სოსლან სურმანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
არაფორმალური განათლება, როგორც ცნება, გულისხმობს ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრული ადამიანების განვითარებაზე ზრუნვას სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებით, სპეციალურად მომზადებული გეგმითა და სივრცით, რომლის მთავარი მიზანია საჭირო უნარებისა და კომპეტენციების გამომუშავება, მოქალაქეობრივი აზროვნებისა და თვალსაწიერის გაფართოება.
მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ არაფორმალური განათლება სულაც არ გულისხმობს ფორმალური განათლებისგან მოწყვეტას, უფრო მეტიც, იგი პირდაპირ აისახება სასწავლო დაწესებულებებში მისაღწევი შედეგების გაუმჯობესებაზე. მისი უპირატესობა ისიცაა, რომ შედარებით უფრო დეტალურად და ამომწურავად ხერხდება გარკვეული ცოდნის მიწოდება კონკრეტული საკითხის შესახებ.
გვინდა მოგითხროთ ჩვენს სკოლაში განხორციელებული არაფორმალური განათლების რამდენიმე მიმართულების შესახებ:
1. 2019 წელს, მოსწავლეთა ზოგადი განათლების და სხვადასხვა სფეროში ინფორმაციების მოძიების, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, სკოლაში შეიქმნა ინტელექტუალური კლუბი „რა, სად, როდის?“, რომელიც ერთი სასწავლო წლის განმავლობაში მუშაობდა, კვირაში ერთხელ. ყოველი კვირის დასაწყისში, საინფორმაციო დაფაზე, კეთდებოდა განცხადება თამაშის თემატიკის შესახებ, შესაბამისად, თითოეული ჯგუფი ემზადებოდა მომავალი თამაშისთვის.
2. არაფორმალური განათლების ინსტრუმენტები დისტანციური სწავლებისთვის – 2020 წელს პანდემიის პერიოდმა და პირბადის ტარების აუცილებლობამ გააჩინა იდეა, გარკვეული დატვირთვა მიგვეცა მისთვის, სწორედ ასე დაიბადა დისტანციური ინტელექტუალური თამაშის იდეა – „უპასუხე პირბადეს“. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონულ პირბადეზე განთავსებული შეკითხვა გარკვეულ ინფორმაციას აწოდებდა მკითხველს. თამაშში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენისას უპირატესობა სწორედ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ენიჭებოდა.
3. „სადისკუსიო ქსელი“ – წარმოდგენილი ინსტრუმენტი ხელს უწყობს ფორმალური განათლების დისტანციურად გაგრძელებას არაფორმალურ სივრცეში. მისი მიზანია კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეებისთვის შექმნილ დახურულ ჯგუფში (სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით) მიმდინარეობს მსჯელობა მათ მიერ წამოჭრილ ნებისმიერ საკითხზე, საპროგრამო თუ არასაპროგრამო ლიტერატურიდან. ინიციატორი შეიძლება იყოს როგორც მოსწავლე, ისე მასწავლებელი.
4. მოსწავლეთა შიდა სასკოლო კონფერენცია არაფორმალური განათლებისთვის – მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენს სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა პირველი კონფერენცია, რომელიც უშუალოდ „დედაენის დღეს“ მიეძღვნა. მისი მიზანი იყო ინფორმაციის შერჩევა, დამუშავება, ინფორმაციის გაცვლა, პრეზენტაციის უნარის გამომუშავება. კონფერენციას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. შეხვედრაზე მოსწავლეებმა საკმაოდ საინტერესოდ წარმოადგინეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი ქვეყნის ენისა და ლიტერატურის, კულტურისა და მესვეურების შესახებ. ერთი მოსწავლის თემა იყო „დიმიტრი ყიფიანი და ენა“, მეორე მოსწავლის – „კონსტანტინე გამსახურდიას „ლირიული ინტერმეცო“.
5. სასკოლო კლუბი არაფორმალური განათლებისთვის – სკოლაში მოქმედებს კლუბი სახელწოდებით „ლიტერატურის სახელოსნო“. მოგეხსენებათ, წიგნიერების დაბალი დონე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და სწორედ ამ სისუსტის აღმოფხვრას ემსახურება აღნიშნული კლუბი. კლუბი 1 წლის ვადით შეიქმნა, 2022 წლის 10 მარტს, შეხვედრები ტარდება თვეში ორჯერ, თიმსის პლატფორმაზე. განვიხილავთ წაკითხული ნაწარმოებიდან ყველა მნიშვნელოვან საკითხს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე წამოიჭრა ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემა და მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მეტი ინფორმაცია მიეღოთ კომპეტენტური პირისგან. ასე დავგეგმეთ შეხვედრა ბავშვთა უფლებების ელჩთან აჭარაში, თამარ წითელაძესთან. კლუბის სამომავლო გეგმები: მომავალ სასწავლო წელს ვგეგმავთ აქტიურ თანამშრომლობას ჩვენი ხეობის რამდენიმე სკოლასთან. ამ ეტაპზე, ორი მოსწავლე დარეგისტრირდა „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის“ (ორგანიზატორია ქალბატონი მაია მენაბდე) საზაფხულო ბანაკში, სადაც არაფორმალურ გარემოში რამდენიმე საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი (ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ მონაწილეობას).
2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს, ჩვენ მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის (საბაზო-საშუალო საფეხურისთვის) რამდენიმე საინტერესო აქტივობით, ვგეგმავთ საკლუბო მუშაობის შეჯამებას, მით უმეტეს, რომ ამის გამოცდილება უკვე გვაქვს (საზაფხულო ბანაკი უმცროსკლასელებისთვის, სპეციალურად შემუშავებული გეგმითა და მომზადებული სივრცით.
6. მედიაწიგნიერების კომპეტენცია, არაფორმალური განათლება – მოგეხსენებათ, ახალ ესგ-ში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპეტენცია სწორედ მედიაწიგნიერება და ციფრული მედეგობაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, გავიარეთ ტრენინგი „დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა“ და, მომავალი წლის ოქტომბერში, ვგეგმავთ მინი-პროექტის განხორციელებას, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის (გვაქვს პროექტის გეგმაც), მიზანი ერთია: მოსწავლეები დაეუფლონ ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის გარჩევის ხერხებს, რათა თავიდან ავიცილოთ დანაშაულებრივი ქმედებები.
7. სოციალური მედიის გამოწვევები, კიბერბულინგი – შეხვედრა თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტის ფარგლებში. 2020 წლის მარტში, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა გამოაცხადა კონკურსი აჭარის კერძო და საჯარო სკოლებისთვის. კონკურსის მიხედვით, უნდა წარგვედგინა იდეა ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე და, დაინტერესების შემთხვევაში, დაფინანსდებოდა ერთდღიანი ტრენინგი, სკოლის მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისთვის. ჩვენ წარვადგინეთ თემა „სოციალური მედიის რისკები და კიბერბულინგი“. შეხვედრა ჩატარდა 30 მაისს, ელზა ლემსაძესთან ერთად. შეხვედრაზე მოსწავლეები სვამდნენ კითხვებს და ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას სოციალური მედიის როლსა და უპირატესობებზე.
ამრიგად, არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი და მომგებიანია სწავლა-სწავლების პროცესის პროგრესისთვის, ასევე, თავისუფლად შესაძლებელია მისი ინტეგრირება ფორმალურ განათლებასთან, რაც გაამრავალფეროვნებს სასწავლო პროცესს და აამაღლებს მოსწავლეების მოტივაციას.