27 ივლისი, შაბათი, 2024

ასოების მარცვლებად გაერთიანების და ამოკითხვის პრობლემის დაძლევის გზები

spot_img

ლია ნანდოშვილი
სსიპ სოლომონ დოდაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი

 

 

როგორც მოგეხსენებათ, დაწყებითი კლასებში ქართული ენის მასწავლებლის მუშაობის პრიორიტეტი არის გამართული კითხვის ჩვევის ჩამოყალიბება და წაკითხულის გაგება-გააზრების უნარის განვითარება. მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, თუ როგორ მოვაგვარე პირველ კლასში ასოების მარცვლებად გაერთიანებისა და ამოკითხვის პრობლემები.

საანბანო პერიოდის დაწყებისთანავე, გამოიკვეთა, რომ მოსწავლეთა ნაწილს უჭირდა ასოების კომბინაცია და ამოკითხვა – შესწავლილ ასო-ბგერებს ამოიცნობდნენ ანბან-პლაკატზე, ასევე, შეეძლოთ ნასწავლი ასოს მოცემულ ილუსტრაციასთან დაკავშირება, მაგრამ ვერ ახერხებდნენ რამდენიმე ასოს ერთად ამოკითხვას. ეს, ცხადია, სერიოზული ხელის შემშლელი ფაქტორია კითხვის ტექნიკის დაუფლებისას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ჩამეტარებინა კვლევა პირველ კლასში. განვსაზღვრე კვლევის მიზანი და საკვლევი კითხვა – როგორ გავაუმჯობესო პირველ კლასში, საანბანო პერიოდში, ასოების მარცვლებად ამოკითხვის პროცესი? მთავარ კითხვაში დასმული პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე ქვეკითხვები:

  • არჩევენ თუ არა მოსწავლეები ასოებს ერთმანეთისგან?
  • ვიყენებ თუ არა ინდივიდუალურ მიდგომებს?
  • ვითვალისწინებ თუ არა მოსწავლეთა საბაზო ცოდნას და უნარებს დავალებების შერჩევისას?
  • არიან თუ არა მშობლები აქტიურად ჩართული კითხვის პროცესში?
  • რა მეთოდები გამოვიყენო პრობლემის დასაძლევად?
  • როგორ გავზარდო მშობელთა ჩართულობა?

პირველ რიგში, ფოკუსჯგუფი ჩავატარე პირველი კლასის მშობლებთან. ჩემი მიზანი იყო მათი დამოკიდებულების შესწავლა და ინფორმირება, რაც დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვაში. მოპოვებული რელევანტური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ზემოთ დასახელებული პრობლემის მიზეზი იყო ის, რომ:

  1. მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომები ნაკლებად იყო გათვალისწინებული;
  2. მოსწავლეები ერკვეოდნენ სივრცით მიმართებებში, შესაბამისად, უჭირდათ ასოთა წყვილების – წ და შ, ძ და ხ – ამოკითხვა;
  3. უჭირდათ ბგერების დეკოდირება და სინთეზი;
  4. მეცადინეობის დროს, ნაკლებად იყო გამოყენებული ნაწერის შესაბამისი თვალსაჩინო მასალა;
  5. მშობლები ნაკლებ დროს უთმობდნენ შვილებს კითხვის პროცესში.

მოსწავლეთა კითხვის უნარების გაუმჯობესების მიზნით, დავგეგმე შემდეგი ინტერვენციები:

  1. ასო-ბგერების უკეთ შესწავლის მიზნით გამოვიყენე აქტივობა ,,აკვარიუმი“;
  2. კითხვაში გამოვიყენე რემედიაცია;
  3. თვალსაჩინოების – ილუსტრაციების გამოყენებით სიტყვების ამოკითხვა; PowerPoint-ში შექმნილი პრეზენტაციების გამოყენება;
  4. მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, აქტიური თანამშრომლობა და მათი ინფორმირება თიმსის პლატფორმის საშუალებით;
  5. თითოეულ ასო-ბგერაზე ანბან-პლაკატის შექმნა.

მრავალფეროვანმა მეთოდებმა და აქტივობებმა , საგანმანათლებლო თამაშებმა და მშობელთა ჩართულობის გაზრდამ, PowerPoint-ში შექმნილმა პრეზენტაციებმა სასურველი შედეგი გამოიღო. რადგან მოსწავლეთა ნაწილს უჭირდა ასო-ბგერების ამოცნობა, ამ მიზნით გამოვიყენე თამაში ,,აკვარიუმი“ – დაფაზე ფერადი ცარცით დავხატე აკვარიუმი, რომელშიც, თევზებთან ერთად, მოვათავსე ასოები. მოსწავლეს უნდა მოეძებნა და აკვარიუმიდან ამოეღო მასწავლებლის ან თანატოლის მიერ დასახელებული ასო.

კითხვის უნარის პრობლემების შესუსტების მიზნით, გავეცანი რემედიაციის მნიშვნელობას, რაშიც დამეხმარა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები და ჩემს პრაქტიკაში წარმატებით დავნერგე.

გადაბმა

შეხებით კითხვა

გამოვიყენე თითოეულ ასო-ბგერაზე შექმნილი პრეზენტაცია, რომელიც იყო ფერადი და სახალისო, მასში მოცემული იყო რებუსები და სხვადასხვა თავსატეხი. მოცემული პრეზენტაციები იძლეოდა ასოების უკეთ დამახსოვრების საშუალებას.

დავიწყე დიფერენცირებული სწავლების დანერგვა კითხვის გაკვეთილებზე. ჩემი მიზანი იყო, გამეთვალისწინებინა თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და მიზანმიმართული დახმარება გამეწია მათთვის . ვაკითხებდი სურვილის მიხედვით შერჩეულ მონაკვეთს. ეს მათ უზრდიდათ პასუხისმგებლობის გრძნობასა და კითხვის მოტივაციას. ასევე, ჯგუფური მუშაობის დროს, მოსწავლეებს ვანაწილებდი სხვადასხვა ინდივიდუალური შესაძლებლობის მიხედვით – კითხვაში გაწაფული მოსწავლე ეხმარებოდა ჩამორჩენილს.

კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობისა და მათი აზრის გათვალისწინების მიზნით, ჩავატარე გაკვეთილი, რა დროსაც გამოვიყენე მრავალფეროვანი სტრატეგიები, რემედიაცია კითხვაში.

რადგან მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში უმნიშვნელოვანესია, მათი ინფორმირების მიზნით, კვირაში ერთხელ ვატარებდი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს თიმსში, ერთად განვიხილავდით კითხვის სწავლების სტრატეგიებს, ვსაუბრობდით პრობლემებზე, რაც, საბოლოოდ, დადებითად აისახა მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

მოსწავლეთა დაინტერესება გამოიწვია თითოეულ ასო-ბგერაზე თავიანთი ხელით შექმნილმა ანბან-პლაკატებმა. მათ არა მარტო დაწერეს ასოები, არამედ დაურთეს ამ ასოთი დაწყებული სიტყვების ილუსტრაციები, ასევე, მოცემულ ასოზე დაწყებული სიტყვების ჩამონათვალი.

მინდა აღვნიშნო, რომ ჩემ მიერ გატარებული ინტერვენციები იყო მეტად ეფექტიანი და ნაყოფიერი. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჩემი მოსწავლეების კითხვის უნარი, რაც გამოიხატებოდა მათი აქტიურობით, დაინტერესებითა და მოტივაციის ზრდით, ჩემი კვლევის მიზანიც სწორედ ეს იყო.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები