თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. როგორც მოვალეობის შემსრულების არჩევის შემთხვევაში მოხდა, რექტორობაზეც განაცხადი მხოლოდ მას ჰქონდა შეტანილი.
30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს – საბჭოს 38 წევრიდან, არჩევნებში 32 მონაწილეობდა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტინი გაუქმდა, ხოლო აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე 30-მა წევრმა ხმა მისცა ჯაბა სამუშიას. ხმების დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა. სტუდენტების ნაწილი არჩევნების წესის ცვლილებას ითხოვს.
ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებელი 6 თვის ვადით დაინიშნა და, უფლებამოსილების ვადებში, ახალი რექტორის არჩევნები უნდა ჩანიშნულიყო. თსუ-ის რექტორის შესარჩევი კონკურსი, მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნიდან, 2 თვეში გამოცხადდა.