24 ნოემბერი, კვირა, 2024

ახალგაზრდა ექიმი

spot_img

სამყაროში ყველაზე დიდი საოცრება ალბათ მზეა. სავსე და მოკაშკაშე მზე…

მე პირადად მზის სუნი არასდროს მიგრძვნია. ის იმდენად სასიამოვნო და თბილია, რომ ადამიანს მისი ყნოსვის სურვილი ალბათ არასდროს გაუჩნდება.

ყინულისა და ყინვის სუნი თუ გიგრძვნიათ ოდესმე? რა უცნაურ კითხვებს ვსვამ, არა? ნეტავ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ კითხვები იყოს და სხვა არაფერი… მე კი მიგრძვნია ყინვის სუსხი და სუნი, ოღონდ იცი როგორი ყინვის? ადამიანის სხეული რომ მოუცავს და არ აპირებს მის მიტოვებას.

ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანის სხეული გარდაცვალებამდე გაიყინოს? ვაი, რომ შეიძლება, თანაც როგორ…

მე ერთხელ შევიგრძენი ცოცხალი ადამიანის ყინულის ლოდად ქცეული სხეულის სუნი და თანაც ისე შევიგრძენი, რომ აღარ მსურს მსგავსი გრძნობების ოდესმე განცდა.

შემოდგომის ერთ-ერთ სუსხიან ღამეს ღუდუშაურის კლინიკის სამშობიარო ბლოკში ერთმანეთს ენაცვლებოდა დედობის მომლოდინე ქალთა ბედნიერებანარევი ტირილი და გმინვა.

მოსაცდელში ვის არ ნახავდით… აქ ყველა და ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო. ერთ ხმაში იცინოდნენ და ტიროდნენ ექიმები, ექთნები, წარჩინებულები, მდიდრები თუ ღარიბები…

გასაოცარი სიდინჯითა და კეთილი თვალებით გამოირჩეოდა ერთი ახალგაზრდა ექიმი. ხომ გსმენიათ მეტყველი თვალების შესახებ? ჰო და მისი თვალები თითქოს საუკუნოვანი ისტორიის ფერხულში იყვნენ ჩაბმულნი…

ახალგაზრდა ექიმი მძიმე ნაბიჯებით გადაადგილდებოდა ღუდუშაურის კლინიკის მოსაცდელში და თითქოს უხმო, საუფლო მამაო ჩვენოს იზეპირებდა.

იმავე მოსაცდელში დარბაისელი მამაკაცი ბოლთას სცემდა და საკუთარ თავს ებაასებოდა…

ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დარბაისელს ახალგაზრდა ექიმი ფეხაკრეფით მიუახლოვდა, კანკალნარევი ხმით უჩურჩულა:

– თქვენ არ დარჩებით შვილის გარეშე, მე არ დავუშვებ ამას…

– კი, მაგრამ ჩემი ცოლისა და შვილის მდგომარეობა თითქმის უიმედოა…

– უიმედობა ადამიანთა გონებაში წარმოქმნილი და შეთხზული გაუცნობიერებელი გრძნობაა… უნდა გწამდეს უფლისა და მომავლის…

ექიმის სიტყვებმა თითქოს ერთთავად შეძრა უიმედო მამის გონება და ცოტა ხანში ისიც ისე ელოდა ახალი გულის ფეთქვის შეგრძნებას, როგორც მოსაცდელში, შვილების მომლოდინე, ჯერაც არშემდგარი მამები…

– ბიჭია, ბიჭი… – თითქოს ჰაერი გაჰკვეთა ამ სიბრძნეშერეულმა სიტყვებმა და ახალგაზრდა ექიმი საკუთარი სისხლ-ხორცივით ჩაეკრა დარბაისელ მამაკაცს.

– მერე იყო შეძახილები, მილოცვები, დალოცვები… მერე კი იყო ტკივილი, დიდი ტკივილი…

– ექიმო, ბავშვის გვამი სად წავიღოთ? – ხმაათრთოლებულმა ექთანმა თითქოს ამქვეყნად დააბრუნა ახალგაზრდა ექიმი.

– მივხედავ, დავითი როგორ არის?

– დავითი კარგად გრძნობს თავს ახლად შეძენილ დედ-მამასთან.

– მივულოცავ, ცოტა ხნით მადროვეთ… ყელში სულმობრჯენით ამოიგმინა ექიმმა…

ცოტა ხნის შემდეგ დარბაისელი კაცის მეუღლის პალატაში სახეგაბადრული ექიმი შევიდა და შვილის შეძენა მიულოცა ახალბედა, მაგრამ ცხოვრებისაგან ფრთებშეკვეცილ, მრავალჭირგამოვლილ, უიმედო წყვილს.

აი, მაშინ ვიგრძენი ყინვის სუნი და ძალა, იცით როგორი? სიკვდილს რომ უხმობს თავისთან და მისი სიკვდილი ახალ სიცოცხლეს რომ ბადებს.

დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ ახალგაზრდა ექიმი, ასევე ახალგაზრდა ქალის მოსასვენებელ ოთახს ესტუმრა. მან გულში ჩაიკრა ჯერაც ახალდედობაგანცდილი ქალის სხეული და ტირილნარევი სიცილით ამოიგმინა: „დათუნა კარგადაა“…

მანდილოსნისა და მამაკაცის ხმის სხვაობაზე ოდესმე გიფიქრიათ? თითქოს ერთი წკრიალაა და მეორე – ოდნავ უხეში, მაგრამ კაცის ტირილის ხმაზე უარესი უფალს არაფერი შეუქმნია ამქვეყნად.

ახალგაზრდა ექიმი, სანატრელ ქალთან ერთად, ღვთისთვალებითა და ყინვანარევი ამბორით ეალერსებოდა ქალიშვილების ერთობლივ ფოტოს და მათ შორის დავითი ისეთი სიცხადით ეხატებოდა, როგორც საკუთარი სხეულის მყინვარება.

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა ამ შემთხვევის შემდეგ. ერთხელ კი ერთმა ნაცნობმა, აი, რა მიამბო…

თურმე ახალგაზრდა ექიმისა და მისი მეუღლის საფლავზე ყოველთვის ცოცხალი ვარდები იწონებენ თავს…

ხომ იტყვიან, ქალიშვილი მამისთვის იბადებაო, მაგრამ თურმე მამაკაცსაც შეძლებია მანდილოსნური სულის ტკივილის გადმოცემა.

ჩემმა ნაცნობმა ისიც მიამბო, იმ საფლავზე მუდამ ერთი მზეჭაბუკი მიდის ვარდებითო… იქაურობას ციმციმ დაასუფთავებს და ხარირემივით ამოიბღავლებს, შენი დათუნა მოვედიო.

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავ სახელი შენი…“

ასლან შაინიძე

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები