9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

არაფორმალური განათლების როლი სასკოლო ცხოვრებაში

spot_img
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  დარჩელის N1 საჯარო სკოლის:
დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი კესო ქობალია,
ქართული ენისა და ლიტერატურის და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლელა ცარციძე

 

წიგნის კლუბები ეხმარება მოსწავლეებს, იკითხონ მათთვის საინტერესო, ასაკისთვის შესაფერისი წიგნები, რაც საგრძნობლად აღვივებს კითხვის მოტივაციას; ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, აზრებსა და გრძნობებს. სწავლობენ წაკითხულის ანალიზს, თანატოლების მოსაზრებების აქტიურ მოსმენას, საკუთარი იდეების წარდგენას, დისკუსიაში მონაწილეობას, წაკითხულის შეფასებასა და დასკვნების გაკეთებას. კლუბში არსებული კეთილგანწყობილი, პოზიტიური და მეგობრული გარემო ზრდის ბავშვების ჩართულობასა და ინტერესს კითხვისადმი. მყარდება ემოციური კავშირი ამბავთან, მთავარ გმირებთან, მდიდრდება ადამიანური ღირებულებები, რადგან ,,ყოველი ახალი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“

ამიტომ, სიხარულით შევხვდით USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელშეწყობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის N1 საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის შექმნას.

სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები

კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და ესგ-სთან

  • კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
  • ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება;
  • ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
  • პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;
  • თანამშრომლობითი სწავლება და სოციალური უნარები;
  • სამეწარმეო უნარების განვითარება.

კლუბის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
https://wakelet.com/wake/egglCeKLabkAU9dL7RCTi

კლუბის მიზნებისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა მოსწავლეებისათვის;

მოსწავლეთა ინტერესებისა და მოლოდინის დადგენა;

  • აქტივობა – კითხვის ბორბალი
    მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდეთ ტექსტზე მუშაობის, კითხვის უნარები და ხალისით ჩაერთონ თამაშში.

აქტივობის აღწერა: ქაღალდის ბორბლის გარშემო, ფურცლებზე, წერილობით განლაგდება ტექსტის სხვადასხვა ეპიზოდის სათაური. მოსწავლე დაატრიალებს ბორბლის ისარს, რომელი ეპიზოდიც შეხვდება, მოძებნის ტექსტში და ამოიკითხავს.

  • აქტივობა – თვითშეფასების ღიმილები

მიზანი:  განუვითარდეთ მეტაკოგნიტური უნარები, მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლონ კითხვის პროცესზე დაკვირვება, თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს ურიგდებათ წინასწარ შემუშავებული, კრიტერიუმების საფუძველზე შედგენილი, თვითშეფასების ფურცლები. ტექსტის წაკითხვის შემდეგ ისინი შეაფასებენ საკუთარ თავს და ცხრილში გააფერადებენ შესაბამის ღიმილაკს.

  • G-PriEd-ის საკითხავი წიგნები პრეზენტაცია; ტესტებზე მუშაობა, განხილვა-მსჯელობა… http://kargiskola.ge/teacherintro/teacherintro.php

მიზანი: კითხვის, გაგება-გააზრების, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობითი უნარების გაუმჯობესება, მოტივაციის გაზრდა, პოზიტიური განწყობის შექმნა…                  

ონლაინ პლატფორმის, Microsoft Teams საშუალებით USAID საბაზისო განათლების პროგრამის წიგნიერების მიმართულების უფროს კონსულტანტთან, გზამკვლევებისა და სტატიების კრებულების ავტორთან, ბატონ პაატა პაპავასთან გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა. მან მოსწავლეებს წაუკითხა საკუთარი მოთხრობა – ,,დაკარგული პაიკი“, გაიმართა დისკუსია, მსჯელობა წაკითხული მოთხრობის ირგვლივ. მოსწავლეებმა საინტერესო შეკითხვები დაუსვეს მწერალს, გაიხსენეს ადრე წაკითხული მოთხრობები და ისაუბრეს მათ გარშემო. ეს იყო ბავშვების პირველი შეხვედრა ,,ცოცხალ მწერალთან“, რაც მათთვის საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები შეუდგნენ დავალებებზე მუშაობას, წაიკითხეს რამდენიმე წიგნი, რომელიც თავად ავტორმა ურჩია და შექმნეს ნახატები,რომლებიც ელფოსტაზე გადავუგზავნეთ.

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია თანამშრომლობა. ამიტომ კლუბი თანამშრომლობს სსიპ ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლასა და სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის საჯარო სკოლასთან. სწორედ ამ სამი სკოლის გაერთიანებით მოეწყო ეს შეხვედრა ბატონ პაატასთან და სამომავლოდაც დაგეგმილია კიდევ სხვა ავტორებთან შეხვედრები.

  • წაკითხული ტექსტებიდან კომიქსების შედგენა
    მიზანი: ვიზუალური თვალსაჩინოების გამოყენებით მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ სხვადასხვა მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება და დამუშავება…
    https://school.emis.ge/Art-Lessons/Adventure/A-1366-05-6-19.html

კომიქსები, ისევე როგორც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებისთვის, მისი გამოყენება შეიძლება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების დროს. კომიქსი, პირველ რიგში, ახალისებს კითხვის პროცესს, ეხმარება მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გააზრებაში, პერსონაჟების ქმედებათა გაცნობიერებაში. კომიქსის კითხვისას თუ შექმნისას მოსწავლე იწყებს პერსონაჟის ფიქრების ამოცნობას, რაც ავითარებს ისეთ გამჭოლ კომპეტენციას, როგორიცაა შემოქმედებითი აზროვნება. ვინაიდან მოსწავლეებს, განსაკუთრებით უმცროსკლასელებს, ხშირად უჭირთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრება და წერითი დავალებების შესრულება, სასურველია, პერიოდულად, გავიხალისოთ წერის პროცესი, ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ბავშვურ სამყაროს გაალამაზებს, გააფერადებს და გაახალისებს.

მკითხველთა კლუბის წევრებმა G-PriEd-ის საკითხავი წიგნებიდან აარჩიეს მათთვის სასურველი მოთხრობები და ხალისით შეუდგნენ მუშაობას. სურვილისამებრ, ტექსტის სიუჟეტის მიხედვით, ხატავდნენ ან თვითონვე აგრძელებდნენ ამბავს და პერსონაჟებზე ახალ-ახალ თავგადასავლებს თხზავდნენ. ისინი, დიდი ხანია, იცნობენ კომიქსების სტრუქტურას, ინსტრუქციებს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესო ნამუშევრებს გვიზიარებენ.

  • ელწიგნის შექმნა და გახმოვანება
    მიზანი: ციფრული წიგნიერების უნარის განვითარება, სამეტყველო უნარის განმტკიცება, მოტივაციის ამაღლება და ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა.

ციფრული ტექნოლოგიები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, სწორედ ამიტომ ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება არამარტო სახალისოა მოსწავლეებისთვის, არამედ ამ დროს შეძენილი ცოდნა დიდხანს ამახსოვრდებათ. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო რესურსია https://www.storyjumper.com/library/my  აქ შეგვიძლია შევქმნათ ილუსტრირებული ელექტრონული წიგნები, გავახმოვანოთ, გავაფორმოთ და მიზნობრივად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში. მკითხველთა კლუბის წევრები დიდი მონდომებითა და სიხარულით მუშაობენ ამ მიმართულებით, უკვე სამი წიგნი გაახმოვანეს და სამომავლოდაც გეგმავენ საყვარელი მოთხრობების მიხედვით ელწიგნების შექმნას.

  • წაკითხული ტექსტებიდან დიორამის შექმნა

მიზანი:

  • თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება;
  • წაკითხული ტექსტის გააზრება-გამთლიანება;
  • ტრანსფერის უნარის განვითარება;
  • ტექსტის წარმოსახვაში გაცოცხლება.

ყველასათვის ცნობილია, რომ დიორამა არის „სამგანზომილებიანი“ პროდუქტი, რომელიც მოსწავლეთა დიდ ინტერესს იწვევს. ტექსტების გაცოცხლებით ისინი უდიდეს სიამოვნებას იღებენ, ამახსოვრდებათ დეტალები, გონებაში დიდხანს რჩება მუშაობით გამოწვეული ემოცია, უვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები, რაც სწავლის ხარისხზე დადებითად აისახება.

ჩვენ ხშირად ვიყენებთ ამ სასწავლო მეთოდს და კლუბის წევრებსაც ძალიან უყვართ მასზე მუშაობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიქსის შემდეგ, დიორამაც შეგვექმნა და ნამუშევრების პრეზენტაცია მოგვეწყო. წინასწარ შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები: სამუშაო მასალა, შინაარსის ცოდნა და ასახვა, შემოქმედებითობა და თანამშრომლობა წევრებთან.

საბოლოო ჯამში, ბავშვებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები წარმოადგინეს, პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილეს დეტალებზე, ტექსტის მიხედვით ისაუბრეს ნამუშევრებზე და მოქმედების განვითარებაზე.

ონლაინ პლატფორმის Microsoft Teams საშუალებით, მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა ქალბატონ ფიქრია ჭაბუკიანთან, ქართველმა კალიგრაფმა პატარებს უამბო ძველი წიგნების შესახებ, აჩვენა ხელნაწერები და ქართული ანბანის ორნამენტები. მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და მეტად  ემოციური აღმოჩნდა.

ქალბატონ ფიქრია ჭაბუკიანს წინასწარ ვთხოვეთ, დაემზადებინა ბანერი კლუბის სახელწოდებით. მისმა შექმნილმა საზედაო ასოებმა მოსწავლეებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და ნაწერებში საკუთარი კალიგრაფიის სტილი შექმნეს. ნიმუშები ქალბატონ ფიქრიას გაუზიარეს და პოზიტიური უკუკავშირიც მიიღეს. მკითხველთა კლუბის ფარგლებში სამომავლოდაც დაგეგმილია მსგავსი შეხვედრები.

სტატიის დასასრულს ვიტყვით, რომ მკითხველთა კლუბის პროექტმა ნამდვილად გაამართლა ჩვენი იმედები. დაგვეთანხმებით, რომ ეს იოლი ამოცანა სულაც არ არის, პირიქით, ძალიან რთულია და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ ციფრული ეპოქის დიდი პრობლემა გახლავთ ბავშვების კითხვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება. არადა, წიგნები მათი საუკეთესო მეგობრები არიან, კლუბის სახელწოდებაც შესაბამისი შევარჩიეთ „წიგნის მეგობარი“, ისინი ყოველთვის მზად არიან „ემეგობრონ“ ბავშვებს და ამოგზაურონ თავიანთ ჯადოსნურ სამყაროში. ბავშვები სწავლობენ ერთმანეთის დახმარებას, კარგი და ცუდი საქციელის გარჩევას, სიმართლის თქმის მნიშვნელობას, ცხოველებისა და ბუნების სიყვარულს და ა.შ. დაბოლოს, კითხვა შესაძლოა გახდეს სრულიად ახალი კრეატიული იდეების წარმოშობის წყაროც, ჩვენთან ასეც მოხდა.

მკითხველთა კლუბის წევრებმა, კომპლექსური დავალების იდეიდან გამომდინარე გადაწყვიტეს შეექმნათ მუზეუმში ქცევის წესები, სწორედ ეს გახდა საფუძველი მომდევნო პროექტისა და სამეწარმეო კომპეტენციის განვითარების პრიორიტეტი. მოსწავლეებმა, საბოლოოდ, გადაწყვიტეს სასკოლო მუზეუმის შექმნა, ბილეთების გაყიდვითა და შემოწირულობით მიღებული თანხით კი, თავად შეიძინეს პუფები მკითხველთა კლუბისთვის, რათა პოზიტიური გარემო შეექმნათ. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მათთვის საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებას, მიზანი კი – წიგნის კითხვის სიყვარულის განმტკიცებაა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები