ია მაჩიტიძე
სსიპ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი
სკოლისთვის მზადება მნიშვნელოვანია ყველა ბავშვისთვის, როგორც ცხოვრების ახალი ეტაპი. ცვლილებებს ყველა სხვადასხვანაირად ხვდება. ეს საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის, რადგან ახალ გარემოსთან ადაპტირება მისთვის გარკვეულ ბარიერს ქმნის.
პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაკვირვებამ მიჩვენა, რომ ტრანზიციის პროცესების ეფექტიანად წარმართვას წარმატებული შედეგები მოყვება.
⇒ რა არის ტრანზიცია?
ტრანზიცია – პირის საჭიროებებზე მორგებული და ეფექტიანად კოორდინირებული პროცესი, რომელიც გულისხმობს სასკოლო ასაკის პირის სკოლაში შესვლას და მოსწავლის სხვა სკოლაში მობილობას, რომელიც ხორციელდება ამ პროცესში მონაწილე მხარეების თანამშრომლობით და ემსახურება სასკოლო პროცესში პირის/მოსწავლის წარმატებულ ჩართვას.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ სიახლეების გასაცნობიერებლად და მათ ირგვლივ შეცვლილ გარემოსთან შესაგუებლად, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტრანზიციისთვის მზადება ადრიანად დაიწყოს და დროულად განხორციელდეს.
გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ტრანზიციის დაგეგმვისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ჩვენც სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების ინფორმაციის გაცნობის შემდეგ სკოლაში შევხვდი მათ მშობლებს და ტრანზიციის ეტაპების შესახებ ვესაუბრე, პრეზენტაცია მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მასალას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია ჩემი და ჩემი გუნდის სპეციალისტების გამოცდილების შესახებ.
გავაცანი პირველკლასელთა ეფექტიანად წარმართული ტრანზიციის მაგალითები, ასევე, ვისაუბრეთ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების კოლეჯში ჩარიცხვის ტრანზიციის პროცედურებზე.
პრეზენტაციის მსვლელობისას, მშობლებს დაურიგდა კითხვარი შესავსებად, რომელიც მოიცავდა მათი შვილების ინტერესებისა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ინფორმაციას, რაც სპეციალური მასწავლებლებისა და დამრიგებლებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი.
კითხვები შემდეგი სახის იყო:
- ბავშვის ინტერესები;
- როგორ ურთიერთობს ბავშვებთან;
- ბავშვის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პრეზენტაციის კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართვა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორივე მხარისთვის, მშობლები გახსნილები და კომუნიკაბელურები იყვნენ, სვამდნენ კითხვებს და იღებდნენ ამომწურავ პასუხებს.
შეხვედრას ესწრებოდა ჩვენი გამოცდილი და აქტიური მშობელი, რომელმაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარა შეკრებილებს, ისაუბრა მის მიერ განვლილი პერიოდის შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იყო მშობლებისთვის. მხარეებს შორის თანამშრომლობა საკმაოდ ეფეტიანი იყო. დაიგეგმა და განხორციელდა შეხვედრა დამრიგებლებთან, პედაგოგებმა სრულფასოვანი ინფორმაცია მიიღეს თავიანთი მოსწავლეების შესახებ, რამაც ტრანზიციის სწორად და წარმატებით წარმართვა განაპირობა.
დაიგეგმა თითოეული მოსწავლის სკოლის სივრცის სანახავად მოსვლის დღეები, აგრეთვე, მშობლებს დავურიგეთ პატარა საინფორმაციო ბროშურები, რომელშიც დასურათებულია სკოლის შესახებ ინფორაცია, რაც მომავალ პირველკლასელებს ტრანზიციის ეტაპების ეფექტურად განხორციელებასა და ადაპტაციის პროცესების უმტკივნეულოდ გავლაში დაეხმარებათ.
პრეზენტაცია გაიმართა სკოლის პედაგოგებისთვისაც, მათაც ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მომავალი მოსწავლეების, აგრეთვე ტრანზიციის პროცესების შესახებ. ასე შეიკრა რგოლი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ეტაპების ეფექტიანად წარმართვისთვის.
მშობლებისა და პედაგოგების გაძლიერება, მათი მხარდაჭერა ჩვენი პრიორიტეტია. სწორი კომუნიკაცია და ღია საუბრები ხსნის მშობლებსა და პედაგოგებს შორის არსებულ ბარიერებს, რაც მნიშვნელოვანი პირობაა მოსწავლის განვითარებისთვის.
პრეზენტაციის შედეგად, მივიღეთ, ერთი მხრივ, დაიმედებული და ინფორმირებული მშობელი, რომელმაც იცის სად მიდის მისი შვილი, როგორ გარემოში მოუწევს სწავლა, როგორია სპეციალისტების გუნდი და პედაგოგი, რომელზედაც მან შეაჩერა არჩევანი და, მეორე მხრივ, ინფორმირებული მასაწავლებლები და ადმინისტრაცია, რომელთაც ყველანაირი ინფორმაცია აქვთ მოსწავლის საჭიროებების შესახებ და მზად არიან მის მისაღებად. და რაც მთავარია – მოსწავლე, რომელსაც არ გაუჭირდება მშობლებთან განშორება, რომელიც ენდობა მომავალ პედაგოგებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ შედარებით უმტკივნეულოდ გაივლის ადაპტირების პროცესს.
გამოყენებული ლიტერატურა:
♦ გზამკვლევი სპეციალური მასწავლებლებისთვის (ბაია კუბლაშვილი, შორენა ტყეშელაშვილი);
♦ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირთა განათლების სისტემაში ტრანზიცია, 2021წ.