23 ნოემბერი, შაბათი, 2024

აქციეთ ყოველდღიურობა თავგადასავლებად

spot_img

არდადეგები ბევრი თავისუფალი დროა საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნისთვის, თავგადასავლებისთვის. ზაფხულის დღეების საინტერესოდ გასატარებლად რამდენიმე აქტივობას გთავაზობთ.

ფოსტა და წერილები ?

პირადი წერილების წერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.   დიდ თუ პატარა ქალაქში აუცილებლად მოძებნით ფოსტას. გაუგზავნეთ წერილი მონატრებულ მეგობარს, მასწავლებელს, ნათესავს. უამბეთ თქვენი ზაფხულის დღეების შესახებ, ურჩიეთ ფილმი, წიგნი, მულტფილმი და თქვენი რჩევა არგუმენტებით გაამყარეთ. დაიცავით წერილის ქარგა (ადრესატისა და ადრესანტის მისამართი, მიმართვა, ძირითადი ტექსტი, დამშვიდობება). წერილში ჩადეთ გამხმარი ყვავილი. გააცანით საყვარელ ადამიანებს თქვენი კალიგრაფია. სთხოვეთ, რომ პასუხად მათაც წერილი გამოგიგზავნონ.

მუზეუმში სტუმრობა ?

რას უამბობდით თქვენი ქვეყნის შესახებ ადამიანს, რომელმაც საქართველოს შესახებ პირველად თქვენგან უნდა შეიტყოს ინფორმაცია? მუზეუმში სტუმრობა იდეალური აქტივობაა ისტორიის შესასწავლად, კულტურის გასაცნობად, ეროვნული თვითშეგნების ასამაღლებლად. ეწვიეთ მუზეუმს, აღმოაჩინეთ თქვენი ქვეყანა განსხვავებულ ჭრილში, გაიცანით და გააცანით სხვასაც.

წაიკითხეთ წიგნი სხვისთვის ?

გამოიყენეთ თავისუფალი დრო და წაიკითხეთ წიგნი სხვისთვის. გაიხსენეთ ადამიანი, ვისთვისაც წიგნს წაიკითხავდით, ვისი აზრიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და ვისთან ურთიერთობაც გსიამოვნებთ. შემდეგ შეარჩიეთ ავტორი და   წიგნის სათაური. კითხვისას ბარათებზე დაწერეთ კითხვები და შთაბეჭდილებები, რომლებიც დაგებადებათ და ფურცლებს შორის ჩატოვეთ. გახაზეთ საინტერესო ფრაზები. წაკითხვის შემდეგ წიგნი შეფუთეთ ლამაზად, დაწერეთ შთაბეჭდილებების წერილი და გადაეცით ადრესატს. ამგვარად წაკითხული წიგნი დაუვიწყარი აღმოჩნდება როგორც თქვენთვის, ასევე იმ ადამიანისთვისაც, რომლისთვისაც წაიკითხეთ და ფიქრებში ფურცელ-ფურცელ მიიყოლებდით.

დღიური ?

არ დაიზაროთ და წერეთ ყოველდღიური ამბები. ესაუბრეთ საკუთარ თავს, დასვით კითხვები, ჩააკარით კანფეტის, შოკოლადის ქაღალდები, ქვითრები, გამხმარი ყვავილები – ყველაფერი ის, რაც თქვენს ამბებს ქმნის. გარდა იმისა, რომ წერით საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას ისწავლით, დღიური საშუალებას მოგცემთ საკუთარი ცხოვრება მოგონებებად შემოინახოთ და თვალი ადევნოთ თქვენი განვითარების ეტაპებს.

სამაგიდო თამაშები ?

ლოტო, კარტი, მონოპოლი, ჭადრაკი, ნარდი, ქალაქობანა – სამაგიდო თამაშები მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დროის გატარების საუკეთესო გზაა. დააკვირდით საკუთარ ემოციებს, ქცევას – როგორ ეგუებით დამარცხებას, რამდენად მოხერხებული ხართ, გაქვთ თუ არა იუმორის გრძნობა. შეხედეთ თავს, როგორც უცხოს. დაკვირვების შედეგები საუკეთესო მეგობარს გაუზიარეთ.

გირჩევთ, ზოგჯერ არაფერი აკეთოთ, მაგრამ თუ ახალი წიგნის, ფილმის, მუსიკის, მულტფილმის აღმოჩენას გადაწყვეტთ, მაშინ კითხვა განაგრძეთ.

წიგნი – „ბიჭის ცხოვრება“ ?

რობერტ რ. მაკკამონის „ბიჭის ცხოვრება“ კორის გაგაცნობთ. ის 12 წლის ბიჭია, ამერიკის ერთ-ერთ ქალაქში, ზეფირში, ცხოვრობს. ჰყავს მშობლები, მეგობრები, ძაღლი და თვალის ჩინივით უფრთხილდება ველოსიპედს. კორი პირველ პირში გვიამბობს თავისი ქალაქის შესახებ. სქელტანიანი წიგნი თქვენი ზაფხულის დღეებს დაუვიწყარი ემოციებით აავსებს. ჩვენს ქალაქსაც გაგახსენებთ, სადაც ადამიანები იკარგებიან, მოზარდებსა და ცოლებს კლავენ და მიუხედავად ამ შემზარავი ამბებისა ადამიანები ყოველდღიურ რუტინაში არიან ჩაბმულები – მეტროს ჩასასვლელთან ასაკოვანი ქალბატონი თავისი ბაღის ვარდებს ორ ლარად ყიდის, მტრედის ხუნდები მეცხრე სართულის აივანზე აფარებენ თავს, ღია ფანჯრებიდან შემწვარი ბადრიჯნის სუნი გამოდის, უბნის სტადიონზე ბავშვები ბურთს თამაშობენ. ასეა ზეფირშიც, კორის ქალაქშიც. ბიჭის მახვილი თვალი ყველა ჯადოსნურ ამბავს ამჩნევს და იმედგაცრუებების უბრალო ამბებში აღმოჩენილი სინათლით გადაფარვას ცდილობს.

„ბიჭის ცხოვრება“ ყველა ბიჭისა და გოგოს წასაკითხი წიგნების სიაშია შესატანი. თუკი, მასწავლებლები და მშობლებიც წაიკითხავენ, კიდევ უფრო უკეთესი იქნება.

მუსიკა – ჯგუფი „კოლექტივი“?

ოთხი ახალგზრდა მუსიკოსი ძალიან კარგ მუსიკას ქმნის. სიმღერის ტექსტები, მუსიკა, კადრები – მხიარულ განწყობაზე დაგაყენებთ. განსაკუთრებულ ყურადღებას მარო მაყაშვილზე შექმნილი მულტიპლიკაციური კლიპი იქცევს, რომელსაც ფონად უკარგესი ტექსტი და მუსიკა გასდევს.

მულტფილმი – „გულის ჩურჩული“ ?

იაპონელი ანიმატორის ნამუშევრების ესთეტიკური სამყარო გულგრილს არავის ტოვებს. მის ანიმეებში ფილოსოფიურ შეხედულებებსაც აღმოაჩენთ და ისეთი იდუმალებით აგავსებთ, ნამდვილ პოეზიას რომ ძალუძს.

„გულის ჩურჩული“ მოზარდების ცხოვრებას გაგაცნობთ. თუ გაინტერესებთ, როგორია პირველი სიყვარული, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, წიგნებით ნაპოვნი ძვირფასი ურთიერთობა – მაშინ ზაფხულის დღეები მშვენიერი დროა ამ ანიმაციისთვის დროის დასათმობად.

ფილმი – „მეტიჩარა“ ?

ზოგჯერ ცოლ-ქმარს შორის დიდი და მტკივნეული გაუგებრობა ჩამოწვება ხოლმე, რაც შვილებისთვისაც რთული მოსანელებელია. ფილმის სიუჟეტი ერთი ოჯახისა და ორი ქალაქის ცხოვრებას გვაცნობს. პატარა გოგონას თვალსაწიერსა და პიროვნულ განვითარებას ბათუმში, მამასთან გატარებული დღეები ცვლის. მეტიჩარა მამა-შვილის მეგობარი დელფინია. აგვისტო შესაფერისი დროა ქართული ფილმის სანახავად და   ფიქრისთვის.

სერიალი – „თესეა“ ?

დიდი და პატარა ქალაქების ცხოვრება ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. პატარა ქალაქებში ჩაკეტილი სივრცეა, თითქოს ლუპით აკვირდებიან ადამიანები ერთმანეთის ყოველდღიურობას. თანამედროვე ქართული სერიალი „თესეა“ საინტერესო დისკუსიებისთვის განგაწყობთ: ეთნიკური უმცირესობების ტრადიციები, სტერეოტიპული აზროვნება, ერთი ადამიანის ქმედების ძალა და მნიშვნელოვნება, თანამდებობა და ძალაუფლება, პრობლემების გადაჭრის გზა, დრომოჭმული შეხედულებები, არჩევანის თავისუფლება – კიდევ ბევრი საკითხის ჩამოთვლა შეიძლება. ამგვარ თემებზე საუბარი მოზარდის ცნობიერების ასამაღლებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. რაც მთავარია, სერიალის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია „ვეფხისტყაოსანი“. სერიალის ყურებისას აუცილებლად გაგიჩნდებათ პოემის წაკითხვის სურვილი.

საინტერესოა, თქვენ რომელი წიგნით, ფილმით, მუსიკით, მულტფილმით, სერიალით გაგყავთ ზაფხულის დღეები!

ლელა კოტორაშვილი

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები