3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

არა ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციას

spot_img

მარინა ღვინიაშვილი
სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტიციან ტაბიძის სახელობის სოფ. სანავარდოს საჯარო სკოლისა და სოფ. ჩანტლისყურის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

 

 

პროექტებით სწავლების მეთოდის გამოყენება სასწავლო პროცესში მრავალმხრივ მნიშვნელოვანი, საჭირო და სასარგებლოა. ის მოსწავლეებში ავითარებს სხვადასხვა უნარ-ჩვევას, როგორიცაა: კვლევა-ძიების, ჯგუფური მუშაობის, მსჯელობის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, პრეზენტაციის, ასევე ინტეგრირებას ახდენს სასწავლო დისციპლინებს შორის.

გარდა ამ ჩამონათვალისა, ნებისმიერი საგნის სწავლების დროს, განსაკუთრებით სამოქალაქო განათლების სწავლებაში, ეს მეთოდი საკმაოდ ეფექტიანია, რადგან ქმნის საინტერესო და სახალისო სასწავლო გარემოს მოსწავლეებისთვის.

„პროექტებით სწავლება“ სამოქალაქო განათლებაში ემსახურება იმას, რომ მოსწავლე აღიზარდოს მოქალაქედ და განივითაროს ის უნარ-ჩვევები და ღირებულებები, რაც მას აქტიური მოქალაქეობისთვის სჭირდება. სწავლების ასეთი მეთოდი საუკეთესოა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლადაც, რადგან ამ დროს ყველანაირი აკადემიური მოსწრებისა და შესაძლებლობის მოსწავლე დიდი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ერთვება აქტივობებში.

პირადად მე, ძალიან ხშირად ვიყენებ პროექტებით სწავლებას, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო სწავლების მეთოდს როგორც ინგლისურ ენაში, ასევე სამოქალაქო განათლებაში. 2023-24 სასწავლო წლის მიმდინარეობისას მათგან გამოვარჩევდი პროექტს სახელწოდებით „არა ქალთა მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციას“. ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველ წელს, ტრადიციულად, ვახორციელებ ხოლმე პროექტს. მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან მასში. წლევანდელი პროექტი იმით გამოირჩეოდა, რომ მე და ჩემმა მოსწავლეებმა დავგეგმეთ და განვახორციელეთ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები. პროექტში მონაწილეობდა ორი კლასი.

პროექტში, რომელიც ნოემბერში დავგეგმეთ და თვე-ნახევარი გაგრძელდა, ჩვენი სკოლის მე-5 და მე-7 კლასელები ჩაერთვნენ.

პირველ ეტაპზე, მეხუთეკლასელებმა მოიძიეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია. ისინი დაინტერესდნენ ამავე ორგანიზაციის მიერ გამოცემული, ქართველი მწერლების მიერ შექმნილი ზღაპრების კრებულით „იყო ერთი გოგო“, რომლის პერსონაჟებიც ცნობილი ქართველი ქალები არიან. მოსწავლეებმა ეს კრებული, სამწუხაროდ, ვერც ერთ ბიბლიოთეკაში ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ მის ელექტრონულ ვერსიას გაეცნენ, წაიკითხეს ათიოდე ზღაპარი გმირ ქალებზე, რომლებმაც ისინი იმდენად აღაფრთოვანა, რომ სურვილი გაუჩნდათ შეექმნათ ულამაზესი ნახატები ამ საოცარ ქალებზე და ასე გადმოეცათ მამაცი ქალების საარაკო ამბები. მათ ასევე მისწერეს ემოციური წერილები საყვარელი ზღაპრის გმირებს.

შემდეგ ეტაპზე მეშვიდეკლასელებმა წარმოადგინეს ესეები სათაურით „თამარ ვაშლოვნელი – ძლიერი და მამაცი ქალის სახე და თანამედროვეობა“, სადაც კარგად გაავლეს პარალელი ახლახან შესწავლილ ნაწარმოებს, მაია სარიშვილის „მაგრამ ასე ერჩიას“ და თანამედროვეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილ სტერეოტიპებს შორის, ესეებში ასევე ისაუბრეს ქალთა უფლებებსა და დისკრიმინაციაზე წინათ და ახლა, მათ გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.

მომდევნო ეტაპზე მოსწავლეებმა მოიძიეს სოციალურ ქსელში გავრცელებული საინტერესო სტატია, რომელიც კარგად ასახავდა გენდერულ უთანასწორობას, ქალთა დისკრიმინაციას, რაც ჯერ კიდევ დაბადებამდე იწყება, სამწუხაროდ. ამის შემდეგ განვიხილეთ და ვისაუბრეთ პრობლემის წარმოშობის მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის ნახვა, სადაც ოჯახური ძალადობის სცენებია, ქალთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია ჩანს. ფილმების ნახვის შემდეგ მოვაწყეთ დისკუსია.

ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოგვივიდა. მოსწავლეების აქტიურობა ჩანდა თითოეულ ეტაპზე – ინფორმაციის მოძიებისას, სტატიებისა თუ ფილმების განხილვისას, დასკვნების გამოტანისას, ისინი შემოქმედებითად მიუდგნენ პროექტს და შექმნეს გმირი ქართველი ქალების ამსახველი ნახატები, კედლის გაზეთები, სტატიები, ლოზუნგები და პოსტერები; წაიკითხეს გმირი ქალებისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები, რითიც უფრო ამაღელვებელი და ემოციური იყო დამსწრე საზოგადოების წინაშე გამართული პრეზენტაცია, პროექტის ბოლო ეტაპზე.

ვფიქრობ, რომ ამ პროექტის შემდეგ მოსწავლეებმა უკეთ გააცნობიერეს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, ქალთა უფლებები ოჯახსა თუ საზოგადოებაში. ამასთანავე, მათ განუვითარდათ მოსწავლისათვის საჭირო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.

დიდი იმედი მაქვს, რომ პროექტებით თუ სხვა სახის სწავლების მეთოდების სისტემატური გამოყენებით, მოსწავლეებში ამაღლდება ცნობიერება გენდერული თანასწორობის კუთხით. ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი მოსწავლეები აღიზრდებიან ქალთა უფლებების დამცველ, სამართლიან და თავისუფალ ადამიანებად, რეაგირებას მოახდენენ თითოეულ ძალადობრივ ფაქტზე მათ გარშემო, დაიცავენ როგორც საკუთარ უფლებებს, ისე სხვა უფლებაშელახული და ძალადობის ქვეშ მყოფი ქალების უფლებებს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები