26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

არაფორმალური განათლება –  თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბების ეფექტური საშუალება

spot_img

არაფორმალური განათლება სასკოლო ცხოვრებაში ხელს უწყობს მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გამოვლენას, აგრეთვე, ქმნის პრაქტიკულ-ანალიტიკური და სისტემური აზროვნების პირობებს სოციალურ-თანამშრომლობითი უნარების განვითარებისათვის. პროექტული სწავლება, როგორც არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ფორმა, ორიენტირებულია მოსწავლის მოთხოვნებზე, აძლევს მას საკუთარი შესაძლებლობებისა და შინაგანი ძალების გააქტიურების საშუალებას; ხელს უწყობს საერთო ინტერესების მქონე მოსწავლეთა გაერთიანებას, ცოდნის გაცვლის კულტურას, დამოუკიდებელი მუშაობის, სიახლეების ძიების, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებას მოსწავლეებში.

აღნიშნული ფაქტების გათვალისწინებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელ კოლეგებთან ერთად, საფუძველი ჩავუყარეთ საგანმანათლებლო პროექტს, „მე და ლიტერატურა“. ამჟამად იგი საქართველოს მასშტაბით 5 სხვადასხვა რეგიონის 8 სკოლაში ხორციელდება. პროექტს აქვს მკაფიოდ გაწერილი მიზნები, რომელიც სრულ კორელაციაშია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმასა (ესგ) და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან (ზგემ). პროექტის კოორდინატორია მარიამ ჩაჩანიძე –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, საგანმანათლებლო პროექტების ავტორ-ორგანიზატორი, გაზეთ „ახალი განათლების“ მიერ გამოცხადებული კონკურსების სამგზის გამარჯვებული, საქართველოში პირველი, მასშტაბური ურთიერთსწავლების პროექტის თანაავტორი, კონკურსის “ვწერ თავისუფალ თემას” 2024 წლის ფინალისტი.

პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო აქტივობა განხორციელდა 31 ოქტომბერს. ექსკურსიის ფარგლებში, პროექტში ჩართული სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტს, მთაწმინდისა და დიდუბის პანთეონებს. ლიტერატურის ინსტიტუტში, ბავშვებს დახვდნენ არაჩვეულებრივი მასპინძლები: ივანე ამირხანაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურის ინსტიტუტში რუსთველოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი; ხათუნა კვახაძე – ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი;  მარინა ტურაშვილი – ფოლკლორისტიკის არქივის ხელმძღვანელი. შევთანხმდით, რომ თითოეული სკოლა აქტიურად ითანამშრომლებს ინსტიტუტთან, სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისა და განვითარებისთვის.

დიდუბის პანთეობში მოსწავლეებს შეხვდა როლანდ ხოჯანაშვილი -ესგ-სა და ავტორიზაციის ექსპერტი, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი, სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, პროექტის მხარდამჭერი. აქტივობაში მონაწილეობდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლების მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები: ხათუნა ბერაძე, ზაზა შულაია, ციცინო გოგოლაძე, გალინა ღვინიაშვილი, ბელა პაპავა, ელიზა კალანდია.

აქტივობის მიზანი იყო: მოსწავლეებში ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია და მისადმი ინტერესის გაღრმავება, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გააზრება – ჩამოყალიბება, სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობა, გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, ასევე, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება.

აქტივობის შედეგად, მოსწავლეებს გაუღრმავდათ ინტერესი ლიტერატურის მიმართ, განუვითარდათ გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი, კვლევითი და კრიტიკული აზროვნების უნარები, რაც შემდგომში მათ კარგ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

პროექტის ორგანიზატორები მადლობას ვუხდით პროექტში ჩართულ ყველა სკოლას, მოსწავლესა და პედაგოგს; ხარაგაულის, ხობის, მარტვილისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრებს, ასევე, ლიტერატურის ინსტიტუტის, დიდუბისა და მთაწმინდის პანთეონების ადმინისტრაციას, საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული დღის ორგანიზებისათვის.

ხათუნა ბერაძე – სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ზაზა შულაია – სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები