აჭარაში ბავშვის უფლებების ცენტრის გაიხსნა

252

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი, ერთობლივი სამუშაო ვიზიტით, აჭარაში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან სამუშაო შეხვედრები გამართეს და ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომლებიც აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, აჭარის 30 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტონურ მოდელს გაეცნობიან, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკის კუთხით.

ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან, UNICEF-ის წარმომადგენელთან და ელჩებთან ერთად, აღნიშნულ პროექტში ახლად ჩართული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაც მოინახულა. სტუმრებმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამასთან, მახუნცეთის საჯარო სკოლას გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განმავითარებელი სათამაშოები, წიგნები და სხვა საგანმანათლებლო რესურსები გადასცა საჩუქრად.

აჭარის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებების ცენტრის გახსნის ცერემონიას დაესწრო, ბავშვთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მომზადების პროცესში უნივერსიტეტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ახალგაზრდები, რომლებიც მომავალში მასწავლებლის პროფესიას აირჩევენ, სწორედ ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნით უნდა იყვნენ აღჭურვილები. მხოლოდ ასე შეძლებენ ისინი ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების გათავისებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას“. ცენტრის გახსნის ცერემონიაში, ასევე, მონაწილეობდნენ: ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი.

მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების ცენტრი აჭარის რეგიონში პირველია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით – რიგით მეორე. მისი ფუნქციონირება ხელს შეუწყობს აჭარაში სხვადასხვა დარგის სპეციალისტების, უფლებადამცველების, აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლების, მშობლებისა და ბავშვების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ.

ცენტრის დაარსების აღსანიშნავად, ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდრესენმა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ღასან ხალილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იმართება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – ტრენინგები, საჯარო ლექციები და დისკუსიები, ასევე, მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო მასალები ბავშვთა უფლებების შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდის პროგრამის მიზანია საქართველოს უნივერსიტეტებში ბავშვთა უფლებების კულტურისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის ბავშვთა უფლებების კურსების შემუშავება მომავალი მასწავლებლების, განათლების ადმინისტრატორების, იურისტებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების მოსამზადებლად.

დატოვეთ კომენტარი