13 ივნისი, ხუთშაბათი, 2024

„არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს…“

spot_img
ელისო ლატარია
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

 

თანამედროვე სამყარო მასწავლებელს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. ტექნოლოგიურმა პროგრესმა სწრაფად ცვალებად სამყაროსთან ადაპტირების აუცილებლობა გამოიწვია. ეს პრობლემა, ვფიქრობ, ყველაზე აქტუალურია პედაგოგებისთვის, ვინაიდან რთულია, თანამედროვე თაობის მასწავლებელი იყო და წინა საუკუნის სტრატეგიებით იხელმძღვანელო. წინარე გამოცდილების გაზიარება, თუ ის ეფექტიანია, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება, თუმცა, როგორც ხალილ ჯიბრანი წერდა, ახალი თაობა ჩვენს შეხედულებებს კი არ უნდა მოვარგოთ, არამედ უნდა ვეცადოთ გავიგოთ მათი მისწრაფებები. „…შესაძლოა, ესწრაფოდეთ, მიემსგავსოთ მათ, მაგრამ ნუ ეცდებით დაიმსგავსოთ ისინი, რადგან ცხოვრება უკანუკან არ მიდის და გუშინდელ დღესათან არ ყოვნდება. თქვენ მშვილდები ხართ, რომლიდანაც თქვენი შვილები, როგორც ცოცხალი ისრები, წინწინ გაიჭრნენ.“

ყოველივე ეს მასწავლებლისგან ითხოვს ბევრი რამის გადაფასებას, არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, სიახლეებიის შეტანას სასწავლო პროცესში, ახალი თაობის მისწრაფებებსა და ღირებულებებში გაცნობიერებას და ა.შ.

ამ მიმართულებით არაერთი ტრენინგი ტარდება, არაერთი სტატია, გზამკვლევი თუ მეთოდური სახელმძღვანელოა ხელმისწავდომი, თუმცა, განათლების ხარისხით მაინც ვერ ვიწონებთ თავს. მიზეზი კი, ცხადია, არაერთია.

ერთ-ერთი, როგორც კვლევები ცხადყოფს, არის მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია. დემოტივაციას არაერთი ფაქტორი იწვევს, მათ შორის მოსწავლეთა დიდი ნაწილი ასახელებს იმას, რომ ვერ ხედავენ სწავლის საჭიროებას, რადგან თვლიან, რომ ამის გარეშეც შეუძლიათ წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობას მიაღწიონ. მაგალითებად „ნასწავლი“, მაგრამ წარუმატებელი ადამანების მოხმობა არ გაუჭირდებათ, არც ისეთი უნივერსიტეტდამთავრებულების, რომლებიც, ძირითადად, საქმდებიან იქ, სადაც, ჩვეულებრივ, სკოლადამთავრებულსაც შეუძლია დასაქმება. მოსწავლეები ხშირად ჩივიან იმაზე, რომ მათ ისეთ რამეებს ასწავლიან, რასაც ცხოვრებაში ვერ გამოიყენებენ.

მოსწავლეებში ტრანსფერის უნარის განვითარებაზე, სწავლების საჭიროების დასაბუთებაზე დღეს ბევრი იწერება, თუმცა, სამწუხაროდ, დიდ ნაწილს გააზრებული არ აქვს სად და როგორ უნდა გამოიყენოს ნასწავლი მასალა, ეს კი იწვევს დემოტივაციას. ერთ-ერთმა მოსწავლემ ეს დამისახელა მიზეზად იმისა,რომ სწავლას გულს ვერ უდებდა. შევთავაზე, ნუ ისწავლი იმას, რის საჭიროებასაც ვერ დაგისაბუთებ-მეთქი, ყველა გაკვეთილზე დამისვი შეკითხვა, რაში გამომადგება ამის ცოდნა? მართლაც, სრულიად მოულოდნელად მკითხავს ხოლმე – მას, აი, ეს მაინც რაში გამომადგება, სად უნდა გამოვიყენოო. პასუხამდე თვითონვე მიმყავს კითხვებით და მერე რწმუნდება იმაში, რომ არაფერს ისეთს არ ვახვევ თავს, რაც არ სჭირდება. ამან მოტივაცია აუმაღლა და საკმაოდ აქტიური მოსწავლეა.

ამას წინათ, ვასწავლე თუ როგორ უნდა დაეწერათ ანგარიში. კლასში გაკეთებული ნიმუშის მიხედვით, ვთხოვე, საშინაო დავალებად დაეწერათ მათ მიერ ორგანიზებული პროექტის ანგარიში. ცოტა ხნით ჩაფიქრდა და მერე მკითხა – მას, აი, ეს მაინც რაში გამომდგება, სად დამჭირდება ანგარიშის წერა. ვესაუბრე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობაზე. მაინც ეჭვით შემომხედა, იქნებ არავის წინაშე არ მინდა ვიყო ანგარიშვალდებული, ჩემს საქმეს წამოვიწყებ და არავისაც არ ჩავაბარებ ანგარიშსო. მაშინ ეს წავაკითხე: „…ანგარიშვალდებულება ნიშნავს ადამიანების პასუხისმგებლობას თავიანთ ქმედებებზე და თავიანთი მოვალეობების შესრულების ხარისხზე. ანგარიშვალდებულება გულისხმობს, რომ ადგილზეა კონტროლის და გადამოწმების სისტემები და, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია არალეგალურ ან კორუფციულ საქციელში მხილებულების დაკავება, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა და მათი დასჯა. კანონის წინაშე ყველა თანამშრომელი უნდა იყოს ანგარიშვალდებული, მიუხედავად მისი რანგის, სტატუსის და პოზიციისა.“ დაფიქრდა…

სწავლება რომ საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს, ამაზე არაერთი კვლევა ჩატარებულა. ძალიან საინტერესოა, ამ მხრივ, ცნობილი ჰოლანდიელი პროფესორის, არაერთი პროექტის ავტორის, ბიზნესის მკვლევრის, ჰარბინის უნივერსიტეტის (ჩინეთი) ლექტორის, ანტვერპენერისა და არაერთი წიგნის ავტორის, კლარენს ვან დე პუტის მოსაზრება (მისი მასტერკლასის გავლის შესაძლებლობა მომცა კომპანია ქი ქონსალთინგმა. მადლობა ქალბატონ ლიკა ოხანაშვილს ამ შესაძლებლობისთვის), სწავლების პრაქტიკაზე ორიენტირების აუცილებლობის წინაშე მხოლოდ პოსტსაბჭოური ქვეყნები არ დამდგარან.

ვან დერ პუტის განცხადებით, ჰოლანდიაში ბიზნესსექტორმა შენიშნა, რომ ნასწავლს ადამიანები პრაქტიკაში ეფექტურად ვერ იყენებდნენ, რის შედეგადაც, ცხადია, ბიზნესი ზარალდებოდა. მათ გამოიჩინეს ინიციატივა და მიმართეს მთავრობის საგანმანათლებლო სექტორს წინადადებით, რომ სჭირდებოდათ მეტი ფოკუსი პრაქტიკაზე, უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და სწავლება პრაქტიკაზე ორიენტირებული გახდა.

სწავლებისას პრობლემების გადაჭრის უნარის გამომუშავება უმთავრესი საჭიროება რომაა, ამაზე დღეს ბევრი იწერება. სახელმძღვანელოებშიც შევხვდებით ისეთ დავალებებს, რომლებიც ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე. მაგ., პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ესეს წერა ეხმარება მოსწავლეს იმაში, რომ მრავალმხრივად განიხილოს მოცემული პრობლემა და იპოვოს მისი გადაჭრის გზები, შემდეგ შეარჩიოს ყველაზე ეფექტური გზა, დაასაბუთოს მისი ეფექტურობა. ცხადია, მსგავსი დავალებები მოსწავლეებს, კირიტიკული აზროვნების უნართან ერთად, ისეთ სასიცოცხლო უნარს უვითარებს, როგორიცაა პრობლემების ეფექტურად გადაჭრა.

პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარის განვითარება ყველა საგნის მეშვეობითაა შესაძლებელი. ქართულის მაგალითზე შეიძლება მოვიხმოთ „ვეფხსიტყაოსანი“ – ავთანდილის მიდგომები პრობლემებისადმი. „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებისას, სიტუაციურ ამოცანად რომ ვაქციოთ თითოეული პრობლემა და მოსწავლეებს შევთავაზოთ გადაჭრის გზების მოძიება, ძალიან საინტერესო მოსაზრებებს მოვისმენთ მათგან, ამავე დროს, დავაფიქრებთ პრობლემის არსზე, განმაპირობებელ ფაქტორებზე, გადაჭრის შესაძლო გზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე და ა.შ. ამისთვის გამოდგება „ვეფხისტყაოსნის“არაერთი ეპიზოდი. თინათინის გამეფების ეპიზოდში როსტევანის მოწყენილობის მიზეზი, ნადირობისას უცხო მოყმის ნახვისა და გაუჩინარების ამბავი, ხვარაზმ-შას მოკვლის ეპიზოდი, ავთანდილისაგან დაბნედილი ტარიელის პოვნა, ქაჯეთის ციხის აღება და ა.შ. – თითოეული მათგანი შესაძლებელია ვაქციოთ სიტუაციურ ამოცანად, ქეისებად და მოსწავლეების მიერ დასახული გადაჭრის გზები შევადაროთ პერსონაჟების მიერ მოფიქრებულ გზებს და ამით ისინი მოსალოდნელ შედეგებზე დავაფიქროთ. არგუმენტირებულად დავასაბუთებინოთ მათ მიერ არჩეული გზების ეფექტურობა.

ქეისებით სწავლებასთან ერთად, პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებისა და ცოდნის ტრანსფერის მიზნით, საუკეთესო შედეგს იძლევა პროექტებით სწავლება. ვან დერ პუტის თქმით, მასალის ათვისება აქტიური სწავლით უფრო ხდება, ვიდრე თეორიის დაზუთხვით. ის თვლის, რომ აუცილებელია ორმხრივი მიდგომა: თეორია, როგორც ბაზისი და შემდეგ მისი გამოყენება პრაქტიკაში.

კურიკულუმში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, ცოდნასთან ერთად, ემოციური უნარების, ქცევის, ტრანსფერის უნარების განვითარება. პროექტებით სწავლებისას კი ყველა ეს უნარი ვითარდება, მოსწავლეს უმუშავდება ასევე საქმის ორგანიზების, ჯგუფური პასუხისმგებლობის, თანამშრომლობის უნარები. ეჩვევა დაკისრებული ვალდებულების დროულად შესრულებას, ანგარიშვალდებულებას, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების ძიებას… კარგად დაგეგმილი და სწორად ორგანიზებული პროექტი მოსწავლეებს თვითრეალიზების საშუალებასაც აძლევს (რაც ასე სჭირდებათ) და მოტივაციასაც უმაღლებს. თანამედროვე თაობას პასიური მდგომარეობა არ იზიდავს, ამიტომაც, ყველა გაკვეთილი, პროექტი თუ აქტივობა ინტერაქციული უნდა იყოს. ვან დერ პუტის აზრით, თანამედროვე სწავლების ერთ-ერთი გამოწვევა თაობებს შორის განსხვავებულობაა. სწავლებისას აუცილებელია განსხვავებულობების გათვალისწინება. ე.წ. ზეტა და ალფა თაობების ინტერესებისა და ღირებულებების გაცნობიერება და სწავლებაში გათვალისწინება სწავლების ეფექტურობის განმსაზღვრელი ფაქტორია. თანამედროვე თაობის მოტივირება ვიზუალური მასალით, ინტერაქციით, პროექტებით (პრაქტიკული საქმიანობით), მრავალფეროვანი რესურსებითა და პრობლემის გადაჭრაზე ფოკუსირებითაა შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია მათი ყურადღების მობილიზება. ამისთვის ვან დერ პუტი ეფექტურად მიიჩნევს ორაზროვანი ნახატების ჩვენებას, ასევე მოლოდინების მართვას. მისი აზრით, მთავარია, მოსწავლეს ჰქონდეს უსაფრთხო სასწავლო გარემო, შეეძლოს კითხვების თავისუფლად დასმა, არ იყოს პასიურ მდგომარეობაში, მასწავლებელი მხოლოდ ფასილიტაციას უწევდეს და მოსწავლეები კითხვებით მიჰყავდეს აღმოჩენებამდე, პრობლემის გადაჭრის გზამდე. ვან დერ პუტის თქმით, მასწავლებელმა უნდა დაუსვას კითხვა საკუთარ თავს, რა არის სწავლის მიზანი: ცოდნის მიღება, ემოცია, ქცევისა და უნარების ჩამოყალიბება თუ ყველაფერი ერთად?

სწორად ორგანიზებული პროექტებით სწავლებისას მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ესგ-ში გათვალისწინებული თითქმის ყველა ფუნქციური უნარი განუვითაროს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტის გვერდი

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები