აკაკი წერეთლის ამ პოემას რამდენიმე ასპექტის მიხედვით განიხილავენ კრიტიკოსები. აკაკი ბაქრაძის ყურადღების ცენტრში ექცევა ჰაჯი-უსუბის თვითმკვლელობა, რაც საფარ-ბეგის დანაშაულმა განაპირობა. მკვლევარი თავის სტატიაში საგულისხმოდ ხსნის საფარ-ბეგის მიერ ჩადენილი ცოდვის მიზეზებსა და შედეგებს. გურამ ასათიანი ბათუს მხატვრულ სახეს უბადლოდ წარმოაჩენს და „გამზრდელის“ „პედაგოგიურ“ მნიშვნელობასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ეს კრიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ბათუს პერსონაჟი წმინდა ქართული მოვლენა და ქართული რაინდული ხასიათის მკაფიო გამოხატულებაა, მაგრამ რატომღაც ისინი ყურადღებას არ აპყრობენ და არაფერს მიანიშნებენ გარკვეული დეტალების, კერძოდ, ბათუს აფხაზობის, ასევე ნაზიბროლას „სამეგრელოს ასულობის“, საფარ-ბეგის ყაბარდოელი თავადობისა თუ ჰაჯი უსუბის „მაჰმადის წმინდა მცნების“ შესახებ.
აკაკის გენიალური პოემის ამ კუთხით ანალიზი მეტად არსებითი მნიშვნელობის მქონეა. ეს ნაწარმოები 1898 წელს გამოქვეყნდა და „ერთ-ერთი დამაგვირგვინებელი ქმნილებაა XIX საუკუნის ქართული რეალიზმის ისტორიაში“ (ასათიანი, 1982, 368). ნაწარმოების ეპიგრაფში ავტორი მიუთითებს, რომ „ნამდვილი ამბავია“ და თავის პედაგოგებს უძღვნის. ამით პოეტმა თითქოს უკვე განსაზღვრა პოემის ლიტერატურულ-აღმზრდელობითი დანიშნულება და მიმართულება; მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს აკაკი წერეთელთან. როგორც ამირან გომართელი შენიშნავს, აკაკის არ დაუტოვებია მეცხრამეტე საუკუნის ქართველ გენიოსთაგან თითქმის არავინ, რომ „ფარული ლიტერატურული პოლემიკა“ არ გაემართა და თავისთავადი, სრულიად განსხვავებული სიტყვა არ ეთქვა მათთვის!
გურამ ასათიანი აკაკის „გამზრდელის“ ანალიზისას საუბრობს ამ პოემისა და ილიას „განდეგილის“ დასაწყისის „საკვირველი დამთხვევის“ შესახებ: „ორივე შემთხვევაში ეს ადგილი საგანგებოდ მოწყვეტილია მიწას — „ბარს და ვაკეს“, „კაცთ ჟრიამულს“ და უშუალოდ „ცის მახლობლად“ მდებარეობს“ (ასათიანი 1982, 368). ავტორი აქვე შენიშნავს განსხვავებას „ამ უნივერსალურ ვნებათა საუფლოში“ — „თუ ილიასთან განდეგილის სამყოფელი წარმოსახულია „დიდებულების“ დომინანტური განცდით, რომელიც პირველ სტროფში „ორბთა“ და „არწივთა“ მეფური სახეების შემოტანითაა აქცენტირებული, აკაკისთან ასეთი დომინანტის როლს უბრალოებისა და სილაღის განცდა ასრულებს. პეიზაჟის ცოცხალ მეტაფორულ კომპონენტად აქ მერცხალი გვევლინება“ (ასათიანი 1982, 368):
„მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად,
მერცხლის ბუდედ რაღაც მოჩანს“.
მაგრამ კიდევ ერთი ძირეული განსხვავება არსებობს ამ ორ, ღმერთთან მიახლოვებულ თუ მისაახლოვებელ სამყოფელს შორის. ეს მათი მკვიდრნი გახლავთ, ერთ შემთხვევაში — განდეგილი ბერი, ხოლო მეორეში —
„ერთი ვინმე ახალგაზრდა
აფხაზია, ამ მთის შვილი,
რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი“ (წერეთელი 1956, 235)
ეს სტროფი გენიოსთათვის დამახასიათებელი სისავსით დახუნძლა აკაკიმ. ნაცვალსახელით „ვინმე“ უკვე მიგვანიშნებს გმირის მხატვრული სახის განზოგადებაზე; ხოლო ეთნიკური წარმომავლობის დაკონკრეტებით („აფხაზია“), შემდეგ ამ კონკრეტიკის კიდევ უფრო სიღრმისეული დაზუსტებით („ამ მთის შვილი“), უმარტივესად გადაჭრა მეცნიერთათვის დღემდე გადაუჭრელი და „დასამტკიცებელი“ პრობლემა — აფხაზები „ამ მთის“, ე.ი. საქართველოს, შვილები არიან ისევე, როგორც ნაზიბროლაა „სამეგრელოს ასული“. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დასმული თანაფარდობის ნიშანი თამარსა და ძაბულის, აფხაზის ქალსა და მეგრელ ქალს შორის, მაგრამ ორივენი როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, საქართველოს განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენენ. ბათუსა და ნაზიბროლას შემთხვევაში კი ამას ემატება ერთმანეთის „ცალობა“, ნაწილობა:
„გულში გულს სდებს,
სულში სულს სცვლის,
ხორცს ეწმახვნის
სურო-ვაზი“ (წერეთელი 1956, 235).
წმინდა მამათა აზრით, ყველაზე დიდი სიმდიდრე მოთხოვნილებათა სიღარიბეა. სწორედ ამ სიმდიდრის მფლობელია „რთულ ცხოვრების უარმყოფელი და მცირედითაც კმაყოფილი“ ბათუ. „სიხარბე მხოლოდ ადამიანის თვისებაა, ბუნება ამ გრძნობას არ იცნობს, მან იცის მხოლოდ აუცილებელი. ადამიანი კი ყოველთვის ცდილობს აუცილებელს მიუმატოს სიხარბე და სწორედ აქ ჩნდება დანაშაული“ (ბაქრაძე, 2013, 254), რომელიც მართალსაც ითრევს ბათუს სახით და სიწმინდესაც ბღალავს ნაზიბროლას გაუპატიურებით. ბათუმ კარგად იცის, რომ საფარ-ბეგის განზრახვა „უკუღმართია“, „მაგრამ საქმემ უკუღმართმა შეაწუხა, დააღონა“; მაშინ რატომღა მიდის ძუძუმტის სურვილის შესასრულებლად? მისთვის სიყვარული „ლამპარივით წმინდაა“ და ჰგონია, რომ საფარ-ბეგსაც იგივე გრძნობა ამოძრავებს: „მაგრამ რადგან სიყვარულის ტკბილი სენი შენც შეგყრია…“, ჰგონია არა გულუბრყვილობის გამო, არამედ სხვანაირად ვერ წარმოუდგენია, რადგან თავად არაა ისეთი, როგორიც საფარ-ბეგი: „ბათუს ხასიათი… მრთელი და ჰარმონიული პიროვნების ხასიათია. ეს ის კრისტალია, რომელიც ამ „რთული ცხოვრებისაგან“ მიღებული უმტკივნეულესი დარტყმის შედეგადაც კი არ იბზარება“ (ასათიანი 1982, 369). ბათუს შინაგანი სამყაროს ასეთი სისუფთავე, სისადავე და სიმტკიცე განპირობებულია იმით, რომ ის „თავისი ხალხის ღვიძლი შვილია, მისი ჭეშმარიტი ზნეობრივი იდეალის გამომხატველი“ (ასათიანი 1982, 370). ეს „ზნეობრივი იდეალი“ პოემის სიუჟეტის განვითარების არც ერთ საფეხურზე არ ტოვებს მას, კერძოდ, დაწყებული სტუმრის მოსვლიდან, როცა სიბნელისა და თავსხმა წვიმის გადამკიდემ ჯერ კიდევ არ იცის მისი ვინაობა. მაგრამ მთავარი მისთვის ეს არაა, მთავარი „ამ თავსხმაში“ მოსული ადამიანის თანაგრძნობა და სამსახურია (განდეგილისაგან განსხვავებით), რასაც გურამ ასათიანი „გულისხმიერ გონიერებას“ უწოდებს. ამ გულისხმიერების წყალობით მასპინძელი ისე სთავაზობს სტუმარს დახმარებას, რომ „არ შეურაცხყოს მისი მამაკაცური ღირსება“ (ასათიანი 1982, 372). აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ თუ როგორ გასცემს მოწყალებას ილიას ოთარაანთ ქვრივი ისე, რომ არ ბღალავს გლახაკის პიროვნულ ღირსებას.
„ერთმანეთის მინამსგავსი შიში სხვაა, სიფრთხილე სხვა…“ (წერეთელი 1956, 240). ამიტომაც ბათუ, თითქოს ძალიან იოლ საქმეზე მიდიოდეს, საუბარს ხუმრობით ამთავრებს: „და თუ დამრჩა გამარჯვება, მაშინ მოგთხოვ ფეხის ქირას…“; არადა მშვენივრად უწყის, რომ ამ „უკადრის საქმეს“ შესაძლოა შეეწიროს კიდეც — „ან მოგიყვან იმ ცხენს, ან თავს შევწირავ შენს მეგობრობას!“ ძუძუმტის ასეთი თავგანწირვის სანაცვლოდ, საფარ-ბეგი ისეთ ცოდვას ჩაიდენს, რომელსაც „არც შენდობა უხერხდება“.
საინტერესოა საფარ-ბეგისა და ზია-ხანუმის ანგარებაზე დაფუძნებული ვნების შედარება ბათუსა და ნაზიბროლას „ღრუბლებში ამაღლებულ“ სიყვარულთან. ბათუ „რთული ცხოვრების“ უარმყოფელი და „შორეული ფაცხა-მღვიმის“ ბინადარია, რომელიც „მთის მწვერვალზე, ცის მახლობლად“ მდებარეობს. ბათუს საცხოვრისის აღწერისას რამდენიმე მნიშვნელოვანი არეალი დააკავშირა პოეტმა ერთმანეთთან. ეს გახლავთ — მღვიმე, მთა და ცა. ეს სამი სივრცე ილიას „განდეგილშიც“ ფიგურირებს. ასევე ფიგირირებს თავსხმა წვიმა, ჭექა-ქუხილიანი ბნელი ღამე, ცეცხლი და უდროოდ მოსული სტუმარი.
საგულისხმოა თუ რას უკავშირდება ქრისტიანობაში ეს სამი სახე-სიმბოლო: მღვიმეში, რომელიც სამყაროს სიმბოლოა, იშვა ჩვენი მაცხოვარი — იესო ქრისტე. მთის საშუალებით, წმინდა წერილის თანახმად, ადამიანს ხელეწიფება შემოქმედთან კავშირის დამყარება: მთაზე მიიღო მოსემ ათი მცნება, მთაზე იხილა ცეცხლწაკიდებული მაყვლის ბუჩქი, რომელიც ღვთისმშობლის საშუალებით მაცხოვრის განკაცების წინასწარმეტყველება გახლდათ; მთაზე იცვალა ფერი მაცხოვარმა; მთაზე აღესრულა კაცობრიობის გამოხსნა იესოს ჯვარცმით; მთიდან ამაღლდა ზეცად უფალი; მთაზე ადის დავით წინასწარმეტყველი — „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა!?“ მთაზე ირწმუნებს ქრისტეს ჭეშმარიტებას მირიან მეფე; მთასა და უდაბნოში იწყებენ მოღვაწეობას სირიელი მამები; მთაწმინდაზე უერთდება ბარათაშვილი გონებით შემოქმედს; მთაზე მყოფი ვაჟა ელაპარაკება ღმერთს, მთაზე დგომისას ჩაესმის გალაკტიონს „სიჩუმის იდუმალი ხმა“; მთაზე ელის ტერენტი გრანელი „ქრისტეს გამოცხადებას“; და ბოლოს ვისაც სულიერი კათარზისი სურს, მთაში მიდის; არსენ დიდი პირდაპირ ითხოვს მონაზვნებისგან მთაში წასვლას. რაც შეეხება ცას, ქრისტიანობისათვის იგი „საყდარია ღვთისა“.
ამ ღვთაებრივი სივრცის „პატრონია“ ბათუ. ამიტომაც მიაჩნია იგი თავის ცალს — „ცით მოწყვეტილ ვარსკვლავს“, „ედემის ალვად ასულ“ ნაზიბროლას „ცა და ქვეყნის შუამავლად“ და ამიტომაც „უხმო აღსარების“ წყალობით — „ერთად გრძნობენ ამ ქვეყნადვე სასუფევლის ნეტარებას“. ნაზიბროლას მხატვრული სახეც საკმაოდ დატვირთა ქრისტიანული სიმბოლიკით აღსავსე ეპითეტებითა თუ მეტაფორებით პოეტმა — ცის ვარსკვლავი, ედემის ალვის ხე, „ელფერობით — ვარდი“, „სინაზით — ია“.
რას წარმოადგენს საპირისპირო წყვილი; ვინ არის საფარ-ბეგის რჩეული ზია-ხანუმი:
„ჯერ გაჰღალავს, მიიბირებს,
დაიმონებს, იგდებს ხელში,
მერე უნდა გამოსცადოს:
აგდებს მის მსხვერპლს განსაცდელში“
(წერეთელი 1956, 238).
როგორც ვხედავთ, ზია-ხანუმის დასახასიათებლად აკაკი ძალაუფლების გამომხატველ ზმნებს იყენებს. სწორედ ასე აფასებს აკაკი ბაქრაძე ნაზიბროლას საპირისპირო ანტიგმირს: „ზია-ხანუმს ძალაუფლების მოყვარეობა აწამებს… მისი სიხარბე ადამიანთა ურთიერთობის იმ სახეობას ცნობს, რომელსაც მორჩილება ეწოდება“ (ბაქრაძე 2013, 251). ესაა ძირეული განსხვავება, როგორც წმინდა მამები განმარტავენ, ქრისტიანობასა და მაჰმადიანობას შორის — ქრისტიანობაში უმთავრესი გრძნობა სიყვარულია — „ღმერთი სიყვარული არს“ (იოანე მახარობელი), ხოლო მაჰმადიანობაში — მორჩილება. ზია-ხანუმს „თავმომწონე ინალიფა მხოლოდ იმიტომ არ მოსწონს, რომ იცის „სხვებსავით ის მას ვერ იმსახურებს“. არსებობს ნამდვილი, (ალექსანდრე) ინალიფას პორტრეტი, რომელიც გრიგოლ შერვაშიძის ბაბუა გახლდათ. ამ ფოტოზე გამოსახული უბადლო ვაჟკაცის დამონება ნამდვილად არ იქნებოდა არათუ ადვილი, არამედ — შესაძლებელი. „ალმასხიტი არ გახდება ზია-ხანუმის სიხარბის მსახური, ამიტომ ქალი სხვებს აქეზებს მის წინააღმდეგ“ (ბაქრაძე 2013, 251):
„დამაჩემა: თუ გიყვარვარ
და ხარ ჩემი მოგვარეო,
ინალიფას ლურჯი ცხენი
ამ სამ დღეში მომგვარეო!“ (წერეთელი 1956, 239).
აშკარად ჩანს, რომ საფარ-ბეგი მსხვერპლია და თან ისეთ განსაცდელში ჩავარდნილი, რომ აუცილებლად სხვაც უნდა იმსხვერპლოს, მაგრამ ვინაა იგი!? როგორც აკაკი ბაქრაძე ბრძანებს — „გაჩნდა დანაშაული. ჯერ შედარებით უბრალო, ცხენის მოპარვა და შემდეგ უკვე უპატიებელი — ძუძუმტის ცოლის გაბახება“ (ბაქრაძე 2013, 251). წმინდა მამათა სწავლებით — „მინდა არის ვნება“. დაუოკებელი სურვილიდან ან თუნდაც ინტერესიდან მომდინარეობს ნებისმიერი ცოდვა, რომელიც თავის მხრივ ახალ, უფრო მძიმე, „სათქმელად საძნელო“ ტრაგედიამდე შესაძლოა მივიდეს. ასე გადაება ჯაჭვურად ზია-ხანუმის „მინდა“ საფარ-ბეგის ვნებას („დამამარცხა, დამიმონა“). იმ დროს, როცა „თვით ეშმაკიც ეძებს ძრძოლით თავშესაფარს“, იგი ბათუ აფხაზის — „ღვთის კარს“ მიადგა („სტუმარი ღვთის კარზე ვდგავარ. ცხენს და კაცსა გვინდა ბინა“). ფაქტია, რომ საფარ ბეგის ძიძის შვილის „ფაცხა-მღვიმე“ ღვთაებრივ სიწმინდესთანაა გაიგივებული. ბათუ წამიერადაც კი არ უშვებს მის მიმართ უნდობლობას (მორდუობა ხომ ქვეყანას რჯულზე უფრო უმტკიცესად მიაჩნია). როგორც აკაკი ბაქრაძე ამბობს — „ბათუმ ადამიანის უკეთილშობილესი გრძნობა გამოამჟღავნა — ნდობა“ (ბაქრაძე 2013, 256).
მაშ რა მოხდა „მერცხლის ბუდესავით“ წმინდა ფაცხაში!? აკაკი ილიასაგან განსხვავებით შეცოდების პროცესს არ გადმოგვცემს, არც განდეგილივით გარბის ცოდვის ადგილისა და ობიექტისაგან საფარ-ბეგი; პირიქით, მართალია, ზეზე შემკრთალი და დარცხვენილი წამოვარდება, მაგრამ ბათუს „მშვიდ სახეზე“ ღიმილს შეამჩნევს:
„გაიფიქრა: მადლობა ღმერთს!
არაფერი შეუტყვია,
თვარა გულ-მკერდს გამიხვრეტდა
ხანჯლის წვერი და ან ტყვია!“ (წერეთელი 1956, 243).
საფარ-ბეგის ამ სიტყვებიდან — ე.ი. თუ ვერ გაიგო ძიძიშვილმა მისი შეცოდება, თუ ქალმა „ნამუსი შეინახა“ („ჩემს საქციელს სამარცხვინოს ვინ გაიგებს, ვინ დამძრახავს?“) — ნათლად ჩანს, რომ თუ ვერავინ გაიგებს, შეგიძლია ქვეყანა დააქციო. ილია თავის ლუარსაბ თათქარიძეს ასე ათქმევინებს: „განა უწინ კი არ იყო მაგისთანა ამბები,.. მაგრამ უწინ სულ დაფარული იყო“ (ჭავჭავაძე 1985, 298). საფარ-ბეგისთვის ნაზიბროლას გაბახება ისევე არაფერს წარმოადგენს, როგორც დათიკოსათვის თამროს დაუფლება (არც სოციალური პრობლემა რჩება აკაკის ყურადღების მიღმა). ეს განასხვავებს მას განდეგილისაგან. ამიტომ არ გარბის არსად. ფსიქოლოგიაში მის საქციელს აგრესიული სექსუალური ენერგია ჰქვია, რომლის დროსაც ადამიანი აფექტის მდგომარეობაში იმყოფება და საკუთარ ქცევას ვეღარ აკონტროლებს; ხოლო ქრისტიანული რელიგიის თვალსაზრისით, ეს შეპყრობილი მდგომარეობაა, საიდანაც ადამიანის გამოსვლა შესაძლოა ტრაგედიითაც კი დამთავრდეს, როგორც განდეგილის შემთხვევაში. საფარ-ბეგის ბუნების ბოლომდე გაშიშვლება ზია-ხანუმის სიხარბის ირიბი მსხვერპლის მხატვრული სახის წარმოჩენით ხდება; როგორც კი „თმაგაშლილ“, „ჩუმად მტირალ“ ნაზიბროლას იხილავს ბათუ, რომელიც „ტინის კედელს თავს ახლის და ხმას არ იღებს“, „მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა, ზარმა დაჰკრა ელდა ეცა!… და რომ კრინტიც არ დაუძრავს, იქვე უხმოდ ჩაიკეცა“ (წერეთელი 1956, 242).
ნიკო სამადაშვილი ლადო ასათიანის შესახებ წერს საოცარ სიტყვებს — „სულის კვამლი უწვავდა თვალებს“. ბათუს უხმო ჩაკეცვა სწორედ ისეთი „სულის წვაა“, როცა წესით ადამიანი ვეღარ უნდა არჩევდეს ვერაფერს, მაგრამ გონზე მოსული, ვაჟას ჯოყოლას მსგავსად, გასაოცრად ანუგეშებს ცოლს — „გადაიგდე გულიდან ეგ ცრუ ზღაპარი და სიზმარი!… მე და შენი სიყვარული წმინდა არის, ვით ლამპარი“. „ლამპარივით წმინდა სიყვარულმა და სიხარბისაგან თავისუფლებამ დაბადა ბათუს დიდბუნებოვანი საქციელი, მისი სულდიდობა“, — წერს აკაკი ბაქრაძე (ბაქრაძე 2013, 257). ხოლო გურამ ასათიანისათვის ბათუს საქციელი „ქართული სულის“ „რაინდული დიდსულოვნების ნამდვილი აპოთეოზია“ (ეს სიტყვები კიდევ ერთი დასტური გახლავთ იმისა, რომ ბათუ აფხაზი ისეთივე ქართველია, როგორიც „სამეგრელოს ასული“ ნაზიბროლა). „ახლობელი ადამიანის ტანჯვის ხილვით და ამ ტანჯვისადმი თანალმობით ის თითქოს არისტოტელესეული კათარზისის მსგავს ემოციურ მდგომარეობას ეზიარება“ (ასათიანი 1982, 373). ფაცხაში დატრიალებული ტრაგედიის უშუალო მონაწილეს დაუბრუნა ბათუმ იმედი, შეაძლებინა სიცოცხლის გაგრძელება; მაგრამ რჩება მეორე — სტუმარი, ძუძუმტე და დამნაშავე ერთად. ერთი გამოცდა, რომელიც საყვარელ ადამიანს შეეხებოდა, მან წარმატებით „ჩააბარა“, მეორე გაცილებით რთულია, რადგან საქმე ისეთ ცოდვას ეხება, რომელსაც შენდობაც კი არ უხერხდება. ამის მიუხედავად, აფხაზი ბათუ მასპინძლის მოვალეობას ისე პირნათლად შეასრულებს („გამოაწყო, არ დააკლო, რაც წესია, სამსახური, რომ სტუმარი არ გაუშვას გულნაკლი და უმადური“), „რომ ერთი გამყიდველი ნერვიც არ შეუთამაშდა სახეზე“ (ასათიანი 1982, 374). მაგრამ „საკუთარი დაძაბულობის განსამუხტავად წამოწყებული ჭენება მოულოდნელად მუხრუჭდება“ (ასათიანი 1982, 371):
„საფარ-ბეგო პირშავობა
შენი ვიცი, შემიტყვია…“ (წერეთელი 1956, 239).
ის უკვე აღარ მიმართავს როგორც ძუძუმტეს („არა სთქვა რა!… არც მე გკითხავ: არის ზოგი შეცოდება, რომ სათქმელად საძნელოა… არც შენდობა უხერხდება!“, 244). როგორც ნაზიბროლას მდგომარეობის ხილვისას იყო სიტყვა უძლური („უხმოდ ჩაიკეცა“), ასევეა უძლური საფარ-ბეგის შეცოდების გადმოსაცემად. ბათუს ამ სიტყვებს იგი ცნობიერ გონებაზე მოჰყავს და აღიარებს თავის დანაშაულს („შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი!…“ (წერეთელი 1956, 245). ისეთ უმძიმეს ცოდვას, როგორიც მან ჩაიდინა, მხოლოდ ცრემლი ვერ განწმენდს. ეს კარგად უწყის საფარ-ბეგმაც („მომკალ… ტანჯულს რამ მიშველე, მაზღვევინე, რაც შეგცოდე, სინიდისი გამიმრთელე“). ბათუ, მართალია, შეუნდობს შეცოდებას („წადი ჩემგან შენდობილი“), მაგრამ დამსხვრეული სინდისის გამრთელება არ ხელეწიფება. ამიტომაც სხვა გამოსავალს სთავაზობს:
„წადი, ნახე ის მოძღვარი, ვინც შვილივით გამოგზარდა“
(წერეთელი 1956, 246)
ამით თითქოს მან გადააბარა მოძღვარს ის ნამსხვრევები, რომელსაც საფარ-ბეგის სული წარმოადგენს; თავად კი ფაცხისაკენ მიმავალი „აღმართი ძლივს ბარბაცით“, მაგრამ მაინც „აიარა“. „ბათუს „ბარბაცი“ მისი სულიერი დაღლილობის გამოხატულებაა, ოღონდ ეს არაა დათრგუნული, არამედ მძიმე სახადისაგან განკურნებული, სიმრთელეშენარჩუნებული სულის დაღლილობა“ (ასათიანი 1982, 374). სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო, რადგან ავტორს აუცილებლად უნდა ეთქვა მკითხველისათვის თუ „რა არაადამიანური დაძაბვის ფასად დაუჯდა მის გმირს იმ უფსკრულიდან ამოღწევა, რომელშიც მისი გმირი ჩაჩეხეს“ (ასათიანი 1982, 374)
ეს უფსკრული კი ძალიან ღრმა გახლდათ; ამასთან დაკავშირებით აკაკი ბაქრაძეს ლევ ტოლსტოის სიტყვები მოჰყავს მაგალითად: „ადამიანი იტანს მიწისძვრებს, ეპიდემიებს, ავადმყოფობათა საშინელებებს და ყოველგვარ სულიერ წამებათ, მაგრამ ყოველ ხანაში მისთვის ყველაზე უმწვავესი ტრაგედია იყო, არის და იქნება — საწოლი ოთახის ტრაგედია“. ვისაც ძალუძს ამ ტრაგედიას შეგნებულად შეხედოს, ემოციას არ აჰყვეს და რუასით განსაჯოს, მას აქვს პატიების ღვთაებრივი უნარი, ეს უნარი გამოავლინა ბათუმ ნაზიბროლას მიმართ. ასეთი ადამიანები იშვიათობას წარმოადგენენ; „ამიტომაც ბათუს ადამიანური ბუნების სიღრმე განსაკუთრებით დასაფასებელია, ეს სიღრმე მოჩვენებითი და ცრუ კი არ არის, არამედ ნამდვილი“ (ბაქრაძე 2013, 259). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა საფარ-ბეგის პატიებას; როგორც წმინდა მამები გვასწავლიან — ჩვენ ცოდვა უნდა გვძულდეს და არა ცოდვის ჩამდენი. ბათუსაც სძულს არა ადამიანი, არამედ ცოდვა. სწორედ ცოდვის სიძულვის გამო „ბათუ დანაშაულს არ ურიგდება“ (ბაქრაძე 2013, 259). როგორც აკაკი ბაქრაძე ბრძანებს, „დანაშაული შეგნებულია, შენდობის აქტიც აღსრულებულია, მაგრამ საფარ-ბეგის ბედი მაინც არ არის გადაწყვეტილი“ (ბაქრაძე 2013, 259). ბათუ აფხაზმა ეს გადაწყვეტილება „ყაბარდოელ მოძღვარს“ მიანდო („რომ მიხვიდე ყაბარდოში, იცოდე, რომ სულ პირველად, წადი, ნახე ის მოძღვარი, ვინც შვილივით გამოგზარდა“). პოემის სათაურის ადრესატს ნაწარმოებში მხოლოდ ბოლო თავი ეთმობა, მაგრამ სათქმელის ტევადობის თვალსაზრისით ბევრ დიდტანიან თხზულებაზე მეტს გვამცნობს გმირის მხატვრული სახის გადმოცემისა თუ მისი „ზნეობრივი აქტის“ დემონსტრირების თვალსაზრისით:
„არც გვარით, არც ვაჟკაცობით,
არც სიმდიდრით, არც ქონებით,
ჰაჯი-უსუბ ცნობილია
მხოლოდ ჭკუით და გონებით…“
პოეტმა უკვე შექმნა გარკვეულ სულიერ სიმაღლეზე მყოფი პიროვნების შინაგანი პორტრეტი, რომელიც „თვით მაჰმადის წმინდა მცნებით“ არის შემკობილი. ჰაჯი-უსუბის ნაწარმოებში შემოსვლას ორი განსხვავებული არეალი შემოაქვს პოემაში: ერთი გეოგრაფიული — ყაბარდო, ხოლო მეორე რელიგიური — მაჰმადიანური სამყარო. სავარაუდოდ, არავისთვის არაა უცხო ის ფაქტი, რომ აკაკი რითმის გულისთვის ამ ორ მნიშვნელოვან ფაქტორს არ შემოიტანდა ნაწარმოებში. თავისთავად ისმის კითხვა — რისთვის დასჭირდა, რისი თქმა სურს პოეტს? ამავდროულად აფხაზ გლეხ ბათუსა და ყაბარდოელ თავად საფარს შორის მორდუობის ნათესაური კავშირია დამყარებული. მოგვიანებით ქართულმა მწერლობამ მორდუობის სხვადასხვა შემთხვევები დახატა უკვე ეთნოსის სახელ-დასაკუთრებულ აფხაზთა და ქართველთა ურთიერთობისა; კერძოდ, კომუნისტ არზაყან ზვამბაიასა და თარაშ ემხვარს შორის და ჰაკი აძბასა და უჯუშ ემხას შორის. ერთი ირიბად კლავს ძუძუმტეს, ხოლო მეორე საკუთარ სიცოცხლეს სწირავს მისთვის. ურთიერთობის ამ ფორმამ რადგან ასეთი განვითარება ჰპოვა ქართულ მწერლობაში, შესაძლოა გვაფიქრებინოს — ხომ არ მიდის პოეტი გაცილებით უფრო შორს, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია?! კერძოდ, ის ხედავს, მორდუობის საშუალებით როგორ შემოდიან იმიერ კავკასიიდან უცხო ტომისა და სარწმუნოების მიგრანტები ამიერ კავკასიაში და რა ძვირად უჯდება ქართველურ ტომებს — აფხაზებსა და მეგრელებს მათი თვითგამორკვევა; ამის თქმა რომ არ ყოფილიყო მტკივნეული ჩვენს მამულში შემოსული ხიზნებისათვის, აკაკიმ „მაჰმადის მცნებას“ განსაზღვრებად „წმინდა“ წარუმძღვარა; ამით იგი ქრისტიანობას გაუტოლა, ხოლო ჰაჯი-უსუბი მოყვასისადმი დარღვეული სიყვარულის გასამთლიანებლად წირავს საკუთარ სიცოცხლეს, „საფარ-ბეგის მონანიების დროს ჰაჯი-უსუბმა თავის თავი გაზრდილის დანაშაულის თანამონაწილედ მიიჩნია“ (ბაქრაძე 2013, 260) და, ერთი შეხედვით, ხევისბერი გოჩასაგან განსხვავებით, მოულოდნელი განაჩენი გამოიტანა. მაგრამ მას „გამოჰქონდა არა იურიდიული, არამედ ზნეობრივი“ განაჩენი. სხვათა დანაშაულის თანამონაწილეობის განცდა მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ. ჰაჯი-უსუბის ეს განცდა მკითხველს აუცილებლად მოაგონებს დავით აღმაშენებლის სინანულს და კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებს: „ათასების ტკივილი ერთმა უნდა გადაიტანოს, ათასების მაგივრად ერთია მლოცველი და ჯვარზე გამსვლელი…“. „ამრიგად, ჰაჯი-უსუბის პატიოსნება არის პატიოსნება, რომელსაც უნარი აქვს სხვისი დანაშაულის საფუძველი თავისთავში იპოვოს და თავად აგოს პასუხი“ (ბაქრაძე 2013, 261) აი ამ სიმაღლემდე აიყვანა აკაკიმ ყაბარდოელი მაჰმადის მცნების მიმდევარი მოძღვარი. თუ გავიხსენებთ ილიას მოთხრობას „სარჩობელაზედ“, ვნახავთ, რომ პეტრე ვერაფრით ხვდება, რა დანაშაული მიუძღვის სარჩობელაზედ დაკიდებული ახალგაზრდა ბიჭისადმი; არადა „ბოროტის ქმედების თანაზიარი ყოველთვის არის საზოგადოება“, მაგრამ, როგორც წესი, იგი ამ ტვირთს ჰაჯი-უსუბივით არ ღებულობს. „აკაკი წერეთლის გამზრდელი სჯის დანაშაულს, მაგრამ არ არღვევს არსებობის მარადისობის კანონს, წარსულის სახელით არ კლავს მომავალს“ (ბაქრაძე 2013, 267). ასე უმტკივნეულოდ, ლამაზად და ფრთხილად „შეეხო“ აკაკი „აფხაზთა, (აფსუათა) გულის სიმებს“. სხვათა შორის, ჩვენი დიდი მწერლები ეტყობა ხედავდნენ ეთნოსის სახელის მითვისების საშიშროებას შემოსული ტომის მხრიდან და ამიტომაც ასე დელიკატურად სვამენ ტოლობის ნიშანს აფხაზსა და მეგრელს შორის, ასე ოსტატურად გადმოგვცემენ მორდუობის ტრადიციას და ასე ღირსეულად წარმოაჩენენ სტუმრად მოსულ გარეულს, რომელმაც „შინაური გააგდო“; მაგრამ ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, მას მაღალი ზნეობისა და გმირობის მაგალითი აცამტვერებს ან აკეთილშობილებს, რაც საგულისხმო და სასურველია ჩვენს სამშობლოში მცხოვრები ყველა ეთნოსის მიმართ.
თამარ კობერიძე
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა:
- აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. V, თბილისი-1956წ.
- გურამ ასათიანი, „სათავეებთან“, გამომც. „საბჭოთა საქართველო“, თბილისი-1982წ.
- აკაკი ბაქრაძე — სკოლას, გამომც. „ინტელექტი“, თბილისი-2013წ.
- ინტერნეტ რესურსები.