27 ივლისი, შაბათი, 2024

არაფორმალური განათლება, ანუ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

spot_img

პროექტი, როგორც მეთოდი, განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური.პროექტებით სწავლება პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია.

დიმიტრი უზნაძის აზრით, ,,სწავლაში ძირითადი მნიშვნელობა იმ პროდუქტს კი არ აქვს, რომელსაც კონკრეტული ჩვევის ან შინაარსის მქონე ცოდნის სახით გვაძლევენ, არამედ განსაზღვრული მიმართულებით მოსწავლის ძალების განვითარებას.

21-ე საუკუნის მოსწავლისათვის  მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრების განმავლობაში კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის.

მომავალი თაობის თანამედროვე ცხოვრებისათვის მოსამზადებლად, უდიდესი მნიშვლელობა ენიჭება სასკოლო ცხოვრებასა, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი არაფორმალურ განათლებას, ანუ პროექტებით სწავლებას უკავია. არაფორმალური განათლება გულისხმობს „კეთებით“ სწავლებას. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება სრულყოფს და აერთიანებს ცოდნასა და კეთებას – მოსწავლე იყენებს ცოდნას, რომელსაც განამტკიცებს კეთებით.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება სრულიად განსხვავდება ტრადიციული სწავლების მეთოდისაგან. ის აქტიური და მიზანმიმართული სწავლების საუკეთესო საშუალებაა და მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნების,კვლევა-ძიების, პრობლემის მიგნების და შემდგომ მისი გადაჭრის გზების ძიების უნარ-ჩვევას. პროექტებით სწავლების პროცესში მოსწავლეებისათვის საინტერესო და მიმზიდველი სასწავლო გარემო იქმნება.

რა არის პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა, სტანდარტულ გაკვეთილებთან შედარებით?

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლისათვის მიმზიდველი, საინტერესო და მრავალფეროვანია;

ყველა მოსწავლეს შეუძლია, გამოავლინოს საკუთარი ინტერესები და შესაძლებლობები;

პროექტზე დაფუძნებული სწავლება  სცდება საკლასო ოთახს და, საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ხშირ შემთხვევაში, გადის სკოლის გარეთ;

პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეებს უვითარებს კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებით უნარებს;

პროექტის განხორციელებისას უმნიშვნელოვანესია აქტივობების შეფასება;

პროექტის შეფასების რუბრიკა მასწავლებლისა და მოსწავლის ერთობლივი ძალისხმევით უნდა შემუშავდეს;

პროექტებით სწავლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ სასწავლო პროექტებით.მნიშვნელოვანია, მოსწავლეებმა განახორციელონ სოციალური პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს თემთან მოსწავლეთა ინტეგრაციას, გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვანია ყველა მასწავლებლისთვის,რადგან არაფორმალური სწავლების დროს მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში,ხოლო მოსწავლეები არიან შემოქმედები.

ჩემს პრაქტიკაში მრავალი სასწავლო თუ სოციალური პროექტი განვახორციელე, მაგრამ დღეს მინდა გაგიზიაროთ სასწავლო პროექტი, სახელწოდებით, „სამშობლოდაკარგულთა ტრაგედია“, რომელიც დასამახსოვრებელი და აქტუალური იყო და არის დღესაც.

XII კლასში შევისწავლეთ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები „შელოცვა რადიოთი“. ნაწარმოებში განხილულია  ემიგრანტთა გულისტკივილი.კერძოდ,ქართველი ემიგრანტი  ქალის თავგადასავალი. აღნიშნულ ნაწარმოებში, დასმული პრობლემა დღესაც აქტუალურია და სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ პროექტზე მუშაობა, რამაც ბავშვების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ შეიძინეს უფრო მეტი ცოდნა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. გაითავისეს ისიც, რომ  ნაწარმოებში  წარმოჩენილი  პრობლემის  მონაწილე შესაძლებელია ყველა ჩვენგანი გახდეს.

პროექტზე მუშაობამ გააერთიანა ორი საგანი: ქართული ლიტერატურა და სამოქალაქო განათლება. მუშაობა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, პროექტზე მომუშავე ჯგუფმა გადაწყვიტა მოეძიებინათ:

  1. დაახლოებით, რამდენი თანასოფლელი ადამიანია ემიგრაციაში და რა გახდა მათი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი;
  2. იმ ემიგრანტების ფოტოსურათები, რომლებსაც უმძიმეს პირობებში უხდებათ მუშაობა და ცხოვრება;
  3. მოიძიეს პირადი წერილები, სადაც კარგად ჩანს ნოსტალგიური სულისკვეთება,რომელიც დაუძლეველ პრობლემად ექცა ყველა ემიგრანტს.

ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე მცხოვრებ ემიგრაციაში მყოფი ადამიანების ოჯახის წევრებთან ჩაატარეს გამოკითხვა – რომელი სქესის წარმომადგენლები ჭარბობდა ემიგრაციაში. დადგინდა რომ ქალების უმეტესობა  იმყოფება ემიგრაციაში,რომლებსაც დატოვებული ჰყავთ თავიანთი შვილები.

„ემიგრაცია ეს არის სიღარიბისგან თავის დაღწევის უძველესი მეთოდი“, – დაწერა ეკონომისტმა ჯონ გელბრეიტმა. ასე მოიქცა ძველ დროში მცხოვრები პატრიარქი იაკობი, ისრაელი ერის მამა. იმის გამო, რომ ქანაანში შიმშილობა იყო, იაკობი და მისი ოჯახი, დაახლოებით 70 სული, საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდნენ. იაკობი ეგვიპტის მიწაზე მოკვდა, მისი შთამომავლები კი ქანაანში დაახლოებით 400 წლის მერე დაბრუნდნენ.“

მოსწავლეები, ასევე დაუკავშირდნენ თავად ემიგრამტებს. სოციალური ქსელის საშუალებით, მათ მოისმინეს თუ რას განიცდიან, რას უძლებენ, რა პირობებში უხდებათ მუშაობა და გახდნენ ემიგრანტების ნოსტალგიისა და განცდების მოზიარენი.

„ემიგრანტი ქართველები გულგატეხილები არიან, რომ წარმატებებს უცხო ქვეყნებში აღწევენ, თავიანთ სამშობლოში კი არავის სჭირდებათ. „სამსახურთან დაკავშირებით არაერთი ანკეტა შევავსე და საქართველოში გავაგზავნე, მაგრამ პასუხი არცერთხელ არ მომსვლია. არადა სულ ახლახან იყო განცხადება, რომ სასტუმროს მენეჯერები სჭირდებოდათ. ლონდონში 2 000 მდე ქართველი მუშაობს წარმატებულ სასტუმროებში მენეჯერებად თუ სხვადასხვა თანამდებობებზე. ისე ვგრძნობთ თავს, რომ არავის ვჭირდებით. ძალიან გულგატეხილები ვართ. საქართველოში ყველაფერი ისევ ჩაწყობითა და მეგობრობით კეთდება“, – გვითხრა ლონდონში ერთ-ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მენეჯერმა შალვა ალავერდაშვილმა.

მოსწავლეები ამით არ დაკმაყოფილდნენ და სოციალურ ქსელში მოიძიეს უდედოდ დარჩენილი ბავშვების სტატიები თუ წერილები.

კარგი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება რომ მიეღოთ

ფილიპინელი აირენი გვიყვება: „9 წლის ვიყავი, როცა დედა ევროპაში წავიდა. დავრჩით მე, მამა და ორი პატარა და. დედამ  გვითხრა, რომ გვექნებოდა კარგი სახლი, საკვები და კარგი განათლება.ოთხი წლის შემდეგ მამაც გამოგვემშვიდობა და დედასთან წავიდა. 16 წლისა ვიყავი, როცა მე და ჩემი დები მშობლებთან გავემგზავრეთ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა! მაგრამ მალე მივხვდი, რომ ჩვენ უკვე ერთმანეთისგან გაუცხოებულები ვიყავით. ღარიბები ვიყავით, მაგრამ ბედნიერები – ლუკმა-პური არასდროს გვაკლდა. ჩვენი ტანჯვა მაშინ დაიწყო, როცა მშობლებმა დაგვტოვეს. მართალია, წლების შემდეგ ჩვენი ოჯახი კვლავ გაერთიანდა, მაგრამ ამ წლებმა თავისი კვალი მაინც დატოვა ჩვენზე. ვიცით, რომ მშობლებს ვუყვარვართ, მაგრამ კარგი იქნებოდა, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება მიეღოთ.“

საბოლოოდ პრობლემის შესამსუბუქებლად მოსწავლეებმა განიზრახეს სურვილისამებრ დაეწერათ წერილები და გამოექვეყნებინათ სოციალურ ქსელში. ჯგუფურად შეიმუშავეს და დაწერეს რამდენიმე წერილი, რომელშიც გამოთქმული იყო პროტესტი, რომ მომავალ თაობას სრულფასოვან ადამიანებად ჩამოსაყალიბებლად ესაჭიროება დედა და მამა და არა ბანკომატები,რათა აღმოიფხვრას ან შემსუბუქდეს მოსწავლეების მიერ დანახული პრობლემა.

ჩემი და ჩემი კოლეგების აზრით, სწორედ პროექტებზე დაფუძნებული სწავლებაა,რომ სასწავლო პროცესს მოსწავლეებისათვის ხდის საინტერესოს, მრავალფეროვანს და სახალისოს. ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებში მაღალი და დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები თანაბარი ინტერესით ერთვებიან. სწავლების სწორედ ასეთი მიდგომებია ყველაზე ეფექტიანი თანამედროვე სასწავლო პროცესში.

დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა,რომ, რაც უფრო ხშირად და სწორად გამოიყენებს მასწავლებელი პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას, მით უფრო წარმატებული იქნება სასწავლო პროცესი, რაც უსათუოდ აამაღლებს მოსწავლეთა აკადემიური მზაობის ხარისხს.

 

ნათია გაფრინდაშვილი

სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებელი

 

გამოყენებული ლიტერატურა:

◊ ჟურნალი „მასწავლებელი“ სპეციალური გამოშვება, 2014 წელი.

◊ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.tpdc.ge, 2014წელი.

◊ ჟურნალი „მასწავლებელი“ №2, 2010 წელი

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები