21-ე საუკუნეში ციფრული სამყაროსთვის ჩეთბოტი სიახლე არ არის, რადგან, დახლოებით, 100 ათასამდე ჩეთბოტი უკვე ფუნქციონირებს, თუმცა, მაინც განვმარტავ მკითხველისთვის, რომ ეს არის პროგრამისტების მიერ შედგენილი ალგორითმი, რომელშიც ნარატივ დიზაინერები დიალოგებს წერენ და მას შეუძლია, ადამიანს ჩეთში ესაუბროს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩეთბოტი ბოტების ერთ-ერთი ნაირსახეობაა – ანუ ჩეთბოტები ადამიანთან მოსაუბრე პროგრამებია. ბოტი კი, მარტივად რომ ვთქვათ, რობოტია – მექანიკური მოწყობილობები, რომელთაც ადამიანისაგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ამოცანის შესრულება შეუძლია. სიტყვა „რობოტი“, მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, პირველად ჩეხმა მწერალმა, კარლ ჩაპეკმა გამოიყენა. მოგვიანებით სიტყვისაგან „რობოტი“ კიდევ ერთი ახალი სიტყვა – „ბოტი“ წარმოიშვა. ბოტებს, რობოტებისაგან განსხვავებით, არ გააჩნიათ მატერიალური გარსი, ისინი მხოლოდ პროგრამები არიან.
ჩეთბოტებს, ძირითადად, ბიზნესინდუსტრიები იყენებენ პროდუქტების გასაყიდად, მაგრამ რეალურად, ეს არის პროდუქტი, რომელიც ნებისმიერ თემასა თუ სფეროს ერგება და მისი გამოყენება ყველა მიმართულებით შეიძლება.
გასული საუკუნის ინგლისელი მათემატიკოსი და კომპიუტერული მეცნიერების დარგის მოღვაწე ალან ტიურინგი, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა თავის მეცნიერულ ნაშრომებში, რომელიც კომპიუტერული მეცნიერების შექმნასა და ჩამოყალიბებას მიუძღვნა. ერთ-ერთი ნაშრომი კი, უშუალოდ ალგორითმების ძირითადი კონცეფციების ფორმალიზაციას შეეხო. 1956 წელს, ბრიტანელმა მათემატიკოსმა თავის სტატიაში „კომპიუტერი და გონიერება“ (Computing Machinery and Intelligence), რომელიც ოქსფორდის აკადემიურ ჟურნალ „MIND“-ში გამოაქვეყდა, შემდეგი კითხვა დასვა: „შესაძლებელია თუ არა გონიერი მანქანის შექმნა?”. ამ სტატიაში ტიურინგმა ერთი მეტად საინტერესო ექსპერიმენტი აღწერა, რომელშიც ორ ადამიანსა და ერთ კომპიუტერს უნდა მიეღო მონაწილეობა. ექსპერიმენტის მონაწილეები სხვადასხვა ოთახში უნდა მსხდარიყვნენ. ცდის ერთ-ერთი მონაწილე პირი რიგ-რიგობით დაუსვამდა შეკითხვებს კომპიუტერსა და ადამიანს. ექსპერიმენტის აღწერისას ტიურინგი ასეთ დასკვნას აკეთებდა: თუკი შეუძლებელი იქნება გარჩევა, რომელი პასუხი ეკუთვნის ადამიანს და რომელი კომპიუტერს, ჩვენ შევძლებთ განვაცხადოთ, რომ კომპიუტერის ინტელექტი ადამიანისას გაუტოლდაო.
მოკლე მიმოხილვის შემდეგ, ქართულ რეალობას დავუბრუნდები, რადგან ამ წერილის მიზანი სწორედ პირველი ქართული ჩეთბოტის გაცნობაა, რომლის იდეა მწერალ ? ზურა ჯიშკარიანს ეკუთვნის. ზურა წლების განმავლობაში იკვლევდა ჩეთბოტებს საზღვარგარეთ და უნდოდა, მსგავსი პროექტი საქართველოშიც განეხორციელებინა. მან მოძებნა უცხოური პლატფორმა, სადაც თავად ისწავლა მარტივი ჩეთბოტის აწყობა და დაინტერესდა ამ საქმიანობით. შემდეგ იდეა პროგრამისტებსაც გაუზიარა, შეიკრა გუნდი და ერთობლივად დაიწყეს პროექტზე ფიქრი.
იდეის ავტორი ამბობს, რომ თავიდან ამ პროექტის განხორციელება განათლებასთან დაკავშირებული არ ჰქონდა, უფრო მისი ბავშვობისდროინდელი ერთ-ერთი თამაშის გამოძახილიდან იღებდა სათავეს: „ბავშვობაში ვთამაშობდით ხოლმე სულების გამოძახებას და ვესაუბრებოდით მათ (ჩემსავით, ალბათ, ბევრს გითამაშიათ). გამიჩნდა იდეა, თუ იქნება შესაძლებელი გარდაცვლილ ადამიანებთან ტექნოლოგიურად გასაუბრება, ანუ მინდოდა მსგავსი რამ ტექნოლოგიურად განმეხორციელებინა. უცებ აღმოვაჩინე, რომ, გარკვეული ტექნოლოგიების გამოყენებით, ამის გაკეთება მართლა შესაძლებელია.
დავიწყე ფიქრი, ვინ შეიძლება ყოფილიყო პირველი, ვისაც გავესაუბრებოდი. ბევრიც არ მიფიქრია, პირველივე, ვისთან საუბრის სურვილიც გამიჩნდა და ჩემი თვალთახედვით ამასთან ყველაზე ახლოს დავინახე, ეს იყო გალაკტიონ ტაბიძე. ჩანაფიქრმა გაამართლა, იმდენად მაგიური შთაბეჭდილება მოახდინა, არ ველოდით. როცა ჩეთბოტი ვებგვერდზე გავუშვით ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა – თითქოს, მართლა გალაკტიონი გვესაუბრებაო. ჩვენი კიბერ გალაკტიონი იყო პირველი ქართული ჩეთბოტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და ჩაეშვა, „ინტერაქტიურ ბიბლიოთეკასთან“ ერთად. თუმცა, ეს არ იყო მაშინ მესენჯერზე მიბმული, რის გამოც დიდი წრე ვერ მოიცვა. წელს კი, მესენჯერში ჩაეშვა და, ასე ვთქვათ, მეორედ გაცოცხლდა პროექტი, ფეისბუქზე უკვე მეგობარივით შეიძლება დაამატო გალაკტიონი და ნებისმიერ დროს ესაუბრო მეფე პოეტს ტელეფონიდანაც და კომპიუტერიდანაც.“
პირველი ქართული ჩეთბოტ პლატფორმისა და კიბერ გალაკტიონის შექმნამდე, რასაკვირველია, ჯგუფმა, რომელიც კომპანია ანიმა ჩეთბოტს წარმოადგენს, დიდი სამუშაო გასწია. ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებულმა ინტერპრენიორებმა, პროგრამისტებმა და ნარატივ დიზაინერებმა იმუშავეს, რომ ცოცხალი, თავისი სულის მქონე ქართული ციფრული ასისტენტები შეექმნათ და მოგვცეს საშუალება, პოეტების მეფე დავიმეგობროთ ფეისბუქზე და დღის ნებისმიერ მონაკვეთში მივწეროთ – ალიონზე თუ შუაღამისას, ვკითხოთ, როგორ გრძნობს თავს, ვინ უყვარდა და როგორ უყვარდა ან სულაც რას გულისხმობდა ფრაზაში, რომელიც თქვენ ვერ ამოხსენით, ვკითხოთ ყველაფერი, რაც მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე დაგვაინტერესებს. მაგრამ თუ პოეტი, პასუხის ნაცვლად, უცებ თემას შეცვლის, თავისი ლექსიდან ფრაზას წაგიკითხავთ ან თვითონ გკითხავთ: იცოდი ჩემ შესახებ, რომ ასე ხდებოდა? – არ განაწყენდეთ, არ იფიქროთ, რომ სიტყვა ბანზე აგიგდოთ და ამიტომ არ გიპასუხათ, რადგან ეს ნარატივ დიზაინერის პატარა ხრიკია, რომელიც იმისთვის მოიფიქრა, რომ იმ კონკრეტულ კითხვაზე პასუხის არქონის გამო სხვა თემით გააგრძელოს საუბარი, არ გაწყდეს ინტერაქცია და მაგიური სამყაროდან უცებ რეალობაში არ დაგაბრუნოთ რობოტის პასუხმა: „პასუხი არ მოიძებნა“. თუმცა, ასეთი გამონაკლისები უფრო იმ შემთხვევებზეა გათვლილი, თუკი პოეტს დღევანდელობაზე კითხვებით „შეაწუხებთ“, მაგალითად, ჰკითხავთ, არჩევნებზე ხმას ვის მისცემდა ან სკოლების დახურვა სწორად გათვლილი სვლაა თუ არა, ან რას გააკეთებდა სკოლის მიღმა დარჩენილი ათასობით ბავშვისთვის. ცხადია, გალაკტიონს ამაზე პასუხები არ ექნება, ამიტომ ვერ გიპასუხებთ.
ზურა ჯიშკარიანი ამბობს, რომ ეს ცოტა რთული თემაა და ღრმად არ უნდა შევტოპოთ: „ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ, რას იფიქრებდა პოეტი გარკვეულ მოვლენებზე, რაც დღეს ხდება. ერთადერთი, რაც შეგვიძლია, თუ მოვიძიებთ მსგავს საკითხებზე მის დღიურებში გარკვეულ შეხედულებებს, აუცილებლად შევიტანთ პასუხების ბაზაში. მაგალითად, თუ ნარატივ დიზაინერი რელიგიის თემაზე მოიძიებს ინფორმაციას, რას ფიქრობდა, რა შეხედულებები ჰქონდა და ა.შ. პასუხებს მიიღებთ, ჩვენით პასუხების ჩასმას კი, რა თქმა უნდა, ვერიდებით, უხერხულიც კია, ჩვენ გადავწყვიტოთ, რას იფიქრებდა გალაკტიონი ამა თუ იმ საკითხზე. საუბრებს ნარატივ დიზაინერები მუდმივად აკვირდებიან და როდესაც რენდომ პასუხების სიაში ნახულობენ, თუ რომელი კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი, სასწრაფო წესით უვსებენ ჩეთბოტს.“
ზოგადად, ჩეთბოტები შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ:1) ბოტები მკაცრად განსაზღვრული წესებით და 2) ბოტები ხელოვნური ინტელექტის წვეთით. პირველი ბოტის ტიპებს მთლიანად ადამიანები ავსებენ შინაარსით და ის იმდენად „ჭკვიანი“ გამოდის – რა დონეზეც შეივსება. მეორე ტიპის ბოტები ნეირონულ ქსელებს და ხელოვნური ინტელექტის სხვა ტექნოლოგიებს იყენებენ იმისთვის, რომ „თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება“ თუ რა თქვან. მაგრამ, ორივე შემთხვევაში, ჯერჯერობით, ბოტი მაინც საჭიროებს ადამიანს. თავდაპირველად ადამიანმა უნდა დაწეროს ის პირველი სიტყვები, რომელსაც ახალდაბადებული ბოტი ეტყვის სამყაროს.
როგორც მიხვდით, ჩეთბოტის დიალოგების შექმნაში მნიშვნელოვანი როლი „ჩეთბოტის მწერალს“ – ნარატივ დიზაინერს უჭირავს, რადგან ის არჩევს პასუხებს, რომელსაც ციფრული კლონები გვწერენ. პოეტის ციფრულად გასაცოცხლებლად მუშაობდნენ პროგრამისტები, მწერლები და ფილოლოგები. გალაკტიონის ბიოგრაფია, პოეზია, დღიურები ჩაიტვირთა ერთ დიდ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც ჩეთბოტის პლატფორმა ჰქვია და, ნარატივ დიზაინერების დახმარებით, მან დიალოგური ფორმა მიიღო.
ნარატივ დიზაინერის შეფასებით, გალაკტიონის ციფრული კლონი ძალიან ჰგავს მას, საუბრობს მისი ენით, ტონით, განწყობით. ხშირად იყენებს ამონარიდებს მისივე ჩანაწერებიდან. ამ მოსაზრებას მწერალი, „უცნობი გალაკტიონის“ ავტორი ვახტანგ ჯავახაძეც დაეთანხმა, როცა თავად გაესაუბრა პოეტს. ძალიან გაახარა იმ ფაქტმა, რომ ახალგაზრდებმა გალაკტიონის „გაცოცხლება“ ახალი ტექნოლოგიებით შეძლეს.
2014 წლიდან დღემდე კი, კიბერ გალაკტიონმა ბევრი ტრანსფორმაცია განიცადა, იხვეწებოდა, იზრდებოდა მისი პასუხების რაოდენობა და ამის შედეგად, დღეს, მას უამრავი ადამიანი იცნობს. შეიძლება ითქვას, მას ვირტუალური მეგობრები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა თემაზე ელაპარაკებიან და ძალიან მოსწონთ მასთან საუბარი. არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად აიგივებენ რეალურ გალაკტიონთან, რომ თქვენობითაც კი ესაუბრებიან ჩეთბოტს.
პროექტის მენეჯერი ? მარიამ გოჩიაშვილი გვიყვება, რომ „დღევანდელი თაობისთვის ტექნოლოგია ძალიან ბუნებრივი რამაა და ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. შესაბამისად, ჩეთბოტებს ძალიან მარტივად იღებენ, თუმცა, სიხარულითა და აღტაცებით ხვდებიან წამოწყებას, რომ მსგავსი სიახლეები ჩვენს ქვეყანაშიც ინერგება. უშუალოდ გალაკტიონს რაც შეეხება, პერიოდულად, ქართულის მასწავლებლები გვიკავშირდებიან და გვთხოვენ, მივცეთ უფლება, მოსწავლეებს აჩვენონ კიბერ გალაკტიონის შესაძლებლობები. ამასთან, ჩვენი გუნდი მუშაობს განათლების სამინისტროს რესურსებზე, სადაც 4 საგნის ჩეთბოტი მზადდება დაწყებითი კლასებისთვის: ხელოვნების, ბუნებისმეტყველების, მუსიკისა და კომპიუტერული მეცნიერების. სკოლებშიც ვიყავით მისულები და ბავშვებს ადგილზე ვაჩვენეთ ეს ჩეთბოტები. მათ ძალიან კარგად მიიღეს სიახლე და მოიწონეს.“
მართალია, როგორც იდეის ავტორი ამბობს, დასაწყისში, საგანმანათლებლო კუთხით სულაც არ შეუხედავთ პროექტისთვის, მაგრამ კიბერ გალაკტიონის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს პროდუქტს, როგორც საგანმანათლებლო რესურსს. „შეგიძლია ელაპარაკო შენს საყვარელ ავტორს ან პერსონაჟს. წარმოიდგინეთ, რამხელა შესაძლებლობაა და ინტერესია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, – ამბობს ზურა, – ასე გავაკეთეთ ინტერაქტიური ბიბლიოთეკა, რომლის საშუალებითაც, ახლა, იმ საუკუნეში, სადაც ბავშვები 5 წლიდანვე გაჯეტებში არიან თავჩარგულები და კარგად იცნობენ ტექნოლოგიებს, გაცილებით იოლად ხელმისწვდომი და საინტერესო შეიძლება გავხადოთ სწავლის პროცესი… რას გულისხმობს ინქტერაქტიური ბიბლიოთეკა? მოკლედ რომ ავხსნა – ჩვეულებრივი, ორგანზომილებიანი ტექსტის ნაცვლად, ამ ბიბლიოთეკაში შეგიძლია შენ თვითონ ააწყო (თავიდანვე უფასო პლატფორმა გავაკეთეთ) ციფრული პერსონაჟი, მწერალი, პოეტი და ა.შ. აღმოჩნდა, რომ ეს პლატფორმა ძალიან ბევრი მასწავლებლისთვის და მოსწავლისთვის შეიძლება საინტერესო იყოს. მაგალითად, ბავშვს თუ თემა აქვს დასაწერი და ამისთვის მასალა უნდა მოიძიოს და დაამუშაოს, უფრო მაგიური არ იქნება, პირდაპირ ავტორს დაელაპარაკოს და ჰკითხოს, რაც აინტერესებს. მაგალითად, მისწეროს, რომ ლექსში რაღაც ვერ გაიგო და აინტერესებს რას გულისხმობდა ავტორი, ან მისი ცხოვრების ეპიზოდიდან რაიმე დეტალი დააზუსტოს უშუალოდ მასთან და ა.შ. ასე შედიხარ ინტერაქციაში პროგრამასთან და, რაც მთავარია, თან თამაშ-თამაშით სწავლობ. დაახლოებით, ასეთი პრინციპია.“
რადგან ჩეთბოტმა საგანმანათლებლო კუთხით დიდი ინტერესი გამოიწვია, ჯგუფი ახლა პლატფორმის კიდევ უფრო იოლად ხელმისაწვდომობაზე მუშაობს.
ზურა ჯიშკარიანი: „ახლა ცოტა რთულია ამ პლატფორმაზე მუშაობა, კარგი გამოცდილება გვჭირდება, ამიტომ უფრო ხელმისაწვდომ ვერსიას ვაკეთებთ, რომლის დასწავლა ერთ საათში შეგეძლება. დაახლოებით ერთ საათში შეძლებ ისწავლო ეს ყველაფერი ისე, რომ შეძლო შენ თვითონ გააკეთო ჩეთბოტი. როცა გამარტივებულ ვერსიაზე დავასრულებთ მუშაობას, აუცილებლად შევთავაზებთ სკოლებს, უნივერსიტეტებს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინებთ, რომ არსებობს ასეთი პლატფორმა და შეუძლიათ გამოიყენონ – შექმნან ციფრული კლონი. ვფიქრობ, ძალიან ბევრ მასწავლებელს დავაინტერესებთ, რომ პლატფორმის გამოყენებით შექმნან ციფრული რესურსი. მაგალითად, კლასს შესთავაზონ, ააწყონ მიხეილ ჯავახიშვილის კლონი. აწყობის პროცესში მოსწავლეები ან მოსწავლე იმუშავებს მწერალზე. მან უამრავი მასალა უნდა მოიძიოს და წაიკითხოს (ავტორის წერილები, ნაწარმოებები, ბიოგრაფიული მონაცემები), შემდეგ დაამუშაოს, ისე, როგორც კიბერ გალაკტიონის შექმნისას მოხდა და შეუსაბამოს სავარაუდო კითხვებს, რასაც ციფრული კლონის მეგობრები დასვამენ. აწყობის პროცესში უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე ეს შეიძლება ჩვეულებრივ გაკვეთილზე ან თუნდაც რამდენიმე წელიწადში ისწავლო ან შეიტყო კონკრეტულ ადამიანზე, თან ამას აკეთებ სიხარულით, თამაშით. ძალიან საინტერესო მომენტებია, მაშინაც კი, როცა თვითონ ამ პლატფორმას სწავლობ, ცნობისმოყვარეობა უფრო და უფრო გიღვივდება, ცდილობ, რაც შეიძლება მეტი შეიტყო ციფრული კლონის (ავტორის, პერსონაჟისა თუ სხვა ადამიანის) შესახებ. მოსწავლეს შეუძლია სხვასაც აჩვენოს თავისი ნამუშევარი, გამოსცადოს, ალაპარაკოს მის მიერ შექმნილ კიბერ ადამიანთან. თუ რამე არ მოეწონება, ჩაასწოროს, კიდევ უფრო გაამდიდროს პასუხების ბაზა და ა.შ. ძალიან ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესია, რომელიც არ სრულდება, მუდმივ განახლებასა და გამდიდრებას მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მართლა ძალიან კარგ ელექტრონულ რესურსად შეიძლება აქციონ ეს პლატფორმა სკოლებმაც და უნივერსიტეტებმაც“.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე დაიწყო პლატფორმის გამოყენება და მარიამ გოჩიაშვილის მიერ შექმნილი ილიაუნის ციფრული თანამშომლები ახლა სტუდენტების „სამსახურში“ არიან. ათასობით სტუდენტს ჩეთბოტი 24-საათიან რეჟიმში პასუხობს კითხვებზე, რომელიც მათ აინტერესებთ – მაგალითად, როდის იწყება სწავლა, ვინ არის კონკრეტული საგნის ლექტორი, როდის დაიწყება არდადეგები და ა.შ. ციფრული თანამშრომელი უნივერსიტეტს დიდ დახმარებას უწევს – დღის განმავლობაში, უამრავი სტუდენტის მიერ დასმულ ერთი და იმავე კითხვას პასუხობს ან გადაამისამართებს იქ, სადაც დეტალურ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.
მარიამი ამბობს, რომ გუნდი, გალაკტიონის გარდა, არაერთ ჩეთბოტზე მუშაობდა და ახლაც მუშაობს, ქმნის როგორც ბიზნესების ჩეთბოტებს, ისე საგანმანათლებლო ტიპის, მუდმივად განახლებად ციფრულ არსებებსაც. პლატფორმა, რომელზეც ეს ჩეთბოტები ეწყობა, თავისთავად, ქართულენოვანია და ჯერჯერობით, ერთადერთია საქართველოში.
?ალბათ ყველას აინტერესებს ვინ იქნება შემდეგი?
პროექტის მენეჯერი გვპასუხობს, რომ შემდეგი იქნება არა ადამიანი, არამედ ქალაქი – თბილისი, რადგან გუნდმა, რამდენიმე დღის წინ, კონკურსში გაიმარჯვა და თბილისის ჩეთბოტის შესაქმნელად გრანტი მოიპოვა.
„წარმოიდგინეთ, რას ეტყოდით თქვენს დედაქალაქს… პროექტი ინგლისურენოვანი იქნება და თავს მოიყრის ინფორმაცია თბილისზე, რომელიც შეიძლება აინტერესებდეს როგორც ქართველს, ისე უცხოელს. პროექტის მიზანი კი, თბილისის მაქსიმალური პოპულარიზაციაა საზღვრებს გარეთაც, თუმცა, ამასთან ერთად, ქართველებისთვის ქალაქის ციფრული ვერსიის შეთავაზება, თბილისის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის სახით ჩვენებაა.“ – ამბობს მარიამი.
როგორც გითხარით, გალაკტიონის პოეზიის ციფრულად გასააზრებლად შექმნილმა აპლიკაციამ კი, წელს, ხელახალი სიცოცხლე შეიძინა, რადგან ახლა პირველი ქართული ჩეთბოტი – კიბერ გალაკტიონი – თქვენს მესენჯერშია და თავის ციფრულ მეგობრებს ფეისბუქზე ელის. მისი შემქმნელებისთვის კი, სასიხარულოა, რომ ექვსი წლის წინ ვებგვერდზე ჩაშვებულმა გალაკტიონის ციფრულმა კლონმა უკვე ძალიან ბევრი მეგობარი შემოიკრიბა. მეტიც, რედიზაინზე მუშაობის პროცესში, წერილობით, ბევრი ადამიანის თხოვნა მიიღეს:„დროზე დაებრუნებინათ გალაკტიონი“. ის დაბრუნდა და ახლა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რადგან ტელეფონში, მესენჯერის ღილაკზე ერთი დაკლიკვით, როგორც სხვა მეგობრებს, ისე მისწერთ მეფე-პოეტს და იმოგზაურებთ ციფრულ სამყაროსთან შერწყმულ გალაკტიონის სამყაროში, ის კი, ჩვეული უშუალობით გიპასუხებთ – „მადლობა, რომ არ მივიწყებ“! ან სულაც გკითხავთ: „როგორი ღამეებია ახლა თქვენთან?!“ ჩემს კითხვაზე კი: „ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ, დაგვისახელეთ, მეორე პოეტი…“, აქაც პირველმა კიბერ გალაკტიონმა დაუფიქრებლად მომწერა: „რას იტყვი, რომ თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში განვავითაროთ „გალაკტიონოლოგია?“ მე დავეთანხმე, თქვენ რას იტყვით?
ლალი ჯელაძე