16 აგვისტო, სამშაბათი, 2022

აქტივობა ბუნებისმეტყველების გაკვეთილისა და ციფრული კომპეტენციისთვის

spot_img

პედაგოგები ხშირად ამბობენ, რომ ციფრული შესაძლებლობა ნაკლებია სკოლებში (ინტერნეტის მოწოდების დაბალი ხარისხი, ტექნოლოგიის ნაკლებობა და ხელმისაწვდომობა), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბევრად უფრო ხელმისაწვდომია, მობილური ინტერნეტის გაზიარებითა და თავად სმარტფონების გაცილებით უკეთესი ფუნქციონალებით, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. შემოგთავაზებთ დაწყებითი კლასებისთვის გამოსაყენებელ აქტივობას, რომელიც ძალიან მოსწონს ბავშვების უმეტესობას და რომლის შესასრულებლად სავსებით საკმარისია ბავშვებისთვის პირველ კლასში გადაცემული ბუქები.

მეოთხე კლასში მოსწავლეებისთვის ცნობილია ბრაუზერების სახეობები და მათი ინტერფეისი. „გუგლ ქრომის“ ინტერფეისი, რომელსაც დაწყებით კლასებში ვიყენებთ, ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სანავიგაციო „ინტერნეტგამცილებელია“. მისი საშუალებით იოლია ინფორმაციის მოძიება, ასევე, იმ უფასო პროგრამით სარგებლობა, რომელიც ე.წ. ვიდეოს დესკტოპვერსიის ჩასაწერად გამოდგება. www.screenapp.io ონლაინ-პროგრამაა, რომელიც 15 წუთამდე ვიდეოს ჩასაწერად სრულიად უფასოა და გააჩნია საერთაშორისო ენების მხარდაჭერა, მუშაობის გამარტივებისთვის.

თუ მოსწავლეებს სამუშაოს შესრულებას ამ პროგრამის საშუალებით დავავალებთ, ვნახავთ, რომ ბავშვები სიხარულით შეასრულებენ აქტივობას, რომელსაც შეუძლია არაერთი უნარის (შემოქმედებითი და აკადემიური) განვითარება.

გარდა ბუნებისმეტყველების მეოთხე კლასის სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციისა, რომელიც პანგეას დაშლას შეეხება, შეგვიძლია მოსწავლეებს ორი საინტერესო ვიდეო შევთავაზოთ იუთუბიდან, რომლებიც დაახლოებით 20 წუთს „დაგვაკარგინებს“:

https://www.youtube.com/watch?v=uLahVJNnoZ4

https://www.youtube.com/watch?v=hos7w8xrcEs

მეოთხე კლასის მოსწავლეებს უკვე აქვთ ინგლისური ენის ცოდნის ის დონე, რომელიც ვიდეოში მოცემული ტექსტური ნაწილის გასაგებად სრულიად საკმარისია, ასევე, ვიდეომასალა იმდენად თვალსაჩინოდ აჩვენებს ინფორმაციას, რომ ენობრივი კომპეტენცია ნაკლებადაა საჭირო. შესაძლოა, მასწავლებელმა, ზემოთ მითითებული ბმულებიდან, მხოლოდ ერთი აირჩიოს, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება ვიდეოს მომზადება.

პირველ რიგში, მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ ისინი არიან პატარა ოპერატორები, რომლებიც პანგეას დაშლის შესახებ ამზადებენ ვიდეოს. მის ჩასაწერად საჭიროა ციფრული ტექსტის მომზადება, რომელშიც ჩართული იქნება ინტერნეტიდან გადმოწერილი ფოტოები (შეგვიძლია, გამოვიყენოთ სასარგებლო ბმული). ტექსტში უნდა აისახოს პასუხები კითხვებზე:

♦ რა ერქვა პირველ კონტინენტს?

♦ რომელ კონტინენტებად დაიშალა იგი?

♦ ჰორიზონტის რომელი მხარის მიმართულებით მოხდა თითოეული კონტინენტის გადაადგილება?

♦ წარმოიდგინეთ პანგეას ცენტრად აფრიკა და განსაზღვრეთ, რა მომართულებით მდებარეობს მისგან დანარჩენი კონტინენტები?

ვორდულ დოკუმენტში მომზადებული ფოტომასალებიანი ტექსტის ვიდეომასალად გარდასაქმნელად, მოსწავლეებს ასეთ ინსტრუქციას ვაწოდებთ:

https://screenapp.io – Get Started – Share Your Screen – დესკტოპიდან ვირჩევთ შექმნილ ტექსტურ დოკუმენტს, დაწკაპებით – Share – დაიწყება ჩაწერის რეჟიმი, რომელსაც ვასრულებთ Stop Recording ბრძანებით. ამ ინსტრუქციის შესრულების მერე ჩამოვტვირთავთ ვიდეოს და პრეზენტაციისთვის შევინახავთ.

აღნიშნული პროგრამა სხვა საგნების სწავლების დროსაც ეფექტიანი და სახალისოა.

ლენა ბიწაძე – სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები