნენ ახალგაზრდობისას, გპასუხობენ, რომ ის არ იყო ქალაჩუნური სტილი! გოგონებთან დაკავშირებით კი იმას ვიტყვი, რომ ჩვენი დედებისა და უფროსი თაობის ხალხის გემოვნებაც არ არის ისეთი, რომელსაც უნაკლოდ ჩავთვლიდით. დავსვამ რიტორიკულ შეკითხვას: პრაგმატული მოსაზრებით ჩაცმული გოგონა (ან ვაჟი) რატომ არის თითის გაშვერის სამიზნე?

სინამდვილეში, წინა თაობის ადამიანთა მკაცრი, კრიტიკული მიდგომა გაღმა შედავების პრინციპს უფრო ემყარება. თვალი გავადევნოთ უფრო მნიშვნელოვან პრობლემათა ნუსხას – „ახალგაზრდები(10-დან 29 წლამდე) საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 24,6%-ს წარმოადგენენ. განათლების, დასაქმების, ინკლუზიისა და ჯანმრთელობის სირთულეები, რომლებსაც ერთვის ფინანსური, საცხოვრისისა და ტრანსპორტის პრობლემები, ხელს უშლის ახალგაზრდებს იყვნენ ავტონომიურები, განავითარონ რესურსები და შესაძლებლობები საკუთარი ცხოვრების მართვისათვის, სრულად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს ახალგაზრდებში. სიღარიბის დონე ახალგაზრდებში ასევე საგრძნობლად მაღალია, ისევე, როგორც თამბაქოს, ალკოჰოლისა და უკანონო ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების მაჩვენებელი“. ეს ინფორმაცია მოცემულია იუნისეფის ვებგვერდზე, იუნისეფის ინფორმაცია.

ვიყოთ ობიექტურები და ვთქვათ, რომელიმე ახალგაზრდის, ან ახალგაზრდების ჯგუფის ბრალია ის პრობლემები, რომლებიც ეკონომიკური თუ სოციალური სახით გვაქვს სახელმწიფოში? საიდან შეიძლება პრობლემათა აღმოფხვრა? ბუნებრივია, პრობლემათა აღიარებამდე მათი მოგვარების გზაც არ ჩანს, ვერ დავსახავთ იმ ღონისძიებებს, რომლებითაც შეიძლება უკეთესი შედეგები მივიღოთ. ეს პრობლემა კი ახალგაზრდების აღიარებასთანაა დაკავშირებული და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები