23 თებერვალი, პარასკევი, 2024

არაფორმალური განათლება, ანუ 56 წუთი სცენაზე

spot_img

ფორმალური განათლების მიღმა, უდიდესი ადგილი უჭირავს არაფორმალურ განათლებას, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის სისტემის ნაწილია. აქ შეძენილი კომპეტენციების აღიარება თანამედროვე ცხოვრების გამოწვევაა და იგი XXI საუკუნის ჰოლისტურ განათლებას უკავშირდება.

მოსწავლეები საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წევრები არიან, მიუხედავად მათი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობისა. არიან მოსწავლეები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. სკოლისა და პედაგოგის უპირველესი მისიაა, მყისიერად მოახდინონ რეაგირება, და პრობლემურ ბავშვებს ამ მონაცემების აღმოჩენაში, საზოგადოებასთან ინტეგრირებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში დაეხმარონ.

წინასწარ განსაზღვრული ფორმალური განათლება ვერ ამოწურავს, ვერ გახსნის მოსწავლის ყველა შესაძლებლობას, მისწრაფებას, ინტერესს. სასწავლო უნარების შესწავლის პარალელურად, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ ალტერნატიული არაფორმალური გარემო, რომელიც მთლიანად ინდივიდის მოთხოვნებზეა აგებული. ეს კი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას. რა სარგებელს ნახავს მოსწავლე? განივითარებს ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სოციუმთან თანამშრომლობით უნარებს. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე უფრო თავისუფალია და აქტიური, თეორიულ ცოდნასთან ერთად, იძენს პრაქტიკულ გამოცდილებას.

მე პირადად, მოსწავლე ახალგაზრდობასთან არაფორმალურ გარემოში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. მოსწავლეთა დაინტერესებამ ხელახლა მომცა იმისი შესაძლებლობა, კვლავ მემუშავა მათთან თეატრალური ხელოვნების კუთხით. დავწერე სცენარი. არჩევანი შევაჩერე ქართულ ლიტერატურაზე – „ბუნების შვილები“ (ვაჟა-ფშაველას მოთხრობების მიხედვით). მე ყოველთვის ვაკვირდები მოსწავლეებს, რომ ვიცოდე მათი შესაძლებლობები (ხმის ტემბრი, სცენიურობა, მეტყველება, ვიზუალი, პლასტიკურობა თუ სხვა სამსახიობო მონაცემები). ინტუიციითაც ვხვდები, ამა თუ იმ ბავშვს რომელი როლის თამაში შეუძლია… და აი, პირველი შეხვედრაც შედგა კულტურის ცენტრის სარეპეტიციო დარბაზში. გავეცანით ერთმანეთს, ვისაუბრეთ, წაიკითხეს ტექსტები, ვიმუშავეთ ენის გასატეხებზე. ერთი კვირის თავზე წავიკითხეთ პიესა. მოსწავლეებს მივეცი დავალება, დაეწერათ მცირე ესე „მე და თეატრი“, სადაც უნდა გადმოეცათ თეატრისადმი საკუთარი დამოკიდებულება – რამდენად აქტუალურია მათთვის პიესაში მოხმობილი თემები? რომელ როლს ითამაშებდნენ? აქვე მოეყვანათ არგუმენტები, თუ რატომ მიაჩნდათ ასე? ბავშვებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. ზოგიერთი მოკრძალებულ სურვილს გამოთქვამდა, რომ სურს ამა თუ იმ როლის თამაში, ზოგი მკაფიოდ ამტკიცებდა, რომ ის არის სწორედ შესაფერისი ტიპაჟი. საბოლოო გადაწყვეტილება მაინც მე მივიღე და სარეპეტიციო მაგიდასთან თავი მოიყარა სამი სკოლის 25-მა მოსწავლემ. გაიწერა სამუშაო გეგმა და დაიწყო ყოველდღიური (სამი თვის მანძილზე) დამღლელი, დამქანცველი, მაგრამ საინტერესო მუშაობა: იყო ძიება, კამათი, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მეტყველების დახვეწა, სასცენო პლასტიკა, გმირის ხასიათის შეცნობა-გათავისება, ცეკვები, მუსიკა, დეკორაცია, განათება, კოსტუმირება, გრიმი. ბავშვებს ვაძლევდი სრულ თავისუფლებას, ეპოვათ გზები თავიანთი გმირის ხასიათის გასათავისებლად და ხერხები სათქმელის მაყურებლებამდე ნათლად, დამაჯერებლად მისატანად, ათასი სხვა წვრილმანი… ყველაფერი, საჭირო და მნიშვნელოვანი, ზედმიწევნით გათვლილი უნდა იყოს, რადგან სცენაზე ავტოკალამიც კი არ შეიძლება იდოს ზედმეტად, თუ არ გამოიყენებ. მე, როგორც პედაგოგი და რეჟისორი, ვეხმარებოდი, ვასწავლიდი, ვურჩევდი, ვუჩვენებდი გზას, (კონსტრუქტივიზმი) თუ როგორ ეპოვნათ საკუთარ თავში ძაფის გორგალის ის თავი, რომელიც მაყურებლის გულებამდე მიიყვანდა.

დაინიშნა პრემიერის დღე. ტემპერატურამ აიწია. გენერალური რეპეტიცია. აფიშები, მოსაწვევები. ბავშვები მომყვებიან ხალისით, სიყვარულით, ინტერესით, შემეცნებით, ერთმანეთზე ზრუნვით… საოცარია მათი რეაქცია, მათი გაბრწყინებული თვალების ხილვა, როცა აფიშაზე საკუთარ სახელსა და გვარებს ეძებენ: „აი, ჩემი სახელი და გვარი წერიააა“, „აი, ჩემიც…“, „სიტყვები უძლურია!“, „ეს უნდა ნახო!“, „ეს უნდა შეიგრძნო!“ და არ შეიძლება არ შეგიყვარდეს გულუბრყვილო, სუფთა და წრფელი სულის ბავშვები, ნაღდი ემოციებით.

გაცისკროვნებული 25 წყვილი თვალი მომშტერებია. ჩემგან ელოდებიან საბოლოო მითითებებს, რჩევებს. „მას, მესამე ზარი როდის დაირეკება?“, „მას, ხელი დამადეთ, გული ამოვარდნაზე მაქვს!“, „მას, მას, მეც მეშინია!“, „მას, დარბაზი სავსეა?“… ჯადოსნური ფარდის მიღმა მაყურებლის სუნთქვა იგრძნობა… მესამე ზარი… ხელით ვანიშნებ. სამარისებური სიჩუმეა. მხოლოდ თვალებით მელაპარაკებიან, რაღაცას მთხოვენ, მევედრებიან. მუსიკა… შეირხა ფარდა, იცვლება მოქმედებები, არის სიცილი, ცეკვა, სიმღერა, არის განცდების ნიაღვარი. კონფლიქტები, თამაში… თამაში სცენაზე, რომელიც გვასწავლის ცხოვრებას! სიმართლეს! დარბაზი ჩვენთან ერთად ღელავს, განიცდის, ბორგავს და გვაძლევს სტიმულს, ბიძგს, მოტივაციას, რომ უკეთ ვითამაშოთ. და 4 დღე სრული ანშლაგი, ოვაციები, აპლოდისმენტები, ყვავილები, ყვავილები, სიხარულის ცრემლები… გახარებული მაყურებელი ფეხზეა, გაბრწყინებული და ბედნიერი მსახიობები სცენაზე. ე.ი. „დღე სასწაული“ შედგა. თეატრის უპირველესი მისია – „მაყურებელს მიანიჭოს სიხარული და შთაბეროს მხნეობა“ – შესრულებულია.

ყველა ემოციის მოტანა აქ შეუძლებელია და არც არის საჭირო. ბავშვთა თეატრის მსახიობები ისევ წერენ ესეს, იმავე სათაურით, ოღონდ, პრემიერის შემდეგ საოცარი რამ ხდება! დროის ამ მცირე მონაკვეთში, ეს ბავშვები გაიზარდნენ – სულ სხვა რაკურსით ხედავენ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, გახდნენ თვითკრიტიკულები, პატივს სცემენ და აფასებენ სხვის შესაძლებლობებს, გაუჩნდათ ემპათიის გრძნობა, შეძლეს როლის მორგება, გათავისება და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მისი წარდგენა, მოსწონთ გუნდური თამაში, თავისუფლად საუბრობენ, მსჯელობენ თეატრზე, როგორც სინთეზურ ხელოვნებაზე და ყველაზე მთავარი – ისინი ბედნიერები არიან!

ზოგადად, თეატრს საოცარი მიზიდულობის ძალა აქვს, უნარი, თუ ერთხელ სცენის მტვერი შეისუნთქე, მერე სულ გეძახის, გექაჩება (ზოგიერთს შეიძლება ბანალურად მოეჩვენოს, მაგრამ ასეა!). ახლაც ასე მოხდა: „მას, მას! როდის იწყებთ ახალ სპექტაკლზე მუშაობას?“, „მას, მე ვითამაშებ?“ – რა არის ეს? რა მოხდა, ბავშვების სული ასე რამ ააფორიაქა? ისინი ხომ მხოლოდ 56 წუთი ცხოვრობდნენ სცენაზე სხვისი ცხოვრებით? მაშ, რა ძალაა, კვლავ არაფორმალურ გარემოში რომ გვიხმობს?

დიახ, ეს არის ის ცოდნა, შესაძლებლობა, ის უნარები, რომელიც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ განხორციელდება იმ მოცულობით, როგორსაც ინდივიდის შინაგანი სამყარო მოითხოვს. ამის შესაძლებლობას მხოლოდ არაფორმალურ გარემოში სწავლება იძლევა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ, ეს არის სწავლა კეთებით, რაც მოსწავლეს ეხმარება შემოქმედებითი უნარების გაძლიერება-გამოვლენაში. გუნდურობა, კომუნიკაციის უნარი, თვითორგანიზება, სხარტი, თამამი აზროვნება. ეს ყველაფერი კი გრძელვადიან მეხსიერებაში ილექება და მოსწავლე ადვილად პოულობს, ცხოვრების გზაზე, დასახულ მიზნებამდე მისასვლელ გზებს.

ჩვენ მალე ახალ სიცოცხლეს დავიწყებთ, არაფორმალურ გარემოში… და ისევ სცენაზე, ჩვენ მოგვწონს აქ.

მარინე ჯღარკავა
სსიპ ხობის №1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი

ბლოგი

პროფესიული

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

მსგავსი სიახლეები