ლეილა გოგოხია
სსიპ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის მე-2 საჯარო სკოლის VI კლასის დამრიგებელი
♦ პირველ რიგში, კლასის დამრიგებელი მოსწავლეს ეხმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში. ის არის შუამავალი მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის სასკოლო პროცესში. პერიოდულობით ატარებს სადამრიგებლო საათებს, რომლის მიზანია აღმზრდელობით-საინფორმაციო მუშაობა, მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში, მინიმუმ, ერთხელ, გაცდენა-დასწრების აღრიცხვა, სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაცია მოსწავლეების საჭიროებებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათთან დამატებითი აქტივობების ჩატარება (მაგალითად, დაბალი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში დამატებითი მეცადინეობა), ქცევის პრობლემის შემთხვევაში, დამატებითი აღმზრდელობითი საუბრები (საჭიროების შემთხვევაში, მშობლის ან ფსიქოლოგის ჩართვა), მშობლებთან ინდივიდუალური და საერთო შეხვედრები, კლასისა და მოსწავლის პორტფოლიოს წარმოება, კლასის შინაგანაწესის განხორციელება, მოსწავლეთა სოციალური მდგომარეობის შესწავლა. დამრიგებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვას, სასკოლო-სასწავლო (ასევე კლასგარეშე და სკოლისგარეშე) აღმზრდელობითი ღონისძიებების უზრუნველყოფას და ა.შ.
♦ მყავდა სადამრიგებლო კლასში მოსწავლე, რომლის დედა ემიგრანტი იყო. მამას ჰქონდა მკაცრი, „ტრადიციული“ აღზრდის მეთოდები. გოგონა იყო გარდატეხის ასაკში. ერთხელ, პირველ გაკვეთილზე თმაგაწეწილი მოვიდა. აშკარა იყო, რომ მამა ხელით შეეხო. არ შევიმჩნიე და როცა მარტო დავრჩით, დაველაპარაკე. გაირკვა, რომ მამას ვარცხნილობა არ მოეწონა, სცემა და აიძულა, სკოლაში წამოსულიყო. საბედნიეროდ, ეს იყო პირველი შემთხვევა. შემპირდა, რომ თავისი ვარცხნილობით და ჩაცმით შეეცდებოდა მამა არ გაეღიზიანებინა, რადგან მამასაც მძიმე პერიოდი ჰქონდა. გვქონდა არასასკოლო გარემოში მეგობრული შეხვედრები და საუბრები. ვესაუბრე კლასელებს და მეგობარს ( აშკარა იყო, რომ შეამჩნიეს), ვთხოვე თანადგომა. ჩავატარე მშობელთა კრება თემაზე „მამები და შვილები“, კომუნიკაცია მქონდა დედასთან. შევხვდი ახლო ნათესავ ქალბატონს და ავუხსენი მდგომარეობა. ჩემ მიერ ჩატარებული ღონისძიებები შედეგიანი აღმოჩნდა…
საბაზო საფეხურზე მყავდა მოსწავლე, რომელსაც საგნის პედაგოგთან ჰქონდა პრობლემა – „ნიშანს აკლებდა“ და „ამოჩემებული ჰყავდა“. საყვედური მესმოდა მასწავლებლისგანაც – „არ ითვალისწინებს ჩემს მითითებებს, ნიშანი უნდა. ვერ შეძლებს“. ვესაუბრე მოსწავლეს და ვთხოვე, ჩაგვეტარებინა „ექსპერიმენტი“. შეგვესრულებინა მასწავლებლის მითითება, მივყოლოდით მის ინსტრუქციას და ისე გვემუშავა. შედეგმაც არ დააყოვნა. მომდევნო წლებში ამ „ექსპერიმენტზე“ გულიანად ვიცინოდით. ამ მოსწავლემ წარჩინებით დაამთავრა სკოლა.
დაწყებით სადამრიგებლო კლასში მყავდა მოსწავლე, რომელსაც ჰქონდა დაბალი აკადემიური მოსწრება. თანდათან ჩაიკეტა საკუთარ თავში. მარტივ კითხვებსაც არ სცემდა პასუხს. კლასიც მიეჩვია იმას, რომ ამ მოსწავლემ არაფერი იცის, მას არ უნდა ჰკითხო, მაინც არ გიპასუხებს. თითქოს მასწავლებლებიც შეეჩვივნენ ამ აზრს. ჩემი ორგანიზებით ჩატარდა მასწავლებლებთან შეხვედრა. დავგეგმეთ აქტივობები და შევიმუშავეთ დიფერენცირებული დავალებები, შეფასების ფორმები მოტივაციისა და თვითშეფასების ამაღლებისათვის. კლასთან მქონდა შეხვედრა და ვთხოვე დახმარება. მათ დავურიგე მომღიმარი სმაილები, რომელიც უნდა გაეკრათ კედელზე მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ელემენტარული ჩართულობის, კითხვაზე პასუხის გაცემის დროს. მოსწავლეები ისეთი ხალისით ჩაერთვნენ და ეს მოსწავლეც ცდილობდა უფრო ხშირად „გაეხარებინა“ კლასელები. ერთ თვეში კედელი გაივსო მომღიმარი სმაილებით.
♦ როგორც დამრიგებელი, მოსწავლეთა რანჟირებას არასდროს ვიყენებ, თუმცა, მიდგომები და ურთიერთობის ფორმები, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურია. ყველა ბავშვი ინდივიდია და აუცილებელია ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები. მოსწავლეებს ისედაც ვაკვირდები მათი ტიპების დადგენის მიზნით, სასწავლო პროცესის ეფექტიანობისათვის.
♦ ვფიქრობ, დღეს ბავშვებში უფრო მწვავედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს ვაწყდებით. მოსწავლეთა დიდი ნაწილის მშობლები ემიგრაციაში იმყოფებიან. ბავშვები მშობლების გარეშე იზრდებიან. მშობლების მხრიდან „კომპენსირება ხდება“ მობილური ტელეფონებით, რაც სწყვეტს მოზარდს სასწავლო პროცესს, ჩნდება თვალშისაცემი ფსიქოლოგიური პრობლემები, სოციუმისაგან გარიყულობა, პირველ რიგში. ამ პროცესებს ხელი შეუწყო პანდემიამაც…
♦ თვითსოციალიზაციის, თვითაღზრდის, თვითგანვითარებისა და თვითრეალიზაციისთვის დამრიგებელმა, მოსწავლეებთან ერთად, უნდა განახორციელოს სოციალური პროექტები. ხელი შეუწყოს მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო თუ თემის ცხოვრებაში. ეფექტიანია ასევე სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.
♦ თუ დამრიგებელი პირნათლად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რა თქმა უნდა, მისი ანაზღაურება მიზერულია. ფინანსური მხარდაჭერის გარდა, სასურველია სხვა სახის მხარდაჭერც. მაგალითად, ხშირი შეხვედრები ფსიქოლოგებთან, ქოუჩებთან და ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა. მე თავად გავიარე სასწავლო ქოუჩინგის კურსები და ძალიან დამეხმარა მოსწავლეებთან ურთიერთობაში, ნდობის აღდგენაში/მოპოვებაში და დასახული მიზნის მიღწევაში.
♦ არაფორმალური განათლების კუთხით საკლუბო მუშაობას (ხელოვნების კლუბი „გრადაცია“) ვატარებ, ვხელმძღვანელობ თოჯინების თეატრს. მსგავსი საქმიანობებით მოსწავლე იძენს თვითდაჯერებულობის უნარს და მეტად მოტივირებული ხდება.
♦ მოსწავლის პროგრესირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დამრიგებლისა და მშობლის ჰარმონიულ და სტრატეგიულ ურთიერთობას. ცხადია, რომ დღეს არც მასწავლებლის, არც მშობლის ცალკე აღებული საქმიანობა არაა საკმარისი მომავალი თაობის აღსაზრდელად.
♦ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ მიდგომები შესაცვლელი აქვთ უფროსი თაობის ადამიანებს, მშობლებსა და გარემოცვას. სკოლაში, თანატოლების მხრიდან, სტიგმური მიდგომა ნაკლებია, ყოველწლიურად მცირდება არასწორი დამოკიდებულების მასშტაბები. მისასალმებელია, რომ სკოლებში შედიან სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც აღჭურვილნი არიან სათანადო უნარ-ჩვევებითა და ცოდნით.
♦ ჩვენი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია მომავალი თაობის სწორად განვითარებასთან. ხელი უნდა შევუწყოთ მოზარდის ფიზიკურ, კოგნიტურ და მენტალურ განვითარებას, ამისთვის კი უამრავი ინსტრუმენტით აღჭურვაა საჭირო…
ფორმალური თუ არაფორმალური განათლების მიღების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს განათლების სოციალური ფუნქცია. პირველ რიგში, ჩვენ ვზრდით კარგ მოქალაქეს, რომელიც ღირსეულად, კანონმორჩილებით ასრულებს თავის მოვალეობებს საკუთარი თავის, სოციუმისა და სახელმწიფოს წინაშე.