27 ივლისი, შაბათი, 2024

არჩევითი საგნების მნიშვნელობა თანამედროვე სწავლების დროს

spot_img

დარიკო მელაძე

სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოქალაქეობის მასწავლებელი

 

მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლას ანიჭებს უფლებას, საკუთარი რესურსებისა და ბავშვთა ინტერესების გათვალისწინებით, სავალდებულო საგნებთან ერთად, სასწავლო ბადეში შეიტანოს არჩევითი საგნები.

არჩევითი საგნების სწავლების მთავარი მიზანია მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოება და მათი გამოცდილების გაზიარება. საკუთარი სურვილით არჩეული რამდენიმე საგნის სწავლება მოსწავლეებს საშულებას მისცემს, მოსინჯონ საკუთარი ძალები სხვადასხვა საგანმანათლებლო სფეროში და უფრო ზუსტი წარმოდგენა შეექმნათ საკუთარი მიდრეკილებებისა და მომავალში ასარჩევი პროფესიის შესახებ.

ბავშვების მიერ სწორად შერჩეული არჩევითი საგანი ბევრად მნიშვნელოვანი და საჭირო გამოდგა ჩვენი სკოლის მეათეკლასელებისათვის. მოდი, დავიწყოთ თავიდან.

ზაფხულის დასაწყისში ახალგაზრდა ინოვაციების ცენტრმა გამოაცხადა კონკურსი სკოლებში ინოვატორთა კლუბების შექმნის შესახებ.

ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩვენი სკოლის ინოვატორთა კლუბი „სამზევრი“, სხვადასხვა ეტაპების გავლით, მონაწილებდა თბილისში გამართულ გამოფენა-გაყიდვაში, სადაც მათ მიერვე წარმოებული ხელნაკეთი ნივთები წარადგინეს და გაყიდეს კიდეც.

https://www.facebook.com/100003347610762/videos/437012981885352/

სამი თვის განმავლობაში სამეწარმეო საქმიანობაში მოსწავლეების ჩაბმა/აქტივობამ მათში გააჩინა სურვილი, სკოლაში, არჩევით საგნად, შემოგვეტანა მეწარმეობის საფუძვლები.

დავფიქრდი, მე ხომ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ვარ, როგორ გავუმკლავდე ამ გამოწვევას? შევძლებ, ბავშვებში განვავითარო ის უნარ ჩვევები, რაც მათ ინიციატივას და ინოვაციურობას უფრო მეტად გააძლიერებს?

დიახ, მე შევძლებ, რადგან შემიძლია ეფექტური გუნდური მუშაობა.

ჩვენ ხომ ერთად ვმუშაობთ წლებია და კარგად განვსაზღვრავთ ჩვენს ძლიერ და სუსტ მხარეებს, აქტიურები ვართ, ცვლილებებს ვიღებთ, პროექტებს ვწერთ, ვგეგმავთ, ვაკეთებთ ანალიზს, ვახორციელებთ პრაქტიკულ საქმიანობას, გვაქვს კომუნიკაციის უნარი… და მთავარი, მზარდი გლობალიზაციის ფონზე, სწრაფად ცვალებად სამყაროში, როცა ასე მნიშვნელოვანი ხდება ტრანსფერის უნარი, რაც მეწარმეს ყველაზე მეტად სჭირდება და, ამავდროულად, თუ ამ საგნის სწავლება მოსწავლეს, სამომავლოდ, დასაქმების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება, რატომ არ უნდა ვცადოთ? დიახ, უნდა ვცადოთ!

აგერ, მცირე გამოცდილებაც უკვე მივიღეთ-მეთქი და…დავთანხმდი.

ახლა ჩვენს საინტერესო სამ თვეზე მოგიყვებით.

თავდაპირველად, მონაწილეობა მივიღეთ ისევ ახალგაზრდა ინოვაციების ცენტრის მიერ დაგეგმილ ესეების კონკურსში „რატომ უნდა ისწავლებოდეს მეწარმეობა სკოლაში?“, სადაც ჩვენი სკოლის სამი მეათეკლასელი მონაწილეობდა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებში იკვეთებოდა იდეები, მიზანდასახულობა და სურვილი ახალი პროდუქტის შექმნის.

შემდეგ სკოლაში ახალგაზრდა ინოვაციების ცენტრის ხელმძღვანელი ქრისტინე კაპანაძე და კოორდინატორი მაკა ზურაბიშვილი გვესტუმრნენ, ამ საგნის შესწავლისთვის საინტერესო ლიტერატურა და კლუბის ლოგო ჩამოგვიტანეს.

https://ajaratv.ge/article/103197?fbclid=IwAR2fSkU06GjDcAoun_quhBz6hokRf1PYy4vW4sHOdYAvbqOsAkbr3zSA9HM

მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, ვინაიდან მათ მიერ წარმოდგენილმა პრეზენტაციამ უფრო გააღრმავა მოსწავლეთა გადაწყვეტილება, შეესწავლათ მეწარმეობა.

ინოვატოთა კლუბმა „სამზევრმა“ გააგრძელა მუშაობა. კლასში სამი გუნდი შეიქმნა – „ალბატროსი“, „არგინეთი“ და „მგლები“, პარალელურად, შევქმენით ფეის-ჯგუფი და დავიწყეთ ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების გამოქვეყნება.

https://www.facebook.com/groups/1009899189670986

გავიარეთ სტრუქტურული კომპონენტები, მოსწავლეები გაკვეთილებზე სწავლობდნენ და  ემდგომ იღებდნენ დავალებებს.  აიწყეს კვლევა, ვისთვის უნდა შეექმნათ ფასეული შეთავაზებები და ვინ იქნებოდა მათი ყველაზე მნიშვნელოვანი მომხმარებელი.

გუნდებმა დაინაწილეს მათ მიერ შერჩეული სეგმენტები და ჩაატარეს კვლევა, თუ რა ნივთს და რა ფასად შეიძენდნენ შეთავაზების შემთხვევაში?

შემდეგ იდეების კონკურსი გვქონდა, ბავშვებმა განიხილეს კვლევის შედეგები და აირჩიეს იმ ნივთების სია, რომლის დამზადებასაც მალე დაიწყებდნენ და გამოფენა-გაყიდვას გამართავდნენ.

სამეწარმეო განათლება შეიძლება განვიხილოთ, როგორც არამხოლოდ კომპეტენცია, არამედ სწავლების მიდგომა, როგორიცაა პროექტული სწავლება ან პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება. ფაქტობრივად, ეს არის სწავლების სტრატეგია, რომელიც აქტიური სწავლების მეთოდებს მოითხოვს, როგორიცაა გუნდური მუშაობა, შემოქმედებითი აზროვნების წახალისება, ადეკვატური დრო განხორციელებისათვის, გარე სამყაროსთან ურთიერთობა და ა.შ.

წარმოგიდგენთ მეათეკლასელების მიერ შექმნილ ხელნაკეთ ნივთებს.

გიჩვენებთ გამოფენა-გაყიდვის ფრაგმენტებს და გეტყვით, რომ ეს არ იყო მარტივი საქმე. მათ ბევრი იწვალეს იმის შესაქმნელად, რასაც ხედავთ, მაგრამ იმდენად იყვნენ მოტივირებულები, რომ შეძლეს ახალი პროდუქტების შექმნა. https://www.facebook.com/groups/1009899189670986/?multi_permalinks=1107304629930441&ref=share

მათ სწორად გადაანაწილეს ხარჯები, მოგება და მთლიანი ღირებულება – ეს ისწავლეს!

შეძლეს ფულის მოგება და ეს იყო მათი გამარჯვება!

ჩემიც!

და ყველაზე მნიშვნელოვანი, მათ მიერ გაყიდული საქონლის მოგებიდან, ნაწილი საქველმოქმედო საქმეს მოახმარეს და ორი სოფლის, თაგოსა და განახლების, 80 წლის ზემოთ მოხუცებს ახალი წელი ტკბილეულით მიულოცეს.

https://www.etaloni.ge/geo/main/index/82015?fbclid=IwAR3pIGsnQ8VTyyuXmqJrtISOFhmfr7eil6WhAomj2gBa_PaqMrXmvsXazu8

შიში, რომელიც თავიდან მქონდა, თანდათან გამიქრა. მე შევძელი, მოსწავლეებში გამევითარებინა სათანადო უნარი, სამეწარმეო იდეის რეალიზებისათვის საჭირო ელემენტები, როგორიცაა: ადამიანური რესურსი, მატერიალური რესურსი, ფინანსური რესურსი. მიხარია, რომ მათ შეძლეს იდეის ჩამოყალიბება და პრეზენტაცია.

დაბოლოს, გირჩევთ, საკუთარი და ჩემი სკოლის პრაქტიკიდან გამომდინარე, მისცეთ შანსი თქვენს მოსწავლეებს თავად აირჩიონ საგანი, რომელიც უნდათ ისწავლონ, ასე უფრო მეტად შეიყვარებენ სკოლას, სწავლას, თავიანთ თავს. თქვენ შეუწყობთ ხელს მათში არსებული, მაგრამ შეუმჩნეველი უნარ-ჩვევების განვითარებას.

ამით სკოლაშივე შევუწყობთ ხელს მომავალი მეწარმეების ჩამოყალიბებას, ეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ნათელი მომავლისათვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

„ეროვნული სასწავლო გეგმა“

„სამეწარმეო განათლების განვითარება სასკოლი განათლების სისტემაში“

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები