9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

აქტუალური კითხვა მასწავლებლებს შორის

spot_img

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გამოაცხადა, რომ სწავლა სკოლებში პირველ სექტემბრამდე აღარ განახლდება და სასწავლო წლის დასრულება ონლაინ რეჟიმში მოგვიწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ საჭირო გახდება მოსწავლეთა შეფასება. თავიდან, როცა ონლაინ სწავლებაზე გადავდიოდით, მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ განაცხადა, რომ მოსწავლეები არ შეფასდებოდნენ, მაგრამ სასწავლო წლის ონლაინ ფორმატში დასრულების გადაწყვეტილებამ რეალობა შეცვალა და მასწავლებლები კიდევ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ახლა მასწავლებლებში აქტუალური გახდა კითხვა – როგორ შევაფასოთ მოსწავლე, ჩვენთვის კი – არიან თუ არა მასწავლებლები მზად დისტანციური შეფასებებისთვის?

 კოლეგებს დისტანციური შეფასებების შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ქიმიის დოქტორი, მენტორი მასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს „ათეულის კლუბის წევრი“ ხათუნა გოგალაძე.

✅ ქალბატონო ხათუნა, უკვე ვიცით, რომ სწავლა სკოლებში სექტემბრამდე აღარ განახლდება, ამიტომ ახლა აქტუალური გახდება შეფასებები, თუ მიმართა სამინისტრომ მასწავლებლებს ოფიციალურად, ამასთან დაკავშირებით?

✅ მოგეხსენებათ, COVID-19-ის გამოწვევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განათლების სამინისტრომ და მართლა მაღალი პასუხისმგებლობით ჩაერთო დისტანციური სწავლების პროცესში სკოლებისა თუ მასწავლებლების უმრავლესობა. დასაფასებელია ისიც, რომ სამინისტროს მხრიდან, გარკვეულწილად, მოხერხდა დისტანციურ პროცესზე დაკვირვება, რის საფუძველზეც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ გამოწვევასთან დაკავშირებული დაბრკოლებები და ხარვეზები არ არსებობს. ბუნებრივია, არსებობს.

რაც შეეხება შეფასებებს, სასკოლო სივრცეში და არა მხოლოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, რაც კანონმდებლობითაა განსაზღვრული, არის განმსაზღვრელი შეფასების აუცილებლობა, რომელიც მოსწავლის კლასიდან კლასში გადასვლას უზრუნველყოფს. თუმცა, სწავლების პროცესში მნიშვნელოვან წილს იკავებს განმავითარებელი შეფასება. სამინისტროს რეკომენდაციით, შემდგომ სასწავლო წლებში, განმავითარებელი შეფასება მნიშვნელოვანი რგოლი იქნება სწავლების პროცესში და, შესაძლებელია, გადამწყვეტიც.

✅ როგორ შევაფასოთ მოსწავლეები? გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება კოლეგებს.

✅ როგორ შევაფასოთ მოსწავლეები? – დღეს ეს მართლა აქტუალური კითხვაა მასწავლებლებს შორის. ზოგადად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები სკოლებს, კერძოდ, მასწავლებლებს არ მიგვიღია, თუმცა, სამინისტროდან ყოველთვის იყო რეკომენდაცია, სწავლების პროცესში გამოგვეყენებინა განმავითარებელი შეფასება.

მოგეხსენებათ, არის ქვეყნები, სადაც მხოლოდ განმავითარებელი შეფასებით ფასდება მოსწავლე თუ სტუდენტი ამა თუ იმ საფეხურზე, თუმცა, ამ შემთხვევაში, არსებობს შეფასების გაწერილი რუბრიკა. მიმაჩნია, რომ შესაძლებელია შეფასების რუბრიკების გამოყენება. მასწავლებლები, დღეს, ძალიან კარგად იცნობენ ამ შეფასების რუბრიკებს. ვიდრე ოფიციალური რეკომენდაციები მოვა სკოლებში, აუცილებელია, ამა თუ იმ აქტივობის ან კონკრეტული თემის შეჯამება გაწერილი იყოს რუბრიკით. თუმცა, როგორი ტიპის აქტივობა დაიგეგმოს, ეს აუცილებლად კარგად მოსაფიქრებელია. განმავითარებელი შეფასება, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, ერთგვარად, მჭიდრო კომუნიკაციას ამყარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სწავლების პროცესში. დისტანციური სწავლების აკრედიტებულ უნივერსიტეტებსა თუ სასწავლებლებს ძალიან კარგი სამართავი სისტემა აქვთ. სტუდენტი ან კურსის მსმენელი დისტანციურად აბარებს გამოცდას ისე, რომ შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს როგორც მისი საგნობრივი კომპეტენცია, ასევე უნარები. საქართველოში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასაც აქვს მსგავსი პროგრამები. ეს პროცესი, დღეს, სასკოლო სივრცეში რთულად მიდის, რადგან მთავარი პრობლემა მაინც უკავშირდება არა მარტო პროგრამულ გამართულობას, არამედ ტექნიკურ აღჭურვილობასა და მასწავლებლებისა თუ მოსწავლეების კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს. ამას კიდევ ემატება საქართველოს ის რეგიონები, სადაც საერთოდ ჭირს ინტერნეტით მუშაობა.

მასწავლებლებს ვურჩევ, გამოიყენონ ისეთი აქტივობები, რომლებიც მხოლოდ წერითი ტესტური დავალების ჭრილში არ სრულდება. მათ შორის, შესაძლებელია, ნებისმიერ საგანში, მოსწავლეებს მიეწოდოს შეფასების რუბრიკით განსაზღვრული გეგმა: კვლევის, ექსპერიმენტის, პროექტის, პრეზენტაციის, რეფერატის, ესესა თუ ჩანახატის. აუცილებლად უნდა იყოს განსაზღვრული შესრულების ვადები.

მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის ქვეყნების სწავლების ძირითადი ფორმატი ინტეგრირებული და ორიენტირებულია იმაზე, რომ სწავლების პროცესში მოსწავლეებს სხვადასხვა უნარ-ჩვევები გამოუმუშავდეთ. თუ მასწავლებლები საგნებს შორის, გარკვეულ თემებში, შეძლებენ გადაკვეთასა და ინტეგრირებას, ეს იქნება სრულფასოვანი ფორმატი. ამ ტიპის დავალების შესრულებისას შესაძლებელია მოსწავლის შეფასება. თუ სამინისტრო მოგვცემს სათანადო რეკომენდაციას განმსაზღვრელი შეფასების აუცილებლობის შესახებ, შემდგომ შეიძლება ეს შეფასებაც გამოვიყენოთ.

ასევე შესაძლებელია, მოსწავლეებს მივცეთ დავალება, რომ კონკრეტულ საგანში გარკვეული ელექტრონული რესურსი შექმნან. თუმცა, მათი შრომა გათვლილი უნდა იყოს შეფასების რუბრიკის მიხედვით. იდეალური ვარიანტია, როდესაც მოსწავლე ინტერნეტით უზრუნველყოფილია და ადვილად შეუძლია მსგავსი დავალების შესრულება.

ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი დავალება გათვლილი იყოს ესგ-სა და ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ასევე, განსაზღვრული იყოს დავალების შესრულების გონივრული ვადა და მოსწავლე ინფორმირებული იყოს ამ დავალების შეფასების რუბრიკის შესახებ.

✅ საინტერესოა, ასევე, შეფასების ნაწილში თუ ფიგურირებს „ტელესკოლა“ რაიმე სახით ან თუ არსებობს ბმა დისტანციურ გაკვეთილსა და ტელეგაკვეთილს შორის (თუ ტელეგაკვეთილის მოსმენა/არმოსმენა ნებაყოფლობით საწყისებზეა)?

✅ „ტელესკოლის“ მოდელი ძალიან კარგი საშუალებაა, რომ მოსწავლეებამდე მივიდეს ის მნიშვნელოვანი მასალა, რისი დანაკარგიც არსებობს დღეს. თუმცა, მასწავლებლებისთვის, რომლებიც, თავის კლასთან, დაბრკოლების გარეშე ატარებენ გაკვეთილებს დისტანციური სწავლების რეჟიმში, ტელეგაკვეთილი ისეთივე დამხმარე რესურსი იქნება, როგორიც არის სახელმძღვანელო, ვიდეოჩანაწერი ან ნებისმიერი საინტერესო მასალა ენციკლოპედიიდან. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოსწავლე ორიენტირებულია ჩემ მიერ მიწოდებულ მასალაზე, თუმცა, ის შეზღუდული არ არის და სხვა დამხმარე რესურსის გამოყენებაც შეუძლია, მათ შორის „ტელესკოლის“ გაკვეთილებისაც. ამ ეტაპისთვის, თემატურად, სხვადასხვა კლასში ეს მასალები ზუსტად არ ემთხვევა, მაგრამ „ტელესკოლის“ ვებგვერდზე ყველა გაკვეთილი ინახება სამომავლოდ, რაც, თავისთავად, ძალიან კარგი რესურსია. აღვნიშნავ იმასაც, რომ არის სკოლები, რომლებისთვისაც ტელეგადაცემები არა თუ მნიშვნელოვანი რესურსია, არამედ,ზოგ შემთხვევაში,   „სასიცოცხლოც“ კი.

სამინისტრომ შექმნა საიტი – https://tvschool.ge/, რაც მასწავლებლებისთვის აადვილებს მოსწავლეების შეფასებას (მაგ.: დახურულ 10-კითხვიანი ქვიზები). ვფიქრობ, ჯერჯერობით, ეს ალტერნატიული შეფასების საშუალებაა. მასწავლებელი რეგისტრირდება საიტზე და მოსწავლეებს უგზავნის სავარჯიშოს არჩეული თემიდან, მოსწავლეც რეგისტრირდება საიტზე, ასრულებს დავალებას და წამიერად ნახულობს უკუკავშირს. ამ ინფორმაციაზე კი, მის მასწავლებელსაც აქვს წვდომა. ვფიქრობ, მასწავლებლებმა ეს შესაძლებლობაც უნდა გამოიყენონ.

შეფასებისას, შესაძლებელია, მასწავლებლებმა შექმნან ანალოგიური ქვიზები სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე, მათ შორის classroom-სა თუ Microsoft Teams-ში.

✅ ქალბატონო ხათუნა, ძალიან საინტერესოა, ასევე, როგორ უნდა შეაფასონ მასწავლებლებმა ის ბავშვები, რომლებსაც, დაბალი ხელმისაწვდომობის გამო, უბრალოდ არ უტარდებათ ონლაინ გაკვეთილები ან არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეები, რომლებისთვისაც ყველა საგნის გაკვეთილი „ტელესკოლითაც“ კი არ არის ხელმისაწვდომი?

✅ ვფიქრობ, ამ საკითხზე აქტიურად უნდა იმუშაოს არა მარტო განათლების სამინისტრომ, არამედ არასამთავრობო სექტორმაც. მნიშვნელოვანია ყველა განათლების სპეციალისტის ხედვის განხილვა და გადაფასება. უნდა შემუშავდეს ალტერნატიული შეფასების სქემები. მოგეხსენებათ, რომ სკოლები, მოსწავლე კლასიდან კლასში რომ გადავიდეს, იყენებენ საშემოდგომო თუ ექსტერნის გამოცდებს. ამ ეტაპისთვისაც, ვფიქრობ, ალტერნატიული შეფასების სქემა უნდა მოიძებნოს იმ მასალაზე დაყრდნობით, რისი გავლისა და ათვისების საშუალებაც აქვს მოსწავლეს, რომ სწავლების შესაბამისი საფეხური გადალახოს.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს არასამთავრობო ორგანიზაციაში (ასოციაცია-ბიო), წლებია, საინტერესო რესურსებით ვეხმარებით მასწავლებლებს, ვქმნით და ვუზიარებთ მნიშვნელოვან დამხმარე მასალას, ვაძლევთ რეკომენდაციებს, რაც უადვილებთ, სწავლების პროცესში იყვნენ მუდმივად აქტიურნი. დამწყებ მასწავლებლებს მეთოდოლოგიურად ვეხმარებით. ვთვლი, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებაც და სახელმწიფოს მხრიდან მათი წახალისება თუ მხარდაჭერა.

ესაუბრა ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები