14 დეკემბერი, შაბათი, 2024

არაფორმალური განათლების სარგებელი

spot_img
ქეთინო ჩალახეშაშვილი
სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ს. შანშიაშვილის სახ. საჯარო სკოლის პედაგოგი

 

თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოება დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ბავშვის გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას მრავალმხრივი უნარების განვითარება სჭირდება. სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ, ფორმალური განათლების პარალელურად, განათლების დიდი წილი არაფორმალურ სწავლებაზე მოდის.

არაფორმალური განათლება არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი. იგი მიზნად ისახავს ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების გაუმჯობესებას.  განათლების ამგვარი ფორმა არ არის ფოკუსირებული სახელმძღვანელოებსა და შეფასებებზე, იგი ორიენტირებულია კონკრეტულ მოთხოვნებსა და პრაქტიკულ პროცესზე. წინასწარ გაწერილი გეგმისაგან განსხვავებით არაფორმალური განათლება მთლიანად ბავშვის ინტერესებსა და შინაგან მიდრეკილებებზეა დაფუძნებული. სკოლის, მასწავლებლებისა და საზოგადოების მთავარი ამოცანაა გავაღვიძოთ და გავააქტიუროთ მოზარდებში მიძინებული შესაძლებლობები. ამისათვის საჭიროა სკოლაში შეიქმნას სივრცე,  სადაც მოსწავლეები თავიანთი უნარების რეალიზებას შეძლებენ.

ცოდნის შეძენა ადამიანში დაბადებიდან იწყება და მთელი ცხოვრება გრძელდება. ესაა გამოცდილება, რომელსაც სოციუმი უყალიბებს. ამიტომ სასკოლო გარემოში ჩვენი მოსწავლეებისათვის უნდა შევქმნათ სივრცე არაფორმალური განათლებისათვის.

ევროსბჭოს დოკუმენტებით განისაზღვრა არაფორმალური სწავლების მახასიათებლები:

♦ ნებაყოფლობითობა

♦ ხელმისაწვდომობა

♦ მიღწევადობა ნებისმიერ სიტუაციაში და გარემოში

♦ უწყვეტობა ფორმალური განათლების პარალელურად

♦ ეყრდნობა გამოცდილებას და ქმედებებს.

სკოლას შეუძლია მოსწავლეს შესთავაზოს არაფორმალური განვითარებისათვის მრავალფეროვანი სერვისები, როგორიცაა – კლუბური მუშაობა, საგნობრივი წრეები, კონფერენციები, ექსკურსიები და სხვ., სადაც შეძლებენ განახორციელონ კვლევები, სოციალური თუ თემატური პროექტები, შექმნან მრავალფეროვანი რესურსები, ჩაერთვნენ და დაგეგმონ ღონისძიებები და სხვა. მუშაობის პროცესი წარიმართება ნებაყოფლობით, წამახალისებელი, მამოტივირებელი, სახალისო და საინტერესო აქტივობებით.

არაფორმალური სწავლება ააქტიურებს კვლევა-ძიების, კრიტიკული აზროვნების, ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს. ბავშვებს უვითარდებათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციები. ფეხს უწყობენ ცხოვრებას, როგორც ჩვეულ ასევე ექსტრემალურ ვითარებაში. შეძლებენ მუშაობას, როგორც პირისპირ ასევე დისტანციურ რეჟიმში.

მინდა თქვენი ყურადღება  ამჯერად კლუბურ მუშაობაზე შევაჩერო.

2021 წლიდან ჩვენს სკოლაში გაიხსნა დებატების კლუბი და გავხდით გრანდიოზული პროექტის მონაწილე – „სკოლები, როგორც სოციალური მოდელი – გაუმჯობესებული წვდომა ყველა სკოლის მოსწავლისა და ახალგაზრდისთვის ინკლუზიურ და ხარისხიან განათლებაზე“. პროექტი საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტმა UNICEF Georgia და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და საქართველოს პარლამენტის ინიციატივით განახორციელა.

2022 წლის შემოდგომიდან ჩავერთეთ პროექტში – „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც ასევე ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობაში იმ მრავალმხრივი უნარების განვითარება, რომლებიც მათ ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ.

რა მისცა კლუბში მუშაობამ ჩემს მოსწავლეებს?

დაეუფლნენ კარლ პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატების ხელოვნებას, გახდნენ თავდაჯერებულნი, ისწავლეს დროის მართვა, ჩამოუყალიბდათ კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ლოგიკური აზროვნების უნარები, გახდნენ კომუნიკაბელურები, ისწავლეს გუნდური მუშაობა, ურთიერთპატივისცემა აზრის გამოხატვის დროს, განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების, დახარისხებისა და პრეზენტირების უნარი. მათთვის კლუბში მუშაობა სახალისო და საინტერესოა.

იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, გაიზრდება ინტერესი და მოთხოვნა სკოლებში არაფორმალური განათლების მიმართულებით, კიდევ უფრო ეფექტური იქნება სახელმწიფო მხარდაჭერაც და ჩართულობა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები