27 ივლისი, შაბათი, 2024

არაფორმალური განათლება – „იდუმალება ჩარჩოში“

spot_img

ლიკა ჯაფარიძე

სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის №2 საჯარო სკოლის

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი

 

არაფორმალურ განათლებას სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ დროს ხდება მოსწავლეთა სხვადასხვა მიმართულებით განვითარება,  მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება, ბუნებრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოება.

სხვადასხვა კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ უმეტესი წილი, ფორმალური განათლების პარალელურად, სწორედ არაფორმალური განთლების  გზით მიღებულ განათლებაზე მოდის.

არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ფორმალურ სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შედეგების გაუმჯობესებას, ავითარებს ისეთ უნარებს, რაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისათვის მნიშვნელოვანია, კერძოდ: საკომუნიკაციო უნარები, შინაგანი ძალების გააქტიურება, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და სხვ. აღნიშნული უნარები დამხმარე საშუალებაა ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლის უკეთ ინტეგრაციისათვის. არაფორმალური განათლების გზით შეძენილი კომპეტენციების აღიარება თანამედროვე ცხოვრების გამოწვევაა და იგი XXI საუკუნის ჰოლისტურ განათლებას უკავშირდება.

მოსწავლეები საზოგადოების უმნიშვნელოვანესი წევრები არიან თავიანთი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ ემოციური მდგომარეობის მთელი მრავალფეროვნებით.  მათ გვერდით არიან ისეთები, რომლებიც დამოუკიდებლად ვერ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. სკოლისა და პედაგოგის ვალდებულებაც სწორედ რომ  მონაცემების აღმოჩენის, საზოგადოებასთან ინტეგრირებისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების კუთხით, მოსწავლის დახმარებაა. არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ  ხელს უწყობს ისეთი უნარების განვითარებას, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. იგი კომუნიკაციის, გუნდურობის, ინდივიდუალური, ესთეტიკური და შემოქმედებითი მიდრეკილებების გამოვლენას ეხმარება,  რაც შემდგომში მოსწავლეს უვითარებს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნების,  გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის, სისტემური აზროვნების,  სოციალურ და თანამშრომლობით  უნარებს. სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლე, თეორიულ ცოდნასთან ერთად, იძენს  პრაქტიკულ  გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და მის რეალიზაციას.

მე-20 საუკუნის ამერიკელი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და განათლების სპეციალისტი ჯონ დიუი მიიჩნევდა, რომ განათლება უნდა ემყარებოდეს გამოცდილებას და არა ფაქტების დამახსოვრებას.  სწავლის პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როცა რაღაც ხდება მოსწავლის „შიგნით“  … სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება სწორედ ის საგანია,რომელიც საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი ხერხებით მოხდეს დაგროვილი ცოდნის, იდეების, შეხედულებების თუ სურვილების გამოხატვა.  საკმარისია მოსწავლეს უბიძგო  წამით მოსწყდეს რეალობას, გასაქანი მიეცეს მის ფანტაზიას, რომ იწყება  პროცესი, შემოქმედებითი ძალების გამოღვიძება და ამ დროს, ალბათ მართლაც ხდება რაღაც მის „ შიგნით“!

მე, როგორც მასწავლებელი,  სწავლა-სწავლების პროცესში, ფორმალურთან  ერთად,  მნიშვნელოვან ადგილს ვუთმობ არაფორმალურ განათლებას. მინდა გაგიზიაროთ  ერთ-ერთი ეპიზოდი საკუთარი გამოცდილებიდან:  დამეთანხმებით, რენესანსის ეპოქის შესწავლა წარმოუდგენელია ლეონარდო და ვინჩის და მისი გენიალური შედევრის, „მონა ლიზას“ გვერდის  ავლით. მერვე კლასის მოსწავლეებთან გაკვეთილზე ამ საკითხის განხილვამ   მალევე დამანახა,რომ მათი ინტერესები უფრო მრავალფეროვანი იყო, ვიდრე სახელმძღვანელოში მოცემული საგაკვეთილო მასალა, რადგან დაისვა ბევრი კითხვა, გამოითქვა მოსაზრებებიც ნახატთან დაკავშირებით, გაკვეთილის დასასრულს კი გაჟღერდა ერთ-ერთი მოსწავლის რეპლიკა: „მასწავლებელო, გავაკეთოთ რა რაიმე ორიგინალური!“  რა თქმა უნდა ჩავეძიე მის სურვილებს, დამაინტერესა  ინიციატივამ. „აი, მაგალითად ამოვჭრათ მონა ლიზას სახე და მისი პირით ვილაპარაკოთ“ , დაზუსტების მიზნით აღნიშნა მან. მთელი დღის მანძილზე გამყვა ფიქრი „ჯოკონდასა“ და მოსწავლე გოგონას იდეით სავსე თვალებზე. საწყისი წერტილის ძიება დავიწყე, სხვადასხვა მიმართულებით ფიქრის შედეგად აღმოვაჩინე საოცარი მსგავსება ამავე  კლასის ერთ-ერთ მოსწავლესა და „მონა ლიზას“ ნაკვთებს შორის.  ვიპოვე“„ჩვენი კლასის მონა ლიზა“ და ეს, უკვე იყო იდეა! ჩემს გონებაში გადაწყდა, რომ სწორედ ის გარდაისახებოდა ამ პერსონაჟად, შემდეგ კი მოგვიყვებოდა ლეგენდარული ქალის იდუმალებით მოცულ ამბავს.

მუშაობის პროცესში ბავშვები ენთუზიაზმით ჩაერთნენ. მოიძიეს ინფორმაცია ლეონარდო და ვინჩის შემოქმედებაზე, მის გამომგონებლურ შესაძლებლობებზე, ნახატში ასახული ქალის ვინაობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან ვერსიებზე, კრიტიკოსთა მოსაზრებებზე ამოუხსნელი ღიმილის საიდუმლოებასთან დაკავშირებით, ნახატში დაშიფრულ სიმბოლოებზე, რომელთა ამოკითხვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია; გაეცნენ კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული კვლევების ისეთ შედეგებს, როგორიც,  მაგალითად,  სახის ამოცნობის მექანიზმმა აჩვენა. მის თანახმად მონა ლიზას სახე 83%-ით ბედნიერებას გამოხატავს, 9%-ით სიძულვილს, 6%-ით შიშს და 2%-ით სიბრაზეს. მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ ჯოკონდას სახეზე წარბების არარსებობა განპირობებულია რენესანსული მოდის ტენდენციებით, რომლის თანახმადაც იტალიელი ქალები წარბებს იპარსავდნენ, თუმცა, პარიზელი მეცნიერი მარსელო კოტი გვარწმუნებს, რომ კვლევის შედეგად მარცხენა თვალის ჭრილთან მან აღმოაჩინა შტრიხი,რომელიც მისი აზრით, წარბის დასაწყისი უნდა იყოს. ის თვლის, რომ მრავალი რესტავრაციის შედეგად ეს ნაწილი დაიკარგა. მოსწავლეები მუშაობის პროცესში გაეცნენ სხვადასხვა დროის ხელოვნებათმცოდნეთა შეფასებებს შედევრად აღიარებული ნამუშევრის უნიკალურობასთან დაკავშირებით. მუშაობა გაგრძელდა ტექსტების დახარისხება-დამუშავებით. შემოქმდებითი ძიების თუ ინფორმაციის ახლებურად გააზრების მცდელობის საფუძველზე შეიქმნა სცენარი ექსპერიმენტული პერფორმანსისთვის „იდუმალება ჩარჩოში“, სადაც, საერთო გადაწყვეტილებით, „ჩვენი კლასის მონა ლიზასთან“ ერთად სხვებსაც უნდა განესახირებინათ ის ერთადერთი! კლასის ყველა გოგონა გააცოცხლებდა და აალაპარაკებდა „მონა ლიზას“. თავად ლეონარდოც დაამშვენებდა სცენას, რაღა თქმა უნდა, აგრეთვე, კრიტიკოსები და მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების დიდი ნაწილი დაუთმეს „მონა ლიზას“ ფენომენის შესწავლას. საგანგებოდ გამოიკვეთა და ქმედებით გამოიხატა ვინჩენცო პერუჯიას, ლუვრში მომუშავე მინის ხელოსნის პერსონაჟი, რომლის სახელსაც უკავშირდება ნახატის გახმაურებული ქურდობა 1911წ. სასამართლოზე მან თავი იმით იმართლა, რომ ნახატის სამშობლოში დაბრუნება სურდა მხოლოდ და არა მისი  გაყიდვა. ტექსტების სასცენო მოქმდებაში გადატანა, როლების მორგება და ცნობილი პერსონაჟების განსახიერება  საინტერესო გამოწვევად იქცა ბავშვებისათვის. მუსიკისა და თეატრალიზებული ელემენტების ერთობლიობამ, მოსწავლეთა ხელით შექმნილმა კოსტიუმებმა თუ რეკვიზიტებმა (რაც ეფუძნება კეთებით სწავლის პრინციპს), პერფორმანსის სანახაობრივი მხარე მნიშვნელოვნად განსაზღვრა. არსებული ნაცნობი თუ უცნობი ფაქტებისა და საკუთარი ორიგინალური ვერსიების პრეზენტირებით მოსწავლეები შეეცადნენ პასუხი გაეცათ მარადიულ კითხვებზე: ვინ არის ნახატზე ასახული ქალბატონი და რა არის მისი  ღიმილის საიდუმლო?! მათი ვერსიით, ეს გამომგონებელი მხატვარ-გენიოსის მორიგი მიგნებაა და არა უბრალოდ ნახატი. ლეონარდო და ვინჩიმ გამოიგონა, შექმნა მარადიულობის ფორმულა ქალში განსხეულებული. მოსწავლეებმა აამეტყველეს და მოქმედებით გააცოცხლეს ნახატი, რათა გაეთავისებინათ მასთან დაკავშირებული საინტერესო ნიუანსებისები არა მხოლოდ თხრობის, არამედ როლური თამაშის ხერხების დახმარებით. შედეგად მოსწავლეებში გაჩნდა პერსონაჟის  სუბიექტური აღქმა, ისინი დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით, გამომსახველობის რა ხერხებით, მიმიკისა და ჟესტის დახმარებით როგორ  გადმოეცათ თავიანთი სათქმელი, როცა პერსონაჟის „ტყავში“ აღმოჩნდნენ.  განსაკუთრებით ემოციური იყო მოსწავლე ბიჭის თვითგამოხატვა,  ფრანგი ხელოვანის ლუკ მასპეროს  პერსონაჟის განსახიერებისას, რომელიც 1852 წელს პარიზის სასტუმროს ფანჯრიდან გადახტა, მხოლოდ იმიტომ,რომ ვერ შეძლო ჯოკონდას ღიმილის საიდუმლო გაეგო. ინდივიდუალური და გუნდური  მუშაობის პრინციპის ფლობის, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების, შინაგანი ძალების გააქტიურების და საკუთარი შესაძლებლობების   რეალიზების კარგ მაგალითად იქცა მოსწავლეთა  დინამიკური, ემოციური და სანახაობრივი ქმდება სცენაზე. აქტივობა დადებითად შეფასდა სკოლის/თემის მხრიდან.

ფორმალური განათლების პარალელურად, არაფორმალური განათლების მეთოდის გამოყეენება ჩემს პრაქტიკაში   დადებითი შედეგის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა,  რაც გამოიხატა მოსწავლეებში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნის შესწავლისადმი ინტერესის გაძლიერებაში, სამომავლო გეგმების დასახვასა და მათ განხორციელებაში მომდევნო წელს. მოსწავლეები ინტერესით ერთვებიან  როგორც ჩემს მიერ შეთავაზებულ, ასე მათ ინტერესებზე დაყრდნობით ორგანიზებულ აქტივობებში, რაც ფორმალური განათლების შედეგების გაუმჯობესებაში  მეხმარება. მოსწავლეებს შუძლიათ დაგეგმონ და შეასრულონ სხვადასხვა სახის სამუშაო,მიმართონ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას, გამოიყენონ სახვითი ხელოვნების ელემენტების და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს, შეუძლიათ სხვადსხვა კონტექსტში მისი განხილვა, ესმით და შეუძლიათ წარმოაჩინონ, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გიყვარდეს შენი საგანი, თავად ეზიარო მის  საიდუმლოებებს და  შეძლო,  ჯერ „შეიტყუო“ , შემდეგ კი ღირსეული მეგზურობა გაუწიო მოსწავლეების თამამ სვლას ახალი ძიებების,  შესაძლებლობების, უნარებისა  და ინტრესების აღმოჩენისკენ მიმართულ გზაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ესგ – საგნობრივი პროგრამა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში

მასწავლებლის გზამკვლევი „სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება“

ნინო სადრაძე, „სწავლა კეთებით“- ერთი გააკვეთილის ისტორია

მარინე ჯღარკავა „არაფორმალური განათლება ანუ 56 წუთი  სცენაზე“.

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები